მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატურების განხილვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, საკუთარი კანდიდატი ეყოლება ამ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“. შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას 19 აპრილის აქციაზე დაუვიწყარ სიურპრიზს პირდებოდა. მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ აქციაზე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დასახელებულიყო და ეს კანდიდატი სწორედ მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი პრაიმერის გზით გამოვლინდება.
სავარაუდოდ, საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც, რომელსაც საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით ღიად ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ ამაზე გარკვეული მინიშნებები გააკეთა. და, რა თქმა უნდა, საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს მმართველი გუნდიც.
პრემიერმა ივანიშვილმა გასულ კვირას, გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ორ კვირაში დასახელდება.
საინტერესო განცხადებებს აკეთებს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი აუცილებლად მისაღები უნდა იყოს როგორც აფხაზებისა და ოსებისთვის, ასევე რუსეთისთვის. ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ „საქართველოსა და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, თუ მომავალი პრეზიდენტი გამაღიზიანებელი იქნება ამ მხარეებისთვის, კონფლიქტური რეგიონების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება.
„ცხადია, კანდიდატის შერჩევის დროს კოალიციას ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს, მათ შორის იმისაც, რომ არ დასახელდეს ისეთი პიროვნება, რომელიც ცალსახად გამაღიზიანებელი იქნება ამ მხარეებისთვის“,- აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უკვე არც ფიქრობს პრეზიდენტობაზე და არც განიხილავს საკუთარ თავს კანდიდატად, ვინაიდან მან თქვა, რომ მომდევნო ორი წელი არმიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული.
„აქვე მის სასარგებლოდაც უნდა ვთქვა, რომ ალასანია, თავისი აშკარად გამოკვეთილი პროდასავლური ბეგრაუნდის მიუხედავად, აფხაზებისთვის ყოველთვის მისაღები პერსონა იყო მოლაპარაკებების დროს“,- აცხადებს ხუხაშვილი.
ირაკლი ალასანია მართლაც მისაღები ფიგურა იყო აფხაზებისთვის, რადგან სწორედ მას უკავშირდება აფხაზებთან წარმატებული მოლაპარაკებები. რამდენად მისაღები იქნება პროდასავლური ორიენტაციის მქონე ალასანია რუსეთისთვის, ეს ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციები შეუკვეცეს. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში იგი აქტიურად განიხილებოდა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად და ამის შესახებ მაშინ ბიძინა ივანიშვილიც საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით, უკვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერმა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე დაასახელა. ამის შემდეგ გარკვეული ინციდენტი მოხდა ალასანიას და ივანიშვილს შორის, და მაშინ, თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერთან დაძაბული საუბარი ჰქონდა. ამის საპასუხოდ, ივანიშვილმა ასევე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ალასანია მის პარტიასთან საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე კონსულტაციებს აწარმოებდა და ამის გამო მოხდა ეს გაუგებრობა. ასეა თუ ისე, ირაკლი ალასანია ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მინისტრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრემიერს, როგორც ჩანს, მისი პრეზიდენტობა არ სურს.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივნად პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი დაინიშნა, ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა ვერსია, რომ ივანიშვილი სწორედ ახვლედიანს დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა შემდეგ ეს ხმებიც მიწყნარდა. ახლა კი, როგორც for.ge-სთვის არის ცნობილი, მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატად განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს განიხილავენ, რადგან იგი პრემიერ-მინისტრის სიმპატიებით სარგებლობს და ჩვენ არაერთხელ გავხდით მომსწრე იმისა, როგორ აქებს ივანიშვილი განათლების მინისტრს და მას ყველაზე წარმატებულ მინისტრადაც კი მოიხსენიებს. თუმცა, აქ ჩამოთვლილი ადამიანებიდან, სავარაუდოდ, არც ერთი არ იქნება მისაღები რუსებისთვის, რაზეც ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობდა და თუ ამ კრიტერიუმით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, რუსეთისთვის საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ყველაზე სასურველი კანდიდატი ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი იყოს. მიუხედავად პუტინთან დაძაბული ურთიერთობისა და სხვადასხვა დროს, ერთმანეთის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესის დიდი წილი, მთელი ენერგოსისტემა და სხვა სტრატეგიული ობიექტები სწორედ რუსული სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაშია.
და მაინც, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? საკმარისია თუ არა ის კრიტერიუმები, რაც ხუხაშვილმა დაასახელა და ვინ არის მმართველ გუნდში ისეთი პიროვნება, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს? ამ თემაზე ქართველ ექსპერტებს ვესაუბრეთ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში რამდენიმე ადამიანი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რასაც საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა, არეშიძე თავს იკავებს მათი დასახელებისგან, რადგან მიიჩნევს, რომ ამით გარკვეულ აჟიოტაჟს შეიტანს საზოგადოებაში.
„მმართველ გუნდში რამდენიმე ადამიანი მეგულება ასეთი, თუმცა მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. მეტსაც გეტყვით, მე დაახლოებით ვხვდები, ვისზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი, მაგრამ არა მხოლოდ ამ კრიტერიუმებით, არამედ სხვა ნიშნებითაც. ჩემი აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც საერთო ენა უკვე გამონახული აქვს საზოგადოებასთან როგორც რეგიონში, ასევე რეგიონის გარეთ, მტერ-მოყვარესთან და უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი აზროვნების მაღალი ხარისხი“, - აცხადებს ექსპერტი.
აქვე იგი დასძენს, რომ ყველა კრიტერიუმს რომ აკმაყოფილებდეს, ასეთი „დიმიტრი გელოვანი“ ჩვენ არ გვყავს, მაგრამ მმართველ გუნდში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ კრიტერუმების ნაწილს აკმაყოფილებს. მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მათ შორის არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიერ სტატიის დასაწყისშია ჩამოთვლილი და ვინც არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატებად განიხილებოდნენ, ან განიხილებიან.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომლებსაც საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, ალბათ, უფრო მომავალში გამოჩნდება, როდესაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. მისი თქმით, დღეს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის თანახმად, პრეზიდენტს გარკვეული საგარეო ფუნქციები ექნება, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან ის პოლიტიკის შემქმნელი არ იქნება.
„რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ის პირი, რომელიც მსოფლიოში საქართველოს წარადგენს, ამ ნიშნებით იყოს შემოსილი, რადგან მისთვის საგარეო ფუნქციების შესრულება უფრო ადვილი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი, სიმართლე გითხრათ, ახლა ალასანიას ასოციაცია გამიჩნდა, რადგან მის მიმართ ნდობა აფხაზებში მართლაც დიდია“, - ამბობს ექსპერტი.
მეორე მხრივ, იგი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელების მიმართაც არ იქნება კრიტიკული დამოკიდებულება, რადგან მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილი ორივე კონფლიქტურ რეგიონში ბევრ ადამიანთან ახლობლობით არის დაკავშირებული. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ბევრი კანდიდატურა შეიძლება მოიძებნოს, რომელიც ამ ფორმულას, რომ მისაღები იყოს რუსეთისთვის, დასავლეთისთვის და კონფლიქტური რეგიონებისთვის, სხვადასხვა პროპორციით, მაგრამ დააკმაყოფილებს. ექსპერტის თქმით, გარდა ნაციონალების მკვეთრი ანტირუსული რიტორიკისა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ანტირუსული და მით უმეტეს ანტიაფხაზური და ანტიოსური განწყობა საერთოდ არ ყოფილა. შესაბამისად, ამ მხრივ პოლიტიკოსებს პრობლემა ნაკლებად ექნებათ.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ფიქრობს, რომ პირველ რიგში, პრეზიდენტი ქართულ მოსახლეობას უნდა აკმაყოფილებდეს და შემდეგ ქართველმა ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს, რამდენად უნდა შეესაბამებოდეს რუსების, აფხაზების და ოსების გემოვნებას საქართველოს პირველი პირი.
„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, არ იქნება სწორი უკანა პლანზე გადასწიო ქართველი ხალხის ინტერესები და წინა პლანზე, რუსების, ოსებისა და აფხაზების ინტერესები წამოსწიო. მე მგონი, გია ხუხაშვილმა უბრალოდ ზუსტად ვერ გამოთქვა ის, რისი თქმაც მას სურდა“, - მიიჩნევს ექსპერტი.
მისი თქმით, აფხაზებს და ოსებს ყოველთვის შეუძლიათ მოძებნონ საბაბი, რომ საქართველოს პრეზიდენტს მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაუჯდნენ. ამიტომ შესაძლოა, არა პრეზიდენტის ვინაობაზე, არამედ სწორედ აფხაზებისა და ოსების განწყობაზე უფრო იყოს ეს პროცესი დამოკიდებული. ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ ძნელი წარმოსადგენია ჩვენ შევძლოთ ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელსაც ისინი, სურთ თუ არა, მაინც დაუჯდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ფილოსოფოსის აზრით, მთავარია არსებობდეს მათი პოლიტიკური ნება, რომ ეს მოლაპარაკებები შედგეს და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ისეთ ადამიანთანაც ისაუბრონ, რომელზეც წინასწარ ამბობდნენ, რომ არ დაელაპარაკებოდნენ.
პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მოთხოვნები საკმაოდ ბევრია, რადგან იგი მისაღები უნდა იყოს ყველასთვის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
„არ ვიცი, ბუნებაში არსებობს საერთოდ ასეთი ადამიანი, რომ ყველასთვის მისაღები იყოს? მე არ ვაპირებ გია ხუხაშვილს შევეკამათო და კარგი იქნება, თუ საპრეზიდენტო კანდიდატი ამ კრიტერიუმებს მართლაც დააკმაყოფილებს“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მას უჭირს კონკრეტული ადამიანის დასახელება, რადგან თვლის, რომ შესაძლოა, ასეთი ადამიანი არა მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“, არამედ საერთოდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც კი არ არსებობს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ალასანია თავის დროზე აფხაზეთის პოლიტიკური ელიტისთვის მოლაპარაკების პროცესში მისაღები იყო, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება იგი აფხაზებისთვის და ოსებისთვის დღეს, ეს ცალკე მსჯელობის საგანია, რადგან სხვაა, როდესაც ადამიანი მოსალაპარაკებლად ჩადის ადამიანთა გარკვეულ ჯგუფთან, ხოლო როდესაც პრეზიდენტი მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში, როგორც მხარე, ეს ცოტა სხვა საკითხია.
„მე ვიტყოდი, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტი მისაღები უნდა იყოს საქართველოსთვის. დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.