„დაადო კანონებს ვეტო და გაიქცა ამერიკაში, დანარჩენი იქნებ იქ მოაგვაროს...“

„დაადო კანონებს ვეტო და გაიქცა ამერიკაში, დანარჩენი იქნებ იქ მოაგვაროს...“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკაში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, არიზონას შტატში მონაწილეობას მიიღებს ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ „სედონას ფორუმში“.

დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რომელიც ამ რანგში პირველად შეხვდება მიხეილ სააკაშვილს. ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსაც შეხვდება.

რისთვის გაემგზავრა სააკაშვილი ამერიკაში და რა გარანტიებს ჩამოიტანს საკუთარი პოლიტიკური გუნდისთვის ამ თემაზე ექსპერტი ნანა დევდარიანი გვესაუბრება.

ქალბატონო ნანა, სააკაშვილისა და აშშ- ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მეგობრობის შესახებ ბევრი გვსმენია, დღეს სააკაშვილი არ არის საუკეთესო ამპლუაში, როგორ ფიქრობთ, შეეცდეება, აშშ- მთავრობიდან გარკვეული გარანტიები ჩამოიტანოს? თუმცა, ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, „დაიბარესკიდეც...

- გამოვრიცხავ, მიშა ვინმეს დაებარებინოს. ცალ ფეხზეა შემდგარი და „კოჭლი იხვი“ ჰქვია მის მდგომარეობას ამერიკელების ენაზე. თუ დაიბარებენ, რამეს გააგებინებენ თუ რა? - თავისი ლობისტების მეშვეობით ზურგის გამაგრებას ცდილობს და როგორც ჩანს, თვითონვე სჭირდება ეს შეხვედრები - ყველა ვხედავთ, რომ დღევანდელი კოაბიტაციის ძირითადი ავტორები ამერიკელები არიან და ისინი უნარჩუნებენ გავლენებსა და მდგომარეობას.

როგორც ჩანს, კიდევ სჭირდება პოზიციების განმტკიცება. სხვათა შორის, ყურადღებით თუ მოუსმენთ, თვითონვე ამბობს ყველაფერს - აი, მაგალითად, როდესაც ამბობს, „მე ვერავინ ვერ გამიყვანს ამ ბრძოლიდან“, „ეს განახლებული ეროვნული მოძრაობაა“ და ა.შ. - მას უნდა, რომ რეალური მხარდაჭერა ჰქონდეს.

ჩვენი ოპოზიცია, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია ასევე ხომ ცდილობდა, დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვექტორი იყო მათი მუშაობის. ასეა ესეც, ხვალინდელ დღეზე ფიქრობს. ფიქრობს იმაზე, ოქტომბრის შემდეგ, როცა უკვე აღარ იქნება პრეზიდენტი, არ დაიჭირონ - ეს გაისმა უკვე.

ახლა თუ არ დაიკითხება თავისი ნებით და უარს ამბობს, ოქტომბრის შემდეგ დაიკითხება და ამ დაკითხვას რა მოჰყვება, კაცმა არ იცის. დარბის ახლა იმისათვის, რომ სამომავლო გარანტიები შეიქმნას.

სამართალდამცველების მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ახალაიებს შესაძლოა, შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა. არ გაკეთდებოდა მსგავსი განცხადებები, რომ არა მოლოდინი მათი ალაპარაკებისა, ისინი კი, როგორც ამბობენ, მართლაც მნივნელოვან ინფორმაციას ფლობენ...

- ბაჩო ახალაიას საქმე ისე ტაატით და ნელ-ნელა მიდის, რომ სულ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება, მაგრამ დათა ახალაიას წერილის მნიშვნელობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა და საპროცესო გარიგება, ამათი, ნაციონალების მოგონილია - შენ თუ შენს ზემდგომზე მისცემ ჩვენებას, შენ გიმსუბუქდება ბრალი. მხოლოდ ეს ითქვა და სრულიად რეალურია.

ეს დაპირისპირება თუ გაგრძელდა და ისეთი პირი ჩანს, რომ გაგრძელდება, სააკაშვილს, შესაძლოა, მოეთხოვოს პასუხები - ესეც თქვენი კითხვის პასუხი, რატომ გარბის ამერიკაში. თანაც, მაკკეინი მისი ცნობილი ლობისტია.

