"ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ გემი იძირება და ვირთხები ამიტომაც გარბიან"

„ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაული იყო“, - ამბობს მარიკა ვერულაშვილი. ამბობს, რომ ამაზე ადრეც უფიქრია,ძალიან გაუჭირდა, მაგრამ პარტია მაინც დატოვა, რადგან არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კრახი სწორედ მერაბიშვილის დამსახურება იყო, რის შემდეგაც იგი არ უნდა დარჩენილიყო გენერალური მდივნის თანამდებობაზე“.

მარიკა ვერულაშვილი დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცა მას მსგავსი გულახდილობის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს უახლოეს მომავალში. უფრო ზუსტად კი, ვერულაშვილი აანონსებს, რომ მერაბიშვილი ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს.

ბაჩო ახალაიას პროცესზე მისული „ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილი წევრი, დათა ახალაიას განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დათა ახალაიას სახელით გავრცელებული წერილი ნამდვილად ახალაიას ეკუთვნის და ეს წერილი სიურპრიზი გახლდათ ვანო მერაბიშვილის დაბადების დღისთვის, რომელიც ორიოდე დღის წინ აღინიშნა. აქვე ვერულაშვილმა დაადასტურა, რომ როლანდ ახალაიაც აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

მარიკა ვერულაშვილის ეს უკვე რიგით მეორე განცხადებაა, რომლითაც მან ნაციონალების აღშფოთება დაიმსახურა. პირველად მისი მხრიდან მსგავსი განცხადება 4 თებერვალს გაკეთდა, როცა მან ფრაქცია „რეგიონები“ ორიოდე სიტყვით გამოხატული განცხადებით დატოვა: „გავდივარ „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების“ რიგებიდან“...

იმ დროს ვერულაშვილს ფრაქციიდან გასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ამის შესახებ წინმსწრებადმიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე დააანონსა. 2013 წლის 12 იანვარს სააკაშვილმა „ამ ქმარზე ახლად გათხოვილი“ მარიკა ვერულაშვილის სტრესზე, არჩევნების შემდგომ მის საზღვარგარეთ იძულებით გამგზავრებასა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრის დაკითხვაზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა, რამდენ ხანს აპირებდა დაუშვებელი უკანონობით პოლიტიკური მიზნების გადაწყვეტას?!

სააკაშვილი მაშინ წუხდა, რომ ვერულაშვილის ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში მიდიოდა, საზღვრიდან მოხსნეს და დააკავეს. მისი მეუღლე რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკითხვაზე. ამიტომაც ვერულაშვილმა პარლამენტიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ უთხრეს, რომ არა თუ დაეტოვებინა პარლამენტი, არამედ უმცირესობის ფრაქციიდან გასულიყო და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მიეცა ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრის დაკავებით დაემუქრნენ.

მართალია, მარიკა ვერულაშვილის ბედით „შეშფოთებული“ იყო სააკაშვილი, მაგრამ ადამიანი, რომელმაც ვერულაშვილის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ბიზნესმენი სოსო ჩხაიძე აღმოჩნდა, რომელიც მარიკა ვერულაშვილმა საერთო მეგობრისგან გაიცნო. სოსოს ბიზნესი უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და მოსკოვში (ორი რესტორანი) ჰქონდა, წყვილის რომანი კი კარგა ხანს გასაიდუმლოებული იყო. იმ პერიოდში მარიკას მამა საავადმყოფოში იწვა. მოგვიანებით მამა გარდაეცვალა, ქალიშვილი სალომე ლონდონში გაამგზავრა, მას მარიკას დედა გაჰყვა ლონდონში, მარიკა კი, როგორც თვითონ ამბობს, დიდ ტკივილთან მარტო აღმოჩნდა. ამ დროს კატასტროფულად უცბად განვითარდა მოვლენები და დიდი ხნის ნაცნობ სოსო ჩხაიძეს კვლავაც შეხვდა.

