„უცნობი პირები“ პრეზიდენტის სასახლეში

„უცნობი პირები“ პრეზიდენტის სასახლეში

უკვე ორი დღეა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუპატიჟებელი სტუმრების გამო შეშფოთებულია. მათი ინფორმაციით, გაურკვეველი ვინაობის ორი პიროვნება ვერცხლისფერი მანქანით ადმინისტრაციაში იმ შესასვლელიდან შევიდა, საიდანაც შესვლის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს, პატრიარქს და პრემიერ-მინისტრს აქვთ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, ამ ადამიანებს პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფმა სახანძრო დაცვის წარმომადგენლებმა გადასცეს ე. წ. „სასერვეროს“ გასაღები. რაც შეეხება მეორე გასაღებს, ე.წ. „სვიჩრუმის“ გასაღებს, რომელიც სენსიტიური ადგილია, მათ თვითნებურად მოიპოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის „აიტის“ სამსახურის უჯრიდან და ამ ოთახში გაუგებარი და უცნობი მიზნით შევიდნენ. როცა ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მათ ჰკითხეს, თუ რას საქმიანობდნენ და რა უფლებით იყვნენ მისულები, ისინი დაიბნენ, განმარტების გარეშე აკრიფეს ყველაფერი და დატოვეს შენობა.

აქედან გამომდინარე, ანდრო ბარნოვი პრეზიდენტის დაუცველობაზე საუბრობს და საქმის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, როდესაც მთავრობა ამტკიცებს, რომ მოსმენები არ მიმდინარეობს, მაშინ რა უნდოდათ სრულიად დაუდგენელ პირებს ამ შენობაში და სწორედ იმ ადგილას, საიდანაც სასახლის შიდა საკომუნიკაციო ქსელიდან რეალურად ნებისმიერი ინფორმაციის გატანა შეიძლებოდა, თუკი ეს ადამიანები შესაბამისი ცოდნით იყვნენ აღჭურვილნი?!

თავის მხრივ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას პასუხობს. ტექსტში ნათქვამია, რომ ის ორი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდა და, რომელიც ანდრო ბარნოვმა უცნობ პირებად მოიხსენია, სახელისუფლებო სატელეფონო ქსელის საიდუმლოების დაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტები არიან და ისინი შენობაში დაზიანებული ტელეფონის შესაკეთებლად შევიდნენ, რისი უფლებაც წესდებით ჰქონდათ.

ამის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავაც აგრძელებს პოლემიკას და დაცვის სამსახურს დროული რეაგირების ნაცვლად, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.

მათი განმარტებით, უსაფუძვლოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადება, თითქოს, მათ თანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საშვის გარეშე შესვლის უფლება ჰქონდათ.

ასევე, მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მტკიცება, თითქოს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის IT სამსახურის ხელმძღვანელის ოთახში მასთან შეთანხმებით შევიდნენ. აღნიშნულის თაობაზე მისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო ცნობილი, ის დაესწრებოდა კიდეც მიმდინარე ღონისძიებებს, რადგან ეს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კომპეტენციაში შედის.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, არაერთი თხოვნის მიუხედავად, რეზიდენციაში მათი თანამშრომლების შესვლის ამსახველი ვიდეოკადრები არ მიაწოდა.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტები აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამტყდარი ცრუ განგაშია და ფათერაკების მოყვარული ჩვენი პრეზიდენტის სიცოცხლე ყველანაირად დაცულია.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ეს ის ქარიშხალია, რომელსაც იმკის პრეზიდენტი. მისი მმართველობის პერიოდში, როდესაც მათი გუნდი ერთიანი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“, სამართლადამცავები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები პოლიტიზირებულნი იყვნენ და, გარკვეულწილად, პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ახალი მმართველი ძალა ხელისუფლებაში მოვიდა, პრეზიდენტს, რომელმაც იცის მის მიერ შექმნილი სტრუქტურების ქმედება, გაუჩნდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ახლაც პოლიტიკური დავალება შეასრულონ.

სწორედ ამით ხსნის გიორგი თავდგირიძე სააკაშვილის კომპლექსებსა და შიშს, რომ ამ სისტემის მხრიდან მისი უფლებები შეილახება. თუმცა, ექსპერტის აზრით, ახლა უკვე გვიანია ამაზე ფიქრი, მით უფრო, რომ სააკაშვილს ჰქონდა კარტბლანში იმისთვის, რომ შეექმნა ისეთი სისტემები, რომლებიც დამოკიდებულნი არ იქნებოდნენ პოლიტიკური ძალის ცვლილებაზე, არამედ ეს იქნებოდა მდგრადი სახელმწიფო სამსახური და არ იქნებოდა ეჭვი, რომ ესა თუ ის სტრუქტურა პოლიტიკურ დავალებას შეასრულებდა.

