ადიგენიდან და ახალციხიდან მეცოცხეები წუხელ ჩამოიპარნენ

ადიგენიდან და ახალციხიდან მეცოცხეები წუხელ ჩამოიპარნენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნაზე „ნაცმოძრაობის“ ლიდერები სიტყვით გამოსვლისას ძარღვებს იხეთქავდნენ, რასაც თან არ ახლდა სათანადო ტაში და ოვაცია. იქ მყოფები, არც იმის გამოცხადებაზე გადარეულან, არიქა, მიხეილ სააკაშვილი მოვიდა და ჩვენს შორის, როგორც აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე, ისე დგასო.

ყველაზე საინტერესო ამბავი, რაც for.ge-მ შეიტყო ისაა, რომ ვანო მერაბიშვილის მშობლიური ადიგენიდან და ახალციხიდან ხალხი წუხელ ჩამოპარულა, ოღონდ არაორგანიზებულად, მცირე ნაწილი კი დილით წამოსულა, ოღონდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაბნეულან, ვინმეს თვალში რომ არ მოხვედროდნენ და იცით რატომ?! ახალციხის გამოსასვლელთან, სოფელ აწყურში ზედ ტრასაზე, სპეციალურად მათთვის იყო მოწყობილი სირცხვილის კორიდორი - დღეს დილის რვიდან 11-მდე ადგილობრივები ცოცხებით ხელში იდგნენ და ელოდნენ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე მომავალთ. მერაბიშვილს ახალციხიდან 150 კაცზე მეტი ვერ წამოუყვანია და ამაზე ოდნავ მეტი რაოდენობის ხალხი ადიგენიდან ჩამოპარულა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ფიზიკური შრომისგან სახეგარუჯული ამდენი ადამიანი ერთად არასდროს მინახავს. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე მყოფთა 98% საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იყვნენ ჩამოსულები.

აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე ასე დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ იმის გადმოცემა შემიძლია, რაზეც მსჯელობდნენ, იქვე, ახლო-მახლოს მყოფი, სეირის საყურებლად მისული ადამიანები. პირველ სკოლას რომ გამოცდებოდით, იქიდან მოყოლებული რუსთაველის ძეგლამდე იმაზე ბჭობდნენ, „ნაცმოძრაობის“ აქციაზე 3 000 კაცი იყო, თუ 4 ათასი. დიდწილად, სავარაუდოა, რომ აქციის მონაწილეებს შორის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უფორმო პოლიციელებიც მრავლად იქნებოდნენ.

დაბეჯითებით შემიძლია აღვწერო საიდან სადამდე იდგნენ აქციის მონაწილეები მჭიდროდ და საიდან სადამდე მეჩხერად - პარლამენტის შენობის წინა მოედანზე ხალხი შედარებით მჭიდროდ იდგა, მაგრამ უკანა მხარეს (ყოფილი მხატვრის სახლის მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილება თავისუფლად იყო შესაძლებელი. მეჩხერად იდგნენ კინო „რუსთაველის“ შენობის კუთხემდე, ანუ ფურცელაძის ქუჩამდე და მეორე მხრიდან ძალიან მეჩხერად იდგნენ ცისფერ გალერეამდე.

რუსთაველის გამზირის დასაწყისიდან მთავრობის სასახლის მიმართულებით სამ საათზე გავეშურე. ამ დროს ტელეგრაფის ყოფილი შენობის გასწვრივ, გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს  აქციაზე ორგანიზებულად მიემართებოდნენ. ხუთჯვრიანი დროშები კი ეჭირათ ხელში, მაგრამ ხმაგაკმედილები მიდიოდნენ, არც არაფერს სკანდირებდნენ, არც ყვიროდნენ. მათ შორის ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე შევნიშნე. „ობიექტივის“ ჟურნალისტებისგან შევიტყვე, რომ ამ კოლონას სამეგრელოდან ჩამოსული ადამიანებიც ახლდნენ, რომელთაც წინ თენგიზ გუნავა მიუძღვოდა.

ტროტურაზე ხალხი გაჩერებული იყო და იყურებოდა, მაგრამ, არც ტაშს უკრავდა და არც ოვაციებით ეგებებოდა სამეგრელოს ლეგენდარულ „გუბერნატორს“ და მის ამალას.

რუსთაველის გამზირზე 15:10 წუთიდან ტრანსპორტი უკვე შეზღუდულად გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციამ გამზირი სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ მალევე გადაკეტა. პარლამენტის შენობასა და ახალგაზრდობის სასახლეს შორის ერთი სახანძრო და ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა. ტელევიზიებს პირდაპირი ჩართვისთვის შესაბამისი აპარატურა ქვაშვეთის ტაძართან ახლოს ჰქონდათ მობილიზებული. ქვაშვეთის ქვევით, ალესანდრეს ბაღთან და ფურცელაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, დაახლოებით 3 ათეულზე მეტი ადამიანი იდგა. ასე 15-მდე პოლიციელი ლესია უკრაინკას ქუჩაზე, პირველი სკოლის კუთხესთან ჩანდა.

სეირის საყურებლად მისული ხალხი ცისფერ გალერეასთან ტრიალებდა და თან იკურთეხებოდა. რომ გითხრათ ჩურჩულით იგინებოდნენ-მეთქი, მართალი არ ვიქნები.

აქციაზე იყო: ბევრი ხუთჯვრიანი დროშა; თითზე ჩამოსათვლელი ევროკავშირის დროშები და ორი თუ სამი ცალი ნატოს დროშა.

„ნაციონალური ჰანგები“ რომ ჩართეს, ოთხის ნახევარი ხდებოდა. მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ ახლოს, დაახლოებით 40 კაცთან ერთად დავით საყვარელიძე იდგა. სახელმწიფო მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან დავით კირკიტაძე ტრიალებდა. ცოტა ხანში მასთან პაპუნა დავითაია მივიდა. კობა ხაბაზი პარლამენტის შენობის წინ, ხალხის შუაგულში იდგა და ტელეკამერებთან პოზიორობდა. დაახლოებით ათეულ ახალგაზრდას თეთრი მაისური ეცვა, წინ წითლად ეწერა 19 აპრილი, ხოლო უკან - „ძალა ერთობაშია“. ისინი მეტრო „თავისუფლების მოედანსა“ და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას შორის დროშებითა და ყიჟინით გარბი-გამორბოდნენ.

„ნაციონალური ჰანგები“ ისეთ მაღალ ხმაზე ჰქონდათ ჩართული, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს ყურებზე თითები ჰქონდა დაცობილი.

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ გვერდით კიბეებს სახელმწიფო კანცელარიისკენ ავუყევი. მაინტერესებდა რა ხდებოდა სახელმწიფო კანცელარიისა და უშიშროების სამინისტროს ყოფილ ეზოში, იქ, სადაც წინა წლებში გამართული აქციების დროს სპეცრაზმელები იყვნენ ხოლმე მობილიზებულები. ისინი ამჯერადაც იქ დაგხვდნენ, ოღონდ ერთი განსხვავება შევნიშნე - წინა წლებში ხელისუფლება სპეცრაზმელებს ყვითელი ავტობუსებით დაატარებდა და ახლა ყვითელი ავტობუსები დიდი თეთრი კომფორტული ავტობუსებით ჩაუნაცვლებიათ.

პარლამენტის შენობის უკანა მხარეს, ჩიტაძის ქუჩიდან რომ მივუახლოვდი, ოთხს ხუთი წუთი აკლდა. ამ დროს პარლამენტის შენობასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ნიკა რურუა თავის ყოფილ პირველ მოადგილესთან დავით ცხადაძესთან ერთად აქციისკენ მიიჩქაროდა.

პავლე კუბლაშვილი „ტელეიმედს“ ინტერვიუს პირველი სკოლის წინ აძლევდა. იქვე ახლოს კაკო ბობოხიძის ძმა ჟურნალისტებთან თავისებურად პოზიორობდა. აქციაზე არაერთხელ შევხვდით დამკვირვებლების მოსასხამებით გამოწყობილებს. გვითხრეს, რომ არანაირი დარღვევა არ შეუნიშნავთ.  

ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიამ for.ge-ს რუსთაველზე ყოფნის მიზეზი ასე განუმარტა - „მხარს ვუჭერ დასავლურ კურსს და შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობასო“. გოგი ხოშტარიაში, რომ არ აგერიოთ, შეგახსენებთ, რომ ეს ის დავით ხოშტარიაა, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ცენტრში რომ მუშაობს და ამ ბოლო დროს ბუბა კუდავასთან ერთად ბრიფინგებს რომ მართავს, იშხანის და ოშკის გადასარჩენად. იქვე ახლოს ქეთუსია იგნატოვა იდგა.

აქციაზე ვნახეთ მიხეილ სააკაშვილისგან დასაჩუქრებული მარიამ საჯაიას დედა ნაზი არონია. გიორგი ვაშაძემ ისე გამოაცხადა სერგო რატიანი მოგესალმებათო, ვიფიქრე, ეგაა და დაინგრევა რუსთაველის გამზირი ტაშისგან და შეძახილებისგან-მეთქი, მაგრამ, როგორც საკაშვილი იტყვის ხოლმე - ნურას უკაცრავად, ტაში აქა იქ დაუკრეს.

„საქართველოს არ სჭირდება წარსულთან მებრძოლი მთავრობაო“, - ისე თქვა დავით ბაქრაძემ, გეგონება 2003 წლის ნოემბრიდან მოყოლებული „ნაცმოძრაობა“ წარსულს სულს უბერავდა, მტვერი არ დაედოსო.

პარლამენტის შენობის წინ დადგმული სცენიდან გაკეთებული განცხადებებიდან ყველაზე სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) ის გახლდათ, რომ „ნაცმოძრაობა“ თურმე, ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებს.

პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე უცხო ქვეყნის დროშებიდან ერთადერთი აზერბაიჯანის დროშა ფრიალებდა. ოც წლამდე, ასე, თხუთმეტმა შავტუხა ბიჭმა რუსთაველი გადაირბინა და ილიას და აკაკის ძეგლთან ააფრიალა აზერბაიჯანის დროშა.

ხუთი საათი სრულდებოდა, ოპერის თეატრის მხრიდან აქციას შეძახილებით რომ შეუერთდა იასამნისფერ დროშებიანი დაახლოებით, სამი ათეული ახალგაზრდა. ისინი ძარღვების დახეთქვამდე სკანდირებდნენ - „დროა, დროა“. იასამნისფერ დროშებზეც იგივე ეწერათ - „დროა“. ზოგ მათგანს პირი თავსაფრით ჰქონდა აკრული. საინტერესოა ისაა, რომ ამ ახალგაზრდებიდან დაახლოებით შვიდი ყმაწვილი მანამდე თავისუფლების მოედანთან იდგა, მაშინ ხუთჯვრიანი დროშები ეჭირათ ხელში. მერე, ეტყობა, რუსთაველი სირბილით გაიარეს, სადმე ოპერასთან შეიკრიბნენ და აქციისკენ მსვლელობით წამოვიდნენ.

აი, ასეთი გახლდათ for.ge-ს თვალით დანახული და აღქმული ვითარება. „ნაცმოძრაობის“ აქციაზე, როგორც იტყვიან, ისე არ წვიმდა, როგორც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ქუხდა.