ბიძინა ივანიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული იყო საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის განცხადებები, შედარებით გაწონასწორებული პოზიცია დააფიქსირა ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლით ევროპა არც აღშფოთებულია და არც აღტაცებული, ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, რადგანაც პრემიერმა თავისი და მისი გუნდის პოზიცია ევროპის საბჭოს ფორმატში დააფიქსირა.
„იყო ბევრი გზავნილი, რაც ქვეყნისთვის აუცილებელი და სასიკეთოა, თუნდაც ის, რომ პრემიერმა განაცხადა - იყო აგრესია რუსეთის მხრიდან და საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. თუმცა, იყო გზავნილები, რომელსაც, ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული რეკომენდაციის მიცემა, ნამდვილად ვურჩევდი პრემიერს, ეს გზავნილები ამ ფორმით არ დაეფიქსირებინა. მაგალითად, ეს არის აფხაზებისა და ოსების მონაწილეობა ევროპის საბჭოში. იგივე, მაგნიტსკის საკითხი, იმ ფორმატში ამ საკითხზე უნდა დაეფიქსირებინა ივანიშვილს თავისი პოზიცია... უკეთესი იქნებოდა, თუ პრემიერის გუნდი ბიძინა ივანიშვილის უფრო კარგ ინფორმირებას მოახდენდა“, - განაცხადა ჟღენტმა.
ვინ და რას ურჩევს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ყველაზე ახალბედაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვის რჩევებს ითვალისწინებს ივანიშვილი, ან რა პრინციპით იღებს გადაწყვეტილებებს, პოლიტიკურ კულუარებში მუდმივი მსჯელობის თემაა. არანაკლები სჯა-ბაასი მიდის ჯგუფებზე, რომლებიც გავლენების მოპოვებას ცდილობენ.
ივანიშვილის ტაქტიკასა და სტრატეგიას ზოგჯერ კრიტიკის ქარცეცხლშიც ატარებენ, თუმცა ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში შემოდგა ფეხი, ცალკეული ბრძოლების უმეტესობასა თუ მთელ პოლიტიკურ ომში მისი უპირატესობა იკვეთება.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ივანიშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც იციკლება თავის აზრზე და თუ არგუმენტირებულ ხედვასა და ვერსიას შესთავაზებ, უმეტეს შემთხვევაში, ითვალისწინებს-ხოლმე. ლაგაზიძის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრემიერის საუკეთესო თვისებაა.
„არის შემთხვევა, როდესაც საკუთარ აზრზე რჩება, მაგრამ შესაძლოა, მეორე დღეს გითხრას, რომ შენი მოსაზრება სწორი იყო და სჯობს ასე მოვიქცეთ“, - ამბობს ლაგაზიძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პრემიერის მრჩევლის როლს ასრულებს მისი კაბინეტის ყველა წევრი.
„მრჩევლების დეფიციტი სფეროების მიხედვით ნამდვილად არ ექნება. მაგრამ ყველა გამონათქვამის მრჩევლებთან შეთანხმება, მითუმეტეს, როდესაც ლაპარაკია იმ პოლიტიკურ თემებზე, რომელსაც ცალკე სამინისტრო არ აქვს, - პოლიტიკის სამინისტრო ხომ არ არსებობს, აქ ძირითად როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, პირველი პირის პოლიტიკური გამოცდილება და ინტუიცია“, - ხუმრობს საყვარელიძე სერიოზულად კი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ პრემიერს აქვს შეცდომის აღიარების და მისი გამოსწორების უნარი, რაც მისი დადებითი თვისებაა.
„პრემიერმა თქვა კიდეც, გამოცდილება მაკლიაო, თან ამბობს, პოლიტიკოსი არ ვარო - ძნელი დასათანხმებელია რომ არ არის, მაგრამ გამოცდილების დეფიციტი სწორედ მაგაში იგრძნობა. შეიძლება ზოგჯერ თქვას იმაზე მეტი, რაც სიფრთხილის გამო არ არის სათქმელი, თუმცა არ უჭირს შემდეგ უკან დახევა და თავის ადრინდელ ნათქვამში კორექტირების შეტანა. ეს კარგი თვისებაა, თორემ გვინახავს ისეთებიც, რომლებიც არაადეკვატურ ფრაზებსაც ამბობენ და მერე უკან აღარ იხევენ“.
