„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს. განცხადება მან დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში, რადგან პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი წესით აირჩევა, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი იქნება, თუმცა იმ საკონსტიტუციო მოდელით, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, პრეზიდენტის ინსტიტუტი ბუტაფორია იქნება. ბაღათურია ამბობს, რომ ამ მოდელის თანახმად, პრეზიდენტს მხოლოდ ის ფუნქცია ექნება, რომ თუ პრემიერსა და პარლამენტს შორის პრობლემა წარმოიშვა, ეს ორი ინსტიტუტი ერთმანეთთან მოარიგოს.
„მიმაჩნია, რომ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობისთვის ეს იქნება ძალიან სუსტი ინსტიტუტი. ამასთანავე, ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის, სააკაშვილის ერთპიროვნულ ავტორიტარულ მმართველობაზე არის მორგებული. ამაზე თავის დროზე საუბრობდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის უკლებლივ ყველა პარტია, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ანუ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
მისი თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ქართული დასი“ გამოდის ორი ინიციატივით: პირველი არის ის, რომ კონსტიტუციაში დაუყოვლებლივ იქნას შეტანილი ცვლილებები, რათა პრეზიდენტს რეალური ფუნქციები მიენიჭოს, ანუ ძალაუფლება ჰქონდეს,რომ ქვეყანაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოები დააბალანსოს, ხოლო მეორე მხრივ - ჰქონდეს უფლებამოსილება, ქვეყანა საგარეო ასპარეზზე წარმოადგინოს.
„ქართული დასის“ მეორე ინიციატივა საარჩევნო კანონმდებლობას ეხება. ბაღათურიას აცხადებს, რომ დღემდე არჩევნები საქართველოში იმ დრაკონული კანონებით ტარდება, რომელიც სააკაშვილმა ასევე თავის ავტორიტარულ მმართველობას მოარგო. ამიტომ უხერხული იქნება, თუ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები არ შევა, რადგან ბაღათურიას თქმით, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მასში გაიმარჯვა არა ყველაზე დიდი რეიტინგის მქონე კანდიდატმა, არამედ იმ კანდიდატმა, რომელსაც საარჩევნო მანქანა და არსებული ხელისუფლება უმაგრებდა ზურგს. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, არჩევნებში ყოველთვის გაიმარჯვებს არა ის კანდიდატი, რომელსაც ხალხის ნდობა გააჩნია, არამედ ის, ვისაც საარჩევნო მანქანა უმაგრებს ზურგს და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში ყოველთვის იქნება უკმარისობის განცდა.
„თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს ძალიან ცუდი იქნება თავად მმართველი გუნდისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. მართალია „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოებაში ნდობა ჯერ კიდევ დიდია (თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ აშკარად კლებულობს), მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არც ერთი მმართველი ძალის დაუბალანსებლად დატოვება. ჩვენი ქვეყნის ყველა უბედურების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ არც ერთ მმართველ გუნდს დამაბალანსებელი ძალა არ ჰყავდა. იყო მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი, სატელიტი პარტიები, რომლებიც ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებდნენ. გახსოვთ ალბათ, წინა პარლამენტში, როგორც კი მწვავე და კარგად დაგეგმილ შეტევას განვახორციელებდი ხელისუფლებაზე, მას იმ წუთშივე გამოესარჩლებოდა ხოლმე მაშინდელი საპარლამენტო უმცირესობა, რომელსაც სხვა ფუნქცია არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას გადაფარებოდა“, - ამბობს „ქართული დასის“ ლიდერი.
ამიტომ მისი თქმით, კარგი იქნება, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს არა „ქართული ოცნების“, არამედ რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის კანდიდატი. ბაღათურია ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში დიდი ინტერესია საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ და ეს ინტერესი როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, გაიზრდება, თუკი პრეზიდენტს რეალური ფუნქციები მიენიჭება და არ იქნება ბუტაფორია. ასეთ შემთხვევაში კი მოსალოდნელია პოლიტიკურ ძალთა ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელსაც მართლაც ძლიერი კანდიდატი ეყოლება. ბაღათურია ამბობს, რომ „ქართული დასი“ ამ საკითხზე მუშაობს და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამ მხრივ საინტერესო სიგნალებია.
ბატონო ჯონდი, „ქართულ დასს“ ეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი?
- „ქართული დასი“ და ძირითადი პოლიტიკური სპექტრი საოპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულია და ჩვენ განვიხილავთ არა მხოლოდ ერთობას, არამედ საპრეზიდენტო კანდიდატსაც. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება, პოლიტიკური სპექტრის ეს ინტერესი გაიზრდება. ეს იქნება კიდევ ერთი სტიმული იმისათვის, რომ შედგეს ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელსაც ეყოლება ძლიერი კანდიდატი და ის ამ არჩევნებში გაიმარჯვებს.
ვისთან გეგმავთ ალიანსის შექმნას?
- ახლა რომ ჩვენ წინასწარ ვისაუბროთ იმაზე, თუ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამან შეიძლება საქმე გააფუჭოს, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება ამ ერთობის შექმნისა მიღებული არ არის. თუმცა არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებსაც ჩვენ პოტენციურ მოკავშირეებად განვიხილავთ და რომლებთან ერთადაც მიგვაჩვნია, რომ შევძლებთ საზოგადოებას მესამე გზა შევთავაზოთ, უფრო სამართლიანი და უფრო ეროვნული, ვიდრე აქამდე სთავაზობდა „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ქართული ოცნება“.
