დღემდე გაურკვეველია იმ მინისტრის ვინაობა, რომელმაც, შესაძლოა, პოსტი დატოვოს. ბიძინა ივანიშვილმა ეს რებუსი აუხსნელად დატოვა და, სავარაუდოდ, ყველა მინისტრს გაუჩინა ისეთი შეგრძნება, მე ხომ არ ვიქნები პირველი?!
გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კარგი მინისტრები გვყავს, მხოლოდ ერთის მიმართ არსებობს ეჭვი და ამისთვის საზოგადოებას ვამზადებო.
„მე თვითონ ძალიან განვიცდი. იქნებ, შიგნით ჩავწყნარდეთ, მაგრამ ცოტაღა დარჩა ალბათობა, რომ შიგნით ჩავწყნარდეთ და ამიტომ ვამზადებ საზოგადოებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ერთი მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რომელიღაც მინისტრისათვის გამაფრთხილებელი ბარათის ჩვენება, ან მთავრობაში მობილიზაციის მიზნით გაკეთებული განცხადება შეიძლებ იყოს. ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ თანამდებობა ეკონომიკური გუნდის რომელიმე მინისტრმა დატოვოს.
მისი აზრით, გათავისუფლების სავარაუდო კანდიდატები არ შეიძლება იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ვინაიდან საერთაშორისო ასპარეზზე ახალმა ხელისუფლებამ წარმატებული ნაბიჯები გადადგა, გაბედული და პრინციპული ნაბიჯები გადაიდგა განათლების სფეროშიც.
რაც შეეხება შსს-ს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, ისინიც, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პრემიერის ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ, რომ არაფერი ვთქვათ თეა წულუკიანზე. გასარიცხთა სიიდან ექსპერტი გამორიცხავს ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსაც, რადგან იგი კობა დავითაშვილის კრიტიკისგან პრემიერმა დაიცვა.
ექსპერტის აზრით, გასაშვებთა რიგს არ განეკუთვნებიან დავით დარახველიძე, დავით კირვალიძე, დავით ნარმანია და სხვები, ამიტომ ყველაზე მეტი კრიტიკა შეიძლება, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან იყოს, რადგან ინვესტიციების ნაკადი არ გაზრდილა.
გასათავისუფლებელი კანდიდატურის შესახებ For.ge ექსპერტების აზრით დაინტერესდა.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ წინამორბედთაგან განსხვავდებით, დღევანდელი მინისტრები პასუხისმგებლობის გრძნობით, პირადი პატიოსნებით და შეუპოვრობით გამოირჩევიან. ამდენად, საუბარი იმაზე, რომ რომელიღაც ერთი თურმე კითხვებს იწვევს, შესაძლოა, მთავრობის თავმჯდომარის საკმაოდ ეფექტური პიარსვლა იყოს, რადგან, ფაქტობრივად, ყველა მინისტრს, როგორ წარმატებულადაც არ უნდა თვლიდეს საკუთარ თავს, რამდენჯერმე მაინც გაჰკრავს ეჭვი, ნეტავ, პრემიერი ჩემზე ხომ არ ფიქრობსო. ამიტომ, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება სტიმული იქნება ყველა მინისტრისთვის. თუმცა ერთიცაა, ამა თუ იმ მინისტრის მიმართ კითხვები უნდა უჩნდებოდეს არა პრემიერ-მინისტრს, არამედ საზოგადოებას. თუ განსხვავებული დამოკიდებულება იქნება პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას შორის, მაშინ ცოტა უფრო ღრმად სჭირდება საკითხს შესწავლა, რასაც ამას ან ერთი მხარის გადარწმუნება მოჰყვება, ან - მეორის.
„ვეთანხმები იმ გამოკითხვებს, რომელშიც ლიდერობს ქალბატონი წეულუკიანი. სხვათა შორის, შემიძლია ვთქვა, რომ სხვაზე უფრო ღრმად ვარ ჩახედული საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში და აქ მინისტრების რაიმე სუსტ მხარეს ვერ ვხედავ. თუმცა შედეგის მიღწევის შესაძლო ნელი ტემპი უნდა აღვიქვათ, როგორც იმ არსებული მემკვიდრეობის სირთულე, რაც მათ დახვდათ, და მთლიანად ეკონომიკური სიტუაციის რევოლუციური გარდაქმნის აუცილებლობა, რაც ჯერჯერობით შესაბამისი რესურსებით არ არის უზრუნველყოფილი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ამასთან, ექსპერტი ელის, რომ პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისა და ქვეყანაში ორხელისუფლებიანობის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური შედეგის შეფასება უფრო სამართლიანი იქნება. ამ ეტაპზე კი, ძნელია იმ ქვეყნის მართვა, როდესაც რეალურად ჩვენ გვყავს ორი ხელისუფლება და არცერთი ოპოზიციური ძალა წარმოდგენილი არ არის პარლამენტში. ხოლო საუბარი იმაზე, რომ ნაცმოძრაობა თურმე ოპოზიციაა, თავად ტერმინ „ოპოზიციის“ დისკრედიტაციაა. მეტიც, დედამიწაზე არცერთ ოპოზიციას საკუთარ რიგებში არ ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, პრეზიდენტის სახით, უმაღლესი მთავარსარდალი, ისევე, როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე.