მეუღლის ფაქტორი მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მან ნაცმოძრაობის რიგები დატოვა, ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ამ ფორმით მარიკა ვერულაშვილმა ერთგვარად მოუბოდიშა ქართულ საზოგადოებას, რასაც ხალხი ან მიიღებდა, ან - არა. მოგვიანებით, ისიც გაჟღერდა, რომ ვერულაშვილს გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მიაღებინა, რომლის შვილის ნათლიაც იგი რვა წლის წინ გახდა. თუმცა ეკა ბესელია აცხადებდა, რომ შვილის ნათლიასთან ურთიერთობა თავად ვერულაშვილის ინიციატივით პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო შეწყდა. ეკა ბესელია იმასაც განმარტავდა, რომ სააკაშვილის მიერ ვერულაშვილის ოჯახზე ზეწოლის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ იგი მართლაც შეეხმიანა თავისი შვილის ნათლიას, თუმცა ვერულაშვილს მისთვის უთქვამს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდებოდა და ეს სააკაშვილის მორიგი სიცრუე იყო. მეტიც, მარიკა ვერულაშვილს არ დაუმალავს, რომ სწორედ ადეიშვილის დროს ხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა.

ერთი კია, ვერულაშვილს „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპათიებს უმრავლესობაშიც ამჩნევდნენ და 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მის ჩუმ პროტესტზეც საუბრობდნენ.

რატომ გვაოცებენ ნაციონალები ბოლო დროს და მათ შორის, რას უკაშირდება მარიკა ვერულაშვილის განცხადება?! პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ უმცირესობის მიერ მარიკა ვერულაშვილზე ზეწოლის ფაქტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და ალბათ, თავად მარიკა გასცემს პასუხს, იყო თუ არა მასზე რაიმე ფორმის ზეწოლა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მარიკა ვერულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო მაშინ, როდესაც პარტიის პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იყო. ამდენად,არჩევნებში დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე, მერაბიშვილი ყოფილა ყველაფერში დამნაშავე... „ეს კი ძალიან სასაცილოა!“

დღეს საუბრობენ იმაზეც, რომ პროკურატურაში მარიკა ვერულაშვილის მეუღლის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, მაგრამ - ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის დროს. ამის გამო ვერულაშვილს პოლიტიკიდან წასვლაც ჰქონდა გადაწვეტილი, თუმცა მოხდა გარიგება და ამ გარიგების საფუძველზე ვერულაშვილს ყვარლის მაჟორიტარად უნდა ეყარა კენჭი, საარჩევნო კამპანია კი მის მეუღლეს უნდა დაეფინანსებინა. სწორედ ამის შემდეგ ზურაბ ადეიშვილი მის მეუღლეზე საქმეს დახურავდა.

მოგვიანებით, არჩევნებში სააკაშვილის ხელისუფლება დამარცხდა. დღეს კი ნაციონალები ირწმუნებიან, რომ ახალი ხელისუფლების მთავარი პროკურატურაც დაინტერესდა ვერულაშვილის მეუღლის ძველი ბრალდებებით. თუმცა პროკურატურაში დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის მეუღლის დაკითხვის ფაქტს არ ადასტურებენ. მათი თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან პროკურატურაში მარიკა ვერულაშვილის ოჯახის რომელიმე წევრი, მათ შორის, მარიკა ვერულაშვილის მეუღლე არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული არ ყოფილა.

სამაგიეროდ, პოლიტიკურ კულუარებში ცნობილია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მარიკა ვერულაშვილის მეუღლე, თბილისის „შემოვლითი რკინიგზის“ პროექტისთვის რელსების შემოტანის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი სოსო ჩხაიძე და მისი პარტნიორი ვასილ ჩიგოგოძე დააკავეს.

დაკავების მიზეზად მაშინ „შემოვლითი რკინიგზის“ (რომელიც დედაქალაქში მოძრაობას განტვირთავდა) პროექტში ქალაქის მერის გიგი უგულავას და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინტერესების დაპირისპირება სახელდებოდა. თუმცა, ეს დაკავება იმდენად ფარულად განხორციელდა, რომ საქალაქო სასამართლოში ამ სახელებისა და გვარების მქონე პირთა არცერთი საქმე არ შესულა.

