ნაციონალებს „რაღაც დიდი“ მიშამ ჩაუშალა

ნაციონალებს „რაღაც დიდი“ მიშამ ჩაუშალა

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 19 აპრილის აქციას აგრესიული სარეკლამო კამპანიით აანონსებდა, გვპირდებოდა, რომ მთელ საქართველოს გააოცებდნენ, ეს იქნებოდა „ყველა ქართველისთვის დაუვიწყარი აქცია“ - საზოგადოებაც დიდი სიურპრიზის მოლოდინში იმაზე მეტ ყურადღებას იჩენდა ამ აქციის მიმართ, ვიდრე საჭირო იყო.

სიურპრიზი მართლაც გამაოგნებელი აღმოჩნდა - „დღეს ჩვენ ყველანი ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, ეს მოძრაობა სამ პრინციპს ემყარება და ესენია – ერთიანი სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, გლობალურ სამყაროში საქართველოს ფუნქციის და მისი შესაძლებლობების ახლებური დანახვა და განვითარება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დღეიდან ყველა ოჯახში მივლენ, რათა ახალი საქართველოს თანაზიარი გახდეს თითოეული მოქალაქე.

ღირს თუ არა მათი ეროვნულობისა და ძირითადი პრინციპების განხილვა, ალბათ, საკამათოა, თუმცა გაცილებით საინტერესოა, რა პროცესი მიმდინარეობს თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“, რა სურდათ რეალურად და რა გამოუვიდათ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ეს შეკრება ჯერჯერობით მხოლოდ იუმორის საგანია - „ნაციონალური მოძრაობა“ და ეროვნული მოძრაობა ისეა ერთმანეთთან ახლოს, როგორც ქუთაისში განთავსებული საქართველოს პარლამენტის შენობა ჩინეთთან“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს, ის თვლის, რომ ხალხის ის რაოდენობა რაც აქციაზე შეიკრიბა „ეროვნული მოძრაობისთვის კი არა, ქელეხისთვისაც ცოტა იყო“.

როგორც ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს: ამით მოსახლეობაში დადებითი განწყობის შექმნა უნდათ, მაგრამ მეეჭვება, მათ ეროვნულ მოძრაობათან გაიგივება კი არა, მიახლოება მაინც შეძლონ, ეს სრულიად სხვადასხვა რამაა“.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მათ ხმამაღალა შეძახილებს პატრიოტიზმზე ის უწყობს ხელს, რომ თავის დროზე, ოპოზიცია არ აღმოჩნდა ფხიანი და ქვეყნის ინტერესების ღალატის ბრალდება ვერ მოახერხა და ვერ წაუყენა, მაშინ, როცა ეროვნული ინტერესების უგულებელყოფისთვის უთხრა უარი მას საქართველოს მოსახლეობის 90%-მა.

„ძველი თბილისი წარყვნეს, სიღნაღი წარყვნეს, ყველგან სადაც შეეძლოთ, ქართული კვალი მოსპეს“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ნაციონალების მხრიდან ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება, საზოგადოების უდიდეს ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილს იწვევს, თუმცა საკმაოდ ყურადსაღებია იმ თვალსაზრისით, რომ აშკარაა გზავნილი, რომლის თანახმადაც იმიჯშელახულ, ბოლომდე დისკრედიტირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეროვნულობის საფარქვეშ შესვლა და სახეცვლილება სურს.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ სახელისა და იმიჯის შეცვლას შეეცდება, ასეთი მოლოდინი დიდი ხანია, არსებობს საზოგადოებაში და ექსპერტებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე ახალი სახელითა და ახალი იმიჯით მოგვევლინებოდა.  

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, პარადოქსია, რომ ეროვნული მოძრაობის დაწყებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავის დროზე ისინი, ვინც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან, „მოქალაქეთა კავშირში“ იყვნენ, შემდეგ გაემიჯნენ და შექმნეს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა რასაც „მოქალაქეთა კავშირში“ გაემიჯნენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი იყო.

რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ახლა სურდეთ შექმნან რაღაც ახალი პარტია, ისე, რომ არც ერთი კაციც არ შეცვალონ და პირადი პასუხისმგებლობა არავინ არ აიღოს საკუთარ თავზე იმ შეცდომებზე, რაზეც ახლა თვითონ ნაწილობრივ ლაპარაკობენ, მაგრამ არასოდეს არ აკონკრეტებენ რაში მდგომარეობს.

„ვფიქრობ, მათი მხრიდან ფიგურალური გამოთქმაა, ვიდრე იმისი რეალობად გადაქცევა, რომ მართლაც ახალი ეროვნული მოძრაობა უნდა ჩამოაყალიბონ. მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა უნდათ და ეროვნულ მოძრაობასთან პარალელების გავლებით მათ განწყობაზე ზემოქმედება, თორემ ეროვნულ მოძრაობას ხომ ვერ დაირქმევენ“, - ვარაუდობს ვახტანგ ძაბირაძე.

ვინ დარჩება დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ სავარაუდოდ, წინასწარ ცნობილია, ახალაიებსა და ზურაბ ადეიშვილს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება. როგორც ჩანს, მათზე ხელის შეწმენდა რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებად მიაჩნიათ.

რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ გააჩნია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვინ დატოვონ და ვინ წაიყვანონ, ახლა, როგორც ჩანს, გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს. საყვარელიძის შეფასებით, ისიც საოცარია, რომ პრორუსულობაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის პოლიტიკა გაეტარებინათ.

ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ცნობადი სახეები „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებიან და ახალ თავისი არსით ყველასათვის წმიდათა-წმიდა, ეროვნულ მოძრაობაში ერთიანდებიან.

„მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ ეს აქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ახალი, რაღაც დიდი უნდა დავიწყოთ და ეს დიდი არის ახალი ეროვნული მოძრაობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რამდენად გამოუვიდათ ამ „რაღაც დიდის“ დაწყება, ძნელი სათქმელია, რადგან აქციაზე გამოჩნდა მიშა და ყველაფერი აურ-დაურია.  

ვაშაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეკრებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრებოდა  და აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებც არ იგეგმებოდა. მართალია, კანდიდატი არ დასახელებულა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აქციაზე გამოჩნდა და ყველაზე ხმამაღლა ეროვნულობასა და სამშობლოს გულმხურვალე სიყვარულზე სწორედ მან იყვირა.

კულუარული ინფორმაციით, მერაბიშვილი და მისი გუნდი ეროვნული მოძრაობის დაანონსებით ავტომატურად გაემიჯნებოდა ყველას, ვინ აქციაზე არ იქნებოდა. ლოგიკურად ამ გუნდში ადეიშვილ-ახალაიებთან ერთად სააკაშვილიც მოხვდებოდა, მაგრამ მისმა აქციაზე გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

როგორც ჩანს გარჩევები, განხილვები და განხეთქილებები ისევ ნაციონალთა კულუარებში გადაინაცვლებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მალე ბევრი რამ გამოაშკარავდება. ეს რაუნდი აშკარად მიშამ მოიგო და მისი აქციაზე გამოჩენისთანავე მერაბიშვილი აქციას გაეცალა.

რეალურად, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია გამოვიდა თუ დასამარება, ძნელი სათქმელია, თუმცა აქციის დასაწყისში რეაბილიტაციის მცდელობა აშკარად იგრძნობოდა.

კახა კუკავამ ოპოზიციურ ძალებსაც კი მიმართა და მოუწოდა, ნუ შეუწყობენ ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციას.

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს არ არის რეაბილიტაცია, რადგან 4-5, 7 ათასი თუნდაც 70 ათასი კაცი რეაბილიტაციას არ ნიშნავს.

„მაგრამ რეაბილიტაციაა თავად ნაციონალებისთვის, რადგან ხალხის დანახვა მათ სითამამეს მატებს. ამ სითამამის მიცემა არ იყო საჭირო. რაც დასაბრალებელი და სათქმელი ჰქონდათ მათ წინააღმდეგ მუდმივად უნდა ეტრიალა ამას საზოგადოებაში, მედიაში, რომ როგორმე ნაციონალებს საკუთარი პასუხისმგებლობა აღექვათ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილს კიდევ ბევრი მეცადინეობა მოუწევს საკუთარი გუნდის შესაქმნელად, რადგან, როგორც ჩანს, სააკაშვილი არ აპირებს აიღოს და „კვერთხი“ ვინმეს მემკვიდრეობით გადაულოცოს, ან საკუთარი რეპუტაცია ვინმეს ხელის შესაწმენდად მიართვას. ერთი სიტყვით, ალბათ, ახალაიებიც ალაპარაკდებიან და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ მრავალი სიურპირიზი გველოდება.