„ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნებში დამარცხებული პარტიები მიტინგებს არ აწყობენ“

„ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნებში დამარცხებული პარტიები მიტინგებს არ აწყობენ“

ვანო მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ 19 აპრილის აქცია „ქართული ოცნების“ დაშლას დააჩქარებს. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა, რომ დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას, ექვს თვეში, თუნდაც, ამის მეათედი ადამიანი შეეკრიბოს რუსთაველის გამზირზე.

მერაბიშვილისთვის ეს მიუთითებს, რომ 90-იანი და 2003-2004 წლებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადება უფრო დემოკრატიული გახდა და მან იცის, თუ როგორ აიძულოს ხელისუფლება დაიცვას საკუთარი ინტერესები.

ნაციონალები იმედოვნებენ, რომ, თუ ახალი ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, მომავალ აქციაზე გაცილებით მეტ მხარდამჭერებს შეკრებენ. აისახება თუ არა 19 აპრილის აქცია ქართულ პოლიტიკაზე და რას ნიშნავს ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ ეს აქცია „ქართული ოცნების“ დაშლას დააჩქარებს?!

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს და მერაბიშვილიც საკუთარ ოცნებასთან ერთად დარჩება, ოღონდ აუხდენელი ოცნება ნევროზს იწვევს, ხოლმე, და ქართულ საზოგადოებას ნევროტული მერაბიშვილი შერჩება ხელში. თუმცა, ამის მიუხედავად, ექსპერტი აცხადებს, რომ ბევრი უბედურებისთვის გაგვიძლია და ნევროტულ მერაბიშვილსაც გავუძლებთ. ამასთან, შევძლებთ, იგი დავარწმუნოთ, რომ მისი დახმარების გარეშეც საქართველო მიაგნებს ევროპასაც და ნატოსაც და მისნაირი გზამკვლევი საქართველოს არ სჭირდება.

გაიზრდება თუ არა უკმაყოფილოთა რიცხვი მომავალ აქციებზე? - სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა მიტინგებზე გაიზარდოს, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური პროცესების განვითარების რაიმე ნიშანი. უბრალოდ, მოტივაციას გააჩნია, რატომ მიდის ადამიანი მიტინგზე. ამდენად, ვერაფერ ცვლილებას ვერ შეიტანს ისეთი პოლიტიკური ძალა ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც, პრაქტიკულად, ძველებურ სურვილებს ამჟღავნებს თავიდან დაიწყოს ყველაფერი - ცრუ დაპირებები, სადისტური დამოკიდებულება საკუთარ მოსახლეობასთან და ფულზე ორიენტირებული მადა. ამიტომ, მათ დემაგოგიასაც ყავლი გაუვიდა.

„საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ სულ რამდენიმე ათასი ადამიანია მოტივირებული, მივიდეს ასეთ მიტინგებზე და მოისმინოს აბსურდი ევროპულ ორიენტაციასთან დაკავშირებით და ამ „ორატორებთან“ ერთად დაივიწყოს, რომ საქართველოს პარლამენტს ერთხმად აქვს მიღებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შესახებ. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ხელს აწერდნენ და მხარს უჭერდნენ ამ დოკუმენტს, ახლა, როცა გამოდიან და მოთქვამენ, გვიშველეთ, ევროპას ვცილდებითო, უპირველეს ყოვლისა, წერა-კითხვის უცოდინრებად წარმოჩნდებიან, რომელთაც თვალიც არ მოუკრავთ იმ კონცეფციისთვის, რასაც ხმას აძლევდნენ უმრავლესობასთან ერთად პარლამენტში. ასეთი ფსევდოსაფრთხეები მხოლოდ ეგზალტირებულ მასას შეიძლება გაუჩნდეს, რომელიც ისეთი ტიპის პოლიტიკოსებისგან იმართება, რომელთაც დილიდან ღამემდე არათუ პოლიტიკური, არამედ ცხოვრებისეული პერსპექტივის შიში დასდევთ, რადგან ვერსად გაექცევიან სიბრძნეს, „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ 19 აპრილის აქცია ქართულ პოლიტიკაში ვერაფერს შეცვლის. შესაძლოა, მხოლოდ მერყევი ადამიანების მიზერულ რაოდენობაზე იმოქმედოს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დაშლას, პოლიტოლოგის თქმით, ივანიშვილმა ღიად გამოცხადა, რომ კოალიციას დიდი დღე არ უწერია და, როგორც კი გაჩნდება რაიმე ახალი მესამე ძალა, კოალიცია დაიშლება.

როცა მერაბიშვილი ამაყობს, - არსად მომხდარა, დამარცხებულ პარტიას ექვს თვეში ამდენი ხალხი შეეკრიბოსო, ამის შესახებ სოსო ცინცაძე შენიშნავს, რომ მერაბიშვილს დაავიწყდა, ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნებში დამარცხებული პარტიები მიტინგებს არ აწყობენ და ეს ნონსენსია.