გავრცელებული ინფორმაციით, რკინიგზის ბიზნესს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა, თბილისის შემოვლითი გზის პროექტის გაკონტროლება კი გიგი უგულავას სურვილი იყო. ამგვარად, რელსების შემოტანის ტენდერში მისთვის სასურველმა ჩინურმა ფირმამ გაიმარჯვა, რომლის ქართულ წარმომადგენლობასაც სოსო ჩხაიძე და ვასილ ჩიგოგიძე ხელმძღვანელობდნენ. ამ დროს კი ყარსი-ახალქალაქის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ყველა ტენდერს ვანო მერაბიშვილის ფავორიტი ფირმები იგებდნენ. როგორც ამბობდნენ, მარიკა ვერულაშვილის მეუღლის დაკავება, მერაბიშვილის მხრიდან, გიგი უგულავას მიმართ ერთგვარი გაფრთხილება იყო. საქმეში თავად მარიკა ვერულაშვილი ჩარეულა და დაკავებულები რამდენიმე დღეში გამოუშვიათ. თუმცა, ამ ინფორმაციას ვერულაშვილი არ ადასტურებდა და საკუთარი ქმრის უკრაინულ (და არა - ქართულ) ბიზნესზე ამახვილებდა ყურადღებას.

ფაქტია, რომ მარიკა ვერულაშვილის მეუღლის დაკავება ისე გაფორმდა, რომ ყველაფერი არა ვანო მერაბიშვილს, არამედ ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ადეიშვილმა სოსო ჩხაიძეზე ისე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომ ამ საქმეში შემოვლითი რკინიგზის თემა არ ფიგურირებდა, არამედ - უკრაინული ბიზნესის საქმე.

მარიკა ვერულაშვილი, ყვარლის რაიონის ახალსოფელში დაბადებული ჩვეულებრივი გოგონა, სააკაშვილის უახლოესი ადამიანი იყო, რომელიც მის გაპრეზიდენტებამდე წლების განმავლობაში მისი პრეს-სამსახურის უფროსი იყო, ხოლო მოგვიანებით, დეპუტატი გახდა. ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ მარიკა ვერულაშვილს სააკაშვილი განსაკუთრებულად სწყალობდა და „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე, სააკაშვილის ერთგულებაში ბზარი არ გაჩენილა. იგი ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ყველას ახსოვს მისი ანტირუსული გამონათქვამები, რაც ერთი-ერთზე ემთხვეოდა სააკაშვილის ტონალობას. მეტიც, ვერულაშვილი თავგამოდებით იბრძოდა გამარჯვებისთვის და ყვარლის ამომრჩეველს იმასაც ახსენებდა, რომ 11 წლის წინ, ყვარელმა მას პატარკაციშვილი ფულის გამო ამჯობინა, თუმცა მარიკა ვერულაშვილი ამაყობდა, რომ მას იმ დროს არ მოუპარავს თანხა, როდესაც კაპიკი არ ჰქონდა. ახლა კი, როცა ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, უბრალოდ, სურდა ყოფილიყო შუამავალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის. თუმცა 1-ლი ოქტომბრის არჩევნებმა ყველაფერი შეცვალა.

ახალაიას მიმართ მხარდაჭერამ ბოლო პერიოდში მერაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებების სახე მიიღო. ამ კონტექსტშიც შეიძლება თუ არა განვიხილოთ მარიკა ვერულაშვილის განცხადება და ზოგადად, როგორ შეფასებას აძლევენ For.ge-სთან საუბარში ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები ყოფილი ნაციონალი ქალბატონის გულახდილობას?!

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტ ვანო მაჭავარიანს ახსენდება გამოთქმა - „როცა გემი იძირება, ვირთხები გარბიან“, თუმცა მისი პერიფრაზით, ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ გემი იძირება და ვირთხები ამიტომაც გარბიან.

