აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სავარძლისთვის ჯერ-ჯერობით 5 კანდიდატი იბრძვის, მაგრამ როდის ეყოლება აფხაზეთის მთავრობას პირველი პირი, ეს მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული. პრეზიდენტი კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში for.ge-ს განუცხადეს, წარმოდგენილი კანდიდატებიდან სააკაშვილი არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას ამ თანამდებობაზე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი ლობირებს. ზაქარეიშვილმა სესიის გამართვამდე ერთი დღით ადრე ღიად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ის ვახტანგ ყოლბაიას ისურვებდა.
ზაქარეიშვილის ეს განცხადება დევნილთა პროტესტის მიზეზი გახდა. დევნილები პერმიერ მინისტრს წერილობით მიმართავენ, რომ მან როგორც მთავრობის მეთაურმა უზრუველყოს, რომ რეინტეგრაციის მინისტრი არ ჩაერიოს მთავრობის პირველი პირის არჩევაში.
თავად ყოლბაია კი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ის პირივნება, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიმღებია.
საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა აბესალომ მიქელაძის, გიორგი შევრვაშიძისა და დალილა ხორავას კანდიდატურა. მთავრობის თავმჯდომარეობის სურვილი აქვს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს, დავით ფაცაციას, რომელიც ღიად ადანაშაულებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციის დარღვევაში.
„პრეზიდენტის მხრიდან, გიორგი ბარამიას განცხადების დაკმაყოფილებამდე უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უკანონო და კონსტიტუციის დარღვევაა,“ - ამბობს დავით ფაცაცია.
მთავრობის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ექსპერტი, გიორგი შერვაშიძე ამბობს, რომ დღეს ყველა, თითქმის, იდენტურ პრიორიტეტებს ასახელებს, თუმცა, მათ განსახორციელებლად კონკრეტული მექანიზმების შემუშავება და ამოქმედებაა აუცილებელი.
„გავაკეთებ იმას, რაც მომგებიანია ქართველისთვის და აფხაზისთვის. მაქვს ამის წინაპირობები. რაც გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს და ამას ყველა ძალიან მალე დაინახავს,“ - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანდიდატებიდან დევნილთა განსაკუთრებულ კრიტიკას ორი კანდიდატურა, დალილა ხორავა და ვახტანგ ყოლბაია იწვევს. დევნილები მათ წარსულს უხსენებენ და აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად მათ არაფერი გაუკეთებიათ. ორივე კანდიდატურას ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავათ. ვახტანგ ყოლბაია შევარდნაძისა და სააკშვილის მმართველობის პერიოდში, ნინო ბურჯანაძის მოადგილე იყო. დალილა ხორავა კი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი.
თავად დალილა ხორავა for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისი კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში საინციატივო ჯგუფმა წარადგინა. როგორც ცნობილია ხორავას მეუღლე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პრეზიდიუმის წევრია. ხორავა ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, მისი მეუღლე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმიდან გადადგება.
„აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის კანონიერების შესწავლის მიზნით, იურისტთა ჯგუფის გამოყოფის თხოვნით მიმართავს.
„მოხდა საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, კანონის უგულებელყოფა, რასაც დეპუტატთა არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი მივმართავთ საია-ს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკვშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს,“ - აცხადებენ for.ge-სთან საუბრისას საინიციატივი ჯგუფის წევრები.
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუცია უხეშად რომ დაარღვია, ამის შესახებ საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივისა“ და „ევროპულ დემოკრატიული ცენტრის“ წევრები. რომელთა განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიი“-ს რამდენიმე მუხლი დაარღვია. კერძოდ კი, საუბარია „თავისუფლების ქარტიის“ მე-8 მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის მთავრობის „გ“ ქვეპუნქტის უხეშ დარღვევასთან.
აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებლად ყოლბაიას დანიშვნაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც საუბრობს. გია გვაზავას განხადებით, მას შემდეგ რაც თანამდებობა დატოვა გიორგი ბარამიამ ავტომატურად უნდა დანიშნულიყო მოვალეობის შემსრულებელი.
„აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს პირადად შევთავაზე აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის თამაზ კვარაცხელიას კანდიდატურა. მაგრამ, უმაღლესმა საბჭომ სამწუხაროდ, ჩემს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა და ხმათა უმრავლესობით აირჩია ყოლბაიას კანდიდატურა. ის არის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
კონსტიტუციურად ის ვერ იქნება თავმჯდომარე, რადგანაც ჯერ საქართველოს პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია გიორგი ბარამიას გათავისუფლებაზე. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის პასუხს. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მერე კი უმაღლესი საბჭო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მივიღებთ კონსტიუცურ ცვლილებებს და უმაღლესი საბჭო დაიბრუნებს იმ ფუნქციებს, რაც ჰქონდა,“ - ამბობს გია გვაზავა.