ჩვენ, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს, მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას აკლია, ეს არის ეროვნული შტრიხი. ჩვენ პრინციპულად მიუღებლად მიგვაჩნია ის საკითხები, რასაც ახლა პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობა ლობირებს. ვგულისხმობ მესხი თურქებების დაბრუნებას, რეგიონალური ენებისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას, მეჩეთების გამალებულ მშენებლობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსახლებას, მიწის კანონს და ა.შ. მეორე, რაც ასევე აკლია საპარლამენტო უმრავლესობას, ეს არის სამართლიანობა და სამართლიანობის აღდგენა. ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ახალმა პოლიტიკურმა ერთობამ, რომელიც ძლიერ საპრეზიდენტო კანდიდატს დააყენებს, საპარლამენტო უმრავლესობა გამოაცოცხლოს და აიძულოს, უფრო უკეთესად იმუშაოს.
ბატონო ჯონდი, დღესაც გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ პრეზიდენტი სხვა ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, ხოლო მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა - მეორესი და პრაქტიკულად, ორხელისუფლებიანობის პირობებში გვიწევს ცხოვრება. თუკი ქვეყნის მომავალი პრეზიდენტიც იქნება სხვა ძალის წარმომადგენელი და არა დღევანდელი მმართველი გუნდის, იგივე საფრთხის წინაშე ხომ არ დავდგებით?
- არც ერთ შემთხვევაში, ეს საფრთხე აღარ იქნება. პრეზიდენტთან მმართველი გუნდის კონფრონტაციული მდგომარეობა განაპირობა იმან, რომ პრეზიდენტი მხილებულია ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ძალიან ბევრ დანაშაულში. ამიტომ პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტთან კონფრონტაციულ მდგომარეობაში ყოფნას საზოგადოების განწყობა აიძულებს, რადგან პრეზიდენტო საზოგადოებასთან არის კონფრონტაციაში. ახალ პრეზიდენტს ეს მნიშვნელოვანი ხარვეზი არ ექნება და მეორე მხრივ, ის ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის იქნება (რადგან ყველამ ვიცით, რომ ახლანდელი პრეზიდენტი გაყალბების გზით არის მოსული). შესაბამისად, თუკი ახალ პრეზიდენტს პრემიერისგან და პარლამენტისგან რეალურად გამიჯნული ფუნქციები ექნება, ეს იქნება მხოლოდ პოზიტიური და იგი დამაბალანსებელ ფუნქციას შეასრულებს, რადგან მის უკან სხვა პოლიტიკური ძალა იქნება და პრეზიდენტი ერთგვარი „პრესინგის“ ქვეშ ამუშავებს ხელისუფლებას.
ახლა პარლამენტის ზოგიერთი წევრი სხდომათა დარბაზში რომ ხვრინავს და ზოგიერთი მაჟორიტარი თავის ბიუროში საერთოდ რომ არ მიდის და ტელეფონიც მუდმივად გამორთული აქვს, ამის უფლებას ისინი თავის თავს ვეღარ მისცემენ, რადგან ეცოდინებათ, რომ არსებობს ძლიერი ოპოზიცია და ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ დეპუტატმა თავისი მანდატი და ძალაუფლება დაკარგოს. შესაბამისად, აქედან ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იხეირებს და იხეირებს მხოლოდ ხალხი. ამიტომ პოლიტიკოსებს თავის თავზე მაღლა ახტომა მოუწევთ იმისათვის, რომ ხალხის ნდობა და პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ადგილი შეინარჩუნონ. ჩემი განცხადება ემსახურება არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ხალხის ინტერესს. ამის შემდეგ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს მაგალითად იმის თქმას, რომ რეგიონალური ენები უნდა დააკანონოს, რითაც შეიძლება ავტომატურად გაჩნდეს ორ ან სამ ავტონომიაზე მოთხოვნა და ეს მოთხოვნები შემდეგ სახელმწიფოს მუდმივად თან სდევს, როგორც რაღაც დესტრუქციული ფაქტორი.
ბატონო ჯონდი, დღეს მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს პრაქტიკულად განუსაზღვრელი ძალაუფლება გააჩნია. თქვენ ითხოვთ, რომ შეიცვალოს 2013 წლის შემდეგ ასამოქმედებელი კონსტიტუციური მოდელი და პრეზიდენტს მეტი უფლებები მიენიჭოს. რამდენად ფართო უნდა იყოს ეს უფლებები და ისევ იმ საზღვრებში უნდა მოექცეს, თუ არა, როგორც ახლა არის?
- პრეზიდენტი იქნება ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ხალხის მიერ პირდაპირი წესით აირჩევა, თუმცა რეალურად იქნება უფუნქციო. ეს კოლიზია თავისთავად შექმნის გაუგებრობას და უკმაყოფილებას საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტს აქამდე არსებული უფლებები უნდა მიენიჭოს, მაგრამ ჩემის აზრით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საგარეო პრიორიტეტებზე მუშაობის რეალური ფუნქცია, მათ შორის - საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის კოორდინაციაც მან უნდა გასწიოს. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ პრეზიდენტის პრეროგატივა იყოს გენერალური პროკურორის დანიშვნაც, რათა იგი მთავრობისა და პარლამენტისგან სრულიად დამოუკიდებელი იყოს. პრეზიდენტის ინსტიტუტს კი შესამოწმებელიც არაფერი ექნება, რადგან იგი ეკონომიკას არ განაგებს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც არ მონაწილეობს.
დანარჩენს რაც შეეხება, აღმასრულებელი ხელისუფლების უპირობო ხელმძღვანელი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და მის ფუნქციებში ჩარევის უფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს. ამდენად პრეზიდენტის და პრემიერის უკან იდგება ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთს დააბალანსებს და ერთმანეთს საშველს არ მისცემენ, ისეთ მძაფრ კონკურენციაში იქნებიან. ამითაც მხოლოდ ხალხი იხეირებს და დარჩება გამარჯვებული.