შენიშვნები სააკაშვილსაც აქვს ივანიშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით და არაერთხელ განუცხადებია, რომ როდესაც პრემიერი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლის შესწორება ან განმარტება მოგვიანებით უწევს, ეს ქვეყნისთვის საზიანოა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით...
„როდესაც ჩვენი პრეზიდენტი საკმაოდ უსიამოვნო ამბებში ეხვევა და მისი არასწორი გადაწყვეტილებით, ლამის, მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, რუსეთთან დაპირისპირებას ვგულისხმობ აგვისტოში, ასეთი ადამიანი სხვა პოლიტიკოსზე შეიძლება ლაპარაკობდეს, რომ მისი შეცდომები ქვეყანას იმიჯს უფუჭებსო? განა კომიკური არ არის“?! - შენიშნავს რამაზ საყვარელიძე.
ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, არის საკითხები, რაც წინასწარ განიხილება, თუმცა არის თემები, რომელზედაც სპონტანურად შეიძლება გააკეთოს განცხადება, ისე რომ ნამსჯელი, აწონ-დაწონილი და შეთანხმებული არ იყოს და ამას რაღაც რეაქცია მოჰყვეს, შესაძლოა, პოზიციის ცვლილებაც.
„მაგრამ საკითხავია, ასეთი განცხადებებით ვინმე დაზარალდა? - ფაქტია, რომ არავინ. ფაქტობრივად ის აფიქსირებს მკვეთრ პოზიციასა და საზოგადოების რეაქციის მიხედვით, იქნება ეს შიდა თუ გარე საზოგადოება, აკეთებს თავისი პოზიციის კორექტირებას.
შესაძლოა, ეს ტაქტიკური სვლაც კი იყოს მისი მხრიდან, თუკი გაუვა ასეთი მკვეთრი პოზიცია, ხომ კარგი, თუ არა და ამ მხრივაც ძალიან მოქნილია. სააკაშვილის 9-წლიან მმართველობას რომ შევადაროთ, შეუძლებელია, ერთი შემთხვევა მაინც გავიხსენოთ, როცა სააკაშვილმა საზოგადოების რეაგირების მიხედვით საკუთარი გადაწყვეტილების კორექტირება მოახდინა, ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს ლაგაზიძე.
ხათუნა ლაგაზიძე არ თვლის, რომ ეს პრემიერის მოუმზადებლობის ბრალია.
„ძალიან ბევრი რამ, რაც გარეშე თვალისთვის ივანიშვილის გამოუცდელობას მიეწერება, არის მისი ტაქტიკური სვლა, ისე, როგორც მისი გულწრფელობა, ხშირ შემთხვევაში, საშუალებას აძლევს, რომ რაღაც თემები „მოთელოს“ - ამბობს ლაგაზიძე.
არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა ივანიშვილის ნებისმიერი უცხოური ვიზიტის შემდეგ და საქართველოს საგარეო ურთიერთობების გაფუჭებაზე საუბრობს. მართალია, ევროსაბჭოსი გამოსვლის შემთხვევაში ნაკლებად გამოუვიდათ, მაგრამ ასეთი ისტორიები გვახსოვს სომხეთსა და აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტების დროსაც.
რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ არ არსებობს თემა, რაზედაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ამბავს არ ტეხს, მაგრამ სხვა რეაქციები უფრო საინტერესოა - აზერბაიჯანის თემაში აზერბაიჯანმა მართლაც გააკეთა რეაგირება და სწორედ ეს იყო საინტერესო და არა ნაციონალების შეფასებები.
