წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ხშირი იყო კონკრეტული ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევის ფაქტები, ხოლო ვინც ხელისუფლების მიერ მოთხოვნილი ქონების გაცემაზე უარს ამბობდა, ის ან ციხეში ხვდებოდა, ან ქვეყნის დატოვება უწევდა. მართალია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომაგენლები ამგვარ ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ ფაქტები არსებობს და ამის შესახებ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსნებებშიც არის საუბარი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ წინა ხელისუფლების მიერ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის ჩამორთმეული ქონების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ინფორმაცია ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 449 292 ლარი და 218 500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ − ჯამში 9 990 898 ლარი, 5 616 800 აშშ დოლარი და 10 100 ევრო, 2007 წელს კი ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 123 396 887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სახელმწიფოს ამ პერიოდში ჩუქნიდნენ როგორც მოძრავ, ასევე − უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს. 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ში განმარტავენ, რომ ინფორმაციის დამუშავების პროცესში რამდენიმე საეჭვო შემთხვევაც გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ძვირადღირებული ქონების ჩუქების ან სიმბოლურ თანხად 1 ლარად მიყიდვის „სურვილი“ სახელმწიფო კომპანიებს, მუნიციპალიტეტებს თვითმმართველ ქალაქების გარდა, მრავალ კერძო კომპანიას და ფიზიკურ პირსაც უჩნდებოდა.
2004-2005 წლები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ინფორმაციით, ამ პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფიზიკურმა პირმა კურორტ საირმეში 220 000 ლარად შეფასებული 3 694 კვ.მ. ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. სხვა ფიზიკურმა პირმა კი გარდაბანში 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იმ დროისთვის 140 000 ლარს შეადგენდა, უსასყიდლოდ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხა. შპს კორპორაცია „ივერია პლიუსმა“ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 8 496 კვ.მ. 2 000 000 ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს. შპს „სნაიპერმა“ 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 500 ცალი პისტოლეტი „იერიხო“ აჩუქა სახელმწიფოს. შპს „ოლიმპმა“ სახელმწიფოს 217 000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული შენობა-ნაგებობების მისამართად დოკუმენტებში მითითებულია აღმაშენებლის გამზირი, N73 (ვარდების ბაღის ტერიტორია).
დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა, როდესაც ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ავტომანქანებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს (მაგალითად, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 81 000 ლარის ღირებულების BMW მარკის ავტომობილი აჩუქა).
2006 წელი
კომპანია „მათე მოტორსმა“ 66 497 ლარის ღირებულების „ტოიტა პრადო“ გადასცა სახელმწიფოს. საქველმოქმედო ფონდმა „ცისკარი“ 300 000 ლარზე მეტი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო შპს „Melvale Corporatin“-მა 216 960 ლარის ღირებულების დამცავი ფარები აჩუქა სახელმწიფოს. საქართველოს სპორტულმა საზოგადოება „მართვემ“ კი 800 000 აშშ დოლარად შეფასებული, თბილისში, ცოტნე დადიანის N134-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (16 994 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ამავე პერიოდში, შპს „გოგირდის აბანომ“ 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა-ნაგებობები გადასცა სახელმწიფოს. 2006 წელს ერთ-ერთი ყველზე მაღალი ღირებულების უძრავი ქონება - 1 227 554 ლარად შეფასებული თბილისში დადიანის ქუჩა N28-ში მდებარე შენობა, საერთო ფართით 412 კვ.მ. და მისი მიწის ნაკვეთი ფართით 566 კვ.მ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
2006 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ ქონებაში ფიგურირებს რიყის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ჩუქების ფაქტებიც. ამ ტერიტორიაზე უძრავ ქონებას სახელმწიფოს როგორც ფიზიკური, ასევე − იურიდიული პირებიც ჩუქნიდნენ.
შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე, 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. შპს „ნატვრის ხემ“ კი ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა სახელმწიფოს.
2007 წელი
2007 წელს რამდენიმე თვალსაჩინო ჩუქება განხორციელდა. შპს „ჯორჯიან ეარვეისმა“ 3 182 924 ლარის ღირებულების TOYOTA PRADO, TOYOTA CAMRY და TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილები (ჯამში 75 ერთეული) აჩუქა სახელმწიფოს. ამავე წელს კავშირმა „თანადგომა XXI საუკუნემ“ 18 351 165 ლარის სამედიცინო მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
2007 წელს გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა, როდესაც ფიზიკური პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს ქალაქის ცენტრში მდებარე უძრავ ქონებას. ჯამში ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ აგრძელებს სახელმწიფოსთვის კერძო პირების მიერ ნაჩუქარი ქონების შესწავლას. ორგანიზაცია მადლობას უხდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდებისთვის.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის მასიური გადაცემა ყველა შემთხვევაში არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს და არ ასახავდა ქონების მესაკუთრის ნებას. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს ყველა დაზარალებულ პირს მიმართოს ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ცენტრს და გაიაროს შესაბამისი კონსულტაციები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“-ში ასევე განმარტავენ, რომ ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მოიცავს პერიოდს 2004 წლიდან 2013 წლის მარტამდე. ამ დროისთვის ორგანიზაციის თანამშრომლები ამუშავებენ მიღებული ინფორმაციის მეორე ნაწილს და უახლოეს მომავალში გამოქვეყნებენ შესაბამის შედეგებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესი ტერორის ქვეშ იყო და ამაზე უკვე თავად ბიზნესმენებიც ღიად საუბრობენ. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ გავსაუბრებოდით რამდენიმე იმ ცნობილი კომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც ამ ჩამონათვალში მოხვდა. რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ქონებაჩამორთმეული რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელობასთან გასაუბრება მაინც მოხერხდა.
