სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დათა ახალაიას მიმართვა გავრცელდა. მისმა ადვოკატმა უკვე დაადასტურა რომ ეს მიმართვა ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის.
„აგერ უკვე მეშვიდე თვეა, სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.
ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიუანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ.
აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს, ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა.
ვფიქრობ, დადგა დრო, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი! მე, ისევე როგორც ჩემი ძმა, არასოდეს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, არც მაშინ, როცა ორგანიზებულ კრიმინალს და კორუფციას ვებრძოდი, არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და არც ახლა ვაპირებ ემიგრაციაში თავის შეფარებას.
მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი“! - აღნიშნულია მიმართვაში.
რას ემსახურება დათა ახალაიას სენსაციური განცხადება ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ხათუნა, საკმაოდ სენსაციური განცხადებაა, როგორ ფიქრობთ, ახალაია დამოუკიდებლად მოქმედებს?
-ეს მეგის ქარდავას განცხადების პასუხია, დათა ახალაიას რომ ამისი სურვილი დამოუკიდებლად არ აღეძვრებოდა, ცხადია. საქმე გვაქვს იმასთან, რა დიდოსტატურად შლიან „ნაციონალურ მოძრაობას“.
კულუარებში საკმაოდ აქტიურად ლაპარაკობდნენ, რომ ნაციონალებში მწიფდებოდა გეგმა, რომლის მიხედვითაც 19 აპრილს სააკაშვილს ძალოვანი მინისტრები უნდა გადაეყენებინა, რითაც ნაციონალების აღორძინება დაიწყებოდა, როგორც ჩანს, ნაციონალების თემა საერთოდ იხსნება დღის წესრიგიდან?
- 19-ში ნაციონალები დასრულდებიან. სხვათა შორის, გარკვეული მედიასაშუალებები გახდა კარგი ინდიკატორი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენებისა და ასე ვთქვათ, ნაციონალების შიშების - ანუ რისი მოლოდინები აქვთ და ა.შ. ერთ-ერთ ასეთ მედიასაშუალებაში დღეს ლაპარაკი იყო იმაზე, რომ 19 აპრილამდე გამოქვეყნდებოდა სკანდალური ფაქტები, რომელიც ნაციონალებში დიდ განხეთქილებას გამოიწვევდა. იმავე საღამოს დათა ახალაიას ეს განცხადება გავრცელდა.
თუ ასეა და მერაბიშვილმა ეს შეგნებულად გაუკეთა ახალაიას, დააკვირდით რა სქემა თამაშდება, ეს ყველაფერი გენიალური პოლიტრეჟისორის გეგმას ჰგავს - მერაბიშვილი გამოიყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს ვიდეომასალა გამოიტანა სააშკარაოზე, ვგულისხმობ, თარხან-მოურავს, დღეს უკვე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. მას, როგორც ფიგურანტს ეს დაუფასდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობის ფრაქცია შექმნა მისმა პოლიტიკურმა ძალამ და ეს ერთ თვეში მთელ დასავლეთ საქართველოს მოედებაო. ასევე არ მალავს, რომ პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები არიან, თუმცა, როგორც ამბობს, სერიოზული წინაამდეგობა გვაქვს კოალიციაში შემავალი პარტიების მხრიდანო.
რაც შეეხება მერაბიშვილს, ჯერ ის გამოიყენეს, ახლა ახალაიებს იყენებენ მერაბიშვილის გასანადგურებლად, ანუ ჯერ მერაბიშვილის ხელით ჩასცეს ლახვარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა საბოლოო წერტილს უსვამენ ახალაიების ხელით.
ამისი რეჟისორი ვინ არის სააკაშვილი თუ ივანიშვილი? ვის აწყობს ეს ყველაფერი, ცხადია და - ვის შეეძლო, ამისი ეჭვებიც არსებობს.
- არ ვიცი, კონკრეტულ სახელსა და გვარს ვერ ვიტყვი, თუმცა გენიალური რეჟისორი რომ არის, ფაქტია. ყოველ შემთხვევაში ვარაუდის დონეზე შეიძლება ვივარაუდოთ...
თვლით, რომ ეს სვლა მერაბიშვილის ჩასაძირადაა? სხვათაშორის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი სააკაშვილის ტერაქტს გეგმავდა, რაც სააკაშვილს ძალოვანი მინისტრების გადაყენებისთვის კარტ-ბლანშს მისცემდა...
- 19 აპრილამდე ნაციონალები დამთავრდებიან ერთადერთი, რასაც ვეჭვობდი, იყო მეგის ქარდავას მიერ კადრების გამოქვეყნება, რასაც თეორიულად, შეიძლებოდა გამოეწვია ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, იქ მაღალჩინოსნებზე იყო საუბარი. შემდეგ უკვე, სააკაშვილი პრობლემებს შექმნიდა ახალი მინისტრეების დამტკიცებაზე. ამ კუთხით შეიძლებოდა გამოყენება, თუმცა, ახლა ამასაც აზრი არ აქვს.
თუ დათა ახალაია აქ ჩამოსვლას გეგმავს, მას გარკვეული გარანტიები, ალბათ, აქვს, მას და არა მის ძმას, მერაბიშვილის წინააღმდეგ გალაშქრების სანაცვლოდ.
მეორე მხრივ, ნაციონალების თემა ამით საბოლოოდ დაიხურება და ეს როგორც ჩანს, ჩვენზე ადრე იცოდნენ ამერიკელებმა, რადგან ფაქტობრივად, მიდის ახალი პოლიტიკური ძალისა და ახალი პოლიტიკური ფიგურების მოძიების პროცესი, რომელიც პროდასავლური მიმართულების იქნება.
რეალურად, ოპოზიციური ფრონტი თავისუფლდება, რაც ძალიან კარგია, რადგან სხვა პარტიებს მიეცემათ ზედაპირზე ამოსვლის და აზრის გამოთქმის საშუალება. ანუ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად რომ ავსებდა ამ ნიშას, ასე აღარ იქნება და სხვა პარტიებს ფრთების გაშლის საშუალება მიეცემათ.