„მსოფლიოში არსებობს ასეთი კატეგორია - ოფიციალური განცხადება, ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტებთან თუ კერძო საუბრებში პოლიტიკოსმა შესაძლოა, რაღაც თქვას, მაგრამ მხოლოდ მისი ოფიციალური განცხადების შემდეგ მსჯელობენ იმ კურსსა და პოზიციაზე, რომელსაც იგი იკავებს ოფიციალურად პოლიტიკურ პროცესებში. ინტერვიუების მიხედვით რომ მსჯელობდნენ, ოფიციალური განცხადების სტატუსი აღარ იარსებებდა“, - განმარტავს საყვარელიძე.
ხათუნა ლაგაზიძე ვერ იხსენებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ივანიშვილის განცხადებამ ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა უცხოეთში.
„პირიქით, ძალიან პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს უცხოეთის მიმართულებით და მაქსიმუმის მიღებას ცდილობს. ამიტომ შემთხვევითი არ იყო ის განცხადებები, რაც მან თუნდაც აზერბაიჯანში გააკეთა - ამით საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების შესწავლას ახდენს და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევში აკორექტირებს.
გარკვეულწილად, მაქსიმალისტია, მაგრამ საჭირო დროს უკან დახევაც შეუძლია. ამ თვალსაზრისით, მის ამ ტაქტიკას არც ქვეყნისთვის და არც პირადად მისთვის რაიმე ცუდი არ მოუტანია“,- აცხადებს ლაგაზიძე.
ვის უსმენს ივანიშვილი და შესაძლებელია თუ არა მასზე გავლენის მოხდენა, ამ თემაზე ღიად ლაპარაკი მინელდა, თუმცა კულუარებში ისევ აქტიურად საუბრობენ მაგალითად, რესპუბლიკური პარტიისა თუ გია ხუხაშვილის უსაზღვრო გავლენებზე. ამ თემაზე თავად იძინა ივანიშვილსაც მოუხდა თავის დროზე საუბარი და გასაგებად განმარტა, რომ ის არ არის ადამიანი, რომელზეც ასე ადვილია გავლენის მოხდენა.
როგორც რამაზ საყვარელიძე თვლის, ფრაზა, რომ მასზე ადვილად გავლენის მოხდენა შეუძლებელია, ნდობას იმსახურებს, მარტივი მიზეზის გამო. საყვარელიძის არგუმენტაციით, დაახლოებით მაინც წარმოგვიდგენია ალბათ, რამდენ ადამიანს შეიძლებოდა მასზე გავლენის მოხდენის სურვილი გასჩენოდა, 7 მილიარდიდან თუნდაც მცირედის მისაღებად.
„გავლენას დაქვემდებარებულ ადამიანს ხელში აღარაფერი აღარ შერჩებოდა და თუნდაც ეს ერთი შტრიხი მიუთითებს, რომ გავლენებზე ლაპარაკი არც ისე გამართლებული იქნება.
ზოგადად, ადამიანი გავლენების ქვეშ ექცევა იმ დოზით, რამდენადაც თვითონ თვლის ამას დასაშვებად. არც ერთი ჩვენგანი არ ექცევა გავლენის ქვეშ უნებლიედ. ანალოგიურად, გამორიცხული არ არის და სრულიად გასაგები იქნება, ივანიშვილმა მიიჩნიოს ამ მომენტისთვის, რომ რესპუბლიკელებს უნდა დაუგდოს ყური, რომ რაღაც თვალსაზრისით, შეიძლება მიიჩნიოს, რომ მათი პოზიცია უფრო დამაჯერებელია.
მერე გამორიცხული არ იქნება, რომ სხვაზე გადაინაცვლოს. ეს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული სამუშაო პროცესია ხელმძღვანელის, რომელიც არ არის ვალდებული, ყველაფერში ჩახედული იყოს, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ენდოს ინფორმაციის უზარმაზარ მასივში და ასეთი საყრდენები მას ყოველთვის ჰყავს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს ცალსახად, რომ ეს საყრდენი ყოველთვის მასზე ზეგავლენის მომხდენია. თუმცა, შესაძლოა, ისეც განვითარდეს მოვლენები, რომ ასეთი ფარული გავლენებიც არსებობდეს, გამორიცხული არ არის, მაგრამ ამაზე ლაპარაკი 6-თვიანი ხელისუფლების პირობებში ცოტა ნაადრევად მეჩვენება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ფაქტია, რომ რესპუბლიკელების აზრს პრემიერი უფრო მეტად ითვალისწინებს, ვიდრე პარლამენტის სხვა წევრების, თუმცა, როგორც ლაგაზიძე განმარტავს, რესპუბლიკელებში, ამ შემთხვევაში, იგულისხმება უსუფაშვილის და ხიდაშელის წყვილი.
