„NDI-ს თბილისის ოფისი თავის სათაო ოფისს საბოტაჟს უწყობს“

„NDI-ს თბილისის ოფისი თავის სათაო ოფისს საბოტაჟს უწყობს“

ორიოდე დღის წინ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებს მოიცავს და ამ მხრივ გარკვეულ ტენდენციებსაც ასახავს, რომელთა შესახებაც განცხადება NDI თბილისის დირექტორმა, ლუის ნავარომ გააკეთა განცხადება.

„პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ კვლავ რჩებიან დომინანტურ პოლიტიკურ აქტორებად საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილის მოწონების მაჩვენებლები სტატისტიკურად არ შეცვლილა, ან შემცირდა, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მოწონების მაჩვენებლები ცდომილების ზღვარს მიღმა გაიზარდა. ამავდროულად, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიციის არსებობა და ასეთად ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებენ“, - აღნიშნა ნავარომ.

NDI-ს კვლევების მიმართ ქართულ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია და ეს ამ კვლევების შედეგებით არის განპირობებული. რამდენად რეალურად ასახავს კვლევა ქვეყანაში არსებულ რეალობას და როგორ აისახება NDI-ს მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულება ქვეყნის მოსახლეობაში ამერიკის რეიტინგზე, ამ თემაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბაკურ ბაკურაძე გვესაუბრება.

ბაკურ ბაკურაძე: საერთოდ, ქვეყანაში მოიხსნა ის შიში, რომლის გამოც პრაქტიკულად ყველა კვლევა აბსოლუტურად არაადეკვატურ შედეგებს გვაჩვენებდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენად სინდისიერად და ობიექტურადაც არ უნდა ჩატარებულიყო კვლევა, ხალხი იმდენად იყო დაშინებული და იმდენად ეტყობოდა რეჟიმის ხელი, რომ სიმართლეს ვერავინ ამბობდა და ეს გამოჩნდა პირველი ოქტომბრის არჩევნებზე. NDI არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ 75% დაუწერა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, როგორი შედეგებით დასრულდა არჩევნები და საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რომ თუნდაც ის შედეგი, რაც ოფიციალურად დაიდო, ანუ 40% „ნაციონალურ მოძრაობის“, არ არის რეალური. „ნაცმოძრაობას“ ხმების ეს ოდენობა არ აუღია, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“ არ აუღია 60%. ყველა დათვლით, „ქართლმა ოცნებამ“ ხმების 80%-მდე მიიღო.

ამდენად, ძალიან გასაკვირია NDI-ს ბოლო კვლევის შედეგები. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ნაცმოძრაობას“ 75%-ს უწერდა (უფრო ადრინდელ რეიტინგებზე აღარაფერს ვამბობ) და რა ვალდებულებებთან გვაქვს საქმე, რომ ამხელა ცდომილების შემდეგ ამერიკელი დემოკრატების სახელით ისევ იგივე ხალხი გველაპარაკება? საუბარი მაქვს NDI-ს საქართველოს ხელმძღვანელობაზე. ორგანიზაცია, რომელსაც მთელს მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტი და შესაბამისად, უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, საქართველოში უკვე მერამდენე წელია თავის სათავო ოფისს სჭრის თავს. ერთ შემთხვევაში, ეს არის ვალდებულებები, რომლებიც აბსოლუტურად გაურკვეველი და გაუგებარია. ხოლო მეორე შემთხვევაში ეს არის არაპროფესიონალიზმი, რადგან როგორ შეიძლება არჩევნებამდე 75%-ს უწერდე პოლიტიკურ ძალას, რომელიც არჩევნებში 20%-საც ვერ აგროვებს? არჩევნების იმ შედეგებითაც რომ ვიმსჯელოთ, რომელიც დაიდო, თუნდაც 35%-იანი განსხვავება სერიოსული სხვაობა არ არის? 35 კი არა დემოკრატიულ ქვეყნებში ერთი პროცენტი წყვეტს ხელისუფლებაში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოსვლას, ან ვერ მოსვლას.

