"რა შეხლა-შემოხლა მოხდა სააკაშვილსა და უგულავას შორის?".

"გიგი უგულავას განცხადება, რომ მას სურს, რომ კოალიციის საპრეზისენტო კანდიდატი ირაკლი ალასანია იყოს არის "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი, რომ ირაკლი ალასანიას აღუძრან ამბიციები, რომ მას შეუძლია ცალკე თამაში, ბიძინას გარეშე. ამაში მას რეალურად ეხმარება "ენდიაის" წარმომადგენლობა საქართველოში და მათ კვლევებს საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა. თუ თქვენ "ენდიაის" ბოლო კვლევებს გადახედავთ, რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის შემდეგ თითქოს მოდის ალასანია და შემდეგ ბაქრაძე. სწორედ, "ნაცმოძრაობის" სურვილი იყო, ასეთი სურათი დახატულიყო, რათა ირაკლი ალასანიასთვის გაეღვიძებინათ ამბიციები, რომ ის ივანიშვილის გარეშე შეძლებს დამოუკიდებელ თამაშს და რაც მთავარია, ამ თამაშში წარმატების მიღწევას", - აცხადებს "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რა შეხლა-შემოხლა მოხდა სააკაშვილსა და უგულავას შორის?".

"ჩემი ინფორმაციით გიგი უგულავა და გიგა ბოკერია არიან დაინტერესებული, რომ ალასანიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მე არ დავკონკრეტდები, თუმცა გეტყვით, რომ "ნაციონალების" კონკრეტული ფრთა ყველაფერს აკეთებს, ალასანია დაიყოლიოს. ირაკლი ალასანია კარგად უნდა დაფიქრდეს, რის შესაძლებლობები აქვს და ისიც არ დაკარგოს, რაც მას ამ ეტაპზე აქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან სურს, რომ მათ დაშლამდე დაიშალოს კოალიცია "ქართული ოცნება". "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა ეს არის გარდაუვალი პროცესი, ეს თვითონაც კარგად იციან, ოღონდ ამას ჭიმავენ ოქტომბრამდე. ამიტომაც "ნაციონალები" ყველანაირად ცდილობენ, პირველი დარტყმა განხორციელდეს კოალიცია "ქართულ ოცნებაზე", დაიშალოს და ამით შექმნან არასტაბილურობის განცდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.

"ნაცმოძრაობას" ორ პოლიტიკურ ძალასთან უნდა ეთამაშა - "რესპუბლიკელებისა" და ან ალასანიას ფრთასთან. "რესპუბლიკელებთან" თამაშს "ნაცმოძრაობის" მხრიდან ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ უსუფაშვილი მყარად გრძნობს თავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ამავდროულად, "რესპუბლიკელებს" სრული კარტ-ბლანში აქვთ პარლამენტში, ამიტომ, ამ ეტაპზე "რესპუბლიკელები" "ნაციონალების" არანაირ შემოთავაზებაზე არ წავლენ და ისინი კოალიციის დაშლის მიზეზი არ გახდებიან. სუსტი რგოლი არის ალასანია, რომელიც არასდროს მალავდა პრეზიდენტობის ამბიციებს, მაგრამ ივანიშვილის განცხადებამ ის სერიოზულად გამოაფხიზლა. სწორედ ამას ჩაეჭიდნენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და ახლა ცდილობენ, ალასანია სხვადასხვა მხრიდან დაარწმუნონ, რომ ის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ალასანია, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წევრი იყო, შეიძლება დღეს პოლიტიკურად დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საერთო ენას ვერ გამონახავენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნაცმოძრაობაში" ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ისინი ორიენტირებულები იყვნენ, რომ ხელისუფლებაში დაახლოებით 30 წელი დარჩებოდნენ, ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, მიხეილ სააკაშვილმა კი მათ გეგმებს მართლაც წყალი გადაასხა, როდესაც 1-ელ ოქტომბერს გამოვიდა 8 საათზე და განაცხადა, რომ არჩევნები "ნაციონალებმა" წააგეს. ფაქტობრივად, მან გზა მოუჭრა მანიპულაციებისთვის და არჩევნების შემდგომ მასშტაბურ გაყალბებას. "ნაცმოძრაობაში" ყოველთვის იყო შიდა დაპირისპირებები. ბოლო პერიოდში დაპირისპირება იყო მერაბიშვილ-კეზერაშვილსა და ახალაიებს შორის, უგულავასა და ბოკერიას ფრთა არ იყო კარგად შეთამაშებული "ნაცმოძრაობის" ძირითად ფრთასთან, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას ჰქონდა საშუალება, ბიუჯეტიდან ფული მოეპარა, ამიტომაც ეს დაპირისპირება გარედან მწვავედ არ ჩანდა. მაგრამ დღეს, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში და ოპოზიციაში ყოფნა არის ძალიან რთული. გაახსენდათ ყველაფერი, ამ ხნის მანძილზე ვინ ვის რა უთხრა, ვინ ვის რა აწყენინა და ახლა ცდილობენ, ერთმანეთს ღიად გაემიჯნონ, რათა საკუთარი თავი დაიმკვიდრონ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში", - დასძენს კახა კახიშვილი.