ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „Shared Horizons 2013“ საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია მიმდინარეობს.
აშშ-საქართველოს ერთობლივი სწავლება საქართველოში ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული გეგმის სრულყოფას ითვალისწინებს. დაგეგმარების კონფერენციაში გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა უწყების 18 თანამშრომელი მონაწილეობს. შეხვედრას აშშ-ის მხრიდან ევროპული სარდლობისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 27 წარმომადგენელი ესწრება.
უწყებათაშორისი თანამშრომლობის ტრეინინგზე, მონაწილეები ამერიკულ მხარესთან ერთად გეო-ინფორმაციულ (GIS) სისტემებს შეისწავლიან და დახვეწენ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით რუკებისა და ქვეყანაში არსებული ნებისმიერი რესურსის შესახებ მონაცემების შეგროვებას ითვალისწინებს. მსგავსი ტიპის მონაცემები კრიზისების პროგნოზირებისა და გასატარებლი ზომების დასაგეგმად გამოიყენება. “Shared Horizons 2013“ წელს მესამედ ჩატარდება.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის მართვის ორი ცენტრი - ეროვნული გვარდიის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სასწავლო ცენტრში გაიხსნება. სწავლება დისტანციურად, ინტერნეტ სივრცის გამოყენებით ჩატარდება.