„ქართულმა ოცნებამ“ თავი ოპოზიციად არ უნდა წარმოიდგინოს

„ქართულმა ოცნებამ“ თავი ოპოზიციად არ უნდა წარმოიდგინოს

არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ საარჩევნო კანონმდებლობა გადასახედია და მეორე მხრივ, საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება. ამასთან დაკავშირებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

საქმე ეხება 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცებას. აღნიშნული ინსტრუქციით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი განიმარტა და აღინიშნა, რომ კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრისა). კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს. დასახელებული კანდიდატურა აირჩევა სახელობითი კენჭისყრით, პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ (გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრისა), სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.

„შედეგად, 2013 წლის 27 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ წევრებს არ მიეცათ. პარტიის განცხადებით, ნაძალადევის საარჩევნო ოლქში 99 საარჩევნო უბანზე არჩეული ყველა მდივანი საარჩევნო ბლოკში „ბიძინა-ივანიშვილი ქართული ოცნება“ შემავალი პარტიების მიერ დანიშნული წევრები არიან. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იგივე მდგომარეობაა სამტრედიისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქებშიც“, - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის 15 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან, გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიისა. ცესკომ 2013 წლის 26 თებერვლის დადგენილებით წინა საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნია და კომისიაში წარმოდგენილი 7 პარტიიდან მხოლოდ ამ პარტიის მიერ დანიშნულ წევრს აუკრძალა მდივნის არჩევნებში მონაწილეობა.

„როგორც აღვნიშნეთ, „საარჩევნო კოდექსი“ მდივნად არჩევის შესაძლებლობას საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ წევრს ართმევს. ცესკომ ასეთ პარტიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნია და არა - საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“, რომლის ფარგლებშიც თავის მხრივ 6 დამოუკიდებელი პარტია იყო გაერთიანებული. შესაბამისად, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული შედეგი, რომელიც თავის მხრივ საუკეთესო იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, არ ყოფილა მიღებული მხედველობაში. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო შედეგის არმქონე პარტიებად საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები მოიაზრეს და მდივნის თანამდებობები სწორედ მათ გადაუნაწილეს. მიგვაჩნია, რომ ცესკომ  2013 წლის შუალედურ არჩევნებზე მდივნის არჩევის  წესი კანონის არსისა და მისი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ განმარტა“, - აცხადებენ არასამთავრობოები.

მათი თქმით, პრობლემის ირგვლივ მსჯელობის შედეგად დღის წესრიგში დგება, ერთის მხრივ, საარჩევნო კოდექსის ცალკეულ ნორმათა და დებულებათა, ხოლო, მეორეს მხრივ, საარჩევნო კანონმდებლობის სისტემური გადახედვის აუცილებლობა. საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრობლემა ნათლად მიუთითებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის აუცილებლობაზე, რომელიც გამორიცხავს ერთი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიისა თუ პოლიტიკური ძალის დომინირებულ მდგომარეობას საარჩევნო ადმინისტრაციაში და გაზრდის ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

რას ფიქრობენ ამ საკითხზე ექსპერტები და რატომ ხდება ისე, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად დისკიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა?

„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, კახი კახიშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მდივნები საარჩევნო კომისიაში შემავალი პარტიების მიერ დასახელებული ორი კანდიდატურისგან ირჩევა. დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები. ამდენად, დღეს გვყავს ორსუბიექტიანი საარჩევნო ადმინისტრაცია და ექსპერტი აცხადებს, რომ კანონმდებელმა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლაზე უნდა იფიქროს.

„მესმის, რომ კოალიციაში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. ფაქტობრივად მათ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში აქვთ მთელი საარჩევნო ადმინისტრაციის ბერკეტები, მაგრამ თავად „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები იყვნენ ასეთი მონოპოლიის წინააღმდეგნი მანამ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ამიტომ კარგი იქნება, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების სხვა კონფიგურაციაზე იფიქრებენ“, - აცხადებს კახიშვილი.

