საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს ვეტო დაადო. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს. პირველი საკითხი შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას.
ანდრო ბარნოვი ამბობს, რომ ვეტოს გამოყენებას ამ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოზიცია, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ის შეეხება არა თეორიულ მოდელს, არამედ იმ რეალურ კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც ეს ცვლილება ხორციელდება.
„კომისიის მკაფიო რეკომენდაციით, იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისგან. სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება. პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას საფრთხეს შეუქმნის. საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა და წევრებს, მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება შეეძლება. ამგვარი ცვლილება საშუალებას იძლევა, რომ მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოზე ზემოქმედება განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით უფლებამოსილება ვადამდე უწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13-ს. შესაბამისად, ამ პრინციპულ საკითხში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულიად უგულებელყოფილია და ეს პრემიერ-მინისტრს დღეს ევროპის საბჭოს წინაშე გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეახსენეს“, - განაცხადა ბარნოვმა.
მეორე საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტი ასევე ვეტოს უფლებას იყენებს, ეს შეეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ პიარზე ფიქრობს ისევე, როგორც მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში და საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტმა ერთხელ უკვე გამოიყენა ვეტოს უფლება გასული წლის დეკემბერში (ამნისტიის კანონთან დაკავშირებით), მაგრამ პარლამენტმა მისი ვეტო დაძლია. ამდენად, სააკაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მის მიერ გამოყენებული ვეტო აქტუალური არ არის, რადგან სააკაშვილი რეალურად, გავლენას ვეღარ ახდენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მხოლოდ ძველი მეთოდებით, პიარის კუთხით განაგრძობს მოქმედებას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმის დაწყების პროცესმა საერთაშორისო მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში დაგეგმილი სასამართლო რეფორმის შესახებ პირდაპირ განაცხადა:
„ეს იყო კარგი ინიციატივა. ვენეციის კომისია მიესალმა ამ ინიციატივას იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს ეფექტურობა. ასე რომ, ყველაფერი მიდის კარგი მიმართულებით“.
საქართველოში სასამართლო რეფორმის განხორციელებას მიესალმება ასევე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსნადრ ვერშბოუ.
„ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რომელიც 5 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე განისაზღვრა, რომ საქართველო ერთ დღესაც ნატო-ს წევრი გახდება. რა თქმა უნდა, საქართველომაც დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება და იმის ჩვენება უნდა განაგრძოს, რომ მას შეუძლია იყოს პოზიტიური კონტრიბუტორი მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში, როგორც რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით. ახლა საქართველოში პოლიტიკური კოაბიტაციის საინტერესო პერიოდია. ცოტა ხნის წინ, მხარეებმა კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ შეთანხმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. რაც შეეხება ალიანსის წევრობას, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ განსხვავებას ნატო-ს მიმართ საქართველოს ახალი და ძველი მთავრობის პოზიციებში“, - განაცხადა ვერშბოუმ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს სასამართლო რეფორმის განხორციელება დაგვიანდეს და ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგეს.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ვეტო, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ახირებულ იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ გაიზიარა.
„ამაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, ხოლო დეტალებში ჩაწვდომა მხოლოდ ერთეულთა უპირატესობაა. ეს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზეც არაერთხელ გაჟღერდა, მაგრამ სალაპარაკოდ კარგია, რომ არსებული ხელისუფლების წარმატებები დააკნინო. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ბრძოლის პრიმიტიული მეთოდია, მაგრამ არ არის გასაკვირი იმ ადამიანისგან, რომელიც არის არსებული კონსტიტუციით აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, მას ჰქვია პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ სინამდვილეში თვითონვე აღიარებს, რომ არის ყველა იმ სტრუქტურის ოპოზიციონერი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს“, - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, ზოგადად, ეს არაადეკვატური მოვლენაა და ასეთი ვეტოებით დასავლეთიც უკეთესად გააცნობიერებს, რომ საქართველოში რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ დისკრედიტაციას უწევს ტერმინ „ოპოზიციას“. სინამდვილეში კი საქართველო აბსოლუტურად მკაფიო ორხელისუფლებიანობის მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ე.წ. ოპოზიციას, გარდა პრეზიდენტის თანამდებობით გათვალისწინებული გავლენებისა, გავლენა აქვს სასამართლოზე, საბანკო სისტემის ნაწილზე, მედიის ნაწილზე, ყველა გუბერნატორზე, ადგილობრივი მმართველობის სერიოზულ ნაწილზე და დიპლომატიური კორპუსის ნაწილზე.
