„ბოკერია ამათ ერთმანეთს დააჭმევინებს და დარჩება თავად თეთრ ცხენზე“

„ბოკერია ამათ ერთმანეთს დააჭმევინებს და დარჩება თავად თეთრ ცხენზე“

ნაციონალური ომი გრძელდება, ამჯერად დათა ახალაიას სახელით ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აკეთებს განცხადებას და ვანო მერაბიშვილს მოუწოდებს, „მშიშრები“ და ზეგავლენის ქვეშ მოქცევისაკენ მიდრეკილი პირები, მის ყოფილ მოადგილეებსა და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ სხვა პირებში მოიკითხოს.

მანამდე სოციალურ ქსელებში გიორგი უდესიანის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც თითქოსდა, უდესიანი აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებოდა და აცხადებდა, რომ დათა ახალაიამ და ვანო მერაბიშვილმა საქართველოში კრიმინოგენური ფონის ილუზიის შექმნის ორგანიზება დაავალეს. თუმცა, მოგვიანებით, უდესიანის დამ ეს ინფორმაცია უარყო და უდესიანის სხვა განცხადება შემოგვთავაზა, სადაც ის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა და არც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს.

რაც შეეხება დათა ახალაიას სახელით გაკეთებულ განცხადებას, როგორც ირაკლი ზაქარეიშვილი განმარტავს: „აქვე ვალდებული ვარ კატეგორიულად უარვყო და გავაქარწყლო ბატონი ივანე მერაბიშვილის მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეული განცხადება იმის შესახებ, თითქოს, დავით ახალაია მოექცა ზეწოლის ქვეშ, ვერ გაუძლო წნეხს და ამის გამო უყენებს მას ბრალდებებს“.

როგორც ჩანს, ახალაიები აღარ ხუმრობენ, აღარც ვანო მერაბიშვილი, მათ შორის დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ აღზევების ხანაშიც შესამჩნევი იყო, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება ახერხებდა და მერაბიშვილ-ადეიშვილის ფრთის დაპირისპირებას მასშტაბურ ხასიათს არ აძლევდა.

მართალია გარედან მტკიცე, შეუვალი და მონოლითური ჩანდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ძირითად დაჯგუფებას ეფუძნებოდა, მათ შორის ყოველთვის იყო ქიშპობა, თუმცა სააკაშვილი ახერხებდა, მათ ერთმანეთი დაებალანსებინათ და ამგვარად აკონტროლებდა სიტუაციას ყველა სახელისუფლებო შტოში, მთელ ქვეყანაში. რაც უფრო ახლოვდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები დაპირისპირება ნაციონალურ დაჯგუფებებს შორის უფრო მწვავდებოდა, თუმცა გარეთ ეს ამბები ნაკლებად გამოდიოდა.

რა ხდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებამდე და რა პროცესები მიდის ახლა ერთ დროს ძლევამოსილ მმართველ გუნდში ამ თემაზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

ბატონო მამუკა, გარედანნაციონალური მოძრაობაჩანდა როგორც ერთი, მთლიანი ორგანიზმი, თუმცა საზოგადოებამ იცოდა, რომ არსებობდა რამდენიმე სხვადასხვა დაჯგუფება. ბოლო რამდენიმე წელი უკვე კარგად დავინახეთ, ვინ ვისთან იყო და ქვეყნის მართვა როგორ უნდა გაენაწილებინათ. თქვენი ინფორმაციით, რამდენი ძირითადი ჯგუფი იყოფდა ძალაუფლებას?

- თავიდან როგორ იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ უკანასკნელ წლებში უკვე ასეთი კონფიგურაცია გამოიკვეთა: ერთი იყო „თავისუფლების ინსტიტუტის“ ფრთა; იყო მერაბიშვილის გუნდი, მერაბიშვილის გუნდში მოიაზრებოდა გიგი უგულავაც. იყო კიდევ ახალაიების გუნდი ადეიშვილთან ერთად; დავით ბაქრაძის გუნდი ე.წ. ზომიერების ფრთა, ბაქრაძის გუნდში, უფრო, პარლამენტში მყოფი ადამიანები მოიაზრებოდნენ, რომლებიც არაფრით არ გამოირჩეოდნენ.

შესაძლოა, იყვნენ წვრილ-წვრილი დაჯგუფებებიც, მაგრამ მაინც და მაინც ზუსტ მემატეანედ „ნაციონალური მოძრაობის“, ალბათ, ვერ გამოვდგები. გარდა ამისა, იყვნენ ინდივიდუალური წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ სააკაშვილზე იყვნენ მიმაგრებულები, მაგალითად, შაშკინი და თუ გახსოვთ, ის მუდმივი დარტყმის ობიექტი იყო ერთი მხრივ, თავისუფლების ინსტიტუტის, მეორე მხრივ, ახალაიების ჯგუფის. ასეთებად მოიაზრებოდნენ, კალმახელიძეც და ქობალიაც.

უნდა ითქვას, რომ ამ კონფიგურაციაში გარკვეული დაპირისპირება შეინიშნებოდა, მაგრამ ამ დაპირისპირებას ან არ ჰქონდა საჯარო სახე, ან თუ ჰქონდა, თუთბერიძე შაშკინის, უფრო ადრე, თუთბერიძე-ლომაიას დაპირისპირებაში გამოიხატებოდა. ამას ჰქონდა უფრო პროფესიული დაპირისპირების ფორმატი და არ აღიქმებოდა დაპირისპირებად მოძრაობის შიგნით.

რაც უფრო ახლოვდებოდა არჩევნები, მით უფრო იკვეთებოდა, რომ ასეთი დაპირისპირება შეიძლებოდა ყოფილიყო. ვამბობ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს დაპირისპირება მაინც და მაინც დიდად არც გამოკვეთილა. აქა-იქ ჩნდებოდა-ხოლმე პრესაში ან საზოგადოებაში ერთი ჯგუფის მიერ მეორეზე აგდებულად ან აუგად ნათქვამი.

ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ჩაკეტილები და დახურულები იყვნენ. შესაძლოა, შიგნითვე აგვარებდნენ ყველაფერს ისე, რომ გარეთ არ გამოსულიყო?

- შიგნითვე გვარდებოდა, მაგრამ მაინც გამოდიოდა ხოლმე გარეთ ბოლო წლების განმავლობაში, უფრო სწორად, ომის მერე. ეს დაიწყო განსაკუთრებით მაშინ, როცა უცერემონიოდ სხვისი ქონების მითვისების პროცესი დაიწყეს.

ამ კონტექსტში, ქონების გადანაწილებაში, ერთმანეთის ინტერესებს ებრძოდნენ. ძალიან ნიშანდობლივი იყო ამ თვალსაზრისით, დავით ბეჟუაშვილის სიმამრის ცემა, როცა მას ქონება უცერემონიოდ წაართვეს და გაილახა იმიტომ, რომ ხელს არ აწერდა ქონების დათმობის შესახებ დოკუმენტებს - თან ბეჟუაშვილი იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, შემდეგ ამას დიდი ამბები მოჰყვა.

ალბათ, ამ კონტექსტში ჯდება მარიკა ვერულაშვილის მეუღლის დაკავების თემაც, ზოგიერთი ჩინოვნიკის ცემა, ახლობლების დაკავება და ....

- დიახ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაშიც სწორედ ამ დროიდან გამოდიოდა ინფორმაცია დაპირისპირებასთან დაკავშირებით როცა ქონების აშკარად წეწვა-გლეჯვაზე გადავიდნენ. უკვე ვეღარ ზომავდნენ და ეთმანეთის ქონებას ახლობლებსა და მეგობრებს ერჩოდნენ. ეს ყველაფერი მაინც ხდებოდა საზოგადოების ყურადღების საგანი, მაგრამ ამას უფრო პატარა ბიჭებს შორის კრიმინალური გარჩევების სახე ჰქონდა და არა პოლიტიკური დაპირისპირების. ლიდერობისთვის ბრძოლა არ ყოფილა.

ლიდერობისთვის ბრძოლა როდის დაიწყეს?

- სადღაც, 2012 წლის ივლის-აგვისტოში უკვე გამოიკვეთა, რომ ამ ყველაფერმა მიიღო პოლიტიკური დაპირისპირებისა და ლიდერობისთვის ბრძოლის სახე. მედროშეები იყვნენ, ერთი მხრივ, ძმები ახალაიები, მეორე მხრივ, ვანო მერაბიშვილი.

სააკაშვილი ხელისუფლებაში ვეღარ იქნებოდა, რადგან კონსტიტუცია მას ამის უფლებას აღარ აძლევდა, გამოდის, რომ მან ერთმანეთის პირისპირ დატოვა ყველა ლიდერი...

- ახალაიების ფრთა საკუთარ ძალას გრძნობდა, რადგან მის უკან თავდაცვის სამინისტრო იყო, ამის გარდა, ძალოვანების მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილი, დათას ყოფილი თანამშრომლები. ისინი ბუნებითაც ლიდერები არიან და ზურგს უკან არა მხოლოდ საკუთარი ხალხის მხარდაჭერას გრძნობდნენ, არამედ გარკვეულწილად, სააკაშვილის მხარდაჭერასაც.

მეორე მხარეს იყო უგულავა-მერაბიშვილის ტანდემი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ძალები გააჩნდა დასაყრდენად.

„თავისუფლების ინსტიტუტმა“ ბოკერიას ხელმძღვანელობით არჩია ტაიმაუტის აღება და სიტუაციის მონიტორინგი.

დათო ბაქრაძის გუნდს არც ჰქონდა დიდი გავლენა და ხმის ამოღების საშუალებაც არ გააჩნდა.

ძირითადად, ორი ძალა დარჩა დაპირისპირებული და შეიძლება ითქვას, რომ ამ დაპირისპირებაში გაპრემიერებულმა ვანომ მოიგო. ლაფანყურის ოპერაციაშიც მოუგო ბაჩო ახალაიას, რომელსაც, ფაქტობრივად, ხელი შეაწმინდა. პერევის შემთხვევაში კი, ორივე ძმას შეეწმინდა ხელი.

ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც ძმებმა მოინდომეს, რომ „რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები“ ყოფილიყვნენ, ორივე გაირიყა - როცა ისინი არ შეურიგდნენ არჩევნების შედეგებს და როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეშვეობით მიშა სააკაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალაიები რაღაცას აპირებდნენ. შაშკინმაც იაქტიურა თავისთავად, რადგან შაშკინი თვითონ იყო გამწარებული ახალაიებზე - დათა ახალაიამ იგი თავდაცვის მინისტრად გადასვლისას ბაჩო ახალაიას ყოფილ კაბინეტში არ შეუშვა და სიტუაციასაც ფაქტობრივად, თვითონ აკონტროლებდა თავდაცვის სამინისტროში. შაშკინმა ისინი „ჩაუშვა“ ამერიკის ელჩთან და იცით, შემდეგ რაც მოხდა, ორივე ძმა წავიდა საქართველოდან.

საკმაოდ უცნაურად მოხდა ბაჩა ახალაიას დაბრუნება, მან იცოდა, რომ საზოგადოების მთელი აგრესია მისკენ იყო მიმართული, მაგრამ მაინც დაბრუნდა საქართველოში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომნაციონალურმა მოძრაობამმას გარკვეული გარანტიები მისცა?

- ყველა განცხადება მის წინააღმდეგ იყო მიმართული და მთავარ უარყოფით ფიგურად იქცა ბაჩო ახალაია. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტის ინფორმაცია მის წინააღმდეგ, ინსპირირებული იყო ვანო მერაბიშვილის მიერ, იმიტომ, რომ მას ჰქონდა ასეთი გავლენები ჟურნალისტებზეც და საზოგადოების წარმომადგენლებზეც.

მოკლედ, ყველაფერი ხდებოდა იმისათვის, რომ ბაჩო ახალაია მთავარ დამნაშავედ წარმოჩენილიყო. ციხის ბუნტის გარდა მას ბრალდებოდა ბევრი ისეთი დანაშაულიც, რასაც ფიზიკურად, დროის უქონლობის გამო ვერ ექნებოდა ადგილი, როცა ხელმძღვანელი უკვე შაშკინი, შემდეგ კალმახელიძე იყო. პრინციპში, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ თავი გაემართლებინა. იგრძნო ის, რასაც დათა ახალაია გრძნობს დღეს - ძმები გამოდიან მთავარი დამნაშავეები და დანარჩენები „არაუშავს“ მდგომარეობაში რჩებიან.

