მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი 2001-2003 წლებში ჯეფრი სილვერმანი ალაპარაკდა. სილვერმანი, რომელიც, ამავდროულად, ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგია, აცხადებს, რომ აგვისტოს ომი იყო დიდი თამაში და არა - ომი. კერძოდ, სარდლობა და სამხედრო მმართველობა გათიშული და დაულაგებელი იყო, საქართველოს კი შეეძლო ამ ომის მოგება, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ გაკეთდა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, კახა ლომაიას და დიმიტრი შაშკინს, ასევე, გიგა ბოკერიას, რომელიც ძალზე საშიში პიროვნებაა. ამასთან, ჯეფრი სილვერმანი დარწმუნებულია, იმ დროს საქართველოში რომ ყოფილიყო, უთუოდ მკვდარი იქნებოდა.
ჯეფრი სილვერმანის შაფასებებს ჟურნალისტის, მიხეილ თავხელიძის შეფასებაც მოჰყვა, რომელმაც დაასკვნა, რომ ჯეფრი სილვერმანი „იდიოტია“. მის მრჩევლობაში კი თავხელიძეს ეჭვი ეპარება.
პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ჯეფრი სილვერმანის მეგობარია. For.ge-სთან საუბარში იგი სილვერმანის გატაცებისა და ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტს იხსენებს.
როგორ აღმოჩნდა ჯეფრი სილვერმანი პრეზიდენტის მრჩევლად?
- ჯეფრის ჰქონდა კონტაქტები საკმაოდ გავლენიან მასმედიის წარმომადგენლებთან, იმავე “ბი-ბი-სი”-სთან, “სი-ენ-ენ”-თან, მას კარგი რენომე ჰქონდა საზღვარგარეთ, რაც მიხეილ სააკაშვილს მაშინ ძალიან სჭირდებოდა. როცა მიშა გადავიდა ოპოზიციურ ფლანგზე, „ბი-ბი-სი“-სთან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ სწორედ ჯეფრიმ გაუკეთა. მე მგონი, ჯეფრი არ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ როდესაც სააკაშვილი ახლადდაარსებული ნაცმოძრაობის ხელმძღვანელი იყო, ჯეფრიმ მანახა წერილი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ სოროსს ერთი მილიონი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავდა. მოგვიანებით სააკაშვილთან მას კონფლიქტი მოუვიდა, რადგან მიშამ გადაუხვია პრინციპებს, რასაც იქამდე ემსახურებოდა. სხვათა შორის, იმ დროს, ჯეფრიზე ორჯერ განხორციელდა თავდასხმა და ფიზიკური ზეწოლაც გადაიტანა.
ჯეფრი სილვერმანი მაშინ საქართველოში იმყოფებოდა?
- დიახ, იმ დროს საქართველოში იმყოფებოდა და გამოავლინა ძალიან ბევრი უკანონო სქემა. შემდეგ ჯეფრი წავიდა ამერიკაში, მას მისიები ჰქონდა სხვა ქვეყნებში.
თქვენი დაკავებისას ჯეფრისთან მეგობრობაც ხომ არ წაგიყენეს ბრალად?
- საქმეში დევს ეს მასალები. ექსკლუზიურად შემიძლია გაგიმხილოთ, რომ თურმე მეთიუ ბრაიზა და ჯეფრი სილვერმანი ყოფილან ჩემი აგენტები.
მეთიუ ბრაიზა ხომ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი იყო?!