„ამის საფუძველს მაძლევს ის რამდენიმე ვიზიტი უცხოეთში, რომელიც მათი თანხლებით გამართა პრემიერმა, მაშინ როდესაც, მაგალითად, გერმანიაში ვიზიტისას არ იყო რომელიმე დეპუტატის დელეგაციაში ყოფნის აუცილებლობა, თუმცა ხიდაშელი ამ დელეგაციაში მოხვდა. შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც გამონაკლისი ხდება და პრემიერი რომელიმე სხვა დეპუტატის მოსაზრებასაც ითვალისწინებს, თუმცა ძირითადად უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილია ფავორში. შესაძლოა, მიზეზი ის არის, რომ მათ უფრო კომპეტენტურებად მიიჩნევს“,- ვარაუდობს ლაგაზიძე.
როდესაც გავლენებზეა საუბარი, იქვე ჩნდება ხოლმე კითხვა, ხომ არ იქნება ეს გავლენა უარყოფითი, ხოლო დადებითი გავლენა ხომ არ მიუახლოვდება საშიშ ზღვარს. სააკაშვილზეც არაერთხელ უთქვამთ, რომ ის საკუთარი გარემოცვის მსხვერპლი გახდა და საკუთარი გარემოცვის გავლენებმა გადაადგმევინა ბევრი წარუმატებელი ნაბიჯი.
თუმცა, არსებობს მეორე, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებაც, რომ სააკაშვილზე გავლენის მოხდენა შეუძლებელი იყო და თვითონვე იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის გამართლებაზეც მერე მთელი გუნდი იმტვრევდა თავს და ამისი მაგალითებიც არსებობს. ზოგჯერ, როდესაც სააკშვილი კონკრეტული რეფორმის პრეზენტაციას აწყობდა, შესაბამისი სამინისტრო (მინისტრის ჩათვლით) მხოლოდ პირდაპირ ეთერში, სააკაშვილისგან იგებდა, რომ თურმე რაღაც პროექტს ახორციელებს.
„შევარდნაძის შემთხვევაშიც, გამსახურდიას შემთხვევაშიც ყოველთვის იყო საუბრები, რომ გარემოცვა ცუდ სამსახურს უწევდა, მაგრამ ერთიც, მეორეც და მესამეც იმ გარემოს თვითონ ირჩევდა“,- ამბობს რამაზ საყვარელიძე. მისივე შეფასებით, „გარემოცვა კი არ ღუპავდა ამ ლიდერებს, არამედ მათივე პოლიტიკური გემოვნება“.
შესაძლებელია თუ არა, ბიძინა ივანიშვილსაც დაემართოს იგივე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არაერთხელ მოგვისმენია შენიშვნები და კრიტიკა ივანიშვილის გარემოცვის შესახებ და ივანიშვილსაც არაერთხელ უმართლებია თავი, რომ რა ქნას, ხალხს სხვა პლანეტიდან ვერ მოიყვანს, რომ ეს არის ის საზოგადოება, რომელიც ჰყავს საქართველოს.
რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ასეთი არა მხოლოდ საქმიანი, ადამიანური ურთიერთობით გამოწვეული სიმპათიები ძირითადად ჩანს, ორი პიროვნების მიმართ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან - კახი კალაძისა და გიორგი მარგველაშვილის მიმართ.
„ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის, რომ კალაძეს საერთო არაფერი ჰქონდა ენერგეტიკასთან და ენერგეტიკული სექტორი მისცა, ოღონდ გვერდით ჰყოლოდა. მარგველაშვილს ვიცი, რომ ძალიან არ უნდოდა მინისტრობა, თავისი საქმე ჰქონდა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა, მაგრამ პრემიერს სურდა მისი გვერდით ყოფნა, რაც შემდგომში მის ვიცე-პრემიერებაშიც გამოიხატა. ეს ორი ადამიანი აშკარად მისთვის ახლობელია, თუმცა არც ერთის უკან არ დგას არც პოლიტიკური ძალა და არც ამბიცია“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მაინც თვითონ, ბიძინა ივანიშვილია ამიტომ, ის გავლენები, რაზედაც საუბარია, ნაკლებ სავარაუდოა, „სახიფათო თამაშებში“ გადაიზარდოს.
„ივანიშვილი გადაწყვეტილების საბოლოო სქემებს თვითონ ხაზავს. შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა და სხვების აზრი გაითვალისწინოს, მაგრამ ძირითადი ავტორი არის თვითონ. შემდეგ ამ სქემის განხორციელების პროცესში ვის აზრს უფრო მეტად ითვალისწინებს, ეს უკვე სრულიად სხვა თემაა“,- აცხადებს ლაგაზიძე.
აშკარა ზეგავლენის გარდა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ფარულ გავლენებზეც ზოგიერთი შენობიდან მართულ საქმეებსა თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ გავლენის მოპოვების მცდელობებზე მედიასაშუალებებსა თუ სხვა სფეროებში.
რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ გაუგებარია, რატომ დადის მსგავსი ხმები საქართველოში და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია.
„ბავშვი რომ იბადება ისიც კი იწყებს მცდელობას, ოჯახის წევრებზე გავლენა მოიპოვოს. ახალი წევრი რომ შემოდის ოჯახში, რძალი ან სიძე, ისიც არკვევს რამდენად შეიძლება გავლენის მოპოვება და ძაღლიც. ცოცხალი არსების ბუნებრივი სურვილია, რომ რამდენადაც შესაძლებელია, დიდ არეალში, რაც შეიძლება მეტი გავლენა იქონიოს და რატომ არის ეს აღქმული საქართველოში როგორც ბოროტება, ეს არ მესმის“ -აცხადებს საყვარელიძე.
შესაძლოა, შიშები წარსულის მძიმე გამოცდილებიდანაც გამომდინარეობს, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ იქცევა-ხოლმე დიდი გავლენები მონოპოლიად მსგავსი რამ არც სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის იყო უცხო და არც ბიზნესისთვის, სააკაშვილმა კი იმდენი მოახერხა, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ჰაერიც კი არ დატოვა.
თუმცა, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ეს უკვე დანაშაულებია, რომელიც ამ გავლენების უზომოდ გაფართოების შემდეგ ჩნდება და სწორედ იმ საზოგადოების დანაშაულია, რომელიც დღეს გამწარებული ჭორაობს ამ გავლენებზე.
„ამ მოსახლეობამ იძახა დაახლოებით ორი წელი, მიშას ხელი არ ახლოთ, აცალეთო, ამ მოსახლეობამ მოაწყო ფეირვერკი როდესაც მიშამ და მისმა მომხრეებმა ფეხით გადათელეს პარლამენტის შენობა - ეს მოსახლეობაა დამნაშავე იმაში, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ზომა და წონა ვერ დაადგინა, თორემ ეს ახალგაზრდა ბიჭების ხელისუფლება იყო და რა იცოდნენ, სად უნდა დაემუხრუჭებინათ?! მივიდნენ იქამდე, სადამდეც საზოგადოებამ გაუშვა. ამიტომ სწორედ საზოგადოებას მართებს დაფიქრება.
დღესაც რომ ანალოგიური შეცდომა არ მოხდება, ამის გარანტიას მხოლოდ ის მაძლევს, რომ საზოგადოება თავიდანვე კრიტიკულად არის განწყობილი ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ. რამდენად გამართლებულია, სხვა საქმეა, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლება თუ კრიტიკულობას მუდმივად იგრძნობს, საკმაოდ კარგი გარანტიაა იმისა, რომ ზედმეტი არაფერი მოხდება“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.