ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, უნდა გაიმართოს თუ არა 26 მაისის აღლუმი. ამის შესახებ მთავრობაში აზრი გაყოფილია, ერთნი მიიჩნევენ, რომ აღლუმი საბჭოთა გადმონაშთია, მეორენი - მასზე უარს ფინანსური დანახარჯების გამო ამბობენ, სხვანი კი შეიარაღებულ ძალებს სახელმწიფოს სიამაყედ აიგივებენ და მათთვის აღლუმის სახით პატივის მიგებას აუცილებლობად თვლიან. თუმცა, ამ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისის აღლუმის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელმაც სამხედრო ძალა უნდა აჩვენოს.
26 მაისის სააღლუმო განწყობას ართულებს ერთი ფაქტორიც, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს აღლუმი?! თუკი მისი ჩაბარება მიხეილ სააკაშვილს, როგორც მთავარსარდალს, მოუწევს, ეს ახალი მთავრობისთვის მთლად სასიამოვნო ფაქტი არ იქნება. თუმცა პრეზიდენტის მიერ აღლუმის ჩაბარებას ისიც ართულებს, რომ ბოლო დროს, ახალი ხელისუფლება სულ უფრო მეტად ადანაშაულებს მას აგვისტოს ომის ქმედებებში და ამ მოვლენის გამოძიებასაც გეგმავს.
თავის მხრივ, აღლუმის თემას გამოეხმაურა სააკაშვილიც. მან აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს. პრაქტიკულად, ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ღირსებას.
ასეთი განცხადებების მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა 26 მაისის თემაზე სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში კონსულტაციები გამართეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 26 მაისი იქნება სამოქალაქო ზეიმი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სამხედრო ელემენტები და წელს 26 მაისი თავისი მასშტაბებით გამორჩეული ღონისძიება იქნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა კულტურა, სოფლის მეურნეობა და სხვადასხვა სფეროები. ამდენად, სოზარ სუბარს რომ დავესესხოთ, წლევანდელი 26 მაისი იქნება ისეთი, როგორც შეეფერება ცივილიზებულ ქვეყანას და არ იქნება ისეთი ღონისძიება, როგორიც მაგალითად, ტარდება ხოლმე ჩრდილოეთ კორეაში.
თუმცა, დეპუტატების შეხვედრისას არაფერი თქმულა იმის შესახებ, ჩაიბარებს თუ არა 26 მაისს სამხედრო აღლუმს პრეზიდენტი.
რას ფიქრობენ სამხედრო ექსპერტები და პოლიტიკოსები აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით?! ამის შესახებ For.ge სხვადასხვა პიროვნებას ესაუბრა.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ, თავისთავად, ყველაზე დაზარალებული მაინც საზოგადოება გამოდის, რადგან პოლიტიკურ კონიუნქტურას, გარკვეულწილად, ეწირება სამხედროების სიამაყე. თავისთავად, აღლუმის ჩატარების ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ, ეს არის ფორმა, როდესაც საზოგადოება ახდენს თავისი შეიარაღებული ძალების დათვალიერებას. ამიტომ, იმ ტრადიციის დამკვიდრება, რომ აღლუმი ჩატარდეს, გარკვეულ ფინანსურ ჩარჩოებში და გარკვეული მოცულობით, რა თქმა უნდა, მისაღებია.
თუმცა გიორგი თავდგირიძე კითხულობს, აქვს კი მიხეილ სააკაშვილს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, ასეთი აღლუმის ჩატარებისა და მიღების მორალური უფლება, სანამ 2008 წლის მოვლენებში სააკაშვილის როლი, დანაშული ან გმირობა გამოძიებული და გარკვეული არ არის?!
მანამდე კი საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, რომ წაგებულ ომზე პასუხისმგებელი სააკაშვილია და მას არ აქვს მორალური უფლება, მიიღოს აღლუმი. ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს, მმართველ ძალას გულახდილად უნდა ეთქვა, რომ ზუსტად სააკაშვილის გამო არ ატარებენ აღლუმს და ეს გულწრფელი პოლიტიკის ნაწილი იქნებოდა.
