დათა ახალაიას შემდეგ, ნაციონალებს საჯაროდ მარიკა ვერულაშვილიც დაუპირისპირდა. უმცირესობის რიგების დატოვების შემდეგ, ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაული იყო. მისი თქმით, მან პარტია იმის გამო დატოვა, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კრახის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი კვლავ გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩა.
ყოფილი თანაგუნდელების თავდასხმების თაობაზე რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
თქვენ აცხადებდით, რომ მარიკა ვერულაშვილმა თქვენი გუნდი ზეწოლის შედეგად დატოვა, რაც მან უარყო. რატომ დაგიპირისპირდნენ ყოფილი თანაგუნდელები?
- პარტიაში თუ რაიმე პრობლემები არსებობდა, ბატონი დათა ახალაია და ყოფილი ლიდერები ვალდებული იყვნენ ამ საკითხებზე პარტიის შიგნით ელაპარაკათ. დღეს, ბიძინა ივანიშვილის ხელით ანგარიშსწორებაში მონაწილეობის მიღებას გამართლებულად არ მივიჩნევ. გარდა ამისა, საზოგადოებას იმ ფაქტს გავახსენებ, როდესაც, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბესო სურმავას სახელით, სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მასალა გავრცელდა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესებზე დღევანდელ სპეცსამსახურებს გარკვეული მასალები აქვთ და ისინი აი, ამ მასალების გამოქვეყნებას სწორედ ყოფილი ნაციონალების მეშვეობით მოახდენენ, როგორც ეს სურმავას შემთხვევაში მოხდა. ეს დღევანდელი სპეცსამსახურების მიერ დადგმული, ერთი მთლიანი სპექტაკლია, რომელიც ნაციონალების ყოფილი ლიდერების მიერ „გაპრავებულია“.
მარიკა ვერულაშვილმა მერაბიშვილის მისამართით „სიუპრიზებიც“ დაანონსა...
- ქალბატონმა მარიკამ, ძალიან საინტერესო რამ თქვა - თურმე, ვანო მერაბიშვილი მეტ მოულოდნელობას უნდა ელოდოს, მაგრამ საინტერესოა, მან ეს საიდან იცის და მას რა მასალებზე მიუწვდება ხელი?! ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისთვის სპეცმასალები არ გადაგვიცია და ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ ხომ არ გააკეთა?!
თქვენი რიგები დატოვა - როლანდ ახალაიამაც, რაც დათა ახალაიას განცხადებიდან გამომდინარე ლოგიკურიც იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა?
- პრობლემა ყველა პარტიაში არსებობს და მათ შორის, დამარცხებულ ძალაშიც. ადამიანები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში წარმატებულ პარტიაში ყოფნას შეეგუენ და პირიქით, რიგით წევრებს გზას უღობავდნენ და პარტიის ლიდერ პოზიციაზე დგომას ასწრებდნენ, ეს ხალხი დღეს უკანმოუხედავად გარბის და ცხოვრებაში გარკვეული პრივილიგების შენარჩუნებას თუ მოპოვებას ცდილობს, რაც ამორალურია. ამ ადამიანების მხრიდან პარტიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პრეტენზია არასოდეს გამოთქმულა, განსხვავებით, რიგითი წევრებისგან.
მაგალითად, პრეტენზიას ვინ გამოხატავდა?
- ჩვენი ხელისუფლება არამარტო მძიმე იყო მოსახლეობისთვის, არამედ ჩვენთვის პარტიული ხელმძღვანელობაც ძნელი იყო. ეს ადამიანები პარტიულ ეშალონებში იყვნენ და ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც პარტიის რიგითი წევრების პრეტენზიებს ახშობდნენ. როგორც ჩანს, თავის დროზე, თავიანთ მდგომარეობას წინა პლანზე აყენებდნენ და ახლა, იგივე მდგომარეობის შესანარჩუნებლად უღირსი საქციელის ჩადენას ცდილობენ.