- სააკაშვილისთვის მეგობრობა რამდენად ფასობს, ეს ყველასთვის ცნობილია. მაშინ მეთიუმ ამის შესახებ არაფერი იცოდა, როცა მიშა საქმეს უკერავდა. რაც შემეხება მე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩემთან გუანტანამოს ელემენტი გამოიყენა და ჩემი მოხრჩობის იმიტაცია მოაწყო, რადგან სწორედ ჯეფრი სილვერმანის ადგილსამყოფელი აინტერესებდათ. მეტსაც გეტყვით, 2009 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები აპირებდნენ ჯეფრი სილვერმანის მოტაცებას სიკვდილის ესკადრონების სტილში და მის მკვლელობას. უბრალოდ, 2009 წელს ჯეფრი არ იმყოფებოდა საქართველოში. ჯეფრის სახლთან დიღმის მასივში, სადაც მისი სიდედრი ცხოვრობდა, გაგზავნილი იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფი, ჩაუსაფრდნენ, რათა ჯეფრი გაეტაცებინათ. ამას გეუბნებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოადგილის ოთარ ორჯონიკიძის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს წამების დროს მითხრა, - ჩვენ ჯეფრის გავიტაცებთ, გავუსწორდებით და იმის გამო, რომ ის ამერიკის მოქალაქეა, მას ცოცხლად მიწაში დავმარხავთ, ისე მოვკლავთ, რომ ჩვენი კვალი არ გამოჩნდებაო. ეს ყველაფერი ციხის დირექტორის - მელაძის კაბინეტში ხდებოდა. მათ აინტერესებდათ ის მასალა, რომელიც ჯეფრიმ გამომიგზავნა. მისი მასალები, ასევე, ჩემს ინგლისურენოვან წიგნში იყო დაფიქსირებული.
შემდეგ, ვინ განახორციელა ჯეფრი სილვერმანის გატაცება?
- ეს გატაცება 2010 წელს განხორციელდა და ეს განახორციელეს გიორგი მაზმიშვილმა, ოთარ ორჯონიკიძემ, ვალერი ზუმბაძემ, ლადო დათაშვილმა და ამირან მესხელმა. ეს ხუთეულია ამ ყველაფერში დამნაშავე.
მისი გატაცების მოტივი რა უნდა ყოფილიყო და გამტაცებლები მისგან რას მოითხოვდნენ?
- ამის მიზეზი იყო მისი პოზიცია, რომ ის აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს. ის გაიტაცეს ზონდერბრიგადებმა, სიკვდილის ესკადრონების მეთოდით, რომელთაც ნიღბები ეკეთათ. მე ვასახელებ ამ ხუთეულს, რომლებიც სააკაშვილის უშუალო ბრძანებით ჯერ კიდევ 2009 წელს გეგმავდნენ ჯეფრის გატაცებას და ეს 2010 წელს განახორციელეს.
გატაცებისას მასზე ზეწოლა განხორციელდა, თუმცა მისი ლიკვიდაციის გეგმა სისრულეში არ მოუყვანიათ. რა იყო ამის მიზეზი?
- არაპროფესიონალურად გაიტაცეს და არაპროფესიონალურად შეასრულეს დავალება.
როგორ გამოუშვეს?
- როგორც ჯეფრიმ ამიხსნა, ეს ღმერთის წყალობით მოხდა და ის გაექცა გამტაცებლებს. ამ ნაცემი და ნაწამები ადამიანისგან ისინი ასეთ ქმედებას არ ელოდებოდნენ. მაგრამ, ჯეფრი ყოფილი სამხედროა, ექსტრემალურ ვითარებაში ბევრჯერ მოხვედრილა და ამან უშველა. ის ამბობს, რომ ეს მოხდა ორთაჭალის მიდამოებში, ქალაქგარეთ გაიყვანეს და იქ აპირებდნენ მის ლიკვიდაციას.
გატაცების თაობაზე სარჩელი არ შეუტანია?
- იმ პერიოდში სარჩელის შეტანას აზრი არ ჰქონდა, მგლის თავზე სახარების კითხვა გამოვიდოდა. პირადად ჩემი საქმეშიც კიდევ რამდენიმე ათეული ჯალათი იყო, რომელთაც ჩემი ლიკვიდაციის დავალება ჰქონდათ. ალექსანდრე მუხაძემ პირდაპირ მითხრა, უბრალოდ ჩემებმა არაპროფესიონალურად შეასრულეს დავალება და ახლა სამ საათში 9-დან 12-მდე პროფესიონალები მოახდენენ შენს ლიკვიდაციასო და ზეწარი მანახა, ზეწრით იპოვიან შენს ცხედარს საკანში ჩამოხრჩობილსო. სამი საათი ველოდი, როდის შემოვიდოდნენ და განახორციელებდნენ ამ ქმედებას. ეს იყო „ქილერას“ ბოლო საუბარი. უბრალოდ, მაშინ ჩემს გადარჩენას ლადო ბედუკაძესა და მელორ ვაჩნაძეს ვუმადლი.
