აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ყალბი საბაბის შექმნას გეგმავს. ინფოფრმაციას ამის შესახებ The New York Times-ი და The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
The New York Times-ი იტყობინება, რომ რუსეთის გეგმა მოიცავს ყალბი ვიდეოს გამოყენებას, რომელშიც რუსეთის ტერიტორიაზე ან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი სამხედროების თავდასხმაა დადგმული.
The Washington Post-ი იუწყება, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებს მტკიცებულება აქვთ, რომ რუსეთმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც მოსკოვში მაღალ დონეზეა დამტკიცებული და რომელიც უკრაინაში შეჭრისთვის საბაბის შექმნას ითვალისწინებს. კერძოდ, რუსული მხარე უკრაინულ ძალებს თავდასხმას დააბრალებს, რომელსაც მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ რუსეთშიც.
„ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რომ ეს ის გზაა, რომელსაც რუსეთი აირჩევს, მაგრამ ვიცით, რომ ეს განსახილველი ვარიანტია“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილემ, ჯონათან ფაინერმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის შეიარაღებული ძალების დამრტყმელი ჯგუფების ფორმირება არ ფიქსირდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა.