რატომ გაიქცა კახა ბენდუქიძე

რატომ გაიქცა კახა ბენდუქიძე "ემას შოუდან" და რა ოცნება აუხდა ტელეწამყვანს

ერთი თვეა, რაც "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში HARD TALK ფორმატის გადაცემა, "ემას შოუ" გადის. ყოველ შაბათს, 19:30 საათზე ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირსა თუ სხვა ცნობილ ადამიანს საზოგადოებისთვის საინტერესო, აქტუალურ შეკითხვებს უსვამს. ტელეკამერის წინ პირისპირ შეხვედრისას, წამყვანი და რესპონდენტი როგორც მიმდინარე პროცესებს, ასევე ახლო წარსულში მომხდარ მოვლენებსა და კულუარულ ამბებს განიხილავენ. ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას კი გადაცემის ფორმატი მოულოდნელად დაირღვა: მწვავე და მისთვის მოუხერხებელი შეკითხვებით განრისხებულმა ბიზნესმენმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა კახა ბენდუქიძემ მიკროფონი მოიგლიჯა და კადრიდან გავარდა. მოვლენას ცოტათი წინ გავუსწარით და გადაცემის ეთერში გასვლამდე წამყვანს ვთხოვეთ, ამ სკანდალური ჩაწერის შესახებ ჩვენი მკითხველისთვის მოეთხრო.

ემა ტუხიაშვილი, "ემას შოუს" წამყვანი:
- საიდუმლო არავისთვისაა, რომ კახა ბენდუქიძე ზოგადად, სკანდალური ფიგურა, საინტერესო რესპონდენტია. ამდენი წელია, პრესაში ვმუშაობ და მასთან ინტერვიუ არასდროს ჩამიწერია... რესპონდენტთან შეხვედრისას, ყოველთვის ვცდილობ, ისეთი შეკითხვები დავსვა, რომლებიც ნებისმიერ მკითხველსა თუ მაყურებელს შეიძლება აინტერესებდეს. თითოეულ გადაცემაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია, საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. ამ დროს ბევრ ინფორმაციას ვეცნობი ხოლმე და ვინაიდან ბენდუქიძესთან მივდიოდი, კიდევ უფრო მეტად მოვემზადე. ინტერვიუზე, რა თქმა უნდა, წინასწარ შევთანხმდით. შეხვედრის ადგილად, "თავისუფალი უნივერსიტეტი" დავთქვით... ჩემი პირველი შეკითხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა. აღვნიშნე, რომ ბიზნესს პოლიტიკური წნეხი მოეხსნა და რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ სფეროსადმი განსხვავებული მიდგომები აქვთ. ამას პირდაპირ მოჰყვა ბენდუქიძის აღშფოთება და კონტრკითხვა, - სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა და რატომ არ იცით ამის შესახებო?! ჩემი ხანგრძლივი საქმიანობისას, ბიზნესთან უშუალო შეხება მაქვს და სტატისტიკური მონაცემები ნამდვილად არ მჭირდება, რადგან თავად ბიზნესმენებისგან ისედაც ვიცი, რომ თითქმის ყველა სფეროში გარკვეული უძრაობა შეინიშნება; ამ შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებს, - ბიზნესში სტაგნაცია ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია-მეთქი? - ასე დაგეწყოო, - თქვა და ამის შემდეგ მიპასუხა შეკითხვაზე, რომლის დასრულებაც არ მაცადა...

- შთაბეჭდილება რჩება, რომ ბენდუქიძე ყოველთვის მიზნად ისახავს ჟურნალისტის დაკნინებას, უვიცობაში მის მხილებას... შესაძლოა, ესა თუ ის შეკითხვა იმდენად არც აღიზიანებს, მაგრამ მთავარია, "შოუ" დადგას.
- არ ვიცი, იმ მომენტში რას გრძნობს ბენდუქიძე, მაგრამ მართლაც ფაქტია, რომ ეს ჩვენი კოლეგების მიმართ არაერთხელ გაუკეთებია, - ინგა გრიგოლიას და დიანა ტრაპაიძის მაგალითები ყველას გვახსოვს. როგორც ჩანს, ბენდუქიძის "სტილია", შეეცადოს დათრგუნოს ჟურნალისტი და ისე წაიყვანოს საქმე, რომ არაკომპეტენტურად გამოიყვანოს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმდენადაა შესული პედაგოგის როლში, რომ ყველას, ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, ჭკუას არიგებს. ბუნებრივია, ბიზნესსა და ეკონომიკაში მისი დონის კომპეტენციას არ დავიჩემებ, მაგრამ საკმარისად კარგად ვარ ინფორმირებული იმ საკითხებში, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალურია და სრული უფლება მაქვს, დავსვა ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

- ამ პირველი შეკითხვის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- რამდენიმე შეკითხვა დავუსვი ხელისუფლების რეფორმებთან დაკავშირებით. ყველას უპასუხა და საკმაოდ საინტერესოდაც. რა თქმა უნდა, შეკითხვები წინასწარ დაგეგმილი და ჩამოწერილი არ მქონდა, რადგან საუბრისას ეს ყოველთვის შესამჩნევია და ვცდილობ, ფორმულირება სიტუაციის შესაბამისად ჩამოვაყალიბო ხოლმე. რესპონდენტს ადრევე
შევატყვე - რომ იტყვიან, "გაქცევაზე იყო": აშკარად დისკომფორტს გრძნობდა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, შეკითხვის ფორმულირებით, მისთვის გაქცევის საბაბი არ მიმეცა... მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ აღიარებს წინა ხელისუფლების შეცდომებს და ამაზე აუცილებლად დაწერს ათასგვერდიან წიგნს; ვთხოვე, - იმ ათასიდან ერთი გვერდის შინაარსი მაინც გაგვიმხილეთ-მეთქი... მიპასუხა, - რომ დავწერ, მერე წაიკითხეო... ერთი სიტყვით, აშკარა იყო, რომ არ უნდოდა წინა ხელისუფლების კრიტიკა და როცა შევახსენე, რომ იმ დროს ბევრი ფიზიკური და იურიდიული პირი საკუთარ ქონებას "ნებაყოფლობით", "უსასყიდლოდ გადასცემდა" მთავრობას, მისი პასუხი იყო, რომ ჩემი "შეკითხვა არის სისულელე". ისიც შევახსენე, რომ ჩინოვნიკები თანამდებობებიდან პირდაპირ ბიზნესში გადადიოდნენ, უცაბედად მდიდრდებოდნენ და ერთ-ერთ მაგალითად, დავით კეზერაშვილი მოვიყვანე, რომლის ბიზნესსაქმიანობა რამდენიმე ასეულ მილიონს უკავშირდება. ბატონი კახა ძალიან გაცხარდა: - სად ინახავს კეზერაშვილი ამ ფულსო? - ოფშორებში-მეთქი, - ვუპასუხე (იცინის). უცენზურო სიტყვები ჩემს კითხვებსა და თემებთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ გამოიყენა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაცხარდა... ვცდილობდი, მაქსიმალურად თავშეკავებული ვყოფილიყავი და ამაში "პალიტრა TV"-ის მაყურებელი თავად დარწმუნდება 11 მაისს, როცა გადაცემას ნახავს. მიუხედავად ამისა, ინტერვიუს ჩაწერის მე-40 წუთზე უეცრად, კახა ბენდუქიძემ გულმკერდზე დამაგრებული მიკროფონი მოიგლიჯა და უცენზურო სიტყვა ისროლა, - ასეთ ... გადაცემაში მონაწილეობა აღარ მინდაო!.. რა ვუპასუხე, რამ შეაცბუნა ბენდუქიძე, რატომ შემომხედა გაოცებულმა, - ყველაფერ ამას მაყურებელი შაბათს, 11 მაისს იხილავს.

- და მაინც, მოკლედ როგორ დაახასიათებ მას, როგორც რესპონდენტს?
- მას შემდეგ, სულ ვფიქრობ ამ გადაცემაზე და ბენდუქიძეზე, როგორც რესპონდენტის, რაღაც განსხვავებულ ფენომენზე. მოგეხსენება, არსებობენ: ყველაზე უცნაური, ყველაზე სიტყვაძუნწი ან ენაწყლიანი რესპონდენტები, მაგრამ ეს რაღაც, სხვა ფენომენია. როცა ბენდუქიძის ქცევა გავაანალიზე, მივედი დასკვნამდე - ის ნამდვილად მიხვდა, თუ რა იქნებოდა შემდეგი შეკითხვა და ასე იმიტომაც მოიქცა: კერძოდ, ლოგიკური იყო, მეკითხა, თუ როგორ ჩაიგდო მან ას მილიონად შეფასებული აგრარული უნივერსიტეტის ქონება მხოლოდ 4 მილიონ დოლარად. პასუხი წინასწარ ვიცოდი, რითაც ის ჩემს კოლეგებს იცილებს ხოლმე თავიდან, - რომ თურმე ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი და, რა თქმა უნდა, შევეკითხებოდი - რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და რით "გადაფარა" ეს ასი მილიონი?..

- რა კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი?
- აუცილებლად მინდოდა მეკითხა, ამ 9 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბიზნესიდან ხელისუფლებაში მოვიდა, შემცირდა თუ გაიზარდა მისი ქონება; დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ნანობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, როგორც ეკონომიკის მინისტრის, ასევე კანცელარიის ხელმძღვანელის პოსტზე, და ზურაბ ჟვანია რომ არა, რომელმაც ის ეკონომიკის მინისტრად წარადგინა, ჩამოვიდოდა თუ არა საქართველოში. მაგრამ ამ შეკითხვების დასმის საშუალება აღარ მომეცა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილისადმი მისი დამოკიდებულებითაც დავინტერესდი, რის პასუხადაც პრემიერი შეაქო, როგორც ბიზნესმენი... გადაცემიდან შეიტყობთ, თუ რამდენი ხნით უწინასწარმეტყველებს ბენდუქიძე "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენას, ვინ მიაჩნია "დე ფაქტო ვიცე-პრემიერად"...