როდესაც ბაჩო ახალაია ჩამოდიოდა, როგორც ჩანს, ნაციონალებისგან გარანტიაც მიიღო - სასამართლო ჩვენს ხელშია და ვერ დაგიჭერენ, ან თუ დაგიჭერენ, იქცევი გმირად, სასამართლო მაინც გამოგიშვებს და მაინც გმირად დარჩებიო. ვფიქრობ, რომ ის, უბრალოდ, შეცდომაში შეიყვანეს.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ როცა ბაჩო ახალაია მივიდა პროკურატურაში, ვფლობ ინფორმაციას, რომ მას თან არ ჰქონია ის ატრიბუტები, რაც ციხეში ხელს შეუშლიდა, მაგალითად, თან ჰქონდა ძველი ტელეფონი, სამაჯური არ ეკეთა, - ეს ინფორმაცია თვითონ ნაციონალებმა მომაწოდეს და იმას ნიშნავს, რომ ბაჩო ახალაიამ იცოდა, რომ მას აპატიმრებდნენ.

დაპატიმრება მოულოდნელი არ ყოფილა, ეს გათვლილი ჰქონდა, მაგრამ გათვლილი ჰქონდა ისიც, რომ მას ციხიდან გამოუშვებდნენ. პირველ ხანებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქტიურობამ, ლამის, საკანში რომ შეყვნენ, იმაზე მიმანიშნა, ცდილობდნენ, დაემშვიდებინათ ახალაია, რომ ეს ყველაფრი გარკვეულ პერიოდში დასრულდებოდა.

ეს იყო გამიზნული პოლიტიკა - გარკვეულ პერიოდში გამოგიშვებენ, ოღონდ დამშვიდდი და არაფერი არ თქვა. რომ დაინახეს, ახალაია არაფრის მთქმელი არ იყო, მიატოვეს.

ახალაიაც თვლიდა, რომ მისი მთავარი კოზირი ჩუმად ყოფნა იყო, უფრო საჭირო იქნებოდა და მით უფრო მეტად შეძლებდა ნაციონალთა ლიდერების დაშანტაჟებას, მაგრამ ამან, როგორც ჩანს, არ გაჭრა, რადგან ნაციონალებმა მაინც არ გაანძრიეს ხელი. ახალაია ციხეში უფრო აწყობდათ და მიაღწიეს ამას.

ამით ხელი გაეხსნა მერაბიშვილს და დაიწყო იმის კეთება, რაც მას უნდოდა. როგორც ჩანს, მერაბიშვილის მთავარი ამოცანა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება.

პრინციპში, რაც ხდება, 19 აპრილი, ეს არის ვანო მერაბიშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის, ან რომელიმე სხვა ლიდერის ღონისძიება.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ თვითონ მიშასაც აწყობდა ახალაიების განზე გაწევა?

- ჭორებზე არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ სავარაუდოდ, მიშა უნდა ყოფილიყო გაღიზიანებული, რადგან სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ახალაიები მისი კონტროლიდანაც გავიდნენ. ახალაიებს გაუჩნდათ მხურვალე მხარდამჭერები ნაციონალების რიგით წევრებში - დაინახეს, რომ ახალაიებს დასავლეთიდან მოსულ გეგმაში ჩაჯდომა არ უნდოდათ.

ეს გეგმა გულისხმობდა იმას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარებულიყო - ეს დასავლეთის სერიოზული დაკვეთა იყო. ჩემი ვარაუდით, ამ დაკვეთის კონტექსტში იგულისხმებოდა, რომ უნდა გაემარჯვა მცირე უპირატესობით „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ქართულ ოცნებას“, თუმცა, არც ერთს არ უნდა ჰქონოდა გადამწყვეტი უპირატესობა.

როდესაც ერთ-ერთმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა გადამწყვეტი უპირატესობით, როგორც ჩანს, ახალაიებს გაუჩნდათ განწყობა, რომ მოგვატყუეს, მიშა მოატყუეს, აიძულეს ასე მოქცეულიყო და ამას არ უნდა შევურიგდეთო.  როგორც ჩანს, მიშა ამან გააღიზიანა და გვერდზე გაწევაც ამიტომ მოინდომა. ის ფრაზაც, რომელიც მან გუშინწინ თქვა, არ ვიცი, რომელია ეს ახალაიაო, მანიშნებელია იმისა, რომ ეს პროცესი არა გუშინ და გუშინწინ, არამედ გაცილებით ადრე დაიწყო.

თავის დროზე, ეს ადეიშვილის განზე გაწევასაც ნიშნავდა ალბათ...

