„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეინკარნაცია განიცადა და სახელი გადაირქვა. ამიერიდან, „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელწოდება „ეროვნული მოძრაობა“ ჩაენაცვლება. თუმცა, ნაციონალების მცდელობამ, ეროვნულად წარმოეჩინათ თავი, უფრო მეტი კითხვა დაბადა საზოგადოებაში. ბევრმა ეს ცინიკურად აღიქვა, რადგან ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე, სწორედ ეროვნული მოძრაობა გახდა ქართველი ხალხისთვის საკრალური ცნება და იგი მართლაც ამართლებდა თავის დასახელებას, მაგრამ არა - ნაციონალების ხელში.
ეს სახელცვლილება, განსაკუთრებით, ეროვნული წიაღიდან გამოსულმა ადამიანებმა აღიქვეს ფარისევლობად. მათ ახსოვთ ის დრო, როცა ერთი იდეით გაერთიანებული ხალხი იდგა რუსთაველზე და მზად იყო, ერთმანეთის გადასარჩენად ტყვიას აფარებოდა. ნაციონალების თავყრილობა კი ასეთ მუხტს არ შეიცავდა. 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ეროვნული მოძრაობა ყალიბდებოდა, 9 აპრილის გმირების ნაკვალევზე იდგნენ სისხლიანი 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორები. მათ შორის, სააკაშვილი და მერაბიშვილი და რატომღაც „საქართველო, საქართველო“-ს სკანდირებდნენ...
ამდენად, კითხვებს ბადებს, რატომ შეაჩერეს ნაციონალებმა არჩევანი მაინცდამაინც სახელწოდებაზე „ეროვნული მოძრაობა“, მაშინ, როცა მათ მუდმივად იმას უყენებდნენ პრეტენზიად, რომ ეროვნულისგან და საერთოდ, ადამიანურისგან დაცლილნი იყვნენ?!
ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა იუმორით შენიშნა, „5%–იანი ზღვარის გადალახვის პრობლემა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და რაის ეროვნული მოძრაობა?!“
ნაციონალების ახალი სახელწოდების შესახებ For.ge ეროვნული მოძრაობის წიაღიდან გამოსულ ადამიანებს ესაუბრა.
მამუკა გიორგაძეს ნაციონალების ეროვნულობის არ სწამს და ახსენდება გამოთქმა, „ჩოხას კი ნუ იცვლი, ზნე გამოიცვალე“. ამიტომ მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობას“ სახელი ვერ გააკეთილშობილებს.
მამუკა გიორგაძისთვის ეროვნული მოძრაობა ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ინსტიქტურად განიცდის სამშობლოს ტკივილს. ამიტომ, ახლაც, ეს შინაგანი მოთხოვნილება უნდა იყოს და არა პოლიტიკური კონიუნქტურა. ამ დროს კი, ნაციონალების შინაგანი მოთხოვნილება ხელისუფლებისკენ და კეთილდღეობისკენ ლტოლვაა.
მისივე თქმით, რუსთაველზე „ნაცმოძრაობის“ გამოჩენა, პრაქტიკულად, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებაა, რომელმაც „ნაცმოძრაობას“ საშუალება მისცა, ჩამოყალიბებულიყო მეორე პოლიტიკურ ცენტრად. საქართველოში ჯანსაღი ვითარება რომ ყოფილიყო და „ნაცმოძრაობის“ ვერშემდგარი, დანაშაულებრივი ნარჩენები პოლიტიკურ სარბიელზე ასეთი აქტიური გონორით არ გამოსულიყვნენ, პროკურატურას თავისი საქმე უნდა გაეკეთებინა და პოლიტიკურ ხელძღვანელობას - თავისი საქმე. დღეს კი პოლიტიკურად საქართველოს არ შეუფასებია „ნაცმოძრაობის“ მოღვაწეობა, რაც ხელშეწყობაა „ნაცმოძრაობისთვის“.
„თავის დროზე რუსთაველის გამზირზე, კიბეებზე რომ ვიდექით, თითოეული მომიტინგზე მზად იყო, ღმერთი და სამშობლო ედიდებინა და საკუთარი განდიდებისკენ არ გადაედგა ნაბიჯი. ეროვნული მოძრაობის უკვდავი ფრაზაა - „ეროვნული მოძრაობა უნდა გიყვარდეს და არა - საკუთარი თავი ეროვნულ მოძრაობაში“. მერაბ კოსტავას ეს ფრაზა თუ არ გაქვს გასისხლხორცებული, ვერ იქნები ეროვნულ მოძრაობაში, თუ შინაგანად არ გინდა რუსეთის უკანდახევა, ვერ იტყვი იმ გრძნობით, რა გრძნობითაც გია ჭანტურიამ თქვა, რომ კრემლმა უკან დაიხია. 1988 წლის 28 ნოემბრის შიმშილობის დროს გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას. პირადად ვარ შემსწრე, თუ როგორ გახადა ერთ-ერთმა გამვლელმა, ფეხმძიმე ცოლს თბილი მოსაცმელი, თვითონაც გაიხადა, ჩასვა მანქანაში და სახლში წაიყვანა, თბილი მოსაცმელი კი მოშიმშილეებს დაუტოვა“, - იხსენებს მამუკა გიორგაძე და
შემდეგ ისიც გაიხსენა, რომ შიმშილობისას ერთი გულწრფელი კახელი კაცი მათთან 20 ლიტრიანი ბოცით მივიდა და უთხრა, ბიჭებო, თითო ჭიქა დავლიოთ ამ დიდი დღის აღსანიშნადო. აპრილის შიმშილობისას კი 1989 წელს, ხალხი ერთმანეთს ასწრებდა, რომ დამიზნებულ ტყვიას გადაფარებოდა. შესაძლოა, ამ ადამიანებს ცოდნა და გამოცდილება, ინტელექტი არ ჰქონდათ, მაგრამ ეს არ ყოფილა ფარისევლობა და ისინი თავს სამშობლოს რიგით ჯარისკაცებად თვლიდნენ. ამდენად, მამუკა გიორგაძე თვლის, რომ ეროვნული მოძრაობა უფლისგან უნდა იყოს დალოცვილი და გულიდან უნდა მოდიოდეს და ნაციონალებმა რაც არ უნდა დაირქვან, დავით აღმაშენებელი თუ ვახტანგ გორგასალი, ამით არაფერი შეიცვლება.
ნოდარ ნათაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე თეთრი ძაფით შეკერილი ბლეფი განხორციელდა - ნაციონალები ეროვნულობას ამოეფარნენ, რადგან სააკაშვილს ასეთი როლი აქვს დაკისრებული, რომ მან უნდა შექმნას, ვითომ, ეროვნული მოძრაობა.
ამას ნოდარ ნათაძე იმით ხსნის, რომ ბოლო ხანს, რუსი იდეოლოგები - დუგინი და სხვები აქტიურად წერენ, რომ საქართველოში ყველა ნაციონალისტია და გაბატონებულია ნაციონალური მსოფლგანცდა. ამიტომ, რუსეთს თუ სურს საქართველოში თავისი ინტერესები გაატაროს, უნდა შექმნას საკუთარი ნაციონალისტური ორგანიზაციები. აქ საუბარია ფსევდონაციონალისტურ ორგანიზაციებზე, რომლებიც, სინამდვილეში, რუსეთის პირწმინდა აგენტები იქნებიან. ამდენად, „სააკაშვილის ნაბიჯიც ამ პროგრამის ნაწილია და ნაციონალები რუსეთის პირწმინდა აგენტები არიან“. თუმცა ნოდარ ნათაძე მოელის, რომ ნაციონალების გარდა, სხვებიც დაუმიზნებენ ეროვნულ ნიშას.
„ჩვენ აუცილებლად განვაახლებთ ეროვნულ მოძრაობას, ნაციონალების ადგილი კი სანაგვეში იქნება. სხვათა შორის, ნაციონალების აქციის დროს დრამატული თავგადასავალი გადამხდა. საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვედი და ლესელიძეს ჩავუყევი, ერთმა ხანშიშესულმა ქალბატონმა გამაჩერა და მკითხა, რა აზრის ხართ, რაც ხდება რუსთაველზეო? ვუთხარი, ესენი არიან ნაძირალები-თქო. ამ დროს ერთმა ახალგაზრდა გოგონამ იწყინა, მე ნაძირალა ვარო? შეიძლება, საქართველო რუსეთის ხელში ჩავარდესო? როგორც ჩანს, პატრიოტული მუხტის მქონე ეს გოგონა სააკაშვილს მიემხრო, რადგან მათში ვითომ დასავლური განწყობილება დაინახა. ივანიშვილის გუნდი ისეთ პიროვნებებს შეიცავს, რომელთა დატოვებაც შეუძლებელია, თორემ მისი იმედი მქონდა,“ - აცხადებს ნოდარ ნათაძე.
ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ერთნაირი რეაქცია ექნებოდათ ნაციონალების ამ ახალ სახელდებაზე, რადგან ეროვნული მოძრაობა მართლაც ეროვნული მუხტის მქონე სულ სხვა მოძრაობა იყო და მისი გაიგივება ჩვეულებრივ პოლიტიკურ მოძრაობასთან გამართლებული არ არის.
მეორე მხრივ, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ერთგვარი ფანდი გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მან გადმოაქართულა თავისი სახელი და „ნაციონალური მოძრაობა“ თარგმნა „ეროვნულ მოძრაობად“, რადგან მათ აქვთ განახლების, რებრედინგის პრობლემა და, როგორც ჩანს, ამ რებრედინგის ნაწილში შედიოდა სწორედ ეს მახასიათებელი.
ამიტომ ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ახალმა ხელისუფლებამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს ის რეალობა, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ისეთი არგუმენტები, რომლითაც ისინი გადაწყვეტენ ძველ ეროვნულ მოძრაობასთან დანათესავებას.
„ეს არგუმენტებია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, დასავლური ორიენტაციისთვის ბრძოლა, რასაც შეეწირნენ არა მარტო ჩვენი დროის ეროვნული მოძრაობის თაობები, არამედ რუსეთთან ურთიერთობის განმავლობაში, არაერთი თაობა, არაერთი აჯანყება და გაბრძოლება მოხდა ამ მიმარულებით. ეს ყველაფერი ეროვნული მოძრაობის ისტორიაა. ეროვნული მოძრაობა ემოციურად და შინაარსით დატვირთული პერიოდი გახლდათ საქართველოს ცხოვრებაში. 19 აპრილს კი ამ მოედანზე იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, ვანო მერაბიშვილის მეთაურობით, რასაც დიდი უხერხულობა ახლდა“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
მისი თქმით, თავის დროზე ეს ადამიანები რუსთაველზე გამოსულ მომიტინგეებს ცინიკურად ექცეოდნენ, დასცინოდნენ და სხვადასხვა ეპითეტებით ამკობდნენ. ახლა კი პროტესტის იგივე ფორმა დასჭირდათ, როცა თვითონ აღმოჩნდნენ ოპოზიციაში. ამიტომ, ფიქრია ჩიხრაძისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო აქციის მთავარ მასპინძლად ვანო მერაბიშვილის ხილვა, რომელიც 26 მაისს სადისტურად დარბეული მიტინგის დროს, შს მინისტრი გახლდათ.