„ამიტომ ვიდრე ორი ხელისუფლება არსებობს ნულოვანი ინსტიტუციონალიზებული ოპოზიციის გარეშე, რასაკვირველია, მხოლოდ ანტიკოაბიტაციური პროცესების იმედად შეიძლება დავრჩეთ, რაც სასურველი არ არის. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მკაფიოდ გამოჩნდება, „ვინ წინა და ვინ უკანა“ დღევანდელ მთავრობასა და სამომავლო სახელისუფლო გუნდში“, - მიიჩნევს ექსპერტი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ დიდი სიკეთე არ დასტყობია ჩვენს დამოკიდებულებას ოსებთან და აფხაზებთან, ამიტომ შეიძლება, პაატა ზაქარეიშვილთანაც იყოს პრეტენზიები, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებენ, ამ მიმართულებით შედეგი 20-30 წლის მერე შეიძლება დადგეს. პოლიტოლოგის თქმით, არაფერი სასიკეთო არ დასტყობია განათლების სფეროს, სადაც პირველი მინიკრიზისი ბენდუქიძესთან კაპიტულაციით დამთავრდა. ეკონომიკა რა დონეზეც იყო, ისევ იმ დონეზეა და, რაც გასაყიდი იყო, ბენდუქიძემ უკვე გაყიდა, ამიტომ ახალ მინისტრს გასაყიდი არაფერი დარჩა.
„ეკონომიკის მინისტრს თუ ბრალდებად წავუყენებთ, რომ ამ შვიდ თვეში ერთი ქარხანაც არ აშენებულა, ამ დროს კი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში ლომის წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკის სამინისტრომ, პრეტენზიები იქნება ეკონომიკის მინისტრის მიმართაც“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ამასთან, მინისტრებს შორის ირაკლი ალასანიას საკითხის დადგომასაც არ გამორიცხავს, რადგან ალასანიას ორი მომენტი აშორებს ივანიშვილთან, მას დღემდე არ მიუწვდია პრემიერისთვის ანალიზი, თუ რატომ დამარცხდა „ოცნება“ სამეგრელოში და, ასევე, განსხვავებულია მისი ხედვა ფუძემდებლურ საკითხთან მიმართებით, როგორიცაა სახელმწიფოს მოწყობის საპრეზიდენტო მოდელი.
სოსო ცინცაძის თქმით, საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრემიერის ადგილი მიზერულია, თუნდაც სააკაშვილს არც კი ახსოვს, თუ რამდენი პრემიერი ჰყავდა. რაც შეეხება ალასანიას, როგორც მინისტრის მიღწევებს, სოსო ცინცაძის თქმით, სამწუხაროდ, მხოლოდ ომმა დაგვანახა, როგორი მინისტრი იყო კეზერაშვილი და რა მდგომარეობაში იყო ქართული ჯარი, თორემ სააღლუმოდ მთელ მსოფლიოს შეშურდებოდა.
ამდენად, პოლიტოლოგი ასკვნის, რომ ყველა მინისტრის მიმართ მოიძებნება „ხორკლიანი კითხვები“, გარდა იუსტიციის მინისტრის, რომელიც საამაყოა ქვეყნისთვის. ამიტომ სხვა არცერთი მინისტრი არ უნდა გრძნობდეს თავს მშვიდად.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, დღეს მინისტრების შეცვლის პრობლემა იდგეს დღის წესრიგში. მისი აზრით, მთლიანობაში პრობლემაა ის, რომ, ზოგადად, ქვეყანაში მთავრობა ჩრდილშია მოქცეული.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყანაში მთავრობა მეორეხარისხოვანია. ეს პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს არა იმდენად მთავრობის საქმიანობას, არამედ დღემდე გრძელდება დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის. ასე რომ, პოლიტიკურ ჭრილშია ბრძოლა გადატანილი, რასაც, გარკვეულწილად, მედიასაშუალებებიც ხელს უწყობენ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, რადგან მთავრობა ჩრდილშია მოქცეული, წინა პლანზე ჩანან პოლიტიკოსები და მიმდინარეობს დებატები. ამ დროს კი უკვე რამდენი ხანია, არავის არ დასცდენია რაიმე შეფასება მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით. მეტიც, ექსპერტის თქმით, რაღაცები მართლაც გაკეთდა ჯანდაცვაში, თუმცა კობა დავითაშვილის განცხადებას რა რეაქციაც მოჰყვა, ყველამ დავინახეთ. ამდენად, ექსპერტის აზრით, მთავრობის საქმიანობა იჩქმალება თუნდაც იმის ფონზე, თუ რა განაცხადა პრეზიდენტმა.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე ვერ აკონკრეტებს, ვის ეკუთვნოდა პრემიერის გამაფრთხილებელი ბარათი, თუმცა არ გამორიცხავს, ერთ მინისტრზე კი არა, რამდენიმეზეც იყოს სერიოზული პრეტენზია და სულაც არ არის აუცილებელი, მხოლოდ ეკონომიკურ გუნდთან მიმართებით იყოს საუბარი.
„ეს ბატონი ბიძინას პრიორიტეტია. ცვლილებები სულაც არ არის ცუდი და არ ნიშნავს, რომ ვინმე ცუდი ადამიანია. უბრალოდ, შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები შედეგი არ არის და ამას დრო სჭირდება, თუმცა პირადად მე ჩემი შეხედულებით რაღაცას უფრო დავაჩქარებდი ეკონომიკის სფეროში“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.