მელორმა გაიგო, რომ ჩემზე გამოცხადებული იყო ზეწოლა და ისეთი ქმედება განახორციელა, რამაც თავი შეაკავებინა ჯალათებს, რადგან ორი მოშიმშილე პატიმრის მიერ ასეთი ქმედება და გვამის ნახვა ბევრ ეჭვს დაბადებდა.
ჯეფრიმ რედაქტირება გაუკეთა ინგლისურენოვან წიგნს და ის იყო ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთ გაიტანა ჩემს საქმესთან დაკავშირებული მომენტები იმ პერიოდში, როცა მე ციხეში ვიყავი. ჯეფრიმ, უჩა ნანუაშვილმა და გიორგი ჯანელიძემ გადაიღეს ჩემს შესახებ ფილმი „მოხალისე ჯაშუში“.
ზოგადად, რა კრიტერიუმით არჩევდა სააკაშვილი მრჩევლებს? მოსალოდნელია თუ არა, სააკაშვილის შესახებ სხვა მრჩევლებიც ალაპარაკდნენ?
- ბუნებრივია, მეორე მრჩეველსაც დავასახელებ. ეს გახლავთ დენიელ ქუნინი. რიტორიკულ კითხვას ვსვამ, სად არის ამჟამად დენიელ ქუნინი? მასაც ახლოს ვიცნობდი და ჩვენ მეგობრებიც ვიყავით. დენიელ ქუნინმა, როგორც ვიცი, დატოვა თანამდებობა და გვერდზე გადგა.
დრო დადგება და შეიძლება, დენიელ ქუნინმაც ბევრი რამ გაამჟღავნოს. ერთ-ერთმა ამერიკელმა სააკაშვილის შესახებ კიდეც აღნიშნა, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც დენთის კასრში ასანთი აანთო.
სხვათა შორის, ჯეფრი სილვერმანი საუბრობს, რომ აგვისტოს ომმა ჩამოწერა საქართველოში შემოსული უკანონო იარაღი.
- იარაღით უკანონო ვაჭრობა რომ ხდებოდა, ეს სქემაც გაშიფრული მაქვს, ეს იყო იარაღის ცირკულაცია. მეტსაც გეტყვით, სააკაშვილს ჰქონდა კონტაქტები წარმოშობით საუდის არაბეთის მოქალაქესთან, იარაღის ცნობილ მოვაჭრესთან, აგრარ ჰაშორისთან, რომელიც ამავდროულად, ცნობილი ავანიურისტია. აქედან მოდის სააკაშვილის კონტაქტები ვაჰაბიტურ დაჯგუფებასთან, პანკისის, ლაფანყურის ოპერაციის დეტალები. ეს ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, შეუძლია, ისლამისტ ექსტრემისტებთან და რადიკალებთანაც ჰქონდეს კავშირი, რაც ლაფანყურის ოპერაციამაც გამოააშკარავა.
ამერიკის ადმინისტრაცია ამით უნდა დაინტერესდეს და ცალკე გამოძიება ჩაატაროს - მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები არაბული სამყაროს რადიკალურ წარმომადგენლებთან.
ჯეფრი სილვერმანმა ახსენა ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილის თემა, როცა ფბრ-ის ერთ-ერთმა აგენტმა გაანადგურა სამხილები, რადგან რეალობის გამომზიურება სააკაშვილის დისკრედიტაციას გამოიწვევდა.