რაც შეეხება არგუმენტს, რომ საქართველოს არ ჰყავს იმხელა შეიარაღებული ძალები, ან არ აქვს ძალის დემონსტრირების უფლება, გიორგი თავდგირიძე ამას სამხედროების შეურაცხყოფად მიიჩნევს. ამიტომ უმჯობესია, ვთქვათ სიმართლე, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა არ უნდა ჩაიბაროს აღლუმი.
მისი აზრით, 26 მაისს დასავლეთში მიღებული ფორმაც შეიძლება გამოინახოს, როცა სამხედროები თავიანთი განთავსების ადგილზე ინდივიდუალურად ატარებენ საზეიმო სვლებს, რასაც დაესწრება მოსახლეობა, ანუ დასაშვებია, ცენტრალიზებული აღლუმი არ ჩატარდეს, ამით სამხედროების ღირსება შენარჩუნებულ იქნება.
„ჩვენი ოფიცრები, სამხედროები თვლიან, რომ აღლუმი ეს არის მათი შემართების, განსწავლულობის დემონსტრირება საზოგადოების წინაშე. ეს ერთი დღე აქვთ, როცა ისინი ამ ფორმით ახდენენ დემონსტრირებას და ამ დღეს იღებენ მორალურ მხარდაჭერას, დადებით მუხტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამხედროებისთვის. ამიტომ, ეს დღესასწაული მათ არ უნდა ჩაშხამდეს. შეიძლება სხვა დღესაც ჩატარდეს აღლუმი, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც 26 მაისს. უბრალოდ, ტრადიცია დამკვიდრდა 26 მაისს. თორემ თბილისში აღლუმის ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ქვეყნის დედაქალაქი. თუმცა ეს არ უნდა იყოს გრანდიოზული, პომპეზური, არც ისე დიდი ფინანსური დანახარჯები არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს დღესასწაული“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
„აღლუმის გამართვის იდეა სამხედროებს ყოველთვის ხიბლავთ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, მაგრამ მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხები და არა ამ აღლუმის ჩატარების აუცილებლობა.
„ის ასპექტი, რაზეც სააკაშვილი ამახვილებს ყურადღებას, უმნიშვნელოა. ის სისულელეს ამბობს, თითქოს, ქართველებს სრცხვენიათ აღლუმის ჩატარების. უბრალოდ, საქართველო არ არის იმ შესაძლებლობის ქვეყანა, აღლუმი ჩაატაროს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება და ამიტომ, გადაწყვეტილება თავის დროზე იქნება მიღებული. აღლუმს არანაირი კავშირი საქართველოს სიამაყესთან არ აქვს. წარმოუდგენელია, ქვეყანა ამაყობდეს აღლუმით. ქვეყანა უნდა ამაყობდეს ომში გამარჯვებით და სხვა წარმატებებით. აღლუმით სიამაყე რას ნიშნავს? ამ ტყუილში ხომ ვიცხოვრეთ? უბრალოდ, სააკაშვილს სათქმელი აღარ აქვს, ის ძალიან უმნიშვნელო ფიგურა გახდა საქართველოში, არავინ არაფერს ეკითხება, ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ ქვეყანას აზანზარებდა და ახლა უმნიშვნელოა. ამიტომ, არაადაეკვატურად ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ არ ივლის დაკითხვებზე, როგორ არ სცემს პატივს სასამართლოს, როგორ არ ადარდებს ქართული კანონმდებლობა, როგორ ზეპირად იცის, რა გვარია ივანიშვილი, თურმე ყველას გადაკეთებული გვარები გვქონია და ყველანი ორჯონიკიძეები ვყოფილვართ. ბიძამისის პატრონი ამის თქმისგან ხომ უნდა იკავებდეს თავს, დედამისის ძმა კგბ-ს გენერალია და ამ დროს ვინ არის ორჯონიკიძე?! ამიტომ, არ არის სწორი, ამხანაგი სააკაშვილი“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ჩაიბარებს თუ არა აღლუმს სააკაშვილი, ამის შესახებ დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს თავისი უფლებები აქვს, რაც მისთვის ჯერ არავის წაურთმევია და მთავარსარდლობიდან არავის გაუთავისუფლებია. ამდენად, თუკი აღლუმი ჩატარდება, ალბათ, სააკაშვილი ჩაიბარებს. თუმცა, ისიც საკითხავია, სურს კი მას, ვინმესგან რაიმე ჩაიბაროს?
„საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ხანებში ისე იქცევა, არ გვატყობინებს, რომელ ქვეყანაში მიდის, ვინ ახლავს. ამ დროს კი საქართველოს მთავრობა ჰყავს, რომელიც ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა დაამტკიცა და პრეზიდენტი ვალდებულია, თავისი შემადგენლობა შეუთანხმოს მთავრობას. იქნებ, მთავრობას ვინმეს გაშვება უნდა მასთან ერთად? იქნებ, რამე საქმეებია მოსაგვარებელი უცხოეთში? ეს კაცი ისე იქცევა, ვითომ ბიუჯეტი მისი ოჯახის ფულია და ვინც მოეწონება, ისინი დაჰყავს საზღვარგარეთ, მათ შორის, ჟურნალისტები, პარლამენტის წევრები“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღლუმის ჩატარების მიზანშეუწონლობის პირდაპირ და არაპირდაპირ ფაქტორებზე საუბრობს. ერთ-ერთი მათგანია აგვისტოს ომის შემსწავლელი ფაქტორი. მით უფრო, ჰააგის ტრიბუნალმა ოფიციალურად მოსთხოვა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, არ გვინდა, ამაზე თვალის დახუჭვა და თუ აგვისტოს ომის ობიექტურად გამოძიება არ მოხდება, ჰააგის პროკურატურა და საერთაშორისო ტრიბუნალის სამხედრო პროკურატურა ამას თავადვე გამოიძიებს, როგორც ეს მილოშევიჩის საქმესთან დაკავშირებით მოხდა.
გარდა ამისა, წინა აღლუმის ჩატარებას რაც მოჰყვა, ყველამ კარგად იცის, რადგან 26 მაისი იყო სისხლიანი სასაკლაო. ქართული ტრადიციიდან გამომდინარე კი, დაღუპულთა წლისთავზე არმიის გამოყვანა და ზეიმი დაუშვებელია. მეტიც, რა გვეზეიმება?!
რაც შეეხება 2009 წელს, მაშინ აღლუმი არ ჩატარებულა და ეს ბუნებრივიც იყო წაგებული ომის სინდრომის შემდეგ, როცა საზეიმო არაფერი გვქონდა.
გარდა ამისა, ვახტანგ მაიასიას ქუჩაში არმიის გამოყვანა იმ ფონზეც აეჭვებს, როცა სახელმწიფო პოლიტიკური გადატრიალების შესაძლებლობა არათუ არ გამოირიცხება, არამედ გარკვეულწილად, 19 აპრილი ამისკენ მიექანება და ამის ინდიკაციას იძლევა.
ამ ორი სიტუაციის გათვალისწინებით კი, შიდა პოლიტიკური სტაბილურობის კონტექსტიდან გამომდინარე, არმიის ნაწილების ქალაქში გამოყვანა არასასურველია. მით უფრო, როცა არმიაც და საზოგადოებაც ნაციონალებისა და ოცნების სასარგებლოდ გახლეჩილია.
„აქ შეიძლება ჩატარდეს მასობრივი ღონისძიებები, დემონსტრაციები მოსახლეობის მხრიდან, შეიძლება, პირობითად გაიმართოს პოლიციის მცირე აღლუმი, რომელიც უფრო რბილ ფორმებში იქნება და არანაირი კავშირი არ ექნება სამხედრო აღლუმის ფაქტორთან. არ არის სავალდებულო, რომ აღლუმი მაინცდამაინც მთავარსარდალმა ჩაიბაროს. ამის პრეცენდენტებიც არსებობს, 1945 წლის 24 ივნისს ჩატარებული სამხედრო გრანდიოზული აღლუმი, რომელიც მიეძღვნა საბჭოთა კავშირის მიერ ფაშიზმის დამარცხებას, ჩაიბარა არა უმაღლესმა მთავარსარდალმა - იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა, როგორც ეს სტატუსით მიესადაგებოდა, არამედ - მთავარსარდალმა ჟუკოვმა, რომელიც აწარმოებდა ბერლინის ოპერაციას და იყო მთლიანი შეიარაღებული ძალების სარდალი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ჩვენთან აღლუმი თავისუფლად შეიძლება ჩაიბაროს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ან ბოლოს და ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა. მოითმენს თუ არა სააკაშვილი ამას? - მაისაია აცხადებს, რომ სააკაშვილის ხუშტურების გადამკიდე, საქართველო ომში იყო ჩათრეული და სწორედ მის კისერზეა, რომ 200 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამ დროს კი პრეზიდენტი გორში ფორთხავდა და გარბოდა.
„იმ მთავარსარდალს რა ვუთხარი, ვინც ასე გამოიქცა ერთი თვითმფრინავის გამოჩენისას. ედუარდ შევარდნაძე სოხუმის პოზიციაზე იდგა და 16 მარტს მისმა გამოჩენამ გადაავადა სოხუმის დაცემა. საომარი რიტორიკის კონტექსტიდან გამომდინარე, რუსეთმა ახლახანს დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი. როგორც ჩანს, რუსები ჯერაც არიან საომარი რიტორიკის ფონზე და ეს აშკარად ჩანს როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების, ასევე, იმის ფონზე, რაც მზადდება ახლა ჩვენი მიმდებარე ტერიტორიების ირგვლივ. შავიზღვისპირეთის სანაპიროზე ჩატარებული სამხედრო წვრთნები მაგონებს იმას, რომ სწორედაც პუტინი ხელმძღვანელობდა აგვისტოს საომარი ოპერაციების გეგმას. პუტინი გეგმავდა და არა მედვედევი და მან გასცა უშუალოდ ბრძანება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით მომხდარიყო“, - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, რუსეთის მზადება და გადაადგილება საომარი მზაობისთვის გამოწვეულია არა იმდენად საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემოებით, არამედ ეს უკავშირდება მსოფლიო პოლიტიკურ სცენარს და ახალ გეოსტრატეგიულ გამოწვევებს. საუბარია სირიაში არსებულ რთულ ურთიერთობებზე, ირანში არასტაბილურ სიტუაციაზე და სხვა. ამდენად, საზღვრისპირა კერებში დაძაბული სიტუაციაა, მატულობს სამხედრო მუსკულების ჩვენება მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან და ამ პერიოდში შეიარაღებული ძალების მოცდენა და გადაადგილება არასასურველი იქნებოდა, რადგან შეიარაღებული ძალები გარკვეულწილად, მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციების აღკვეთისა და პრევენციისთვის. თუმცა, ამის მიუხედავად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სამხედრო აღლუმის ჩატარება არავითარ გაღიზიანებას არ გამოიწვევს და ეს რუსეთისთვის მეორე და მესამეხარისხოვანია.
რაც შეეხება ფინანსებს, მისი თქმით, თუ საბრძოლო ტექნიკის გამოყვანაზეა საუბარი, შეიძლება, დაიხარჯოს 50 და 100 ათას ლარამდე, თუ მეტი არა, უბრალოდ, გააჩნია, რა ტექნიკა გამოგვყავს. ამასთან, პირველ ეტაპზე, სამხედროების რეპეტიციაა საჭირო, შემდეგ - გენერალური რეპეტიცია და ამის შემდეგ - აღლუმი. ეს ყველაფერი კი თანხებს უკავშირდება.