ექსპერტის აზრით, ცოტა ადრე მოუვიდათ აქეთ-იქით სირბილი ამ ადამიანებს და ნაადრევია ჭორები „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაცვალების შესახებ.

„თუ გავიხსენებთ, საიდან მოვიდა მარიკა ვერულაშვილი, მივხვდებით, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი როლი მიუძღვის, რომ ვერულაშვილი საერთოდ ვინმესთვის ცნობილია. ამის შესახებ მხოლოდ „ნაცმოძრაობაში“ არ იციან. ის, რომ ვერულაშვილი ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ახლობლობდა ყველასთან, პრეზიდენტიდან დაწყებული, მისი ოჯახიდან თუ სხვასთან და ასევე, დიდი სარგებელი იპოვა ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნისას, იქნება ეს მატერიალური, კარიერული თუ სხვა, ალბათ, უხერხული იქნება მის ადგილას ასეთი განცხადებები“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი და ამ ფაქტს ზეწოლას, ან კონკრეტულ ცდუნებას უკავშირებს, რაც ვერულაშვილის მეუღლეს და მის ბიზნესს შეეხება.

ამდენად, ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მარიკა ვერულაშვილი ამბობს იმას, რასაც სთხოვენ „მეგობრები“ „ქართული ოცნებიდან“ და მისი შეფასებები ღიმილის მომგვრელი თუ არა, დასანანია.

მისი თქმით, ის, რომ თურმე მერაბიშვილის დამსახურება იყო ნაცმოძრაობის კრახი, მარიკა ვერულაშვილის შესაფასებელი არ არის, რომელიც თურმე თავად არაფერ შუაში არ ყოფილა და უბრალოდ, თოჯინის როლს ასრულებდა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც მიტოვებული იყო, გაუჩნდა შვილი და მიხეილ სააკაშვილმა მას უპატრონა. ყველას მიერ მიტოვებული ადამიანები გაიგებენ თუ რა მდგომარეობაში იყო ვერულაშვილი. მათ შორის, მარიკა ვერულაშვილის გათხოვებაშიც სააკაშვილს მიუძღვის წვლილი. მის მეუღლეს მანამდეც პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავებთან, ის არის ე. წ. კარის ბიზნესმენი. მარიკა ვერულაშვილი ყოველთვის ხაზს უსვამდა პრეზიდენტთან ძალიან ახლო ურთიერთობას და ამით სარგებლობდა კიდეც“, _ აცხადებს ექსპერტი.

ამასთან, არ ფიქრობს, რომ ვერულაშვილი მეუღლის დაჭერის გამო იყოს მერაბიშვილზე განაწყენებული. უბრალოდ, ეს ახალ პოლიტიკურ რეალობასთან მორგებაა. მეტიც, თუ ვერულაშვილს ეთაკილებოდა მერაბიშვილის გვედში დგომა, ყოველთვის ჰქონდა არჩევანი, არ ეყარა კენჭი. ვანო მაჭავარიანის თქმით, ასეთი საუბრები მასთანაც იყო, რომ ხომ არ დაფიქრდებოდა მიხეილ მაჭავარიანი?! თუმცა, ექსპერტი თვლის, რომ, ვისაც გასაქცევი არ აქვს, არ გარბის. მისი აზრით, ნაციონალ ლიდერთა მარგინალიზაცია, შესაძლოა, ამ ეტაპზე საზოგადოებაში მომგებიანი იყოს, მაგრამ არა - შორეულ პერსპექტივაში.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის შესახებ მარიკა ვერულაშვილმა დიდი ხნის სათქმელი გამოხატა.„სააკაშვილისადმი მისი დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ მერაბიშვილისადმი მასარასდროს არ ჰქონია რაიმე ილუზია“. ამიტომ პირადად ლევან ბერძენიშვილსარ გაკვირვებია ეს განცხადებები.