„ჩვენ თუ ისეთი გზით წავედით, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც ამა თუ იმ თანამდებობას დაიკავებს, უნდა შევუქმნათ გარკვეული სპეცსამსახური. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს პრეზიდენტის და სხვა თანამდებობის პირთა უსაფრთხოების ვალდებულება. ამიტომ ვფიქრობ, ეს მაინც პოლიტიკური სპეკულაციის თემაა“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

მისი თქმით, პირადად იგი კარგად იცნობს დაცვის სამსახურს და ისიც იცის, რომ ეს სამსახური კარგადაა ორგანიზებული, შესაბამისი ცოდნა თუ აღჭურვილობა გააჩნია და მას პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა არ გაუჭირდება.

სამხედრო ექსპერტ თეონა აქუბარდიას თქმით, პრეზიდენტი კვლავაც განაწყენებულია, რადგან მას ჩამოერთვა დაცვის სპეცსამსახური და გადაეცა მთავრობას. ამიტომ მისი მხრიდან ეს ცრუ განგაშია. მეტიც, სამხედრო ექსპერტს ეეჭვება, რომ შესაძლებელი იყოს სპეციალური კავშირების გამოყენებით მოახდინონ პრეზიდენტის საუბრების მოსმენა, რადგან ეს ძალიან მარტივი გზაა და სხვა მეთოდებიც არსებობს.

„უბრალოდ, ეს იმ პიარკამპანიის გაგრძელებაა, რასაც აქამდე ეწეოდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაცვის სამსახურთან დაკავშირებით. პრეზიდენტიც აცხადებდა, რომ მას საერთოდ არ სჭირდებოდა დაცვა. დღესდღეობით პრეზიდენტს ისევ არ გამოუყენებია ის უფლება, რომ მას უნდა ჰყოლოდა 3500 კაციანი დაცვა. ასე რომ, ის განაგრძობს დაპირისპირებას მთავრობასთან და ანდრო ბარნოვის განცხადებაც აბსოლუტურად გააქარწყლა დაცვის სამსახურმა. მეტიც, ის ვიდეოკადრები, რომ ვითომ ორი ადამიანი შეიპარა, აბსოლუტურად სხვა კადრებია და ეს ის ხალხი არ არის, რომელთაც სახელითა და გვარით ასახელებს დაცვის სამსახური. თუ მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ ვიღაც უკანონოდ იქცეოდა, ბუნებრივია, უნდა მოეწოდებინათ ამის ამსახველი კადრები“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, ზოგადად, სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტექნიკა მანამდე ჰქონდა წაღებული, სანამ დაცვის სამსახური გადაეცემოდა მთავრობას და ნაცმოძრაობის წევრები კვლავაც უსმენენ ახალი მთავრობის წარმომადგენლებს. თეონა აქუბარდიას აზრით, ვინ ვის უსმენს, ეს სპეციალისტების შესაფასებელია, მაგრამ დაპირისპირება რომ კულმინაციას აღწევს, ეს ცხადია. მეტიც, პრეზიდენტმა საკმაოდ მძიმედ გადაიტანა, რომ მას დაცვის სპეცსამსახური ჩამოერთვა და ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეყნებული მასალებიც, თუ რა თანხებს ფარავდა დაცვის სამსახური პრეზიდენტის, მისი შვილის სწავლისთვის, მისი მეუღლის ვოიაჟებისთვის, არ ესიამოვნებოდა სააკაშვილს. სამართლებრივად, დაცვის სამსახური აგრძელებს საქმიანობას და, სურს თუ არა პრეზიდენტს, ის მას იცავს. ამდენად, პრეზიდენტის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ჯაფარიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რადგან მხოლოდ დაცვის სამსახურის ინფორმაციაა რეალური.

„სახანძრო დაცვა აქ არაფერ შუაშია. სერვერთან მოხდა შეხება, რომლის გასაღებიც თვითონ ადმინისტრაციის თანამშრომლებს აქვთ, ე.წ. „აიტიშნიკებს“. ამდენად, სერვერი თვითონ მათ მიერ იქნა გახსნილი და ძალიან კარგად იცოდნენ, იქ რაც კეთდებოდა თავისივე თანამშრომლების მიერ. მათ ხელშია სერვერიც და ყველაფერიც. კადრებში კარგად გამოჩნდებოდა, რეალობაში რაც ხდებოდა, მაგრამ რეალობის დანახვა არავის უნდა. იქ იყო მანქანის შესვლის ფაქტი, თითქოს, ვერცხლისფერი მანქანა შევიდა შიგნით, სინამდვილეში, არანაირი მანქანა არ შესულა და ეს ტყუილი ინფორმაციაა“, - აცხადებს კახა ჯაფარიძე.

მისთვის უცნობია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავში რა აზრები ტრიალებს, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმალური აზრები.

რაც შეეხება პრეზიდენტის უსაფრთხოებას, კახა ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მისთვის საკმარისზე მეტი რაოდენობის დაცვის წევრები არიან გამოყოფილნი, ისევე, როგორც საკმარისია პრეზიდენტის დაცვისთვის განსაზღვრული თანხა.

„პრეზიდენტის სიცოცხლე უმაღლეს დონეზეა დაცული და ეს მხოლოდ სიტყვის მასალა არ არის“, - აცხადებს კახა ჯაფარიძე.