ბიზნესი და მთავრობა: ყველაფერი ნორმაშია, შრომის კოდექსის გარდა

ბიზნესი და მთავრობა: ყველაფერი ნორმაშია, შრომის კოდექსის გარდა

ბიზნესმენებმა მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას მოუხშირეს. ამჯერად, დიალოგი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან და სებ-ის პრეზიდენტთან გააბეს. ბიზნესასოციაციის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე, კერძო სექტორმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას საკუთარი პრობლემები წამოჭრა.

ბიზნესმენებთან შეხვედრისას ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესს დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, ცვლილებები, მალე, საგადასახადო და საბაჟო კუთხით განხორციელდება. დაგეგმილია ასევე კანონმდებლობის დახვეწაც, რათა კანონი ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას აღარ იძლეოდეს.

„შეხვედრაზე ბიზნესს ჩვენ ჩვენი ხედვები გავაცანით და კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ ისევ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ბევრი პრობლემა აბსოლუტურად მოგვარებადია“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

თავად ბიზნესი საგადასახადო კუთხით დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება და განმარტავს, კარგია, რომ ქვეყანაში ბიზნესის წახალისება მოხდება.

„მოხარულნი ვართ, რომ ის საკითხები, რომელზედაც ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ვმუშაობდით, გაითვალისწინეს. არის სიახლეებიც, რომელსაც ასოციაცია საკუთარ კომიტეტებზე განიხილავს. მივესალმებით იმ ინიციატივებს, რომელიც ბიზნესის განვითარებაზე და ბიზნესის წნეხის შემცირებაზეა ორიენტირებული”, - აღნიშნა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.

იგი იმედოვნებს, რომ მთავრობა ბიზნესისთვის პრინციპულ საკითხებს გაგებით მოეკიდება.

„ვისაუბრეთ ბიზნესში დაგროვილ პრობლემებზე და შრომის კოდექსზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან პრინციპულია. ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე. ბიზნესასოციაცია ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად აყენებს მუდმივი კონტრაქტების თემას, როდესაც ბიზნესს მოკლევადიანი კონტრაქტების გაფორმების საშუალება არ ეძლევა. მივიღეთ მხარდაჭერა ფინანსთა და ეკომონიკის მინისტრებისგან და ვიმედოვნებთ, მთავრობა ბიზნესისთვის პრინციპულ საკითხებს გაგებით მოეკიდება“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისი აზრით, მსგავსი ხასიათის დიალოგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნესმენებს შორის რეგურალურად უნდა გაიმართოს, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ბიზნესასოციაციის წევრებს ყველაზე მეტი შეკითხვა ეკონომიკის მინისტრთან ჰქონდათ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბიზნესთან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, შრომის კოდექსზე, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია.

მინისტრი აღიარებს, რომ შრომის კოდექსი ძალიან მტკივნეულ საკითხად რჩება. ამჯერადაც, ბიზნესმენებმა კოდექსთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე გულახდილად ისაუბრეს და მთავრობის წევრებისგან მიიღეს დაპირება, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა კიდევ ერთხელ გაიმართება.

„ჩვენ საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარე განხილვების პროცესში ჩავერთვებით, რათა გამოვასწოროთ ბალანსი, რომ ბიზნესგარემოსთვის საზიანო კანონი არ მივიღოთ. ბიზნესის ბევრ შენიშვნას ვიზიარებ, ნაწილს კი არ ვეთანხმები. სწორედ ამ საკითხს დავაყენებთ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი, რასაც ეკონომიკის სამინისტრო სპეციალური კომისიის ფარგლებში განიხილავს. ეს სფერო აქამდე მოუწესრიგებელი იყო.

„გარკვეული პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივი საწარმოები, თუმცა ჩვენ ისე, რომ არ გავიდეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოებიდან, ვეცდებით, ადგილობრივ მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განმარტებით კი, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს საქართველო იმყოფება, დიალოგი მნიშვნელოვანია.

„ბიზნესთან კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკას ყველა მიმართულებით. შეხვედრისას წამოიჭრა საკითხები თითქმის ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ბიზნესმენები და მთავრობის წევრები მომავალ შეხვედრამდე წავიდ-წამოვიდნენ. შეხვედრას კი, როგორც აქედანვე ჩანს, ბევრი არ დააგვიანდება.