პრეზიდენტი თვითგანადგურების რეჟიმზე

პრეზიდენტი თვითგანადგურების რეჟიმზე

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების შესახებ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ პარტიის ერთი ფრთა პრეზიდენტს გარკვეული საკითხების გადაწყვეტისას წინააღმდეგობას უწევს, საკუთარ მომავალზე ფიქრობს და არ სურს სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს. ამის პარალელურად, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე for.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან აქვს ასეთი ინფორმაცია.

„როგორც წყარო გვატყობინებს, ვანო მერაბიშვილმა სააკაშვილს მასზე ტერაქტის იმიტაციის მოწყობა შესთავაზა. ხაზს ვუსვამ, საუბარი იყო ტერაქტის იმიტაციაზე, რასაც სააკაშვილი დათანხმდა. თუმცა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვა ადამიანებმა სააკაშვილს უთხრეს, რომ შესაძლოა, ეს იმიტაცია კი არა, არამედ რეალური ტერაქტი იყოს, რადგან მერაბიშვილს მისი მოშორება სურს“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რეალურად რამდენად არის ამის ჩამდენი ვანო მერაბიშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ გარკვეული ლოგიკა ამ ყველაფერში არის, რადგან ასეთ შემთხვევაში, მერაბიშვილი ერთ გასროლით რამდენიმე კურდღელს მოკლავდა. ჯერ ერთი, მოიშორებდა ადამიანს, რომელიც უკვე დისკოფორტს ქმნის და რომელიც ისედაც პოლიტიკიდან წამსვლელია. ამასთანავე, დასავლეთის თვალში მოახდენდა ხელისუფლების სერიოზულ დისკრედიტაციას. და ბოლოს, ვანო მერაბიშვილი დარჩებოდა, როგორც დაჩაგრული პარტიის ლიდერი, რომელსაც ამავდროულად დასავლეთში კარგი კავშირები აქვს. ამით არეშიძის თქმით, მერაბიშვილი ბევრად უფრო მომგენიან მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ხოლო ხელისუფლება უაღრესად დისკრედიტირებული იქნებოდა.

გარდა ამისა, მამუკა არეშიძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა პირადი დაცვა გააძლიერა და ვანო მერაბიშვილის კადრებისგან გაწმინდა.

„ეს ინფორმაცია თავად „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გამოსული და ამის გადამოწმება ძალიან რთულია, მით უმეტეს ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, რომელსაც პრეზიდენტის დაცვასთან პირდაპირი შეხება ვერ ექნება. აქვე გეტყვით, რომ ზოგადად აქ გარკვეული კითხვები ჩნდება“, - ამბობს ექსპერტი.

იგი ხაზს უსვამს იმას, რომ პრეზიდენტის დაცვაზე 50 მლნ ლარი იხარჯება და აინტერესებს, სად მიდის ეს ფული. მამუკა არეშიძეს კითხვები აქვს თურქეთში მომხდარ პრეზიდენტის ავარიასთან დაკავშირებითაც. ექსპერტი აცხადებს, რომ პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა დაცვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ავარიის დროს, იგი დაცვის გარეშე იყო.

„ესეც ხომ თბილისი არ არის, რომ ვინმემ თქვას, ხელისუფლებამ მოუხსნაო დაცვა. რადგან ამ მომენტში პრეზიდენტს დაცვა არ ჰყავდა, აქ რამდენიმე ვერსიის განხილვა შეიძლება. ან შეგნებულად გაკეთდა, რომ დაცვა არ ყოფილიყო, ან ის ამბავი, რაც თურქეთში მოხდა, ვიღაცის მიერ არის ჩაფიქრებული, რომ დაცვა მოუხსნეს. ამის პარალელურად ჩნდება კითხვა - სად მიდის ის ფული, რომელიც პრეზიდენტის დაცვაზე არის გამოყოფილი? ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ფული მიდის სხვა საქმეზე. არ არის გამორიცხული, რომ ეს თანხა ისეთი ღონისძიებების ორგანიზებაზე იხარჯება, როგორიც არის 19 აპრილის აქცია“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ ვერაფერს იტყვის იმაზე, თუ რას უპირებს მერაბიშვილი სააკაშვილს, მაგრამ აქვე დასძენს, რომ სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ემიჯნებიან, რადგან მათ სურთ სააკაშვილს შეაწმინდონ ხელები და თვითონ სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ყველაფერი. სააკაშვილი კი მათ თავის აქტივად თვლის და ცდილობს, შეინარჩუნოს, რადგან იგი დასავლეთისთვის საინტერესო იქნება მანამ, სანამ ის არის პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი და ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი. ზაალ კასრელიშვილის თქმით, შიდა დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ უფრო გამწვავდება.