მისი თქმით, თავის დროზე ხელისუფლებაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო საზოგადოებამ მოსთხოვა, რომ საარჩევნო კომისიებში რომელიმე მენეჯმენტული თანამდებობა ოპოზიციისთვის დაეთმო, მაგრამ ნაციონალების მხრიდან ამ დათმობას კახი კახიშვილი პიარ-სვლას უწოდებს, რადგან საარჩევნო ადმინსიტრაციაში რეალური ოპოზიცია არ არსებობდა. დღეს კი, მისი თქმით, თუ კოალიცია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს არ შეცვლის, არასამართლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ვღებულობთ. კახი კახიშვილის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ არ შეცვლილა საარჩევნო ბარიერის პირობები არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებში, არ შეცვლილა საარჩევნო სიების დაზუსტებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები და კიდევ ბევრი რამ, რასაც თავად კოალიცია აკრიტიკებდა.

„მართალია შექმნილია ინტერფრაქციული ჯგუფი, მაგრამ აქაც ჩანს ეს მიდგომა, რომ ამ ჯგუფში პირველ რიგში, შევიდნენ თვითონ, ანუ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები, უბრალოდ, როგორც დამსწრე პირები ჰყავთ მიწვეული. სიმართლე გითხრათ, ვერც ამ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის ტეპმებს ვერაფერი გავუგე, რადგან სულ ორი სხდომა ჩატარდა და არც ერთზე რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა“, - ამბობს კახი კახიშვილი.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ახლო მომავალში სამართლიან საარჩევნო კოდექსს ვერ მივიღებთ.

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი საარჩევნო კომისიამ სიტყვა-სიტყვითი განმარტება გამოიყენა იმ ჩანაწერისა, სადაც წერია, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგების მქონე პარტიას არ მიეცემა მდივნის არჩევის უფლება. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რატომ შევიდა 2009 წელს კანონში ეს ცვლილება, ექსპერტის განცხადებით, მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საარჩევნო კომისიაში ისედაც უმრავლესობაში მყოფ პარტიებს არ ჰქონოდათ შესაძლებლობა ყველა თანამდებობის პირის დანიშვნაზე მოეხდინათ გავლენა. ასეთ თანამდებობად ჩაითვალა საუბნო კომისიის მდივანი და სწორედ უმრავლესობას არ უნდა ჰქონოდა ბერკეტი, რომ მდივნის არჩევაში მიეღო მონაწილეობა.

„კანონის ამ ნორმის არსიდან, მიზნიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეძლო, „პარტიაში“ ეგულისხმა პარტიების საარჩევნო ბლოკი და არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ (რომელიც არ არის უმრავლესობაში მყოფი პარტია), არამედ „ქართული ოცნების“ ბლოკში შემავალი პარტიებისთვის შეეზღუდა ეს უფლება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ცესკომ კანონი დაარღვია, მაგრამ ამ დებულების სულისკვეთება მას ნამდვილად არ გაუთვალისწინებია“, - აღნიშნავს ნინა ხატისკაცი.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირება მოხდეს, რადგან დღეს პირველ ადგილზე გასულ ბლოკს ჰყავს 6 პარტია და თუ ეს ჩანაწერი (და არა მარტო ეს ჩანაწერი) დარჩება, გამოვა, რომ კომისიის 7 წევრიდან 6 იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და მხოლოდ ერთი წევრი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“. ამიტომ პარტიული ნიშნით შერჩეული წევრების უმრავლესობას, ძირითადად, „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი იმ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენოს, როგორშიც ის იყო, როდესაც ოპოზიციაში იყო და კანონმდებლობის ცვლილებას უნდა მიუდგეს იმგვარად, რომ გაითვალისწინოს უმცირესობის ინტერესები.

აქვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებას და განმარტა:
„საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცესკო-ს კანონით მინიჭებული აქვს პროცედურების დაზუსტების და არა კანონის მუხლების განმარტების უფლებამოსილება. მსგავს საკითხებზე გამოთქმული კომპეტენტური მოსაზრებები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ და სხვა საკითხების განხილვა და 16 აპრილს, 18.00 საათზე, ცესკოში, ზემოთხსენებული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს იწვევს საჯარო დისკუსიაზე - „სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესში“.