საარტილერიო წვრთნები დასრულდა

საარტილერიო წვრთნები დასრულდა

ვაზიანის პირველი საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ორგანიზების სწავლების“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა. 19 ქართველ ოფიცერს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი დაესწრნენ.

„საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ორგანიზების სწავლება“ ინსტრუქტორ-შემფასებელთა ჯგუფის გადამზადებას გულისხმობდა. ქართველი ოფიცრები ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით წვრთნებს ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. საარტილერიო სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა.

პირველი კვირის განმავლობაში სწავლებაში ჩართულმა ოფიცრებმა თეორიული მომზადება გაიარეს. წვრთნების მეორე ფაზაში კი პრაქტიკული საველე ამოცანები დაიგეგმა. წვრთნაში მონაწილე პერსონალის ძირითად ბირთვს პირველი საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა წარმოადგენდა.