რაც შეეხება დათა ახალაიას სკანდალურ განცხადებას, რატომ ალაპარაკდა დათა ახალაია?
- სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, რადგან ჩვენი რიგებიდან წასულმა რადენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა მსგავსი ნაბიჯი გადადგა. სააკაშვილის ხელისუფლებას ყველაზე დიდ მინუსად იმას ვუთვლი, რომ თურმე, თავის დროზე, ქვეყნის ბედ-იღბალს უღირს ადამიანებს ვანდობდით. იმ პირებს, რომელთაც მორალური ღირებულებები არ ჰყოფნით იმისათვის, რომ საკითხები, რომლებიც ქვეყნისთვის საზიანოა, ანგარისსწორების მიზნით სააშკარაოზე არ გამოაქვეყნონ. ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყნის სამსაზარეულო ყოველთვის დაბანილი და დავარცხნილი არ არის, რადგან ყოველთვის რაღაც ისეთი ხდება, რაც სავალდებულო არ არის ყველამ იცოდეს. მახსოვს, ოქრუაშვილი ამბობდა, რომ „დაჩოქებულ ჯარისკაცებს დავხვრიტავო“, მაგრამ საკანში ერთი საათით ჯდომის შემდეგ, თვითონ გატყდა. ასევე, ახალაიების დამოკიდებულება მახსოვს. კერძოდ, ის თუ როგორ უტარებდნენ სპეცსამსახურებს გამოცდებს, თუ რამდენად გაუძლებდნენ ისინი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წნეხს და თურმე, ეს სპეცპროგრამაში შედიოდა. ახლა კი, ეს ადამიანები კულუარული საკითხების გამოსატანად მხოლოდ იმიტომ არიან მზად, რომ პირადი ანგარიშსწორების დრო დააყენონ. ისინი პირადი კეთილდღეობის გადაარჩენას ცდილობენ, მაგრამ ღირსების სანაცვლოდ, არანაირი კეთილდღეობა არ ღირს. ამ ადამაინებს როგორც ღირსეულ ადამიანებს ისე ვიცნობდი და ძალიან გული მწყდება, რომ მათ ცხოვრების გამოცდას ვერ გაუძლეს.
თუმცა, საუბარია იმაზე, რომ ახალაიები სწორედ ნაციონალებმა გაწირეთ, რის გამოც, ისინი ალაპარაკდნენ...
- წაგების შემდეგ, ასეთი განცხადების კეთილსინდისიერების არ მჯერა. არც იმას ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ამ განცხადებებს ქვეყნის ბედ-იღბალზე ზრუნვის გამო აკეთებს. ეს არის მდგომარეობის მოგვარების თუ გამტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯები, რადგან ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ მოქალაქისთვის პასუხი ეგებინებიათ, თუ ისინი სახელმწიფოსთან მიდგომაში სისუტეს გამოიჩენდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ პირველივე შემთხვევაში, ისინი სისუსტის მაგალითის მიმცემნი თავად გახდნენ. რიგით ჯარისკაცს როგორ უნდა მოსთხოვო - იყოს ერთუგული მეგობარი, მებრძოლი და ა.შ. მაშინ, როცა ყოფილი თანანმდებობის პირები მსგავს რაღაცეებს სჩადიან.
ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მერაბიშვილსა და ახალაიებს შორის დაპირისპირების თაობაზე ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა. ამის შესახებ თქვენ არ გსმენიათ?
- ამ დაპირისპირებას ვერ ვგრძნობდი, რადგან ყველა პარტიაში შიდა პოლიტიკური კონკურენცია არსებობს, მითუმეტეს, ხელისუფლებაში არიან ჯგუფები, რომელთაც სხვადასხვა მიდგომები აქვთ. ბაჩო ახალაია რომელიმე სოფლის რწმუნებულისგან რითი განსხვავდება?