წინასაარჩევნო პერიოდში NDI- რამდენიმე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა და ამ კვლევების მიმართ მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალი იყო

- გეთანხმებით, მაგრამ ახლა მათ კვლევების მიმართ ნდობა უფრო დაბალია. ეს ყველაფერი იმ ადამიანების ბრალია, რომლებიც საქართველოში აკეთებენ ამას, რადგან NDI ძალიან კარგი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს.

არჩევნების წინაც მიდიოდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, გამოხატავს თუ არა NDI თბილისის მიერ ჩატარებული კვლევები ამ ორგანიზაციის სათავო ოფისის პოზიციას, თუ ამას მხოლოდ ნავარო აკეთებს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- ვერ გეტყვით, იქ რა ხდება. არ მგონია, NDI-ს სათაო ოფისში ნავაროს ქცევით მოხიბლულები იყვნენ, რადგან მათ თუ ზუსტად იციან, რამხელა ცდომილება იყო მის კვლევასა და არჩევნების შედეგებს შორის (და მე ვფიქრობ, რომ ეს იციან), ახლა კიდევ ნავარო რეიტინგებს აქვეყნებს, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა ყველაფერთან. შემიძლია, „დემოკრატიული მოძრაობის“ მაგალითზე მოგახსენოთ. გამოდის, რომ ჩვენს პარტიას ჩვენივე წევრები არ აძლევენ ხმას?

„დემოკრატიულ მოძრაობას“ 30 000 რეგისტრირებული წევრი ჰყავს და მინდა დავაკონკრეტო, რას ნიშნავს რეგისტრირებული წევრი. პარტია 2008 წლის 23 ნოემებრს დაფუძნდა და საზოგადოებამ კარგად იცის, რისი გადატანა მოუხდა ჩვენს პარტიას. ეს იყო 2009 წლის აქციებზე დაკავებები, როდესაც ბავშვების ტანსაცმლიდან და აბაზანებიდან იღებდნენ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ოღონდ სასროლის გარეშე და ასე აკავებდნენ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებს. არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც, არც ერთი არსად არ მუშაობდა, ყველა პოლიტიკური ნიშნით იყო სამსახურიდან გამოგდებული. თუ ვინმეს რამე ბიზნესი ჰქონდა, ყველას ჩამოართვეს. და ბოლოს, ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ 26 მაისს დაკავებული 45 ადამიანი ახლაღა, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ადმინისტრაციული სასჯელები, ორთვიანი და ექვსთვიანი პატიმრობები უკვე ისეთი რამ იყო, რომ სერიოზულ ყურადღებასაც აღარ ვაქცევდით.

ამ პირობებში პარტიას ჰყავდა 30 000 რეგისტრირებული წევრი, მათი სახელებით, გვარებით, პირადი ნომრებით, ტელეფონის ნომრებით, ოჯახის წევრებით და რეკომენდატორებით. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ბურჯანაძის პარტიაში შესვლის ხსენებაზე კი სანქცია იყო, მინიმუმ ყველაფერს ჩამოგართმევდნენ და ეგრევე პოლიტიკური დევნილი ხდებოდი. პირველი ოქტომბრის შემდეგ კი ჩვენი ოფისის კარი პრაქტიკულად არ იხურება იმდენი ადამიანი მოდის და წევრიანდება ჩვენთან. მოგეხსენებათ, „დემოკრატიული მოძრაობა“ რეორგანიზაციის პროცესშია. მიმდინარეობს რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების განახლება და როგორ არის საქმე, რომ NDI-ს კვლევების თანახმად, ჩვენი პარტიის წევრებიც კი აღარ ვაძლევთ ხმას საკუთარ პარტიას?

სამწუხაროა, რომ კიდევ ასეთი ტენდენციურია ეს კვლევები და ამდენი ხანია ამაზე არავინ საუბრობს. ჩვენი პარტიაც ცდილობს, ეს კვლევები დელიკატურად შევაფასოთ, ისევ და ისევ, ამერიკის ხათრით და არა იმიტომ, რომ ეს კვლევები ობიექტურია.