მეტიც, ცივილიზებულ ქვეყნებში თუ პარტია წააგებს არჩევნებს, ის გრძნობს საკუთარ მარცხს, მით უფრო, თუ მარტო 1 და 2 %-ით არ დამარცხებულა, არამედ დამარცხდა საგრძნობლად. თუმცა პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ მერაბიშვილის ამ განცხადებების ადრესატები, ძირითადად, არიან „ნაცმოძრაობის“ ის მხარდამჭერები, უფრო მედროვეები, რომლებიც პირადი სარგებლობისთვის მხარს უჭერდნენ „ნაცმოძრაობას“. ამით მერაბიშვილი მათ ახსენებს, ჩვენ კიდევ ვარსებობთ და არსად წახვიდეთო. ასეთი რამ კი პოლიტიკაში ხდება და ამას არავინ თაკილობს. „ამასთან, ეს იყო საკუთარი რესურსების დათვალიერება ნაციონალების მხრიდან“.

„ნაციონალურ მოძრაობაშიც არის ჭკვიანი ხალხი, რომლებიც სიტუაციის დაბალანსებას ცდილობენ, ვინაიდან პარლამენტში არსებული ოპოზიციის რაოდენობა ადეკვატური არ არის ქვეყანაში მათ მხარდამჭერთა რაოდენობასთან. უკანასკნელი გამოკვლევებით, მაქსიმუმ, 10-15 % უჭერს მხარს „ნაცმოძრაობას“ და ამ დროს ისინი 40 %-ით არიან წარმოდგენილნი პარლამენტში, რაც დისბალანსია პარლამენტს გარეთ და შიგნით არსებულ ძალთა თანაფარდობას შორის. ამიტომ, „ნაცმოძრაობა“ ამას გრძნობს. ბოლოს და ბოლოს, ცხრა წელიწადი იყვნენ ხელისუფლებაში, ამიტომ ცდილობენ, ამ არაადეკვატურობის მინუსი როგორმე დააბალანსონ. სწორი გათვლა აქვთ, მაგრამ ვეჭვობ, რეალურად რამდენად ეფექტური იქნება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, მომავალში ნაციონალებმა უფრო მეტი რაოდენობის მომხრეები გამოიყვანონ, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია მმართველ პარტიაზე. სოსო ცინცაძე დე გოლის მაგალითს იხსენებს, როცა საფრანგეთის ლეგენდარული პრეზიდენტი, გენერალი დე გოლი 1958 წელს დაბრუნდა ხელისუფლებაში, ერთი-ორი წლით ადრე ის ამბობდა, კიდევ კარგი, ასეთი მთავრობა გვყავს, როგორ მეხმარებიან, რომ დავბრუნდე ხელისუფლებაშიო.

ამდენად, პოლიტოლოგის თქმით, სოციალური ფონი კვლავაც მძიმეა, დასაქმების საკითხები მისახედია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივაც რთული ვითარებაა. მისი აზრით, პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივები საზოგადოებრივი აზრის ადეკვატური არ არის, რაც ისევ და ისევ ნაციონალების სასარგებლოდ ასხამს წყალს. ასეთი კომკავშირული წინსწრების პრაქტიკით, სეპარატისტების შემორიგება შეუძლებელი იქნება, მათი მოთხოვნები კი უფრო ზომაგადასული გახდება.

„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იხილა 19 აპრილის აქციის „მასშტაბები“, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ოაზისური პირობები შეუქმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარი ხელის შეშლა არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, მუდმივად ანონსდებოდა ამ აქციის შესახებ, გამგეობებიც დაიხმარეს, რაც ისევ ნაციონალების ხელშია, ბევრი ფულიც დახარჯეს და, ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ათასი ადამიანი ძლივს შეაქუჩეს. მეტიც, ნაციონალების მომხრეებს გული რომ არ გაეტეხათ, ტრიბუნასთან ყველანი გაღიმებულნი იდგნენ, თუმცა ირაკლი ბათიაშვილს ვერ გაუგია, რა ახარებთ ნაციონალებს, რადგან, რაც 19 აპრილს ვიხილეთ, ეს მათი სირცხვილია.

„ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში, 2009 წლის აპრილში, შემდგომ უკვე „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციებზე იმ არნახული ზეწოლის, ტერორის პირობებში, 5-10-ჯერ მეტ ხალხს უყრიდა თავს ოპოზიცია. 19 აპრილი კი მიანიშნებს, რომ ნაცმოძრაობას არავითარი რეალური მხარდაჭერა არ აქვს და მხარდაჭერის დაბრუნების არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. უბრალოდ, ისინი თავს ინუგეშებენ და ერთმანეთს ანუგეშებენ, რომ რამენაირად გაძლონ, რამენაირად ბოლომდე არ დაიფშხვნან და შეინარჩუნონ პარტიული მთლიანობა. მათ სრული რღვევის დიდი შიში აქვთ და ერთმანეთს ატყუებენ. ვანო მერაბიშვილს, ალბათ, მალე მოუწევს პასუხის გაცემა ძალიან მძიმე კითხვებზე საგამოძიებო ორგანოებში და სჯობს, იგი ამისთვის მოემზადოს და აღარ იფიქროს აქციებზე და „ქართული ოცნების“ დაშლაზე“, - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მხრიდან შეცდომების დაშვების შემთვევაშიც, არ არის იმის ალბათობა, რომ ნაციონალების აქციაზე მიმსვლელთა რაოდენობა გაიზარდოს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდება და პოტენციურად გაიზრდება იმ ოპოზიციის შესაძლებლობა, რომელიც მომავალში გააქტიურდება.

„მე მგონი, ნაცმოძრაობას არც აქვს ამის იმედი. რაც უნდა ილუზიებში იყვნენ ისინი, მაინც იციან, თუ რა დონეზე სძულს საკუთარ მოსახლეობას“, - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.