„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორთვიანი მზადების და მოწოდების შემდეგ, მთელი საქართველოდან ამომრჩეველთა 0,1-0.2 პროცენტი მიიღო, რადგან სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი მივიდა დღეს აქციაზე. „ბიბისის“ მონაცემებით „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას 5600 ადამიანი ესწრებოდა. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი აქციაზე 7000 ადამიანზე მეტი არ ყოფილა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ათობით ათას ადამიანს მოუყარეს თავი, ტყუილია.
აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ორი თვის წინ ვანო მერაბიშვილის ორგანიზებით დაანონსდა და ბოლო მომენტამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი აქციაზე მისვლას არ აპირებდა. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემაც გააკეთა. გუშინ მან განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო, პრეზიდენტი აქციას არ დაესწრებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, როდესაც სააკაშვილმა ხალხის ეს რაოდენობა დაინახა, აქციაზე მისვლა გადაწყვიტა და ვანო მერაბიშვილის გაშლილ სუფრაზე თამადობა მოისურვა. საინტერესოა ისიც, რომ ვანო მერაბიშვილმა აქცია სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას დატოვა.
მან წასვლისას ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ევროპულის გარდა სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს.