53%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, 51%-ს პოლიცია, პარლამენტი - 30%-ს

53%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, 51%-ს პოლიცია, პარლამენტი - 30%-ს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა მიმდინარე წლის 13-დან 27 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა და პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებს განსაზღვრავს. ზოგად ტენდენციაზე, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, NDI საქართველოს დირექტორი, ლუის ნავარო საუბრობს.

„პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ კვლავ რჩებიან დომინანტურ პოლიტიკურ აქტორებად საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილის მოწონების მაჩვენებლები სტატისტიკურად არ შეცვლილა, ან შემცირდა, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მოწონების მაჩვენებლები ცდომილების ზღვარს მიღმა გაიზარდა. ამავდროულად, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიციის არსებობა და ასეთად ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებენ“, -აცხადებს ლუის ნავარო.

კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე მეტ ადამიანს (92%-ს) მოსწონს საქართველოს პატრიარქი, მეორე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი (75%-ით), შემდეგ დავით უსუფაშვილი (66%), თინა ხიდაშელი (59%), ეკა ბესელია (53%), ზვიად ძიძიგური (52%), დავით ბაქრაძე (48%), კობა დავითაშვილი (43%), დავით ბერძენიშვილი (41%), ზაქარია ქუცნაშვილი (37%), მანანა კობახიძე (36%), ზურაბ აბაშიძე (32%), გიორგი თარგამაძე (31%), დავით საგანელიძე (31%), გუბაზ სანიკიძე (27%), ვანო მერაბიშვილი (26%), გიგი უგულავა (25%), კახა კუკავა (25%), მიხეილ სააკაშვილი (25%), ზურაბ ტყემალაძე (20%), გიორგი ბარამიძე (19%), მურმან დუმბაძე (19%), ნინო ბურჯანაძე (16%), გიორგი ვაშაძე (15%), პავლე კუბლაშვილი (14%), გოკა გაბაშვილი (13%), ირაკლი ჩიქოვანი (8%), გიგა ბოკერია (8%).

კითხვაზე მოგწონთ თუ არ მოგწონთ ამ ადამიანის საქმიანობა, 92%-ს მოსწონს პატრიარქის საქმიანობა, 75%-ს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა, 66%-ს დავით უსუფაშვილის, 59%-ს თინა ხიდაშელის, 53%-ს ეკა ბესელიას, 52%-ს ზვიად ძიძიგურის საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 25%-ს მოსწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა, ხოლო 26%-ს - ვანო მერაბიშვილის.

პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასება კი ასეთია, გამოკითხულთა 63% დადებითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას, 44% დავით უსუფაშვილის საქმიანობას, 24% დავით ბაქრაძის საქმიანობას. მინისტრებს შორის ამ მაჩვენებელში ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა 52% დადებითად აფასებს, მას მოსდევს ირაკლი ალასანია (44%), ირაკლი ღარიბაშვილი (43%), მაია ფანჯიკიძე (40%), დავით სერგეენკო (36%), ნოდარ ხადური (35%), სოზარ სუბარი (32%), კახა კალაძე (32%), გიორგი მარგველაშვილი (29%), დავით კირვალიძე (27%), დავით ნარმანია (21%), პაატა ზაქარეიშვილი (20%), ალექსი პეტრიაშვილი (17%), დავით დარახველიძე (15%).

სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე მეტ გამოკითხულ ადამიანს ქართული ჯარის საქმიანობა მოსწონს (53%), შემდეგ მოდის პოლიცია (51%), პარლამენტი (30%), სახალხო დამცველის აპარატი (16%), ცენტრალური საარჩევნო კომისია (15%). ამავე კატეგორიაშია გასული კოალიცია „ქართული ოცნება“ (55%) და „ნაციონალური მოძრაობა“ (13%).

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერის რეიტინგი წინა კვლევის შედეგებთან შედარებით (რომელიც ნოემბერში ჩატარდა), შემცირებულია, გარდა დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძისა. ასევე შემცირებულია სახელმწიფო უწყებების რეიტინგებიც და მხოლოდ პარლამენტის რეიტინგი არის გაზრდილი.

პრემიერ ივანიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 35% დადებითად აფასებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 40% ციხეებთან დაკავშირებით წარმოებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, 39% - ჯანდაცვის სფეროში, 38% - სოფლის მეურნეობაში, 35% - ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის კუთხით.

პარლამენტის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 30% აფასებს და გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ ყველა ეროვნული საკითხის გადაწყვეტას ყველაზე კარგად „ქართული ოცნება“ შეძლებს. ასევე მოსახლეობის უმეტესობა (56%) მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობა არის მნიშვნელოვანი და იგივე რაოდენობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 85% თვლის, რომ არსებული ხელისუფლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხოლოდ 31% ფიქრობს ასევე.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 47% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 57% კი თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალური საფრთხეა.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი დადებითად აფასებს ციხეებიდან პატიმრების ამნისტიის გზით გამოშვებას, მაგრამ ასევე უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მხოლოდ 27% ფიქრობს, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოებაზე, ხოლო ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების - 71%.

გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას პროდასავლური კურსის მხარდასაჭერად 19 აპრილს ჩატარებული აქციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 66% არ ეთანხმება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 15%.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 60% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხოლო 10% - „ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე გამოკითხულთა 58% მმართველი გუნდის კანდიდატს ისურვებდა პრეზიდენტად, ხოლო 8% - „ნაციონალური მოძრაობისას“.

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, უმეტესობა (62%) პასუხობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 9% - „ნაციონალურ მოძრაობას“.