19 აპრილის მოახლოებამ ნაციონალებს ფანტაზია გაუმდიდრა. დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლაში დაადანაშულა.
სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა. გაბაშვილის ინტერპრეტაციით, პოლიცია და პირადად ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი რეგიონებში მოსახლეობას ემუქრება, რათა 19 აპრილის აქციაზე არ წავიდნენ.
ამას გაბაშვილი იმ პანიკურ კამპანიას უკავშირებს, რომელიც თურმე, ამ დღეების განმავლობაში, მთავრობის მხრიდან წარმოებს, რომ რაღაც სახიფათო უბედურება ელოდება ქვეყანას 19-ში.
მისი თქმით, სიმართლე ისაა, რომ ამ მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ხელისუფლება სრულ ისტერიკაშია, რაც გამოიხატება კონკრეტულ დევნაში, რომელშიც გამოყენებული არიან სამართალდამცველი ორგანოები. გაბაშვილის თქმით, მას პრაქტიკულად, ნახევარ საათში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას რეგიონებიდან და ამ ინფორმაციის საფუძველზე იგი აცხადებს, რომ სამეგრელოში, ზუგდიდის პოლიციის უფროსის ხარებავას, მეტსახელად „კორმას“ და მისი მოადგილე გია ყალიჩავას დავალებით დადიან თანამშრომლები, თავს ასაღებენ თანამშროლებად და, ვისაც თვლიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად, ემუქრებიან და აფრთხილებენ, რომ არ წავიდნენ თბილისში.
გაბაშვილის თქმით, ასევეა, სამხარეოს უფროსის გია ზესაშვილის მიერ შექმნილი ჯგუფები. სამცხე-ჯავახეთში ამ მხრივ აქტიურობს ახალციხის დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილე ჯიმშერ გოგოლაური, აბასთუმნის პოლიციის უფროსი ოლეგ აბროლიშვილი.
„მინდა, ვთქვა, რომ ამაში არის ჩართული რაბათის ციხის დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი. ადიგენში კი ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, რომელიც ჩართული იყო აქციის ორგანიზებაში, დაკავებულია და ნაციონალები ახლა დეტალებს არკვევენ, თუ რა შეთითხნილი ბრალდებით არის დაკავებული და დაჭერილი სოფლის რწმუნებული“.
მეტიც, გაბაშვილის ინფორმაციით, რაჭაში, ონის პოლიციის უფროსი ვიტალი მეტრეველის დავალებით დადის ეს ხალხი და მისი სახელით აფრთხილებენ ოჯახებს, რომ არავინ დაიძრას თბილისისკენ. ასევე, ამბროლაურის პოლიციის უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი, შიდა ქართლში, კასპის პოლიციის უფროს მამუკა ჯაჯანაშვილი, ოლეგ იაძის მეგობარი, ასევე დადის მისი ხალხი და თავადაც პირადად ემუქრება ოჯახებს.
კახეთში კი თურმე თამაზ თამაზაშვილი პირადად სამარშრუტო ტაქსებთან და სხვადასხვა საქირაო ტრანსპორტთან თავის მეგობრებთან ერთად დადის და აფრთხილებს, რომ ცუდი დღე დაადგება ყველას, ვინც თბილისისკენ წავა.
გაბაშვილის მიერ ბრალდებულ პირთა სია უსასრულოდ გრძელდება და საქართველოს ყველა რაიონს მოიცავს. ამდენად, იგი ასკვნის, რომ მთელი პოლიცია დაკავებულია მათი აქტივისტების დაბარებითა და დაშინებით, რომ ოჯახის წევრებს დაუტეროროებენ. მისივე თქმით, სასაცილოა, როდესაც გაახსენდათ, რომ ხვალ უნდა ჩაატარონ მაინცდამაინც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 85-ე კილომეტრზე ე.წ. ხიდის ტესტი და ამიტომ გზების გადაკეტვითაც არიან დაკავებული.
აქვე გაბაშვილმა მეტი ობიექტურობისთვის აღნიშნა, რომ თბილისის პოლიციის მსგავსი მოქმედებების შესახებ არაფერი სმენია.
გოკა გაბაშვილის საპასუხოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა კიდეც, რომ, თვითონ ნაციონალები ავრცელებენ ასეთ ხმებს და თუ რამე მოხდება, ისევ ნაციონალებისგან იქნება პროვოცირებული.
რა ხდება რეგიონებში და შეიმჩნევა თუ არა პანიკა. ამის შესახებ For.ge პოლიტიკოსებს ესაუბრა.
უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ვიღაც დანამდვილებით ისტერიკაშია. უფრო მეტიც, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ისტერიკაში რომ იყოს, მაშინ ქუთაისში კი არ იქნებოდნენ და პარლამენტში კი არ იმუშავებდნენ, არამედ გავარდებოდნენ თბილისში, რომ იქნებ, ერთ ვინმეს მაინც გადაღობებოდნენ და აქციაზე არ მიეშვათ.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა ამ ამბავს პრემიერი და უცხოეთში ვიზიტად იმყოფება. მეტიც, ახალ ხელისუფლებას რომ ჰგონებოდა, რომ ქვეყანა იქცევა, ასე არ მოიქცეოდნენ.
„თავი გაიგიჟეს, „ოცნება“ შეშინებულიაო. მთელი ცხოვრება ამას აკეთებდნენ, რომ ჩვენს მაგივრად ყვებოდნენ, თუ ჩვენ რას ვგრძნობით, გვშიოდა თუ გვეშინოდა. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ არ გვეშინოდა, ვინ არის გაბაშვილი? ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“? ვერ გავიგე, ახლა რა შეგვაშინებს? თუმცა რა ლოგიკა უნდა მოვთხოვოთ ადამიანს, რომელსაც ამხელა ფრაქცია აბარია და დღეში ხუთი კაცი გაურბის ფრაქციიდან. იტანჯება გოკა გაბაშვილი ქუთაისში და ეს უკვე შევატყეთ. კოსტუმის ჩაცმა უწევს, როგორც კი გაიხდის, მაშინვე ასე ამეტყველდება ხოლმე“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ამასთან, ირონიით უყურებს იმ ფაქტს, რომ ამ საქმეში თურმე ჩართულია თუნდაც რაბათის ციხის დირექტორი. მისთვის საინტერესოა, რას აპირებს რაბათის კომპლექსის დირექტორი, ახალციხეში ნაციონალების „მრავალ მილიონიან“ მომხრეებს უნდა გადაეღობოს და რაბათის ციხიდან სათოფურები გაუხსნას?!
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მედიასაშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ, ნახონ, რომ არავინ არ აბრკოლებს სიტუაციას. მეტიც, ზუგდიდში სრული სიმშვიდეა და ადგილობრივი პოლიციის უფროსი არავიზე ზეწოლას არ ახდენს.