მაიორმა კობა ცინდელიანმა ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის, უმწიკვლო სამსახურისთვის და უბადლო მმართველობისთვის ჯილდო მიიღო.12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურს მე-7 საბრძოლო პოლკის მეთაურმა პოლკოვნიკმა ოსტინ რენფორტმა სამახსოვრო დაფა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნიკზე“ გაიმართა. „მე-12 ბატალიონის დახმარებით, ჩვენი ოპერაციის რაიონში უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
ამ წარმატების მიღწევა ქართველი სამხედროების ეფექტური საქმიანობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან მუშაობა, რადგან მათი თავგანწირვა, საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი სამაგალითოა“ - განაცხადა პოლოვნიკმა რენფორტმა დაჯილდოების ცერემონიალზე.
I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონმა ISAF-ის მისია უკვე დაასრულა. ქართული კონტინგენტი ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა და ექვსი თვის განმავლობაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციები განახორციელა. მე-12 ბატალიონი ავღანეთში, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 33-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა.