For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის რაიონული გამგეობებიდან თანამშრომლები ნაციონალებმა აქციაზე გაიყვანეს და გამგეობები პრაქტიკულად დაცარიელებულია. ამ ინფორმაციის გადამოწმებას რამდენიმე გამგეობაში დარეკვით შევეცადეთ.
რამდენიმე გამგეობაში - ისნის, ვაკი-საბურთალოს, ჩუღურეთის, და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში გვითხრეს, რომ თანამშრომლები ყველანი ადგილზე არიან და ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან არის აქციაზე წაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მართალია რაიონული გამგეობები გაიყო, ანუ გლდანის და ნაძალადევის რაიონის გამგეობები ერთად აღარ არის, მაგრამ რეალურად ისინი ერთ შენობაში არიან განლაგებული და ერთი ინფრასტრუქტურით სარგებლობენ. გლდანის გამგეობის კანცელარიში განგვიცხადეს, რომ კანცელარიის თანამშრომლები ყველანი სამსახურში არიან, ხოლო გამგეობის დანარჩენი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან კანცელარია შენობის პირველ სართულზეა.
ჩვენ გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობების კიდევ რამდენიმე ტელეფონზე ვრეკავდით, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. ამის შემდეგ გამგებლის მისაღებში დავრეკეთ, სადაც აგვიხსნეს, რომ ეს ორივე რაიონის გამგებლების საერთო მისაღებია და ამ დროს გამგებლები და მათი მოადგილეები ადგილზე არ იყვნენ. გამგებლების მისაღებში გლდანის გამგებლის მოადგილის, ბესო არველაძის ტელეფონის ნომერი მოგვცეს, რომელზე დაკავშირებაც რამდენჯერმე უშედეგოდ ვცადეთ. გარკვეული დროის შემდეგ არველაძემ თავად გადმოგვირეკა და ტელეფონის ყურმილიდან მომავალი ხმაურით ცხადი გახდა, რომ ის ნაციონალების აქციაზე იმყოფებოდა. როდესაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, კავშირი შეწყდა და ჩვენს სატელეფონო ზარებს არველაძემ აღარ უპასუხა.
რა თქმა უნდა, ტელეფონით იმის გადამოწმება, არიან თუ არა გამგეობებში თანამშრომლები ადგილზე, რთულია, მაგრამ უკანასკნელ დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 19 აპრილის აქციისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების მობილიზაცია მიმდინარეობდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არც გაუჭირდებოდა, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებს და გამგეობებს დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს.