42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ISAF-ის მისიის შესრულება დაიწყეს (ვიდეო)

42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ISAF-ის მისიის შესრულება დაიწყეს (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა უკვე სრულად გადაიბარა სამოქმედო არეალი ავღანეთში. ჰელმანდის პროვინციაში ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. 

42-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების გაფართოება და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იქნება.

42-ე ბატალიონმა როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ჩაანაცვლა. ოფიციალური გადაბარების ცერემონიალი ბაზა „შირგაზზე“ გაიმართა. ღონისძიებას ნოუზადის რაიონის პოლიციისა და ავღანური ეროვნული არმიის მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ.

გადაბარების ცერემონიალზე სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობის მიერ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეფასდა. ოფიციალური მონაცემებით, 32-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალში ჩატარებული სხვადასხვა სამხედრო და ჰუმანიტარული ღონისძიებების შედეგად საგრძნობლად შეზღუდა მოწინააღმდეგის მოქმედებები, გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება, გაზარდა მათი ნდობის ხარისხი, როგორც კოალიციური ძალების, ასევე ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და ადგილობრივი მთავრობისადმი.

ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 42–ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს. ქვედანაყოფი მომზადდა ამბოხებულთა წინააღმდეგ სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.

სპეციალური მომზადება 42–ე ბატალიონმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.