ნაციონალების ტყუილს იუშჩენკო უკრაინიდან ეხმაურება

ნაციონალების ტყუილს იუშჩენკო უკრაინიდან ეხმაურება

2011 წლის 6 აპრილს ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში არ ყოფილა, - ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ იუშჩენკოს პრესმდივანმა, ირინა ვანიკოვამ განუცხადა . მისი თქმით, ამის მიუხედავად, უკრაინის ექსპრეზიდენტი მზად არის, საქართველოს ბიუჯეტს აუნაზრაუროს ის 400 დოლარი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თითქოსდა მისი მასპინძლობისთვის დახარჯა.

იუშენკოს პრეს-მდივანი აცხადებს, რომ 6 აპრილს ექსპრეზიდენტმა იუშენკომ პარტია „ჩვენი უკრაინას“ პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩაატარა, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო. შესაბამისად, ვანიკოვას თქმით, ამ დღეს ვიქტორ იუშჩენკო კიევში, საკუთარ ოფისში მუშაობდა და საქართველოშიც არ ყოფილა.

„ვიმედოვნებთ, 400 დოლარი, რომელიც, მზად ვართ, გადავცეთ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით, დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრაში და თავს არ შეირცხვენს ჩაისა და საპნის ხარისხის გაანგარიშებით. ჩვენ მზად ვართ, მივცეთ ერთი ბიდონი თაფლი, მურაბა, საპონი და შამპუნი“, - ამბობს იუშენკოს პრეს-მდივანი.

მისივე თქმით, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპონთან, 7 ჭიქა ჩაისა და ერთჯერად ჩუსტებთან დაკავშირებული დისკუსია ქართული პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიის მძიმე ინტელექტუალურ კრიზისზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირინა იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან სააკაშვილის გუნდის მიერ არამიზნობრივად გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათ შორის იყო საქართველოში, გოგირდის აბანოში იუშენკოს სტუმრობის ფაქტი, თუმცა როგორც ცნობილია, ინვოისში სახელი და თანამდებობა მითითებული არ ყოფილა. ამასთან, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინვოისში აღნიშნულ აბანოში დღეს დაადასტურეს, რომ მათთან დახლოებით 2-3 წლის წინ ვიქტორ იუშენკო იმყოფებოდა.

გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშენკოს აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული. ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს „ნარიყალას“ დირექტორი.

როგორ იმოქმედებს აღნიშნული ფაქტი საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, ქვეყნის იმიჯზე, როდესაც მმართველი გუნდის მიერ გაწეული ხარჯების მიმართ ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ხიდაშელს მივმართეთ. დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მოვალეობაა, პარლამენტმა შეასრულოს თავისი ფუნქციები და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომ აკონტროლოს ხარჯების გამჭვირვალობა. ამიტომ, ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თუ ამ ხარჯებში რაიმე სიყალბეა, ამაზე შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გააკეთონ რეაგირება. დეპუტატის სურვილია, რომ საქართველოში მსგავი ფაქტები აღარ განმეორდეს, რადგან ასეთი შემთხვევები ქვეყნის იმიჯზეც უარყოფითად აისახება.

„ზოგადად ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს, როდესაც გყავს ისეთი უპასუხისმგებლო კაცი, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს და რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტი წარმოდგენილი აქვს როგორც საკუთარი ჯიბის ფული, მაგრამ საბედნიეროდ, იგი ვეღარ ავნებს საქართველოს, რადგან ქვეყანაში ვითარებას ძალიან შეიცვალა და მსგავსი ფაქტები ვეღარ განმეორდება“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.