იდუმალ მინისტრთან დაკავშირებით ისევ ხუხაშვილის გვარმა გაიჟღერა

იდუმალ მინისტრთან დაკავშირებით ისევ ხუხაშვილის გვარმა გაიჟღერა

შესაძლოა, მთავრობის კაბინეტის დატოვება სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით კირვალიძეს მოუწიოს. ამის შესახებ საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ.

როგორც for.ge-ს პირად საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, პრემიერ-მინისტრი დავით კირვალიძის საქმიანობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი განაწყენებულია.

„ძალიან ბევრ სოფელში გლეხებს ვაუჩერები არ მიუღიათ. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ოჯახი სიებშიც კი არ არის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლებმა მიაწოდეს. დავით კირვალიძე აცხადებს, რომ გამგებლების მხრიდან საბოტაჟის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ პრემიერისთვის ეს არგუმენტი მისაღები არ არის. ამას გარდა, საუბარია რაღაც ნებართვების გაცემაზეც, რაც პრემიერისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და თუ პოსტის დატოვება მართლაც დავით კირვალიძეს მოუწევს, ეს გარკვეულ დარტყმას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძესაც მიაყენებს, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრი სწორედ ხმალაძის სიძეა“, - აცხადებს მმართველი ძალის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის ცნობითაც, დავით კირვალიძის საქმიანობას ექსპერტი გია ხუხაშვილი აკვირდებოდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის განწყობაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე პრემიერიც საუბრობს, თუმცა, მთავრობის მეთაური ჯერ ისევ არ აკონკრეტებს იმ მინისტრის ვინაობას, ვისთანაც გარკვეული შეკითხვები აქვს.  

ივანიშვილის განცხადებით, მას უკვე აღარ აქვს იმედი, რომ ამ მინისტრთან ურთიერთობების დალაგება შიგნითვე მოხერხდება.

„თავის დროზე ყველაფერს გაიგებთ. კითხვებს გაჩვენებთ, რომლებიც გვაქვს. თუ ეს კითხვები, ღმერთმა ქნას, პოზიტიურად გადაწყდა, იმასაც მოგიყვებით, რას ეხებოდა და ვისთან იყო. ხოლო თუ უარესად გადაწყდა, ამასაც თავის დროზე გაიგებთ. დიდი იმედი აღარ მაქვს, რომ ამ ყველაფერის დალაგებას შიგნითვე მოვახერხებთ“, - აცხადებს პრემიერი.

მართალია, ამ დრომდე გამოცანად რჩება - 19 მინისტრიდან თუ ვინ დაემშვიდობება პორტფელიოს, მაგრამ განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას საკუთარ თავზე არ იღებენ.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს მე არ მეხება და იგივე იმედი აქვს სოზარ სუბარს, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით“,  - აცხადებს მარგველაშვილი, რომლის შესახებაც უმრავლესობაში აცხადებენ, რომ განათლების მინისტრი პრემიერის სიმპატიით სარგებლობს.

მმართველი ძალის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ივანიშვილს მარგველაშვილი ძალიან უყვარს. „ერთ მხარეს დგანან მინისტრები და მეორე მხარეს მარგველაშვილი“, - ამბობს ერთ-ერთი კანონმდებელი.

რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ პრემიერის განსაკუთრებული ნდობითა და კეთილგანწყობით სარგებლობენ - ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. თუმცა, თურმე, პრემიერ-მინისტრი კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას საქმიანობითაც უკმაყოფილოა.

„პრემიერს გურამ ოდიშარია პიროვნულად მოსწონს, მაგრამ მისი საქმიანობით უკმაყოფილოა. ივანიშვილს აქტიური მინისტრები მოსწონს, ოდიშარია კი ცოტა ნელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი კანონმდებელი.

ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით თუ რა ვითარებაა სოფლებში, ამის გარკვევას for.ge შეეცადა. როგორ for.ge-ს ლეჩხუმის სოფლების - დღნორისისა და ლეხიდრისთავის რამდენიმე მოსახლემ განუცხადა, მათ ამ დრომდე, ვაუჩერი არ მიუღიათ და გამგებლები კი დამაიმედებელ პასუხებს ვერ აძლევენ, რის გამოც, ისინი მთავრობის კეთილ ნებას ელიან.   

შეგახსენებთ, რომ  სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგება თებერვალში დაიწყო და პროექტს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. მცირემიწიანი ფერმერებისთვის შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი, რომელიც საერთო ჯამში გათვალისწინებულია 640 000-ზე მეტი მიწის მესაკუთრისთვის, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.