სააკაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

სააკაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

აგვისტოს ომის შესასწავლად პროკურატურაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებლივ საკითხებს შეისწავლის. საქართველოს მთავარმა პროკურორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გამოძიების ამოცანაა, დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებლივ დანაშაულებს. პროკურორი ამბობს, რომ დაკითხული იქნება ყველა, ვისაც კი შემხებლობა ექნება საკითხთან.

ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ემიჯნება პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება.

„მე როგორც საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. ამ გამოძიების მიზანია სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. გული მტკივა, რომ საქმე ეხება არა ჩემს პიროვნებას, ეს მესამე ხარისხოვანია, არამედ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს,“ - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის განცხადებით, რუსეთის ოფიციალური პირებისა და უგო ჩავესის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრი პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც ქართული სახელმწიფო 2008 წლის ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.

„მოხდა პირველი შემთხვევა, როცა გაჩნდა კიდევ ერთი ოფიციალური პირი, გარდა რუსეთისა და ჩავესისა, რომელმაც ეს გააკეთა და, სამწუხაროდ ჩემთვის, ეს აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - ამბობს სააკაშვილი.

პრემიერ მინისტრის განცხადებით კი მიხეილ სააკაშვილს იმდეჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება.

„სიმართლის დადგენა აუცილებელია. მიუკერძოებელი გამოძიება დაასრულებს ომის თემით სპეკულირებას, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება აამაღლებს საქართველოს ავტორიტეტს. საჭიროა პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობს - რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციების თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები?

ათობით ახალგაზრდა შეაკვდა ამ უთანასწორო ბრძოლას. კითხვები მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის - მთავარსარდლისა და მთელი მთავრობის მიმართ ისმება და ისინი ვალდებული არიან კანონის წინაშე გასცენ პასუხი ამ კითხვებს. ვფიქრობ, დამთავრდა ის დრო, როდესაც სააკაშვილი თავად განსაზღვრავდა, ვის უნდა ეპასუხა ხალხისთვის მტკივნეულ კითხვებზე და ვის არა. საქართველოში უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ქვეყნის მმართველი კანონზე მაღლა აყენებს თავს. ახლა კანონის უზენაესობა არის მთავარი და ყველას, მათ შორის პრეზიდენს, იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება,“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების განცხადებით, აგვისტოს ომის თემატიკაზე გამოძიება დაწყებულია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში და სწორედ ის ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, შეისწავლოს რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

„ეთნიკური წმენდა არის სახეზე, რაც არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. სააკაშვილმა ვერ გაბედა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანა. სწორედ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაა, რომ საქართველოს მიმართ წარიმართოს ეს გამოძიება ეროვნულ დონეზე. ჩვენ ვასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებას. სააკაშვილს ქუდი ეწვის და როგორც ჩანს ტყუილა არ ეწვის,“ - აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

საპარლამეტო უმცირესობისთვის გაუგებარია, რა ახალ გარემოებებს ელოდება ხელისუფლება აგვისტოს ომის გამოძიებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებას არ აქვს კითხვები და როდესაც არსებობს ტალიავინის დასკვნა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები წააგავს რუსეთის სურვილს, რომელიც საქართველოს მიმართ აქვს.

„დღევანდელი გადმოსახედიდან განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა და თავისი მარიონეტული მთავრობა ვერ დასვა საქართელოში პირდაპირი გზით და მთავრობა, რომელიც ქვეყანას დღეს ჰყავს არის ჩვენივე არჩეული. მოქმედებები, რომელსაც ახალი ხელისუფლება ახორციელებს ეს არის ერთი-ერთზე იგივე, რასაც რუსეთი მოსთხოვდა თავის მარიონეტულ მთავრობას.

სწორედ ამიტომ ვერ მალავს ლავროვი კმაყოფილებას, საუბრობს იმაზე, რომ ეს მთავრობა არის პრაგმატული, არადა ამ მთავრობას ჰქონდა ყველანაირი შანსი იმისათვის, რომ გაეგრძელებინა ყველა ის წარმატებული მიმართულება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და გამოესწორებინა ყველა ის ხარვეზი და შეცდომა, რომელიც შეიძლებოდა დაშვებული ყოფილიყო“, - ამბობს გაბაშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვს კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილს, როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა საქრთველოს ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მისივე თქმით, თუ ამას საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს, მაშინ ამას ჰაგის საერთაშორისო სასამართლო გააკეთებს.

„სააკაშვილს, როგორც ჩანს, კონკრეტული დანაშაული რომ აქვს ჩადენილი, იმიტომ არ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. დანაშაულია, როდესაც იწყებ სამხედრო ოპერაციას და არ ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რასაც მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ისე გამოვიდა, რომ მარტო რუსები არიან დამნაშავე. თავიანთ დანაშაულზე არაფერს ამბობენ. აქ ორივე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი დგას. სააკაშვილის კონტროლირებადმა პარლამენტმა რომ გამოიძია ეს საქმე, იმიტომაცაა, რომ არსებობს კითხვები. აგვისტოს ომის შედეგები ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, ეს ჩვენ რომ არ გავაკეთოთ, ამას ჰააგის სასამართლო გააკეთებს,“ - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია თვლის, რომ სააკაშვილის დაკითხვას დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც პიარ დანიშნულება აქვს.

