„ნაციონალებმა ცოცხზე კაცი გამოიყვანეს“

„ნაციონალებმა ცოცხზე კაცი გამოიყვანეს“

მოძრაობის“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი დაესწრო და ამ შედეგით თავად ოპოზიციონერები კმაყოფილნი არიან. თუმცა, როგორც უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, მათზე ხალხის რაოდენობამ და დაანონსებულმა „სიუპრიზებმა“ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

მმართველი გუნდის ზოგიერთ წევრს ნაციონალთა აქციამ ეროსი მანჯგალაძის ხუმრობა გაახსენა, ზოგს ტერენტი გრანელის ლექსი - „მიცვალებულის დღიურიდან“, ზოგი ახალი ეროვნული მოძრაობის გმირებად - ბოკერია-მერაბიშვილი-სააკაშვილის შერაცხვას არაადეკვატურად მიიჩნევს, ხოლო ზოგი უმცირესობას ურჩევს გაარკვიოს - ვინ არის პარტიის ლიდერი მეგის ქარდავა, ვანო მერაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სანამ, თბილისში აქცია დაიწყებოდა, მანამდე, ქუთაისის პარლამენტში, უმრავლესობის წევრები რუტინულ რეჟიმში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს იხილავდნენ და ხან ოპოზიცია „ენატრებოდათ“ და ხან უმცირესობის „ჯუჯღუნის“გარეშე თავს მშვიდად გრძნობდნენ.

სიმართლე, რომ ითქვას, უმრავლესობა 16:00 საათს და აქციის დაწყებას დიდი ინტერესით ელოდებოდა. კერძოდ, მათ ინტერესს ის წარმოადგენდა აქციაზე რამდენი ადამიანი მივიდოდა. მას შემდეგ, რაც აქცია დაიწყო, „შრომის კოდექსის“ განხილვისას, პლენარული სხდომის დარბაზიდან დეპუტატთა უმეტესი ნაწილი საკუთარ სამუშაო კაბინეტს დაუბრუნდა და ხელში ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა. მოგვიანებით კი, აქციის შედეგებზე საკუთარი შთაბეჭდილება მედიას გაუზიარეს.

კობა დავითაშვილის შეფასებით, ნაციონალებმა მობილიზაცია გამოაცხადეს და „ცოცხზე კაცი“ გამოიყვანეს.

„ვნახეთ, ცოცხზე კაცი გამოსული, მაგრამ ხალხის რაოდენობამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და ეს მასშტაბი ახალი ეროვნული მოძრაობისთვის კი არა, ქელეხისთვისაც კი ცოტა იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდა და ესენი ახლის დამწყებნი კი არა, ძალიან სასაცილოები არიან. მართალი გითხრათ, მათი მხრიდან გულზე მჯიღის ცემა ცოტა გამაღიზიანებელიც კი არის, რადგან მათ ეროვნული არაფერი აცხიათ. მათი ჯუჯღუნის გარეშე, მნიშვნელოვან პროექტებს ვღებულობთ. შესაბამისად, ხელისუფლებას მივმართავ მათი შეკრებები დააფინანსოს, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი კანონები მივიღოთ“, - აცხადებს დავითაშვილი.

აქციაზე საუბრისას, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ყურადღებას აკაკი ბობოხიძის მუქარაზე - „ამათ 4 წელი ვერ ვაცდით“ ამახვილებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს საქმიანობისთვის სამწელიწად ნახევარი დარჩა.

„სიტყვები, რომ ოთხი წელი არ ვაცლით, სასაცილოა, რადგან როგორ გვაცლიან, როცა სამწელიწად ნახევარი დაგვრჩა?! მართალი გითხრათ, აქცია ძალიან ჰგავდა ერთ ხუმრობას, რომელიც ეროსიმ იხუმრა, როცა იმაზე ლაპარაკობდა თუ როგორ აღმართეს ცოცხალი კედელი ცუდად მოთამაშე ფეხბურთელებმა. მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართეს და როგორც ჩანს, თბილისიდან პოლიტიკური მიცვალებულების საუბრები ისმოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინების არ მჯერა. ვფიქრობ, რომ მათ შიდა პრობლემები აქვთ და პარტია ვისია - მერაბიშვილის, ქარდავასი თუ ახალაიასი ამაში ვერ გავერკვიეთ. სჯობს, ოპოზიციონერები პარლამენტში დაბრუნდნენ და იმუშაონ. ის, რომ ქვეყანას ააშენებენ და მათ ვინმე რამეს ჰკითხავს, ეს ოცნებაა და იოცნებონ, რადგან ოცნებას კაცი არ მოუკლავს. უმცირესობა იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ ქუთაისში, სადაც ხელისუფლებაა, აქცია ვერ გაბედეს, მათ მიერ გაუქმებული შენობის წინ შეიკრიბნენ და ქუჩაში გაიჭრნენ, რომ არიქა, ბევრი გამოვჩნდეთო, მაგრამ „რუსთავი 2“-ს კადრის გაშალაც კი აუკრძალეს“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სოსო ჯაჭვლიანი კი, ნაციონალებს პოლიტიკურ სამარეს უწინასწარმეტყველებს.

 „გენიოსი იმიტომ არის გენიოსი, რომ მისი ფიქრი და აზრი საუკუნეებს უძლებს, დღეს 19 აპრილია და ვიცით რა დღეც არის - ნაციონალები რუსთველზე შეიკრიბნენ. ჩვენმა გენიოსმა, ტერენტი გრანელმა ამის შესახებ მეოცე საუკუნეში უკვე იცოდა. მინები ხომ ძალიან ბევრი აქვს ჩვენს პარლამენტს და მათ პოლიტიკურ სამარეში ელოდებიან“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა, რომელმაც ნაციონალებ ტერენტი გრანელის ლექსით მიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს - გიორგი ცაგარეიშვილსა და ზვიად ძიძიგურს კი, ნაციონალების ეროვნულ მოძრაობად გარდაქმნის იდეა აკვირვებთ.

როგორც for.ge-ს ძიძიგურმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ 90-იან წლებში არ დაწყებულა, როდესაც ეროვნული მოძრაობა აღორძინდა, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვა ლიდერები ჩაუდგნენ, რომლებიც საქართველოს საკუთარი სიცოცხლით გადაეფარნენ.

„ახალი ეროვნული მოძრაობის შექმნის ამბიცია დიდია, მაგრამ ამ მოძრაობის წევრები - მერაბიშვილი-ბოკერია-სააკაშვილი არიან?! რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებას ოთხი წელი ვერ აცლიან, ძალიან საინტერესოა - თუ რა გეგმები აქვთ და როგორ არ უნდა აცადონ ხელისუფლებას. რამე გადატრიალების გეგმა აქვთ და ხელისუფლების ძალადობით შეცვლას აპირებენ?! ეს მომავალში გამოჩნდება, როცა ახსნიან თუ რას გულისხმობენ ამაში. ხელისუფლებას 4 წელიც აცლიან და პროცესები ისე წავა, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია“, - აცხადებს ვიცე-სპიკერი.

ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოში მკვლელები, სადისტები და მწვალებლები ეროვნულ მოძრაობას არასოდეს აყალიბებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ეროვნული მოძრაობა ერთმანეთთან ისე ახლოსაა, როგორც ქუთაისში განთავსებული საქართველოს პარლამენტის შენობა ჩინეთთან. ისე ძალიან მაინტერესებდა - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი აქციაზე ველოსიპედით მივიდოდა თუ მის გარეშე. კიდევ კარგი, თორემ ორმო რომ დაენახა, აუცილებლად მასში ჩავარდებოდა და კისერს მოიტეხავდა. მათ მშობლიური ერისგან პასუხი პირველ ოქტომბერს მიიღეს. ჯალათების მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა კი, ჯერჯერობით, არ მახსოვს“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.

19 აპრილის შეფასებისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განსაკუთრებულ აქცენტს მიხეილ სააკაშვილზე აკეთებს და ამბობს, რომ ის ნაციონალთა პარტიის ლიდერად დარჩა.

„ეს ხომ პარტიული თავყრილობაა და სააკაშვილი ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ლიდერად დარჩა. მართალია, იგი ასეთი იყო და მან ვერასოდეს ვერ შეძლო, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ ის წარსული ძალაა და ზოგადად, ეს ხალხი წარსულში დარჩა“, - დასძინა ბესელიამ.

ნაციონალები მარგინალიზაციის გზას დაადგებიან თუ ეროვნული მოძრაობის, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. წინასწარ კი, პროგნოზების გაკეთება ისეთივე საპნის ბუშტი იქნება, როგორც ვანო მერაბიშვილის მიერ დაანონსებული „სიუპრიზები“.