NDI-ს საქართველოს ოფისის ეს ქცევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის რეიტინგზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ნინო ბურჯანაძე იძულებული გახდეს, ზოგიერთების მხრიდან ამდენი უსინდისობის შემდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და ვფიქრობ, ამ ზოგიერთებისთვის ეს კარგი არ იქნება.

ამ კვლევებში ჩანს ტენდენცია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველა პოლიტიკური ლიდერის რეიტინგი შემცირებულია და მხოლოდ დავით ბაქრაძისა და დავით უსუფაშვილის რეიტინგები არის მცირედით გაზრდილი. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც ასეა?

- ეს ძალიან სასაცილოა და სწორედ ამიტომ დავსვი შეკითხვა, რა ვალდებულებები არსებობს, როდესაც საქმე გვაქვს ასეთ ცდომილებებთან? ყველას კარგად გვახსოვს, ეგვიპტურ რევოლუციამდე NDI რა პროცენტებს უწერდა მუბარაქს. საერთოდ, აბსოლუტურად გაუგებარია, რასთან გვაქვს საქმე NDI-ის ქართულ ოფისში. ამაზე იმიტომ კი არ ვსაუბრობ, რომ NDI-ს კვლევებში მაინცდამაინც ჩვენს პარტიას არ აქვს მაღალი რეიტინგი. მე ვლაპარაკობ იმის გამო, რომ NDI თბილისის ოფისის ქცევა სრულიად არაადეკვატურია. ის, რომ თურმე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბაქრაძეს რეიტინგი გაეზარდა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს რომ სხვა ქვეყნის ორგანიზაციის კვლევა იყოს, ვიტყოდი, რომ ის საკუთარ ქვეყანას უწყობს საბოტაჟს. რიგითი მოქალაქე რომ წაიკითხავს ამ კვლევის შედეგებს, გაეცინება და იტყვის, ამერიკელები გამოშტერდნენო. ჩვეულებრივი მოქალაქე არ უკვირდება იმას, თუ რა ორგანიზაციაა ეს, რომ ის არ გამოხატავს ამერიკის შეერთებულოი შტატების ადმინისტრაციის დამოკიდებულებას და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ NDI-ს თბილისის ოფისი თავის სათაო ოფისს საბოტაჟს უწყობს. მათ მიერ ჩატარებული კვლევები სხვა არაფერზე მეტყველებს.

ყველას გვახსოვს, რომ NDI ყოველთვისნაციონალური მოძრაობისსასარგებლო შედეგებს დებდა ხოლმე და ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ვალდებულება, რაზეც თქვენ საუბრობთ, მას წინა ხელისუფლებასთან აქვს?

- მე მგონი ეს უკვე ვარაუდიც არ არის, რადგან ეს ფაქტებით დასტურდება, მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოს ვგულისხმობ.

თქვენი აზრით, თუ ეს ასეა, ამაზე NDI- სათაო ოფისი რატომ არ ახდენს რეაგირებას?

- ნამდვილად არ ვიცი, რაზე ახდენს ის რეაგირებას. ეს ნამდვილად არ არის არც ჩემი, არც „დემოკრატიული მოძრაობის“ და ზოგადად არც ქართველი ხალხის საზრუნავი. ეს არის უბრალოდ ჩემი გულისწყვეტა იმ ორგანიზაციის რეიტინგის კარგვის გამო, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ მიუკერძოებელ და ობიექტურ ორგანიზაციად ითვლება. არავინ იცის, თბილისის ოფისი რატომ იჭრის ასე თავს. მოგეხსენებათ, ამ თემაზე რომ მთელი მსოფლიო ალაპარაკდეს, თუ რას აკეთებს NDI-ს თბილისის ოფისი, ამ ორგანიზაციას სერიოზული ჩრდილი მიადგება.