- შეიძლება, ჯეფრის უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნია ამასთან დაკავშირებით. ძნელი წარმოსადგენია, ფბრ-ის წარმომადგენლებს ასეთი მითითება ჰქონოდათ. თუ რაიმე გაყალბება მოხდებოდა, ამას გააკეთებდნენ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები. ჩვენ ვიცით, იმავე ფბრ-ის დასკვნა როგორ გადმოაქართულეს და გააყალბეს. არც იმას გამოვრიცხავ, ცალკეული პიროვნება ინდივიდუალურ დონეზე კორუფციულ გარიგებაში შესულიყო სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთან. მინდა გითხრათ, რომ ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები რუსეთის სპეცსამსახურებთან იყვნენ შეკრულნი.
გიგა მაზმიშვილს დამთავრებული აქვს მინსის კგბ-ს სკოლა, იქ არის ნამუშევარი. მისი დაწინაურება განხორციელდა ვალერი ხაბურძანიას პერიოდში. საეჭვო ვითარებაში რამდენჯერმე ყოფილა კიევში. სწორედ გიგა მაზმიშვილის უშუალო მითითებით საიდუმლო ვითარებაში 2009 წლის 20 ივნისს, ღამის დაკითხვის პერიოდში ლადო დათაშვილმა და კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა ოპერატიულმა თანამშრომელმა ჩემთან შემოიყვანეს რუსეთის ფედერაციის თანამშრომელი, სახელად სპარტაკი. ის ჩემგან იმ ინფორმაციას ითხოვდა, რაც მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელს დააინტერესებდა, მათ შორის, საუბარი იყო ჩემს მეგობარ, „სოლიდარნოსტის“ ლიდერ და სულით ხორცამდე ანტიკომუნისტ მანსურ იახიმჩიკზე.
ოთარ ორჯონიკიძე ლევან კენჭაძის სიძეა, რომელიც ხაბურძანიასთან და პრორუსულ სექტორში მუშაობდა. ოთარ ორჯონიკიძის ფიგურა იკვეთება ზუსტად ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვაში კონტრდაზვერვის კუთხით. ასევე, საუბარია ვანო მერაბიშვილის კონტაქტებზე ვიქტორ შეიმანთან, რომელიც ბელორუსიის კგბ-ს უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და გავლენიანი პიროვნება გახლდათ ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში. შეიმანის მეშვეობით მერაბიშვილს უშუალო კონტაქტები ჰქონდა პატრუშევთან, ვიქტორ ივანოვთან. ასევე, დაფიქსირებულია, რომ 2006 წელს ვანო მერაბიშვილი რამდენჯერმე ინკოგნიტოდ იყო ჩასული ბელორუსიაში, მინსკში და მონაწილეობას აწარმოებდა ვიქტორ შეიმანთან. ასევე, შეხვდა კრემლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მინსკში. ეს ფაქტი უშუალოდ დამიდასტურა ამირან მესხელმა დაკითხვის დროს.
საინტერესო პროფესიონალები ყოფილან, თუკი თან გკითხავდნენ და თანაც, ინფორმაციებს გადმოგცემდნენ?!
- თავის დროზე, მესხელი ვალუტის გამყიდველი იყო და ვალუტის გამყიდველი როცა მინისტრის მოადგილე ხდება, ის მაინც ვალუტის გამყიდველად დარჩება. მისი პროფესიონალური IQ მე მგონი, 6 წლის ბავშვის IQ უფრო დაბალი იყო. საინტერესოა, დღეს ამირან მესხელი სად იმალება? ჩემი მონაცემებით, სწორედ ბელორუსიაშია გადახვეწილი.
ამავე დროს, იკვეთება პირდაპირი კავშირი სააკაშვილ-მერაბიშვილის დროინდელი კონტრადაზვერვისა და სპეცდანიშნულების ნაწილების თანამშრომლობის შესახებ, მათ სტაჟირება გაიარეს ბელორუსიის კგბ-ს ყველაზე გასაიდუმლოებულ ანტიტერორისტულ ცენტრ „ალმაზის“ შტაბ-ბინაში და შემდგომში უკვე თავიანთი ცოდნა გამოიყენეს 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი მიტინგის დარბევაში.