„ისინი უტვინოდ და უპასუხისმგებლოდ ემზადებოდნენ ომისთვის და ჩაებნენ კიდეც მასში. სხვათაშორის, როცა პიარისთვის სჭირდებოდა, მახსოვს, თვითონ მოითხოვა სააკაშვილმა დაკითხვა. იქ ჩემზე და პუტინის მეტზე არავისზე უსაუბრია. რაც შეეხება იმას, ახალმა ხელისუფლებამ რატომ დაიწყო გამოძიება, ეს მათ უნდა კითხოთ. არადა ფაქტია, რომ კორუფციული დანაშაულები არაა გამოძიებული. მე მათ ადგილზე აქცენტს ამაზე გადავიტანდი და მერე გავიდოდი ომის საკითხებზე, რადგან სხვა უბედურებასთან ერთად ეს ომი კორუფციული დანაშაულიც იყო.

2003 წლის თებერვალში უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მკითხა, უცებ რომ შევიდეთ სოხუმში, ან ცხინვალში რა იქნებაო? რაზეც ვუპასუხე - თბილისს დაბომბავენ-თქო. მაშინ მან გულიანად გაიცინა და დამაყვედრა, შენნაირი მინისტრები რომ ყავდა შევარდნაძეს მიტომ ვარ დღეს ამ კაბინეტშიო. ახლა გასაგებია რაშიცაა ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობა?“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერი ხაბურძანიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ ომთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა და პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდა. „როდესაც წინასწარ კეთდება განცხადება და აბსურდებზეა საუბარი, თითქოს-და ჰააგა ითხოვს სააკაშვილის დაკითხვას და ამიტომ უნდა დაიკითხოს, ეს ხომ არ დაიმალება, ეს ხომ ასე არ არის?! ეს არის მხოლოდ პიარ-ნაბიჯები. რატომ ხდება ამ საკითხის წამოწევა? რეალურად „ქართული ოცნება“ ვერ ასრულებს დაპირებებს, რომელიც ხალხს მისცა.

გამოძიებები რომელიც ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის, ფლავდება. საზოგადოება ითხოვს სწრაფ მოქმედებას და სწორედ ამიტომ, გამოქექეს ახალი თემა. სინამდვილეში კი არაფერი ხდება და არც ჰააგა ითხოვს რამეს,“ - ამბობს პაატა დავითაია, რომლის თქმით, როცა ახალი ხელისუფლება მოვა ისევ შეიქმნება კომისია და დასვამს კითხვას, რამდენად სწორად გამოიძია ივანიშვილის მთავრობამ აგვისტოს ომი.

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ნაბიჯის პოლიტიზირება არ იყო კარგად გათვლილი, როგორც ეს ადრე მოხდა - აფხაზეთის რკინიგზის უპირობო გახსა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობის დაკნინება, ქართული ისტორიული ძეგლები თურქეთში და სხვა საკითხები, რომელთა დეზავუირება მოხდა შემდგომი ხელისუფლების მიერ.

„ამჯერად, ომის საკითის წამოწევა შიდა პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში კიდევ უფრო მავნეა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან ყველა დასკვნის შემთხვევაში ჩვენი ინტერესები ზარალდება - ომი ჩვენ დავიწყეთ თუ არა. ახლა განსჯა ადვილია და ამიტომ, ყველაფერი მიშას ბრალია - ომიც მან დაიწყო და მან წააგო. მაგრამ გავიხსენოთ 7 და 8 აგვისტო, გეგულებათ ერთი ქართველი მაინც, მაშინ გულში მაინც არ იყო მომხრე ჩვენი აღდგენილი ღირსებისა და სამხედრო წარმატებებისა?

დაუშვათ, რომ კომისიამ დაადგინა - როგორც ეს ხელისუფლებამ დაანონსა - ომი მიშამ დაიწყო, რას მოგვიტანს ეს ჩვენ? პირველი, სანამ საერთაშორისო ტრიბუნალი რამეს დაადგენს, საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ომის დამწყები ჩვენი ქვეყანა არის და იქნება. (პრეზიდენტის ბრალეულობა იქნება ეს თუ სხვისი, მათთვის მეორეხარისხოვანია).

მეორე, მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრებსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და რუსული ოკუპაციის საკითხი იხილება - გაერო, ეუთო, ევროსაბჭო და სხვა - საქართველოს (როგორც არასანდო ქვეყანას) კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება თავისი სიმართლის მტკიცება და დეოკუპაციის პოლიტიკის გატარება. საქართველოს სახელმწიფოებრიობას ადგება საფრთხე,“ - აღნიშნა მამუკა კუდავამ.