„ვეტოს გამოყენება სააკაშვილის ბავშვური და უშნო ახირებაა“

„ვეტოს გამოყენება სააკაშვილის ბავშვური და უშნო ახირებაა“

პარლამენტში მომავალ სასესიო კვირას, პრეზიდენტის ვეტო დადებულ კანონპროექტებზე იმსჯელებენ. კერძოდ, 29 აპრილის ბიუროს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ ვეტოდადებული პროექტები - „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ შენიშვნებითურთ შევა, რომელზეც საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. მმართველი ძალა შენიშვნების მიმართ უკვე სკეპტიკურად არის განწყობი და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ვეტოს დაძლევას 89 ხმა სჭირდება, უმრავლესობას უკვე, მეორედ, იმ დეპუტატთა მობილიზაცია და დახმარება დასჭირდება, რომელთაც  „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვეს.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო გუშინ დაადო და პირველ შემთხვევაში, საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება. ხოლო მეორე შემთხვევაში, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება იმ კანონპროექტთან მიმართებაში გამოიყენა, რომელიც ეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, სააკაშვილის გადაწყვეტილებას საფუძვლად ის გარემოება დაედო, რომ პარლამენტმა უგულებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოზიცია, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისგან.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მასზე ვეტოს დადების მიზეზად დასახელდა ის, რომ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებასთან დაკავშირებით, პროექტი დამატებით რისკებს შეიცავს.

ბარნოვის ინფორმაციით, პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას დამატებითი განმარტება მიეცეს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმას მიესალმება.

როგორც ჯანი ბუკიკიომ სტრასბურგში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სასამართლო რეფორმა იყო ძალიან კარგი ინიციატივა, რომლის მიზანიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდაა.

„საქართველოს დიდი ხნის მეგობარი ვარ. ჩემი ოცნებაა, ვიხილო რეალურად დემოკრატიული, ეკონომიკურად და სოციალურად განვითარებული საქართველო. სასამართლო რეფორმა იყო ძალიან კარგი ინიციატივა, რადგან მისი მიზანი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება. ვენეციის კომისია ამ რეფორმას მიესალმება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის“, - აცხადებს ბუკიკიო.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა. უმრავლესობის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს სასამართლოებში არსებული მდგომარეობის შეცვლა არ სურთ. ხოლო, უმცირესობა საკანონმდებლო პაკეტს ხელისუფლების მხრიდან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მიმდინარე შურისძიების პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ვეტოს წარმატებით დასძლევს.

„ვეჭვობ, რომ პრეზიდენტმა რაიმე ისეთი საყურადღებო შემოგვთვაზოს, რასაც ჩვენ გავიზიარებთ. ასე რომ, პარლამენტში მოსალოდნელია კენჭისყრა. ჩვენ მიერ მიღებული კანონები სასარგებლოა ქვეყნისთვის და სასამართლოსთვის, რაზეც ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითებს ყველა, მათ შორის ვენეციის კომისიაც. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ერთადერთი არგუმენტი, რისთვის ეს რეფორმა დაბლოკა და შეაფერხა, არის ის, რომ, თითქოს, ვენეციის კომისიის დასკვნები არ გავიზიარეთ. ყველამ მოისმინეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისია ცვლილებებს მიესალმება და თვლის, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დიდი ხანია ეს გასაკეთებელი იყო. არგუმენტი მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ არ სურთ შეიცვალოს მდგომარეობა სასამართლოებში. სასამართლოებში მდგომარეობა უკეთესობისკენ და მოსამართლეების მეტი დამოუკიდებლობისკენ შეიცვლება, რაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს სჭირდება“, - აცხადებს სპიკერი.

როგორც for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, პროექტებზე ვეტოს დადება, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელიც ხავსს ეჭიდება.

„წინა ხელისუფლებას სასამართლო დამონებული ჰყავდა და ამის მოთავე სააკაშვილი გახლდათ. მას ეს ინსტიტუცია ხელიდან ეცლება, რაც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის მძიმე გადასატანია. ვეტოს გამოყენება სააკაშვილის  ბავშვური და უშნო ახირებაა. ის  ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემები შეგვიქმნას, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ ამით პრობლემებს ქვეყანას უქმნის“, - აცხადებს დეპუტატი.

კანონმდებელის თქმით, კანონის ძალაში შესვლას მოსამართლეები ელოდებიან, რათა მათ  იუსტიციის საბჭოში ასარჩევად კანდიდატები ღირსეული წარადგინონ.

„ინფორმაცია მაქვს, რომ მოსამართლეთა კორპუსს შორის რამდენიმე ჯგუფია, რომელიც თავიანთ კანდიდატებს ლობირებენ. რეფორმას დადებითად თავად ჯანი ბუკიკიო აფასებს. ეს რეფორმა მსოფლიოში ყველას მოსწონს, განსხვავებით,  სააკაშვილისგან, რომელსაც ჯიბის სასამართლო ჰყავდა“, - განაცხადა კანონმდებელმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვენეციის კომისიისგან განსხვავებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს კვლავ აკრიტიკებს.

დავით დარჩიაშვილის შეფასებით, თუკი უმრავლესობას აქვს იმის ბერკეტი, რომ  ვეტო დაძლიოს, ბუნებრივია, ამას გააკეთებს.

„ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ორგვარი პრობლემა გამოიკვეთა. ერთი ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათლად ეწერა, რომ არ შეიძლება იუსტიციის საბჭოს წევრების ასე ერთი ხელაღებით ცვლა, მაგრამ უმრავლესობის განცხადებები აღარ მიკვირს, რადგან ჩვენ შავით თეთრზე დაწერილს სხვადასხვანაირად ვკითხულობთ. გამოდის, რომ ერთ ქვეყანაში ორი საზოგადოება ვართ, რომელთაც სხვადასხვანაირი ღირებულები გვაქვს და სხვადასხვანაირად ჩაგვესმის ყურში რა ითქმება ხოლმე“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვეტო „ამნისტიის შესახებ“ კანონსაც დაადო, რომელიც პარლამენტმა 91 მომხრე ხმით დასძლია. იქედან გამომდინარე, რომ მმართველ ძალას ვეტოს დაძლევის საშუალება ისევ აქვს, გაურკვეველია, პრეზიდენტმა ჭიქაში ქარიშხალი მეორედ რატომ მოაწყო.

რაც შეეხება ვეტოს დაძლევის პროცედურებს, კონსტუტუციით დადგენილი წესით, როცა პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელს არ აწერს, პარლამენტს უკან საკუთარი შენიშვნებით უბრუნებს. პარლამენტი თავდაპირველად კენჭს სწორედ პრეზიდენტის შენიშვნებს უყრის. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც მოცემული კანონპროექტის მისაღებად კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნების მიღების შემთხვევაში, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც შვიდი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. იმ შემთხვევაში კი, როცა პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ იღებს და კენჭისყრის შედეგად მის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს ჩააგდებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. ასეთ დროს კანონი ან ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი დაუჭერს. კონსტიტუციის შესწორება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

კონსტიტუციის თანახმად, თუკი პრეზიდენტი დადგენილ ვადაში კანონს არ გამოაქვეყნებს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.