„ვერ გეტყვით, მისი გულახდილობა უკავშირდება თუ არა ადეიშვილის მიერ მისი მეუღლის დაჭერას, მით უფრო, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი ერთი კლანი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაზაში შევედით. სამწუხაროდ, ადამიანებს გვიყვარს ნგრევის ყურება. „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ნაწილი ინგრევა. არა მგონია, პოლიტიკაში ასეთი განცხადებები კეთდებოდეს, რომ თურმე სააკაშვილს ვერულაშვილისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული და მას ასეთი რამ არ უნდა ეკადრა. მეც ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული ბატონი სააკაშვილისთვის, მაგრამ, ამან მას ხელი არ შეუშალა, აგენტად გამოვეცხადებინე. ასე რომ, მადლიერება არ არის პოლიტიკური თვისება“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და არ მალავს, რომ ამ ქალბატონს საკუთარი თავისთვის არასდროს მიუცია უფლება, სიბინძურეში მიეღო მონაწილეობა. ამდენად, მის მიმართ გარკვეული სიმპათიები არსებობს.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კახა კახიშვილი ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობაში“ რთული მდგომარეობა იყო და მათი ერთიანობის დემონსტირება ფარსი გახლდათ. სინამდვილეში, იქ სერიოზული შიდაბრძოლები მიმდინარეობდა და იქ იყო ლიბერალური ფრთა, ფუნდამენტალური „ნაციონალური მოძრაობა“ (მერაბიშვილის ზეგავლენით), ბოკერია-უგულავას ჯგუფი, ადეიშვილი, რომელიც ყველას პროკურატურიდან აკონტროლებდა. ეს ყველაფერი კი უკავშირდებოდა ფულის კეთებას და ფინანსებს.

„მარიკა ვერულაშვილს ბოლოს უკვე პრობლემები შეექმნა ნაცმოძრაობასთან, მისი მეუღლე დაიჭირა ადეიშვილმა. ბუნებრივია, ის განაწყენდებოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერულაშვილი და დანარჩენები ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში და, თუ მას „ნაცმოძრაობის“ მიმართ პროტესტი ჰქონდა, შეეძლო, მანამდეც დაეტოვებინა ეს მოძრაობა. დღეს უკვე, როცა „ნაცმოძრაობა“ იშლება და თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებულია, ჯობდა, საერთოდ არ გაეკეთებინა განცხადება და ისე წამოსულიყო“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

მისი თქმით, მარიკა ვერულაშვილის მეუღლე ბიზნესმენია, მაგრამ ამ ადამიანების ბიზნესნიჭი გამოვლინდა 2004 წლის შემდეგ, მანამდე კი მათ მზესუმზირის გაყიდვაც არ შეეძლოთ.

ექსპერტს ეეჭვება, რომ ვერულაშვილ-სააკაშვილის გზები იმიტომ გაიყო, რომ ადეიშვილმა მისი ქმარი დაიჭირა. პირიქით, კახა კახიშვილის აზრით, სააკაშვილის ახლობლებს ჰქონდათ უფლება, გარკვეული რაოდენობის თანხა ეშოვათ, თუმცა, თუ ზღვარს გადააბიჯებდნენ, სააკაშვილთან ახლობლობის მიუხედავად, მათ სჯიდნენ. სავარაუდოდ, ვერულაშვილის მეუღლესაც ასე მოუვიდა, იგი დააკავეს, შემდეგ „გამოაფხიზლეს“ და უშუალო ჩარევით გამოუშვეს. ეს იყო შიდა კონტროლის მექანიზმი. ასე დაიჭირეს ეკონომიკის მინისტრ ეკატერინე შარაშენიძის მოადგილე, ისიც გამოაფხიზლეს და გაუშვეს.

შეგახსენებთ, 1971 წელს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაბადებული მარიკა ვერულაშვილი საქართველოს პარლამენტის ორგზის (2004, 2008) წევრი იყო. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1994-1997 წლებში მუშაობდა პირველი არხის პროგრამა „მაცნეს“ კორესპონდენტად. 1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პრესცენტრში. 2000-2001 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2001 წელს დაიწყო მუშაობა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 2002-2003 წლებში იყო საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. 2004 და 2008 წლებში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად ნაციონალების სიით.