19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ჩატარდა, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით 5–დან 10 ათას ადამიანამდე დაესწრო. შეგახსენებთ, 19 აპრილის აქცია ორი თვით ადრე „ნაცმოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დაანონსა. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია და ამიტომ საჭირო იყო იმის დაფიქსირება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა. მერაბიშვილის განცხადებით, 19 აპრილს, სწორედ ამ მიზნით, ანუ ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდასაჭერად უნდა ჩატარებულიყო აქცია და ნაციონალები ამ აქციაზე საქართველოს ევროპული კურსის ყველა მხარდამჭერს ეპატიჟებოდნენ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.
მერაბიშნილის განცხადებიდან ცოტა ხანში, პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომლითაც დააფიქსირა, რომ საქართველოს ერთადერთი საგარეო კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მაშინაც, როგორც ახლა, ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნებოდა, რომ ივანიშვილის გუნდმა ქვეყანა სხვა რელსებზე გადაიყვანა და მისი საგარეო კურსი რუსეთისკენ იხრება. ნაციონალები საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციაში ითხოვდნენ, თუმცა, ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც დასჯერდნენ. სწორედ ამ ბატალიების დროს იქნა დაანონსებული 19 აპრილის აქცია და ისიც, რომ ეს აქცია ქვეყნის მოსახლეობის მიერ პროდასავლური კურსის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა, ძალიან ლოგიკური იქნებოდა, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით აქცია აღარ ჩატარებულიყო, მაგრამ 19 აპრილთან დაკავშირებით განცხადებები კვლავ კეთდებოდა. სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, ვანო მერაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას 19 აპრილის აქციაზე დაუვიწყარ სიურპრიზს შეპირდა.
„ჩვენი ოპონენტებისაგან განსხვავებით, ჩვენ აქციებზე მკვდრების გაცოცხლების ანონსს არ ვიძლევით. ჩვენ მოსახლეობას ვპირდებით სიურპრიზს, რომელსაც ისინი კარგა ხანი ვერ დაივიწყებენ. რა იქნება ეს სიურპრიზი, 19 აპრილს გახდება ცნობილი,“ – განაცხადა მერაბიშვილმა.
მკვდრების გაცოცხლებას რაც შეეხება, ნიშანდობლივი იყო დავით ბაქრაძის მიერ 19 აპრილის აქციაზე გაკეთებული განცხადება – „ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, ჩვენ ცოცხლები ვართ.“ თუმცა, ამას თავი რომ დავანებოთ, ერთადერთ სიურპრიზი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციაზე შეკრებილ ხალხს შესთავაზა, ახალი ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის დაფუძნება იყო. თუმცა, რა კავშირშია ერთმანეთთან ქვეყნის პროდასავლური კურსი და ახალი მოძრაობის დაფუძნება, ცოტა გაუგებარი დარჩა, რადგან ორი თვის განმავლობაში, ამ აქციის მიზეზადაც და მიზნადაც სწორედ პროდასავლური კურსისადმი მხარდაჭერა სახელდებოდა.
სხვათაშორის, საინტერესო კომენტარი გააკეთა ახალი ეროვნული მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა გია ნოდიამ. გადაცემა „პოლიტმეტრში“ მან განაცხადა, რომ თუკი ეროვნულ მოძრაობას სხვა ენებზე გადავთარგმნით, გამოდის ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ ნოდიას თქმით, ამ ყველაფერში ახალი მხოლოდ სიტყვა „ახალია“ (ანუ ახალი ეროვნული მოძრაობა).
რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი პოლიტიკური ძალის დაფუძნების შესახებ განცხადება გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას და რებრენდინგს ისახავს მიზნად, ამასთანავე იმასაც ემსახურებოდა, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხისთვის რაღაც მაინ ეთქვათ, რათა არ დარჩენილიყო განცდა, რომ აქცია არაფრისთვის ჩატარდა.
ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის პარტიის რებრენდინგი და ქართულ პოლიტიკაში ახალი ადგილის დაკავება, და არა ევროპული გზა. ევროინტეგრაციის მხარდაჭერაზე საუბარი კი, ბიგვავას თქმით, ნაციონალების ისეთი მესიჯია, რომელიც მათ ძლიერ მხარეს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ნაციონალებს ჰგონიათ, რომ მათი ყველაზე ძლიერი მხარე არის ევროპისგან მხარდაჭერა. ყველაფერი დანარჩენი, რისთვისაც ამ აქციას აწყობდნენ, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. მოგეხსენებათ, არსებობს შინამეტყველება და გარე მეტყველება, ანუ ადამიანი რაღაცას ამბობს, მაგრამ მისი შინამეტყველება სხვა რაღაცას აფიქსირებს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს ზურაბ ბიგვავა.
მისი თქმით, ნაციონალები ფიქრობენ, რომ ისინი არიან ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის გარეშეც ქვეყანა ვერ იარსებებს და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს დააფიქსირონ. ფსიქოლოგი ამბობს, არ შეიძლება ეროვნულობაზე ისაუბრონ ადამიანებმა, რომლებიც ქმნიდნენ მსოფლიო მოქალაქეს, ანუ ადამიანს, რომელიც მსოფლიოს წარმომადგენელია და მთელი მათი იდეოლოგია ამაზე დაიყვანებოდა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სერიოზულად ვერ აღიქვამს ვერც იმას, რომ ნაციონალებს ევროპული კურსი აწუხებთ და არც ის აღუქვამს სერიოზულად, რომ მათ ახალი პარტია დააფუძნეს. საყვარელიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ევროპული კურსი კონსტიტუციაზე მუშაობის დროსაც აწუხებდათ, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ნაციონალებს უფრო სერიოზულად აწუხებდათ სამართლებრივი დევნის საკითხი, ხოლო ევროპული კურსი პროცესის გაჭიანურებისა და ვაჭრობის საბაბი იყო.
„მე მგონი ახლაც რაღაც მსგავსის მოსწრე გავხდით. ევროპული კურსი მიტინგის საბაბი იყო, მაგრამ ამ მიტინგს აზრი რომ ჰქონოდა, ახალი პარტიის დაფუძნება გამოაცხადეს, თორემ მაშინ აქცია საერთოდ უაზრო გახდებოდა, რადგან ევროპული კურსის თემაც აშკარად ნაძალადევი თემაა და მათ ამ თემის დაცვა უჭირთ“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, მიტინგზეც ვერც ერთმა გამომსვლელმა ვერ თქვა, რა ჭირდა საქართველოს ევროპულ კურსს დასაცავი. ამასთანავე, ევროპული კურსის დაცვა ის სიახლე ვერ იქნებოდა, რასთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ მიტინგზე სიურპრიზი იქნებოდა მოწყობილი. რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რამდენი ვერსია განიხილებოდა ქართულ საზოგადოებაში, თუ რა იქნებოდა ეს სიურპრიზი და ამბობს, რომ ერთ–ერთ ვერსიად განიხილებოდა ისიც, რომ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ვანო მერაბიშვილს დაასახელებდა.
„როგორც ჩანს, მერაბიშვილისთვის ეს დაენანათ და გადაწყვიტეს სასიურპრიზედ ასეთი კოსმეტიკური ნიუანსით დაკმაყოფილებულიყვნენ“, – აღნიშნავს ექსპერტი.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალების ამ განცხადებებში რაღაც ლოგიკა არის. კერძოდ, თუ დავიჯერებთ, რომ ახალმა ხელისუფლებამ კურსი შეცვალა, მაშინ ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ საჭიროა ახალი ეროვნული მოძრაობაც, რომელიც ისევ ევროპულ კურსზე დაგვაბრუნებს. თუმცა, აქვე, ფირალიშვილი დასძენს, რომ მაშინ საჭიროა ჯერ ერთი ტყუილის დაჯერება, რომ შემდეგ ამას მეორე მოაყოლო. ზაზა ფირალიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ცდილობს ისეთი იდეის პოვნას, რომელიც ადვილად შეძლებს ადამიანების გაერთიანებას, თუმცა აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ ახალი იდეები და პოლიტიკური კონცეფციები, არამედ ახალი ადამიანებიც. ის ადამიანები კი, ვისაც საქართველო 9 წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში ხედავდა, ძნელად თუ შეძლებენ ახალი პოლიტიკური მოძრაობის წარმოწყებას და ქვეყანაში პოლიტიკური ამინდის შექმნას.
რაც შეეხება აქციაზე ახალი მოძრაობის დაფუძნებას, ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ მოძრაობას სახელიც შეუცვალონ და ახალი ელემენტებიც შესძინონ.
„აქ ერთი მომენტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საზოგადოების მხრიდან რომ მხოლოდ შეცდომებში იყვნენ ბრალდებულები, შეიძლება მართლაც გამოსვლოდათ რაღაც ახალი იდეების მოძებნა, რომლის ირგვლივაც თავიანთ ელექტორატის შექმნას შეძლებდნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ლიდერების დიდი ნაწილი საზოგადოების მხრიდან ეჭვმიტანილია. მართალია, სასამართლო დადგენილება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ ამ ადამიანების მიმართ არსებობს საკმაოდ სერიოზული საზოგადოებრივი ეჭვი და საზოგადოებრივი აგრესია“, – ამბობს ზაზა ფირალიშვილი.
ამიტომ, მისი თქმით, ასეთ პირობებში კოსმეტიკური საშუალებებით ამგავრი მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელია უფრო ძირეული ცვლილებები. აქვე ფილოსოფოსი დასძენს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს ასეთი კანონზომიერება – რაც უფრო ცნობადია ადამიანი, მით უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად უცხადებს მას ნდობას საზოგადოება. ამიტომ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ცნობადობა ძალიან მაღალია, ხოლო მათ მიმართ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია, ასეთი ლიდერები უკანა პლანზე უნდა გადავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გადაიყოლებენ მთელს პარტიას და იმ რამდენიმე ათას ადამიანს, რომელმაც მათ აქციაზე მოიყარა თავი.
ზაზა ფირალიშვილი შორს არის იმ აზრისგან, რომ ზოგადი, პარტიული იდეოლოგიის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ იდეები, ან პოლიტიკური შეხედულებები პოლიტიკური სივრციდან განსადევნია. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ნებისმიერმა იდეოლოგიამ უნდა იარსებოს, თუკი მის უკან რამდენიმე ათასი ადამიანი დგას, მაგრამ ეს იდეოლოგია შეძლებს არსებობას და თავისი პოზიციების განმტკიცებას, თუკი მისი განმახორციელებლები მაღალი ნდობის მქონე პოლიტიკური მოღვაწეები არიან. დღეს კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი ადამიანები არ ჰყავს.