რა გარანტიები შეიძლება მისცეს მაკკეინმა მიშას, იმის მიუხედავად, რომ ვიცით ერთმანეთს როგორ ეხმარებოდნენ პოლიტიკური ქულების მოგროვებაში და არა მხოლოდ... დღეს რა შეუძლია მაკკეინს?

-20 წლის წინანდელ, ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიას რომ გადახედოთ, ხომ იცით გამოთქმა, „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“ ასეთი, თავიანთი დასმული „ძაღლიშვილები“, ამერიკელებმა წაიყვანეს და აარიდეს პასუხისმგებლობა, არაერთი ასეთი ფაქტი ყოფილა. ამიტომ, სულ მცირე, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ხელშეუხებლობის გარანტია, წაიყვანენ და ეყოლებათ იქ, ამერიკაში. ყველაზე დიდი გარანტიები კი ის არის, რომ სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობაში გაუწევენ მხარდაჭერას.

რაც შეეხება სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას, ფაქტია, რომ კოაბიტაცია, თითქოს, გამოდის და მაინც არ გამოდის, მიშამ რამდენიმე კანონს ვეტო დაადო და ისე წავიდა ამერიკაში. ალბათ, ამ რანგის შეხვედრა, კოაბიტაციის თემასაც შეეხება, შესაძლებელია, ამერიკის გაანცხადებები ისევ გამკაცრდეს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ?

- რა თქმა უნდა, ყველა ხერხს მოსინჯავს, მაგრამ მეჩვენება, რომ უკვე უპერსპექტივოა ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი გარანტია,  რაც შეიძლება სააკაშვილმა მიიღოს, ეს არის, რომ წაიყვანონ ამერიკაში და დღევანდელ ხელისუფლებას არ მისცენ მისი გასამართლების საშუალება. ეს იქნება მისი ყველაზე დიდი მიღწევა.

რაც შეეხება სახელმწიფო მდივანს, მინდა გითხრათ, რომ „ოცნებაში“ არიან ადამიანები, ვისაც მრავალწლიანი პირადი და პროფესიული მეგობრობა აკავშირებს დღევანდელ სახელმწიფო მდივანთან. ის ძალიან კარგად იცნობს სიტუაციას და ამდენად, მისი „დაბოლება“ მიშას ასე იოლად არ გამოუვა.

საკმაოდ უცნაური დამთხვევაა სააკაშვილის რეზიდენციაში, თითქოს, გაურკვეველი ადამიანების შესვლის ფაქტი, რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა განცხადება, შეიძლება ეს გამოიყენოს სააკაშვილმა ამერიკაში იმის ხაზგასასმელად, რომ მას იმდენად ავიწროებენ საკუთარ ქვეყანაში, რომ ნორმალურადაც კი არ იცავენ?

- არ მეჩვენება უცნაურად და გეტყვით, რატომაც. სააკაშვილის დაცვა ამ 9 წლის განმავლობაში არის გამწარებული - იმპულსური მარტო პოლიტიკურ განცხადებებში, სირბილსა და ქცევაში კი არ არის, უცებ რას გააკეთებს, არავინ იცის. სახელმწიფო დაცვა არის საკმაოდ სპეციფიკური სტრუქტურა. წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფოს პირველი პირის რეზიდენცია კომუნალური სახლივითაა, ვის არ ნახავთ იქ - ნინო კალანდაძე, მიშას ახალი მრჩეველი და კიდევ უამრავი სხვა, იმდენი ხალხი შედის და გამოდის, ამას რომელი დაცვა გააკონტროლებს? სააკაშვილის დამახასიათებელი თვისებაა, შექმნას თავის გარშემო ქაოსი.

რაც შეეხება დაცვას, მიშას დაცვა ჰყავს და ეს ყველამ კარგად იცის. მან პირადი გვარდია მოითხოვა და პირად გვარდიას არავინ არ დაუნიშნავდა. ისედაც ძალიან ძვირი გვიჯდება, მილიონჯერ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, რამდენჯერ უნდა გადავიხადოთ ამ კაცის ღირებულება? ასეთი ძვირი პრეზიდენტი მგონი არავის არ ჰყავს მსოფლიოში.

შესაძლოა ეს გამოძახილი იყოს იმ სტატიისა, რომელიც ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა სავარაუდოდ, ამ ვიზიტისაღსანიშნავად“, რომ სააკაშვილი რელევანტურობას თავისსავე შექმნილ ქვეყანაში ეძებს. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, თურმე, ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წლისთავზე ისევ ქუჩაში აღმოჩნდა...

- ვინ გაუშვა ქუჩაში? არავინ იცის, რა აქცია იყო, არავინ არსად არ შევარდნია, არ გამოუთრევია გარეთ და არავის არაფერი ზედმეტი არ გაუკეთებია. შესაძლოა, მედიაში რაღაც დაიწეროს, მაგრამ რეალურად, მსგავსი არაფერი მომხდარა. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია კი პრესაში გამოქვეყნებული სტატიებით არ იქმნის წარმოდგენას. უამრავი წყარო აქვთ თავიანთი, სპეციფიკური. თანაც, როგორ ხდება, რომ ვიღაც ამერიკიდან ხედავს აქ რა ხდება და ისე წერს? რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ამერიკული მედიის ყიდვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ქართულის.

ჩვენ ვისაუბრეთ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და ამერიკიდან გარკვეული გარანტიების მიღების შესახებ, თუმცა, ქართულ საზოგადოებაში უკვე ორად იყოფა აზრი, უნდა აგოს პასუხი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, თუ არ უნდა დავემსგავსოთ სააკაშვილის ხელისუფლებას და პასუხისმგებლობას უნდა ჰქონდეს, ასე ვთქვათ, სიმბოლური ხასიათი...

- არაფერი არ იქნება, ვიდრე სასამართლო რეფორმა არ გატარდება, ყველაფრი ამაზეა დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ, რატომ დაადო კანონპროექტებს ვეტო?!.

ანუ, კანონებს ვეტო დაადო, რომ ორი-სამი კვირით გაწელოს პროცესი და ამერიკაში წავიდა, ამასობაში, გარანტიების მისაღებად? ასე მარტივადაა ყველაფერი?

- ეს ძალიან მარტივია, ყველაფერი ზედაპირზე დევს. ეგებ როგორმე მოახერხოს და სახელმწიფო დეპარტამენტმა ეგებ, ზეგავლენა მოახდინოს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“ - სააკაშვილი ხომ მიჩვეულია ასეთი წესით მუშაობას.

ევროპაში ივანიშვილმა კოაბიატაციაზე საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნა იმ ხელშეშლის შესახებ, რასაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან აქვს ადგილი. მეორე მხრივ, საქართველოში გაჩნდა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა ხელისუფლებას აწყობდეს კიდეც ამ რეჟიმში მუშაობა, რადგან რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება ეს გაურკვევლობა, ხელისუფლებას რჩება მეტი ფორა, ვიდრე საზოგადოება მას პასუხს მოსთხოვს. შესაძლოა, ასეთი სცენარიც არსებობდეს?

- ახალ ხელისუფლებას ეს არანაირად არ აწყობს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ აწყობს, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა. რაც გვიან დაიწყება პოზიტიური ცვლილებები, მით მეტი ადამიანი იქნება უკმაყოფილო ახალი ხელისუფლებით და შეიძლება, ამან სააკაშვილს არაფერი უშველოს, მაგრამ ძალიან დააზარალებს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, თუ ვინმეს „ქართულ ოცნებში“ ჰგონია, რომ მოდი ეს მიშას დაბრალდეს და რაც მეტ ხანს იქნება, მით უკეთესი, ეს ბავშვური გულუბრყვიოლობა იქნება. თანაც, ვიცით, სააკაშვილი ვადით არის შეზღუდული და ოქტომბრის იქით არც ასე იქნება და არც ისე. ოქტომბრის შემდეგ მაინც ცვლილებები უნდა გაატარონ და რატომ არ უნდა გაატარონ მანამდე, არ მესმის.

ერთადერთი, რასაც ვერ გააკეთებენ, ეს არის პასუხისმგეგლობის საკითხი, რომელშიც წინსვლა არანაირად არ მოხდება სასამართლო რეფორმის გარეშე.

რაც შეეხება ვეტოს, იყო შემთხვევა, როდესაც მისი ვეტო დაიძლია პარლამენტის მიერ, არსებობს მოლოდინი, რომ ახლაც ასე მოხდება. ვეტოს დადება იყო სააკაშვილის მხრიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, გავლენისთვის ხაზგასმა, თუ მას ეს ორ-სამკვირიანი პერიოდი მართლაც სჭირდება რაღაცისთვის?

- დაადო კანონებს ვეტო და გაიქცა ამერიკაში, ამით ყველაფერი ნათელია. დანარჩენი იქნებ იქ მოაგვაროს...

წავა ამერიკა, ამაზე, რომ საქართველოს შიდა საკითხებში ჩაერიოს?

- ვერ ატყობთ, რომ ყოველდღე ერევა? თანაც ყველა საკითხში, მათი ყურადღების დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდით, განსაკუთრებით პოლიტიკური სპექტრი. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ნორლანდმა, შემთხვევით აღმოვჩნდი თბილისიდან ქუთაისში, პარლამენტშიო, როცა უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებისას სარეიტინგო კენჭისყრაზე ძალით დაიყოლიეს, ეს უმრავლესობა ერთი საათით ადრე იძახდა - არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებითო. მერე, როცა ამერიკის ელჩი დაინახეს, უცებ, ყველას გონება გაეხსნა და გაუნათდა?!

როდესაც ივანიშვილმა რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა დასავლეთის მიმართ, სააკაშვილმა ეს ყოველთვის გამოიყენა ხაზგასასმელად და საჩვენებლად, როგორი პრორუსულია ახალი ხელისუფლება. ალბათ, ესეც გასათვალისწინებელია...

- სააკაშვილი ამას სულ შეეცდება. ივანიშვილს შესაძლოა, პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება არ აქვს, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სხვა საქმიანობის და მშვენივრად ხვდება, რომ მიშას თუ რაღაცის თქმა უნდა, ის ამის საბაბს ყოველთვის მოძებნის.

იმის მიხედვით, მიშა რას იტყვის, შენი ნაბიჯები არ უნდა დაგეგმო. შენ უნდა აკეთო ის, რაც მიგაჩნია სწორად და მართებულად და მიშამ ილაპარაკოს, რამდენიც უნდა.

პრორუსულს და პროდასავლურს რაც შეეხება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ. ჩვენ მუდამ ვიყავით უზარმაზარ იმპერიებს შორის და მაშინ ვიყავით კარგად, როდესაც ვახერხებდით ჩვენი ინტერესები დაგვებალანსებინა. ერთი მხრივ, გვეჩვენებინა, კი შეიძლებოდა რაღაცაზე წამოვსულიყავით, მაგრამ იქით ის იმპერიაა.

ამერიკა უკვე ჩამოყალიბდა როგორც იმპერია, ამ ორი უზარმაზარი იმპერიის - რუსეთის და შტატების ინტერესები ისე უნდა დააბალანსო, რომ მოგებული გამოხვიდე შენ და ეს გამოვა პროქართული პოლიტიკა, არც პრორუსული იქნება, არც პროამერიკული და არც პროევროპული.

ისიც ხშირად უთქვამთ გამსახურდიაზე, რომ სწორედ მისი ამ პოლიტიკის წყალობით ვერ მოიპოვა მაშინ დასავლეთის ინტერესი. პრინციპში ისიც ვიცით, რომ ამერიკას ასეთი ინტერესი მხოლოდ ნავთობსადენის შემდეგ გაუჩნდა...

- იმ დროს შეერთებული შტატები საერთოდ არ იყო მზად საბჭოთა კავშირის დაშლისთვის. გამსახურდია შეგნებულად წავიდა გამწვავებაზე და იმაზე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ჩვენი მიშას მეგობარი ბუშის მამამ რომ გამოაცხადა, გამსახურდის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, ეს იყო, სხვა კი არაფერი.

ეს ფუნქცია საქართველოს შესძინა შევარდნაძემ. ძალიან კარგად მახსოვს, სააკაშვილმა რევოლუციის შემდეგ რომ თქვა, რა სტრატეგიული პროექტია ეს ნავთობსადენიო. მერე ეტყობა, „სტრატეგიულმა პარტნიორებმა“ აუხსნეს, რა სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა ამას, მაშინვე გაიქცა და ალიევთან ერთად გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

როდესაც მიშას გარანტიებზეა ლაპარაკი, ქართული საზოგადოება, ყველა უბედურების სათავედ მიიჩნევს სააკაშვილსა და მის გუნდს, თუ მართლაც ჩამოვიდა ამერიკიდან გარანტიებით, გაექცა პასუხისმგებლობას და დარჩა საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში, ეს საზოგადოების რეაქციას როგორ წარმართავს? ახალი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება ხომ არ გაჩნდება?

- აქ ხომ ერთ ცალ მიშა სააკაშვილზე არ არის ლაპარაკი, მაგალითად, ავიღოთ თემა, რომელზე საუბარსაც ერიდებიან ხოლმე. მაინც დედაა და დედაშვილობის საკითხი საქართველოში პატივცემული თემაა, მეც დედა ვარ და მაქვს უფლება ამაზე ვილაპარაკო. კარგით, დავანებოთ მიშა სააკაშვილს თავი. რაც გიული ალასანიამ ერთ ლარად ქონება იშოვა თავისი შვილის წყალობით, უნდა შერჩეს? იყო საკმაოდ ღატაკი პროფესორი და დღეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ის, რომ ყოველ კუთხე-კუნჭულში თურქული სკოლები და უმაღლესი სასწავლებლებია გახსნილი და ყველა მათგანში ფიგურირებს გიული ალასანია, უნდა ეპატიოს? ამ სიის გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ - მაგალითად, სანდრა რულოვსის ბიძით და ა.შ. სააკაშვილს ძმებზე და მის სხვა ახლობლებზე აღარ ვლაპარაკობ.

ამდენად, აქ მარტო სააკაშვილის საკითხი არ დგას, აქ არის ძალიან ბევრი თემა და ჯერჯერობით, წართმეული ქონების დაბრუნებაზე არანაირი პროგრესი არ ჩანს.

ყველაზე დიდი ნაღმი არა სააკაშვილის ციხესი ჩასმა, არამედ არის ეს. თუ არ დაუბრუნდათ ადამიანებს წართმეული საკუთრება, არ დაისაჯნენ მკვლელები და ჯალათები, არაფერი გამოვა.

რომ გითხრათ, ქართველ ხალხს დღე და ღამე არ სძინავს იმაზე ფიქრით, რომ სააკაშვილი გალიაში დაინახონ, ასე არ არის! ქართველები არ არიან სისხლისმსმელი და შურისმაძიებელი ხალხი. ქართველებისთვის სამართლიანობის აღდგენა არ არის ვიღაცის დაჭერა, სამართლიანობის აღდგენაა, როცა ადამიანს ბიზნესი რომ წაართვეს, სახლ-კარი გააყიდინეს და ნულზე დასვეს, ეს უნდა დაუბრუნონ და დამნაშავე უნდა დაისაჯოს ადეკვატურად.

რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით უფრო დაზარალდება ახალი ხელისუფლების იმიჯი. ახალი ხელისუფლება არ არის ნაციონალებივით აგრესიული, რომლებიც ამ აგრესიით ძალიან „ეფექტურად“ შეუდგნენ საქმიანობას - ერთ კვირაში დაიჭირეს უამრავი ადამიანი, მერე ეს გააპიარეს და პირდაპიერ ეთერში გვაყურებინეს, როგორ უგრეხდნენ ადამიანებს ხელებს. დაიწყო ტერორი, რომელიც, შემდეგ გაძლიერდა. მერე უკვე უბრალო ხალხზე გადავიდნენ და ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს.