სს „ელექტროშემკეთებლის“ ადმინისტრაციის უფროსმა, სიმონ კვირკველიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოსთვის აქციების ჩუქება მოხდა, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო და მისმა გარემოცვამ ჩაიგდო ხელში ქარხანა, რომელიც მანამდე რამდენიმე აქციონერის საკუთრებაში იყო.
„იმ პერიოდში აქ ვინ რას აკეთებდა, კაცმა არ იცის. ერთადერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ქარხანას აჰკიდეს სერიოზული ვალი“, - განაცხადა სიმონ კვირკველიამ.
მისი თქმით, მოგვიანებით კანონიერმა მესაკუთრეებმა ქარხანა დაიბრუნეს და ამჟამად იგი სრულად კერძო საკუთრებაშია, სახელმწიფოს კი ქარხნის აქციები აღარ გააჩნია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში ერთ-ერთი არის „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“, რომლის სამართალმემკვიდრეც ახლა „ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაა“. ეს უკანასკნელი სამი კომპანიის, „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“, „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ და „საქნავთობის“ ბაზაზე 2006 წლის ბოლოს შეიქმნა, თუმცა კომპანიაში არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ და რა პირობებში აჩუქა სახელმწიფოს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ“ იარაღი. „ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში“ განგვიმარტეს, რომ ამჟამად კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საგადასახადოს წარმომადგენლები არიან შესულები და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებს სწავლობენ. ვინაიდან 2006 წელს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ პრეზიდენტი ნიკოლოზ ვაშაკიძე იყო (რომელიც მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა), იარაღის საკითხის გასარკვევად სწორედ მას დავუკავშირდით. ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ვერ იხსენებს მისი მმართველობის პირობებში კომპანიამ სახელმწიფოს რაიმე იარაღი თუ გადასცა, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს დაცვის სამსახურის იარაღი იყო, რომელიც „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ“ შემდეგ სახელმწიფოს ჩააბარა.
„დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რუტინული პროცესია. ჩემი ვარაუდი ასეთია, თავის დროზე კორპორაციას ჰყავდა უწყებრივი დაცვა, რომლისთვისაც იარაღი შეიძინა, მაგრამ შემდეგ, როდესაც გადავიდა სახელმწიფო დაცვაზე, ან შესაძლოა საერთოდ მოხსნა შეიარაღებული დაცვა, ეს იარაღი საჭირო აღარ გახდა და ამიტომ კომპანიამ ის სახელმწიფოს ჩააბრა. ეს არის ყველაზე ლოგიკური ვარაუდი, რაც ახლა თავში მომივიდა“, - ამბობს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც 76 000-ლარიანი საჩუქარი (თვითმფრინავი) გაუკეთა სახელმწიფოს, არის „ჯორჯიან ეარვეის“, რომლის გენერალური დირექტორი, იასე ზაუტაშვილი for.ge-სთან საუბარში ადასტურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ქონებისა, რაც კომპანიამ სააკაშვილის მმართველობის წლებში სახელმწიფოს გადასცა. იასე ზაუტაშვილი განმარტავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში „ჯორჯიან ეარვეის“-მა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა სამ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ავტომობილები და ერთი საჰაერო ხომალდი.
„უნდა ითქვას, რომ ამის გარდა წინა ხელისუფლების ჩვეული მეთოდებით კიდევ საკმაოდ დიდი ოდენობის ქონება და ფულადი სახსრები იქნა სახელმწიფოს მიერ კომპანიისგან მითვისებული. ეს იყო ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილი იმ მიზანმიმართული ქმედებისა, რომელსაც წინა ხელისუფლება ჩვენი კომპანიის ფინანსური დასუსტების და ალბათ, გაკოტრების მიზნით ახორციელებდა, რადგან სწორედ კომპანიის გაკოტრება იყო მათი მიზანი. მათი ამ ქმედებების გამო, „ჯორჯიან ეარვეისს“ უზარმაზარი ვალები დაედო, რომლის გასტუმრება დღესაც მიმდინარეობს და კომპანია დღესაც ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდის“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
აქვე იგი განმარტებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმებით და ვის მიერ ხდებოდა კომპანიისთვის კონკრეტული „შეთავაზებების“ გაკეთება, სხვადასხვა ქონების ჩამორთმევის მიზნით. იასე ზაუტაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების ნებისმიერი ასეთი „შეთავაზება“ იძულებით ხასიათს ატარებდა და არც ერთ კომპანიას მასზე უარის თქმის საშუალება არ გააჩნდა. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ხელისუფლება რასაც მოითხოვდა, იმას ღებულობდა, უარის თქმა კი შეუძლებელი იყო. ზოგ შემთხვევაში ეს იყო ფულადი თანხა, ზოგ შემთხვევაში - ავტომობილები და ა.შ. და „ჯორჯიან ეარვეისი“ იძულებული იყო, ეს ხარკი გაეღო.
„მოთხოვნები სხვადასხვა გზით ხორციელდებოდა. ეს იყო ხან სატელეფონო ზარი, ხან სხვადასხვა უწყებებში კომპანიის ხელმძღვანელობის დაბარება, ასევე შემოთვლა სხვადასხვა პირების მიერ და ა.შ. დამეთანხმებით, ასეთი მსუყე საჩუქრის გაკეთებას საქართველოში კი არა, მსოფლიოში ვერავინ აიღებს თავის თავზე. უბრალოდ, კომპანიას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. იგივე, თუნდაც, ქონების მართვის სამინისტროს ამხელა ქონებას ვინმე საკუთარი ნებით აჩუქებდა? რა თქმა უნდა, არა“, - აღნიშნავს იასზე ზაუტაშვილი.