ბევრი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი დამრჩა, რადგან კახა ბენდუქიძე "გაგვექცა"... სხვათა შორის, როგორც კი ადგა და კადრიდან გავიდა, მითხრა, - ეს გადაცემა ეთერში არ გაუშვა, თორემ გიჩივლებო, რაც სრული აბსურდია.... ჩვენი საუბარი კადრს მიღმაც იწერებოდა და მაყურებელი ალბათ მის ნაწილსაც იხილავს... საერთო ჯამში, ათზე მეტი შეკითხვა დავუსვი და სულ ვუმეორებდი, თუ არ მოგწონთ, ნუ მპასუხობთ-მეთქი. ის კი მაინც უცენზურო სიტყვებს იყენებდა. მითხრა, რომ ყველა ჟურნალისტმა იცის მისი ხასიათი, ამიტომ თურმე მათთან წინასწარ "მოთელვას" გადის ხოლმე: ბატონი კახა რამდენიმეჯერ ხვდება, ნახევარი საათის განმავლობაში "ამეცადინებს" და ინტერვიუს ჩაწერის უფლებას ამის შემდეგ აძლევს, წარმოგიდგენია?.. მე არ ვარ მიჩვეული რესპონდენტისგან "გაკვეთილების" მიღებას და ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. მსგავსი "ინსტრუქტაჟი" გადაცემიდან ერთი დღის შემდეგ მეც შემომთავაზა, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღო.

- როგორ ფიქრობ - როდესაც გადაცემა ეთერში გავა, რა რეაქცია ექნება ბენდუქიძეს?
- მგონი, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, - უცენზურო სიტყვებს გამოიყენებს, რომელიც მის ლექსიკაში მრავლადაა და ეს უკვე მისგან აღარავის უკვირს (იცინის)...

- დაბოლოს, ჩამოაყალიბე - რით არის გამორჩეული "ემას შოუ"?
- მისი გამორჩეულობა ის არის, რომ ყოველთვის შეიძლება, მაყურებელს გარკვეული სიურპრიზებიც შევთავაზოთ: მაგალითად, თუ მოწვეულ რესპონდენტზე გარკვეული კომპრომატი არსებობს, შესაძლოა, პირდაპირ გადაცემის მსვლელობისას გამოვაჩინოთ და პასუხის გაცემა ვთხოვოთ... არ არსებობს შეკითხვა, რომელსაც "შევინახავ" და რესპონდენტს არ დავუსვამ. გადაცემაში რესპონდენტის საპირისპირო ანუ მეორე პოზიცია, განსხვავებული აზრი არ არის წარმოდგენილი, ამიტომ ყველა შეკითხვა და მოსაზრება, რომელიც ამა თუ იმ საკითხის გამო შეიძლება არსებობდეს, მე უნდა გამოვიტანო. ჩემი პირველი სტუმარი - ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გახლდათ და კარგი გადაცემა გამოვიდა; ყველა კითხვაზე მიპასუხა, რაც ძალიან მომეწონა. შეიძლება, პასუხები ყველასთვის დამაკმაყოფილებელი არ იყოს, მაგრამ როდესაც რესპონდენტი შეკითხვებს თავს არ არიდებს, ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაყურებელსაც რესპონდენტის მიმართ დადებითად განაწყობს, რაც ზოგს არ ესმის... შევეცადე, მეორე გადაცემის სტუმარი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი ყოფილიყო და დავით დარჩიაშვილი მოვიწვიე.

მანაც ყველა კითხვას უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვებში კრიტიკული დამოკიდებულება შეინიშნებოდა. ბოლოს, გალაკტიონის ლექსიც წამიკითხა, რომელიც "ემას ეძღვნება" (იცინის)... მესამე სტუმარი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი გახლდათ. ძალიან ენერგიული ადამიანი და საინტერესო რესპონდენტია, თუმცა, როცა საწინააღმდეგო შეხედულების დაცვას ვცდილობდი, ცოტა გაბრაზება შევატყვე: ეს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, გამომცემლობების ინტერესს შეეხებოდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და გადაცემის ბოლოს - "ემა ლიბერალკა" შემარქვა (იცინის)... აი, კახა ბენდუქიძემ კი გადაცემის ჩაშლა დამიპირა და "გაკვეთილის" ჩატარებაც შემომთავაზა, რაც ჩემთვის, ვიმეორებ, მიუღებელია. იმედია, 11 მაისს, როცა "პალიტრა TV"-ის ეთერში "ემას შოუ" გავა, მაყურებელი ჩემს პოზიციას გაიზიარებს და დამეთანხმება, რომ კახა ბენდუქიძის ქცევას არანაირი გამართლება არა აქვს.