ესენი არ არიან აგრესიულები („ოცნება“), ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეფექტურებიც არ არიან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტონ, რას აკეთებენ. თუ ამომრჩევლის განწყობა შეიცვალა, უკან დარჩებათ ყველაფერი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ნაციონალები იხეირებენ, როგორც არ უნდა გაიფუჭოს საქმე ახალმა ხელისუფლებამ, ეგენი მაინც ვერ მობრუნდებიან.

ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ არ იძვრის პროცესი ადგილიდან? ეჭვები უკვე არსებობს...

- ერთ მაგალითს მოგიყვანთ, სტატიაც გამოვაქვეყნე კომპანია „არქიმედეზე“, რაზეც კობა დავითაშვილმაც ილაპარაკა. თვითონ რომ არ მქონოდა შეხება ამ სადაზღვევო კომპანიასთან, არ დავიჯერებდი, რაც კობამ თქვა - ცამდე მართალია კობა დავითაშვილი. რა აღმოვაჩინე იცით? კეზერაშვილის ყოფილი კომპანიაა და დღეს მისი დირექტორი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ძმისშვილია.

თუ დავფიქრდებით, შეიძლება, მივხვდეთ, რატომ ვერ არიან ამ საკუთრების საკითხებში ეფექტურები. თუ ეს ასე ხდება, რომ კეზერაშვილის ყოფილ კომპანიაში ხელმძღვანელად მიდის ხელისუფლების წარმომადგენლის ახლო ნათესავი, მაშინ ძალიან ბევრი გონივრული ეჭვი ჩნდება.

ეჭვებიკოაბიტაციაზე“?

- კოაბიტაცია მიდის მშვენივრად, საკუთრების გადანაწილების თვალსაზრისით.

თუ დადასტურდა, ეს იქნება ყველაზე დიდი ნაღმი ამ ხელისუფლებისათვის, რომელიც მიშას დაგებულ ნაღმებთან ახლოსაც ვერ მივა...

- ეს იქნება ყველაზე მეტად დამანგრეველი „ქართული ოცნებისთვის“ თუ ამას არ მიხედეს. კობას კი ნუ საყვედურობენ, რომ ამბავი რატომ გამოიტანა გარეთ, კობამ კი არ გამოიტანა, თვითონ გავიგე, იმიტომ, რომ შეხება მქონდა ამ სადაზღვევო კომპანიასთან და იტყვის თუ არ იტყვის, ყველა პენსიონერმა იცის ეს ამბავი.

სააკაშვილს რომ დავუბრუნდეთ ამერიკაში, ვისაუბრეთ ხელშეუხებლობის გარანტიებზე, უკეთეს შემთხვევაში კი მომავალ მხარდაჭერაზე, რა ტიპის შეიძლება იყოს ეს მხარდაჭერა, არსებობს ამის შესახებ ვარაუდები?

- პატარა ამბავი არ არის სამომავლო პოლიტიკური გარანტიები, დაუკვირდით ჩვენთან სულაც არ იყო ასეთი ვითარება, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ქვეყანაში ორი პარტიაა დარჩენილი. ხელოვნურად შეიქმნა ორპარტიული სისტემა და სამომავლოდაც ასე რომ იყოს, ამისათვის ემზადებიან ნაციონალები. ანუ, ხან ნაციონალები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ხან ოცნება, ისე, როგორც ამერიკაში დემოკრატები და რესპუბლიკელები. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი.

ვთვლიდი და დღესაც იგივე აზრზე ვარ, რომ ივანიშვილმა მაშინ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, როცა შერჩევა დაიწყო, რომ ეს არ მინდა, ის პარტია მინდა. კოალიციაში უნდა ყოფილიყო ყველა, ვინც იყო მიშას წინააღმდეგი. მაშინ ეს იქნებოდა, ნორმალური პოლიტიკური ძალა და არ იქნებოდა ლაპარაკი, რომ თურმე, უსუფაშვილს არ მოსწონს სპორტსმენები და მსახიობები და არავინ არ არის რომ მუშაობაში დაეხმაროს. მსახიობებსა და სპორტსმენებში კი არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა, რომ მიშასგან ჩარეცხილი ადამიანები ბიძინამაც ჩარეცხა.

ერთადერთი გამოსავალია, მივიდეთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან 40%-იანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყურება უკვე წარმოუდგენელია.