დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადება განმარტა.
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ დაუშვა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.
„ახლა ჩვენ სხვადასხვა ინტერვიუში განვმარტავთ, რომ ნატოში გაწევრიანების კურსი კონსტიტუციაშია გაწერილი და ამ მხრივ ცვლილება არ არის, თუმცა ახლა ნატოს იმედი ვერ გვექნება, რადგან ნატოს წევრები არ ვართ. ახლა ომის თავიდან ასაცილებლად მზად ვართ კომპრომისებისთვის, თუმცა ეს კომპრომისი ნატოს სფეროში არ დევს. ეს კომპრომისი მინსკის შეთანხმებების სფეროშია. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ამ კურსს ვინარჩუნებთ, თუმცა იძულებულნი ვართ სხვა ვარიანტები ვეძებოთ, რომელიც ახლა გადარჩენის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა.
BBC Radio 5 Live-თან ინტერვიუში წამყვანის კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის ვარიანტის განხილვა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა უპასუხა:
ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გვემუქრებიან, როგორ გვაშანტაჟებენ, როგორ გვიბიძგებენ ამისკენ.
BBC Radio 5 Live-ის გადაცემის წამყვანმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, სწორად გაიგო თუ არა, რომ უკრაინა ომის თავიდან ასაცილებლად მზად არის ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას, რაზეც უკრაინელმა დიპლომატმა უპასუხა:
ნატოში გაწევრიანება ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. ახლა ნაწილობრივ მთავარი დოკუმენტის წინააღმდეგ მივდივარ. როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ მოქნილობას ვაჩვენებთ, ვცდილობთ საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. თუ სერიოზული დათმობა მოგვიწევს, ეს ის არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.
უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ელჩის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი და არცერთი გადაწყვეტილება მისი ნორმების საწინააღმდეგოდ არ მიიღება.