„ნაციონალურ მოძრაობაში“ საპრეზიდენტო კანდიდატზე ფიქრობენ და შესაძლოა, პარტიაში შიდა პრაიმერიც ჩაატარონ. For.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო კანდიდატად - უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს განიხილავენ, რომელსაც NDI-ის კვლევებით, 48 პროცენტი აქვს, რაც წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
რა პროცესები მიმდინარეობს ყოფილ სახელისუფლებო გუნდში, ამის გამორკვევის მიზნით, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა:
NDI-ის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 56 პროცენტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი ოპოზიციური ძალაა. თუმცა, დავით ბაქრაძის გარდა, პარტიულ ლიდერებს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ. რა გზავნილი მიიღეთ ახალი მონაცემებიდან?
- საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ მიმართ დიდი მოლოდინი არსებობს, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჩვენთვის მთავარია, იმ პრობლემებზე ვიყოთ ფოკუსირებული, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ასევე მთავარია, რომ ძლიერი ოპოზიცია ვართ და ნეიტრალური მხარდამჭეერები გვეუბნებიან - რომ არა თქვენ, საქართველოში ცუდად იქნებოდა პოლიტიკური პროცესები, რადგან ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება. ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა, ეს ამ კვლევებიდან ჩანს და მთავრობამ ეს უნდა დაიჯეროს. მართალი გითხრათ, კვლევის შედეგები ჩემთვის მოულოდნელი არ იყო და ვინტერესდები - თუ რა განწყობებია მოქალაქეებში. მოლოდინები დიდია და უფრო მეტი იმედგაცურუება იქნება. კარგია, რომ მოქალაქეები დაპირებების შესრულებას ელიან და ჯერჯერობით უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას თაფლობის თვეები აქვს, თუმცა, ვნახოთ როგორ გაამართლებენ იმედებს.
თავად თქვენ, როგორ აფასებთ მთავრობის რამდენიმეთვიან მუშაობას?
- სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ის მაღალი ნდობა არ გამოიყენა, რაც აქვს.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყენებს - კადრების პრობლემა აქვთ თუ..?
- ჩემი აზრით, ხედვის პრობლემა აქვთ. იგივე ჯანდაცვასთან დაკავშირებით, პროგრამაში ერთი ეწერათ და ახლა, იძულებულნი არიან მეორე გააკეთონ, ასეთივე ვითარებაა დასაქმებისა და ჯანდაცვის კუთხითაც. ერთადერთი სფერო, რაც მეტ-ნაკლებად მიდის, ეს არის სოფლის მეურნებობა, მაგრამ აქაც ბევრი პრობლემა გაჩნდა, რადგან დახვნა როგორ იქნება და მას რეალიზაცია როგორ მოჰყვება, ეს გაუგებარია. რაც ვაუჩერებთან დაკავშირებით ხდება, კარგია, მაგრამ ამით პრობლემის მოგვარება არ ხდება. ტრაქტორების ჩამოყვანის გამო ბევრს გვაკრიტიკებდნენ, თუმცა, ახლა მოსწონთ. რაც შეეხება ჯარს, ქართულ არმიას მაღალი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ უფრო მეტს იმსახურებს. ცხრა წლის წინ, უაიარაღო, გატყავებული და მშიერი ჯარი ჩავიბარეთ, თუმცა, არმია შევქმენით. ასევე მოიმატა კრიმინალმა, რასაც მთავრობამ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს.
რაც შეეხება 19 აპრილის აქცია, რა აჩვენეთ თქვენი აქციით - ის, რომ ცოცხლები ხართ?
- ის ვაჩვენეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა. „ოცნების“ დეპუტატების ადგილზე სხვაგვარად ვისაუბრებდი, რადგან მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ ამ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია არსებობდეს, რაც იმის გარანტიაა, რომ მთავრობა ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.
ანუ, აღიარებთ, რომ ოპოზიციის განადგურება, ეს თქვენი ხელისუფლების შეცდომა იყო?
- 2008 წელს, პარლამენტში მაშინდელი ოპოზიციონერები რომ შემოსულიყვნენ, შეიძლება, ჩვენ აქამდე არ მივსულიყავით. მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ ჩვენ შეგვინარჩუნონ. ეს საუკეთესო ვარიანტი გამოვიდა აქციისა, რასაც ველოდით. საზოგადოებისთვის ნათელია, რომ „ოცნება“ ერთიანი გუნდი არ არის და იმედგაცრუების შემდეგ, ნეიტრალური ამომრჩევლის განწყობას ოპოზიცია დაიმსახურებს.
აქციაზე აღინიშნა, რომ ნაციონალები იწყებთ - ახალ ეროვნულ მოძრაობას. რას გულისხმობთ ამაში?
- ეს საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფოებრიობის პრობლემა საქართველოს მუდმივად ჰქონდა და თითქოს, 1995-98-იან წლებში, ფეხზე დავდექით - პარლამენტი და კონსტიტუცია შეიქმნა, რაშიც ზურა ჟვანიას როლი დიდი იყო და თავის დროზე, შევარდნაძეც რაღაცას ცდილობდა, მაგრამ იყო პრობლემები და საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო იყო, რომელსაც, თითქმის, ყველა უწყება კორუმპირებული ჰყავდა. 2004 წელს, სახელმწიფოს რეფორმა დავიწყეთ და მიუხედავად შეცდომებისა, ბევრი რამ გავაკეთეთ. შეცდომებზე რაც უფრო ღიად ვისაუბრებთ, ნეიტრალში წასული ადამიანები ჩვენსკენ წამოვლენ. ჩვენი მიზანია, მტერზე მტრის სახელის დაძახება და არა „ბაბაიას“. ასევე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დემოკრატიული ინსტიტუსტების ჩამოყალიბება.
თუმცა, ამ ღირებულებებზე იმ ხალხის მხრიდან საუბარი უხერხული ხომ არ არის, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ეროვნული მოძრაობის გმირები და ლიდერები - ბოკერია-მერაბიშვილი-სააკაშვილი არიან?
- თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ხელისუფლების ხელშია პროკურატურა, პოლიცია და ეს გამოძიონ. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რამ გამოსაძიებელია და თუ ვინმემ პოსტი გამოიყენა, არ გამოვრიცხავ, რომ ის დაისაჯოს. ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ საწვავიდან ერთი ლარი ნაციონალების ჯიბეში მიდიოდა, მაგრამ ახლა, სად არის ეს ერთი ლარი?!
რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესებს, მარიკა ვერულაშვილმა განაცხადა, რომ ის პარტიიდან ვანო მერაბიშვილის გამო წავიდა. ამასთან, თქვენი რიგები როლანდ ახალაიამ დატოვა და მისი შვილი დათა ახალაიაც დაგიპირისპირდათ. „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა?
- თუ პარტიის დაშლა მოხდება, ამას გაიგებთ. რაც შეეხება მარიკას, სამწუხაროდ, მან ფრაქცია დატოვა.
თქვენი რიგებიდან ვერულაშვილის წასვლას ზეწოლას უკავშირდებით, რაც მან თავად უარყო...
- ალბათ, მარიკა საუბარს გააგრძელებს და დაველოდოთ მოვლენებს. პარტია კი, მოსახლეობას უსმენს - თუ რა იყო ჩვენი შეცდომა. შუალედურ და საპრეზიდენტო არჩევნებს გამოვიყენებთ, რაც შიდა პარტიული დისკუსისთვის გვჭირდება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იქნებოდა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ დათა ახალაიამ სკანდალური განცხადება გააკეთა, ეს გეგმა ჩაგეშალათ. ამჟამად, ვისზე ფიქრობთ - ვინ იქნება თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი?
- ჩამოყალიბებული რომ ვყოფილიყავით, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების ყველაზე კარგი დრო 19 აპრილი იყო. ამ საკითხზე, შიდაპარტიული დისკუსია მიმდინარეობს და შეიძლება პრაიმერი ჩავატროთ. მართალი, რომ გითხრათ ჩემი ფავორიტი უკვე მყავს.
არის თუ არა ის დავით ბაქრაძე?
- არ გეტყვით.
საპარლამენტო უმრავლესობამ დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტის გარემოცვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარ სურვილებს ისრულებდა. თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ფლობდით?
- იმის მომხრე ვარ, რომ ყველაფერი გამოიძიონ. თუმცა, ეს ყველაფერი დასამალი რომ ყოფილიყო, ამას ისე დამალავდნენ, რომ არც არაფერი გამოჩნდებოდა.
თუმცა, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ამ დოკუმენტაციას გრიფი „საიდუმლო“ ედო...
- თუმცა, გრიფი „საიდუმლო“ იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტაცია ოდესღაც გაიხსნებოდა.
პირადად თქვენთვის მისაღებია ის, რომ პრეზიდენტი და უგულავა საზოგადოების ხარჯზე ტანის კორექციას იკეთებდნენ და ამისთვის ბიუჯეტიდან 115 ათას ლარს ხარჯავდნენ?
- რა თქმა უნდა, არა. თუმცა, დაცვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ დოკუმენტაციაში უზუსტობაა. ბევრი სიბინძურე ამოვა კიდევ. ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ, თითქოს, პორტატული მოსასმენები გვაქვს. ჩვენი პარტიული ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო 500 მეტრშია და მათ რამე გამოეპარებათ?! თუ ვინმე ვინმეს უსმენს, მაშინ, ძალოვანი უწყება აღარც გვყოლია. ვიღაცა მასალების გამოქვეყნებით იმუქრებოდა.
მასალების გაჟონვა თუ მოხდა, ამას წინა ხელისუფლებას დააბრალებენ, მაგრამ ზღაპარია, რომ ახლა დათა ახალაია ნაციონალებს დაუპირისპირდება და ის დაიწყებს მათ წინააღმდეგ მასალების გამოქვეყნებას. თუ ვინმე რაიმე მასალას გამოაქვეყნებს, მასში ხელისუფლების ხელი ურევია.
კომპრომატების გამოქვეყნებაზეა საუბარი და არ ფიქრობთ, რომ ეს მასალები საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოქვეყნდება, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა, როდესაც, ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა?
- ხელისუფლებას მასალების გამოქვეყნება ახლა სჭირდება, რადგან საპრეზიდენტოს წინ გაეჭედებიან. ხელისუფლებაში გეგმაა, რომ ნაციონალებში შიდა დაპირისპირება წარმოაჩინონ და იტყვიან, ჩვენ რა შუაში ვართო.
ანუ, მასალების გამოქვეყნებას იმ სცენარით ფიქრობთ, როგორც ეს ბესო სურმავას შემთხვევაში მოხდა?
- მაგ სცენარს ჰგავს, მაგრამ იქ ავთენტურობა არ დაადგინეს. ალბათ, ამაზე უკეთესს ვერ მოიფიქრებენ, თუმცა, ეს ვერც ჯანდაცვის პრობლემებს მოაგვრებს და ვერც დასაქმების. თუ ერთმანეთისთვის ლაფის შესხმა გვინდა, ამას მასალები ნამდვილად გააკეთებს კარგად.