„აქვე გეტყვით, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მზადდება თავდასხმა პრეზიდენტზე და ამასთან დაკავშრებით სამი მიმართულება არსებობს. ერთ-ერთი საფრთხე სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, მერაბიშვილისა და უგულავასგან ელოდება. მეორე საფრთხე ემუქრება ყოფილი პატრონებისგან, რომლებმაც ის გამოიყენეს, როგორც ავი ძაღლი და არ აქვთ გარანტიები, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შევარდნაძის მსგავსად ჩუმად დაჯდება და მემუარების წერას დაიწყებს. მესამე საფრთხე კი არიან ის ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილი წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა როგორც რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში“, - აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.

ისიც ხაზს უსვამს იმას, რომ პრეზიდენტის დაცვაზე საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯება და მიუხედავად ამისა, თურქეთში ავარიის დროს მიხეილ სააკაშვილი დაცვის გარეშე იყო. ამიტომ კასრელიშვილი ვარაუდობს, რომ ვიღაცეებს პრეზიდენტი თვითგანადგურების რეჟიმზე ჰყავთ გადაყვანილი და დაუცველს ტოვებენ.

For.ge შეეცადათავად ვანო მერაბიშვილს დაკავშირებოდა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ ყოფილი პრემიერი დღეს იუბილარია და მედიისთვის არ სცალია. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ცნობილ წარმომადგენელს გავესაუბრეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და ამობენ, რომ „მსგავს სისულელეზე“ კომენტარის გაკეთებაც კი არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად.

ვანო მერაბიშვილის მიერ სააკაშვილის ლიკვიდაციასთან და პრეზიდენტის მიერ საკუთარი დაცვის სამსახურის მერაბიშვილის კადრების გაწმენდასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მას კითხვების სიურპრიზი მოვუწყეთ და ასეთ თემებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური „სიგიჟეს და ბოდვას“ უწოდებს ამ ინფორმაციას.

„საერთოდ, ხელისუფლებამ ბოდვას მოუხშირა და როგორც ჩანს, ეს 19 აპრილის მოახლოებასთან არის დაკავშირებული. მოველი, რომ ამ დღის შემდეგ ბოდვის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მათი განცხადებები სრულიად არაადეკვატურია. ღარიბაშვილი რომ ამბობს, პოლიციელებმა თავისი ფორმები უნდა დაწვანო, თუ რაღაც ამის მსგავსი, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ პანიკურ განწყობასთან, რაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სუფევს“, - ამბობს წიკლაური.

მისი თქმით, ხელისუფლება ვერც ერთ საარჩევნო დაპირებას ვერ ასრულებს, ხოლო მეორე მხრივ, სულ უფრო ცხადი ხდება, ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება იმას, რომ არჩევნების შემდეგ ასე მოტყუებული აღმოჩნდა. წიკალურის განცხადებით, საქართველოში აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს, რომ მმართველი ძალა რუსეთის დავალებებით მოქმედებს. დეპუტატი ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებითაც დადასტურდა, როდესაც მან თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო იყო აგრესორი.

„19 აპრილს ისინი კარგად ნახავენ, რომ იმ გრძნობების აბუჩად აგდება, რასაც ჰქვია თავისუფლების სიყვარული და ქვეყნის ევროპული არჩევანი, არავის შერჩება, მათ შორის, არც ამ ხელისუფლებას“, - აცხადებს დეპუტატი.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, შოთა მალაშხია ჩვენს მიერ დასმული კითხვების შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგა და განაცხადა, რომ „ნიანგი“ აღარ გამოდის და უცნაურია, სად ვრცელდება ასეთი ინფორმაციები.

„დაცვა საერთოდ არ ჰყავს პრეზიდენტს, ტელევიზორი მაინც ჩართონ იმ ადამიანებმა, ვინც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს. „ნიანგი“ აღარ გამოდის და არ მესმის, რომელი მედია-საშუალება ავრცელებს ასეთ ინფორმაციას. ამ თემაზე „ვანოს შოუში“ შეიძლებოდა კომენტარის გაკეთება“, - ამბობს შოთა მალაშხია.

ხოლო ჩვენს კითხვაზე, რატომ აღარ დადის სააკაშვილი მისი ჰიბრიდული ავტომობილით, მალაშხია გვპასუხობს, რომ როდესაც პრეზიდენტს შეხვდება, გადასცემს, რომ მედიის მოთხოვნაა, მან ისევ ამ ავტომობილით იაროს.