ალბათ, მხოლოდ რანგით განსხვავდებოდნენ, მაგრამ თქვენს არასწორ მიდგომებს ახლა აცნობიერებთ?
- ანუ, რანგის გამო უფრო მეტად უნდა მოვრიდებოდით?! პასუხისმგბელობა მან ყველაზე მეტად უნდა იგრძნოს. პარტიის რიგითი წევრის სასამართლო პროცესზე არავინ დადიოდა, მაშინ როდესაც, ბაჩოს სასამართლოს მინიმუმ რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. ხელისუფლების მმართველობის ცხრა წლიანი პერიოდი არც ბაჩოს შეუქმნია, არც მიშას და არც კაკოს, არამედ ეს პარტიის რიგითმა წვერებმა შექმნეს და მათ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უზრუნველყვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიას ქვეყანაში დაბრუნებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება, მისმა ყოფილმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა მიაღებინა,რომელიც დაახლოებულია გია ხუხაშვილთან და ლაშა ნაცვლიშვილთან. არსებული ინფორმაციით, გამოძიებასთან შედეგიანი თანამშრომლობის სანაცვლოდ, ჩხატარაშვილმა ახალაიას და მის მეგობრებს გარანტია მისცა, რომ მათი სისხილის სამართლის საქმეები არ დამძიმდებოდა. თუ ახალაიები ალაპარაკდებიან, გამორიცხავთ, რომ ბევრი უბედურების კვალი მერაბიშვილსა და სააკაშვილზე გავიდეს?
- არ მაინტერესებს ვის კვალზე გავლენ. აქ მნიშვნელოვანი არ არის ის, ვინ არის მართალი დათა თუ ვანო, არამედ არ არის სწორი, როდესაც, რიგითი წევრები ბევრ ინფორმაციას, თუნდაც სწორს, პრესის ფურცლებიდან ვგებულობთ. ჩვენს შორის ვალდებულება იყო, რომ ყველაფერი ერთმანეთისთვის გვეთქვა. დათას 2002 წლიდან ვიცნობ, იმ პერიოდიდან, როცა ის ერთი ხალასი, პირტიტველა და ძალიან წესიერი ბიჭი იყო. ცხოვრება იმად არ ღირს, რომ უღირსი ნაბიჯები გადავდგათ.
რაც შეეხება იმ დოკუმენტაციას, რომლითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრების, დედაქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორისა და დეპუტატების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე შოკისმომგვრელი თანხები იხარჯებოდა. საბიუჯეტო თანხების ფლანგვის შესახებ ინფორმაციას თქვენ არ ფლობდით?
- ამ თანხებს გრიფი „საიდუმლო“ ედო და შესაბამისად, ამ ინფორმაციას არ ვფლობდი, მაგრამ რბილად რომ ვთქვა, რამდენიმე ინფორმაცია ძალიან სამწუხაროა, რადგან მსგავსი მოქმედებების გამო რიგითი წევრების მიმართ ძალიან მკაცრი ვიყავით. თუმცა, გაუგებარია, რამდენიმე ინფორმაციაზე თუ რატომ ატყდა ამბავი.
მაგალითად, რომელზე?
- ის, რომ თურმე, იუშენკო აბანოში ყოფილა და მისთვის თანხა დაგვიფარავს. ასევე, ის, რომ ქვეყანაში სტუმრად მყოფ რუს ჟურნალისტებს ნივთები აჩუქეს.
თუმცა, მარიამ საჯაია სტუმარი არ იყო, რომელსაც პრეზიდენტმა 3500 ლარიანი სამაჯური და მობილური უსახსოვრა ...
- როგორც მარიამი ამბობს, ეს არ არის მართალი და იმედი მაქვს, რომ ეს არ არის მართალი. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება იმ ინფორმაციათა შორის, რომელიც ჩემთვის ვერ იქნება კარგი მოქმედება.