„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისის მერიაში პოლიტიკური სადავეების დათმობა მოუწია. ქალაქის მერის, ბესიკ ბრეგაძის იმპიჩმენტი იმ პირებმა მოახდინეს, რომლებიც წინა ხელისუფლებას ხოტბას ჯერ კიდევ ორი თვის წინ ასხამდნენ.
კერძოდ, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, მერის გადაყენება იმ დეპუტატებმა მოითხოვეს, რომელთაც ნაციონალთა რიგები დაახლოებით 10 დღის წინ დატოვეს და რომელთაც, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დააფუძნეს, რომელსაც სათავეში ორგზის დეპუტატი და იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე ჩაუდგა.
„პატრიოტებმა“ ასე მოკლე ხანში, პოლიტიკური ხედვები რატომ შეიცვალეს, მათ ამაზე საუბარი უჭირთ და ბურუსით მოცულ განცხადებებს აკეთებენ.
როგორც for.ge-ს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საკრებულოს წევრმა, კახა ნემსიწვერიძემ განუცხადა, ნაციონალთა რიგებში მისი ადგილი არ არის.
მისი თქმით, ახალმა პარტიამ ქალაქის მერის გადაყენებით საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„საზოგადოების მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და მერი პოსტიდან გავათავისუფლეთ. მისი თანანმდებობიდან გაშვება არგუმენტების შესაბამისად მოხდა. კერძოდ, ეს მიზეზები გახლდათ - მერის მივლინებები, პარკინგის მდგომარეობა ქალაქში, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნა, სამსახურებს შორის კომუნიკაციის არარსებობა და ა.შ.“, - აცხადებს ნემსიწვერიძე, რომელიც for.ge-ს კითხვამ - „წინა ხელისუფლების დროს, ქალაქში არსებულ უკანანო ფაქტებზე რატომ არ იმაღლებდა ხმას და რატომ არ გააპროტესტა პარლამენტის მშენებლობისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარის გამოყოფა, მაშინ, როდესაც, ქალაქში უამრავი პრობლემაა?“ - დააბნია და მან გაურკვეველი შინაარსის პასუხი გაგვცა - „თუ რა მიზნით დავდოტე ნაციონალები, ეს პარტიის დაარსებისას ვთქვი და ახლა ამ საკითხზე საუბარს მიზანშეწონილად არ ვთვლი. მე ვიყავი საზოგადოების წარმომადგენელი ხელისუფლებაში და არა ხელისუფლების წარმომადგენელი საზოგადოებაში“.
როგორც ჩანს, ნემსიწვერიძეს ის პირადული საუბრები დაავიწყდა, როდესაც, ის ნაციონალებს დიდი „გულისხმიერებით“ იცავდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ქვეყნის აღმაშენებელს“ უწოდებდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილს „რუსულ პროექტს“. ნემსიწვერიძეში, გოჩა თევდორაძესა და მათ თანაგუნდელებში რამ გამოიწვია პოლიტიკური ფერისცვალება, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ამჟამად, თევდორაძის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ის ნაციონალთა რიგებში არ იყო, ეს მინიმუმ პოლიტიკური სიბეცეა, რადგან მედიას ძალიან კარგად ახსოვს წინა პარლამენტში თევდორაძე - „პულტზე თითის მიჭერის ფუნქციით“.
რაც შეეხება საკრებულოს დღევანდელ სხდომას, ის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც საბჭოთა კავშირის ჰიმნით დაიწყო, რომელიც ნაციონალთა მიერ იყო „შეკვეთილი“. ამას გარდა, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ლევან ჭანჭალეიშვილმა გოჩა თევდორაძის კარიკატურა გაშალა და მას მოქალაქეებმა „აფერისტი“ უწოდეს. ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ყოფილი თანაგუნდელების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა, რომელთაც ოპონენტებს „ვირთხები“ უწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალები პროვოკაციაზეც მიდიოდნენ და ოპონენტებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით იწვევდნენ, მაგრამ საკრებულოს უმრავლესობა მათ გამოწვევას არ აჰყვა და სხდომა თავდახრილებმა დატოვეს.
მართალია, სხდომაზე ბრეგაძის იმპიჩმენტს 14 დეპუტატმა 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა, მაგრამ თავად ბრეგაძემ მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც თავად განაცხადა, ოპონენტებს „შეუნდო“. ბრეგაძისგან განსხვავებით, ოპონენტებს აკრიტიკებს ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე და ამბობს, რომ ბრეგაძის წინააღმდეგ მისი მეგობრები წავიდნენ.
ძოწენიძის შეფასებით, მერის იმპიჩმენტი 19 აპრილის აქციას უკავშირდება.
ახალი მერის არჩევამდე, ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე–მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს. მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე განიხილება, რომელსაც ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. რაც შეეხება მერის არჩევის წესს, ახალი მერის არჩევაზე საკრებულოს მუდმივმოქმედი, საკონკუროსო–სააგიტაციო კომისია იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის მივლინებებზე, რამდენიმე თვის წინ, for.ge წერდა. კერძოდ, ყურადღება იმ მივლინებაზე გავამახვილეთ, როდესაც ქუთაისის მერიამ საკუთარი ბიუჯეტიდან - 12 858,01 ლარი იმ მიზნით გამოყო, რომ ბესიკ ბრეგაძე, მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლი კოტე რატიანი და მერის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი ქალაქ გრაცში, საერთაშორისო კონფერენციას - „Green energy Committee“ დასწრებოდნენ და ქალაქ მადრიდში - საერთაშორისო გამოფენა ბაზრობაში მონაწილეობა მიეღოთ.