„რომელი ქვეყნის ოპოზიციას გააჩნია ასეთი პერკეტები? ეს გახლავთ რეალური ორხელისუფლებიანობა ოპოზიციის გარეშე, რადგან ოპოზიცია მხოლოდ ვირტუალური ცნებაა“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნა პრაქტიკულად სრულად გაითვალისწინა და ეს სტრასბურგში თავად ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა კანონს ვეტო მაინც დაადო.
„ჩემი მოსაზრებით ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ჩვენს პრეზიდენტს და წინა ხელისუფლებას ხელში ჰყავდათ სასამართლო და ამით რეფორმის შეფერხებას ცდილობენ. მოგეხსენებათ, იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები უნდა აირჩნენ და არა დაინიშნონ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, - აღნიშნავს დეპუტატი.
მისი განმარტებით, ეს ფარული კენჭისყრით მოხდება და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იუსტიციის საბჭოს წევრები წარადგინოს, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, როგორც აქამდე ხდებოდა. იმერლიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს რეფორმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთანაც ჰქონდა შეთანხმებული. დეპუტატის თქმით, პარლამენტი აპირებს, რომ ეს ვეტო დაძლიოს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ მართალია. უბრალოდ სასამართლო რეფორმა ამის გამო დროებით შეფერხდება.
ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევის პრობლემა არ არსებობს, რადგან ამის პრეცედენტი უკვე არსებობს.
„იმ ხმების ოდენობა, რომელიც ამ კანონმა მიიღო, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ ამ ვეტოს დავძლევთ. მოგეხსენებათ, ამნისტიის კანონი უფრო მგრძნობიარე იყო, მას ზოგი უფრო სიფრთხილით ეკიდებოდა და მაინც, ჩვენ ამ კანონთან დაკავშირებითაც დავძლიეთ ვეტო. ამ კანონთან მიმართებაშიც იგივე მოხდება. სრულიად გაუგებარია ვეტოს დადება კანონზე, რომელთან დაკავშირებითაც თავად ვენეციის კომისია აცხადებს, რომ მათი რეკომენდაციები სრულად გვაქვს გათვალისწინებული“, - ამბობს დეპუტატი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ორივე კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ძალიან პრობლემურია და ახლა ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი მიეცა, რომ დაფიქრდეს, კარგად გაანალიზოს ეს მდგომარეობა.
„ვეტო არის არა იმის საშუალება, რომ დაძლიო და გადაანგრიო ჯებირები, არამედ იმის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდე და გაქვს შანსი, თუ შეცდომაა, გამოასწორო“, - აღნიშნავს სერგო რატიანი.
ჯანი ბუკიკიოს განცხადებასთან დაკავშირებით კი იგი ამბობს, რომ ბუკიკიო არის დიპლომატი და სწორედ დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქცეული განცხადება გააკეთა. დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიის ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებულია, მაგრამ არ არის გათვალისწინებული მთავარი. ბუკიკიომ კი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც არის დადებითი, ხოლო უარყოფითზე უბრალოდ არ ისაუბრა.
„ამ რეკომენდაციების გათვალისწინება არის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ ჩვენ ეს არ გვინდა, ვიღაც ყურით კი არ გვექაჩება. შეგვიძლია საერთოდ, საბჭოთა კავშირში დავბრუნდეთ, ან რუსეთს შევუერთდეთ. შემდეგ ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანი იყო. ამდენად, ეს ჩვენი პრობლემაა და არა მათი“, - აცხადებს დეპუტატი.