- ადეიშვილიც განზე გასწია და რაც მთავარია, მიშამ ამგვარი მოქმედებით საკუთარი თავი თვითონვე დაისუსტა. სხვათა შორის, ისტორიაში ასეთი რამ მომხდარა, როდესაც ერთგული, ძლიერი ადამიანის გვერდზე გაწევით საკუთარ თავს თვითონ ისუსტებს ხელმძღვანელი და ამას აკეთებს სუფთა ადამიანური მოტივაციით - ჰგონია, ვეღარ აკონტროლებს და ამიტომ იცილებს თავიდან. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს ხელში იღებს მესამე, ამ შემთხვევაში მერაბიშვილი.

ხომ ხედავთ რაც ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები მერაბიშვილზე არიან ორიენტირებული, მცირე ნაწილი სააკაშვილზე და ყველამ კარგად იცის, სააკაშვილი წამსვლელი ფიგურაა, ხედავენ, დასავლეთიდანაც იმხელა მხარდაჭერა აღარ არის რასაც ელოდნენ და ახლა ჩნდება კითხვა - ჩვენ რა გვეშველება? - საშველი არის ძლიერ ფიგურაში, რომელსაც იცნობენ დასავლეთშიც, სხვაგანაც და ცნობადობის მაღალი ხარისხი აქვს საზოგადოებაში. ასეთი ადამიანი დარჩათ მხოლოდ ერთი, ეს არის ვანო მერაბიშვილი.

რამდენად ძლიერია ვანო მერაბიშვილი? ბოკერია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ? უგულავაც გაურკვეველ მდგომარეობაშია...

- ბოკერია სხვა საკითხია, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას გუნდი ფარად იყენებს მერაბიშვილს, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილის ხელით მოიშორონ არასასურველი პიროვნებები და მერე ვანო მერაბიშვილიც აღარ იყოს საჭირო.

აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქარიზმატულობას, საზოგადოების განწყობას, ასეთი ბონუსი არ აქვს არც მერაბიშვილს და არც ბოკერიას, ამის მიუხედავად, ისინი მაინც მოიაზრებიან პოლიტიკურ ასპარეზზე და რაკი პოლიტიკურ სივრცეში იბრძვიან, ცდილობენ, რაც შეიძლება უკეთესი ადგილი დაიკავონ მზის ქვეშ.

გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვიილისგან განსხვავებით იბრძვის ჩუმად. სხვა ტიპის მეთოდოლოგია აქვს და მთელი ამ ხნის განმავლობაში, სხვა ტიპის კავშირებს ამყარებდა დასავლელ პარტნიორებთან. არ არის გამორიცხული, ვანო მერაბიშვილის ხელით გაკეთდეს შავი საქმე და მერე ბოკერიამ მოინდომოს წინა პლანზე გადმოსვლა.

პრინციპში საინტერესო განცხადებებს აკეთებს თეა თუთბერიძე, რის მიხედვითაც შესაძლებელია ბოკერიას პოზიციის განსაზღვრა, თითქოს, უტევს მერაბიშვილს, მაგრამ ბოლომდეც ვერ ბედავს... შესაძლებელია ახალაიების გამოყენება მერაბიშვილის წინააღმდეგ?

- ზუსტად ეს ვიგულისხმე, არ გამოვრიცხავ, ერთმანეთი დააჭმევინოს და მერე თვითონ დარჩეს „თეთრ ცხენზე“.

მაგასაც ნუ ვიტყვით, რომ თუთბერიძე ვერ ბედავს მერაბიშვილს შეუტიოს. თუთბერიძე არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც რაღაცას ვერ გაბედავს. ეს არის ტაქტიკა ერთგვარი, დავარქვათ „გზადაგზა თვალების ახელის“ ტაქტიკა. ყოველ შემთხვევაში ასეთად უნდა მოაჩვენოს თავი საზოგადოებას.

როგორც ჩანს, ნაციონალებში დიდი, ისტორიული გადალაგების პროცესის მოწმენი ვართ, სადაც გამარჯვებული რჩება ტაქტიკურად ძლიერი. სავარაუდოდ, ქარიზმატულობის თვალსაზრისით, უგულავათავისუფალ ცურვაშირჩება და ორივე მხარეს გამოადგება...

- წარმავალი ფიგურის ფონზე ერთმანეთს ებრძვიან მეორე რიგის ლიდერები იმისათვის, რომ მოიპოვონ უპირატესობა. თუ დასცალდათ, ყველა შემთხვევაში, უპირატესობას გიგა ბოკერია მოიპოვებს და მასთან იქნება შემდგომში უგულავა.