მმართველი გუნდის ნაწილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას უფრთხის, მეორე ნაწილი კი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, კომისიის შექმნის მომხრეა და უმცირესობის მხრიდან კითხვაზე - „რატომ ფლანგავდნენ საბიუჯეტო თანხებს, მაშინ, როცა ბავშვები იღუპებოდნენ?“ პასუხებს ელიან. საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნება თუ არა კომისია, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ამ თემაზე უმრავლესობის შიგნით იმსჯელებენ, მაგრამ მანამდე, უწყებაში ის კომისია იმუშავებს, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობას შეისწავლის.
რას ფიქრობენ ხელისუფლებაში დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენასა და კომისიის შექმნაზე, for.ge უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, თინათინ ხიდაშელს ესაუბრა:
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება?
- ეს ის თემაა, რაც მე, თქვენ და მთელ ქართულ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, რადგან ამ საკითხზე სრული ისტერიული ხმაური კონტროლის პალატას უნდა აეტეხა, მაგრამ ამ ქვეყანაში ისევე როგორც კონტროლის პალატა, ასევე სხვა უწყებები თავის ადგილზე არ იდგნენ და ისინი ერთი პარტიის სამსახურში იყვნენ. ამ ამბით კონტროლის პალატის თავმჯდომარე დღეს მაინც უნდა დაინტერესდეს და მან დაკისრებული მოვალეობა ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, არის ისეთი თემები, რომლებიც ფინანსურ გამჭირვალეობასა და საბიუჯეტო თემებს სცდება და დანაშაულში გადადის.
ამ თემებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ როდესაც, საკუთარი ოჯახის წევრების ხარჯებს ისტუმრებ, ეს ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაა, რაც დანაშაულის ნიშნების მატარებელია და შესაბამისად, ამ საკითხით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. კომისია შეიქმნება თუ არა, ეს არ ვიცი, ამაზე უმრავლესობა იმსჯელებს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს თემა ასე ვერ ჩაივლის და ეს მხოლოდ ჩვენი საუბრით არ უნდა დამთავრდეს.
პირადად თქვენი პოზიცია როგორია - კომისია უნდა შეიქმნას?
- ყველაზე სწორი იქნება, რომ კონტროლის პალატამ თავისი საქმე გააკეთოს. ის დოკუმენტები, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს მცირე ნაწილია იმ ზღვა მასალისა, რაც ცხრა წლის განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ პროკურატურამ ამაზე მსჯელობა დაიწყოს.
ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას სახალხო დამცველიც ითხოვს. ლოპოტას ხეობის მოვლენებით დაინტერესდებით?
- ჩემი პოზიციაა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე საგამოძიებო კომისია ნამდვილად არ უნდა შეიქმნას, რადგან ლაფანყურის შემთხვევაში, პოლიტიკურ სისტემურობას კი არ აქვს ადგილი, განსხვავებით სააკაშვილის ხარჯებისგან, რომელსაც სისტემური ხასიათი აქვს, არამედ ეს არის სუფთა წყლის ერთი დანაშაული, რომელსაც გამოძიება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამას სამართალდამცავები თავს კარგად გაართმევენ და ამას არანირი კომისიის შექმნა არ სჭირდება.
წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდით, რომ 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენების შესწავლის მიზნით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა. რატომ გაურბიხართ კომისიის შექმნას?
- ჩემი აზრით, 26 მაისთან, 7 ნოემბერთან, ციხის წამებასთან და საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებით, პარლამენტში კომისია უნდა შექმნილიყო, რადგან ეს იყო სისტემური დანაშაულები, მაგრამ ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი იყო და კომისიის შექმნა დაგვიანდა.
მაგალითად, რომელი ობიექტური მიზეზის გამო ვერ შეიქმნა კომისია?
- რითი განსხვავდება საპარლამენტო კომისიის გამოძიება ჩვეულებრივი გამოძიებისგან? - კომისიის მუშაობა მთლიანად ღია, გახსნილი, საჯარო და გამჭირვალეა. ამიტომ, ეს კომისია იმ დროს ვერ იმუშავებს, როცა გამოძიება მიმდინარეობს.
ვფიქრობ, ჯერ კომისია უნდა შექმნილიყო, მას პროკურატურა დალოდებოდა და გამოძიება მერე დაწყებულიყო, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თემა დაგვიანებულია. უბრალოდ, დღეს გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ მას ხელს ვერ შევუშლით. როცა პროკურატურის მიერ ამ საქმეების წარმოება დასრულდება, მაშინ შესაძლებელია დღის წესრიგში საქმის პოლიტიკური ნაწილის გამოძიება დადგეს და დასკვნები გაკეთდეს. ამასთან, ობიექტური მიზეზი ისიც იყო, რომ როცა პროკურატურა იქმნებოდა, ჩვენ ველოდებოდით იმას, რომ ახალ პროკურორს ადგილზე დიდი წინააღმდეგობა დახვდებოდა და გამოძიებას ხელი შეეეშლებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. საბედნიეროდ, ყველაფერი უფრო სწრაფად და გაცილებით კარგად მოხდა, ვიდრე ველოდებოდით.
თუმცა, ძალოვან უწყებებში ის პროკურორებიც ინარჩუნებენ თანანმდებობებს, რომლებიც ბიზნესმენების დატერორებით იყვნენ დაკავებულნი. საუბარია იმაზეც, რომ სწორედ ეს პირები ბლოკავენ ბევრ საქმეს. . .
- ვიცი, რომ ეს პირები მუშაობენ, მაგრამ მთავარი ის კი არ არის ისინი მუშაობენ თუ არა, არამედ ის, ისინი ახლა როგორ იქცევიან. ეჭვები მეც მომისმენია, მაგრამ არცერთი საფუძველი არ მაქვს იმის, რომ ეს ეჭვები დადასტურდეს. როდესაც, ადამიანი იმას ამბობს, რომ ექვს თვეში რატომ არ გადატრიალდა სამყარო და არ მორჩა ყველაფერიო, ასეთი განცხადების პათოსი არ მესმის. ვიცი, რომ ცხრა წელი ამ უბედურებაში ვიყავით და ხალხს ძალიან ეჩქარება, მაგრამ არის ობიექტური ვითარება, როცა ეს შეუძლებელია. შედეგი სწრაფად არ დგება.
წინასაარჩევნო პერიოდში სამართლიანობის აღდგენაზე აპელირებდით. საზოგადოებაში უკვე გარკვეული სახის ჩივილები გაჩნდა. მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება არ მოსწონს. თქვენ პროკურორის მუშაობით კმაყოფილი ხართ?
- სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ პროკურორის მუშაობაზე არ არის დამოკიდებული. ამ მიდგომაში არის მთავარი შეცდომა. სამართლიანობის აღდგენა პირველ ოქტომბერს დაიწყო, რაც ძალიან კომპლექსური პროცესია, რადგან ყველას თავის რამ აქვს აღსადგენი. დღეს, ერთ-ერთი მოქალაქის წერილი მივიღე, რომელიც მწერს, რომ ჩვენზე გულაცრუებულია, რადგან მისი შვილი ისევ ციხეშია, მაშინ, როდესაც, ათი ათასმა ადამიანმა საპატიმროები დატოვა. მისი მესმის, მაგრამ ეს ადამიანი თვლის, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა. თავს იმის უფლებას არ მივცემ, რომ ამ პირის ჩადენილი დანაშაული შევაფასო, რადგან არ ვიცი, იქნებ ის უდანაშაულოა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა თავისი პრობლემიდან ამოდის.
საზოგადოება სამართლიანობის აღდგენაში იმ თანანმდებობის პირთა დასჯასაც გულისხმობს, რომლებიც მათ უფლებებს არღვევდნენ?
- 2004 წელს, ნაციონალი ხელისუფლება ხალხს სახლებში ცეცხლითა და მახვილით უვარდებოდა. ამ შემთხვევაში, ცეცხლი პროკურატურა იყო, ხოლო მახვილი კამერები. გახსოვთ, რომ სახლებიდან შიშველი ბავშვები და მეუღლები გამოჰყავდათ, ბავშვების ფეხსაცმლის კარადებში იარაღებს პოულობდნენ და ხალხს იჭერდნენ. ეს იყო მათი გზა, რაც ყველაზე მარტივია, რადგან ვინმესთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებას რა უნდა?! ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, რომ სამართლიანობა აღდგება სამართლიანი გზებით. მე და თქვენ როგორი დიდი მოთხოვნილებაც არ უნდა გვქონდეს, რომ გიგი უგულავა იჯდეს ციხეში, როგორც კი რამე შეგეშლება ზუსტად იგივე ხდები და მისგან არაფრით განსხვავდები. სააკაშვილის დროს ხალხი გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მიეჩვია, მაგრამ ჩვენ ეს გზა არ აგვირჩევია.