„ნიკა რურუა ხელისუფლებაში იმ დროს მყოფი ადამიანის ტყავის გადარჩენას ცდილობს“

„ნიკა რურუა ხელისუფლებაში იმ დროს მყოფი ადამიანის ტყავის გადარჩენას ცდილობს“

აგვისტოს ომის გამოძიებამ ყველაზე მეტად ნაციონალები დააფრთხო. კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება სახიფათო თამაშია, რომელიც შეიძლება, ძირძველი ქართული მიწების დე-იურე დაკარგვაში გადაიზარდოს.

მისი თქმით, ომის მიზეზების გამოძიებამ, რასაც აპირებს იუსტიციის მინისტრი და რასაც პრემიერ-მინისტრიც დაეთანხმა, შეიძლება, არაღიარების პოლიტიკას საფრთხე შეუქმნას. ეს იქნება მკაფიო გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ რასაც აქამდე ქართული სახელმწიფო ამბობდა, ტყუილი ყოფილა.

მეტიც, ნიკა რურუას თქმით, თუ რუსეთი ვინმეს ჰპირდება, რომ, თუ საქართველო „დანაშაულს“ აღიარებს, იგი რაიმეს დათმობს, ეს დიდი შეცდომაა. ამდენად, პრემიერ ივანიშვილის სიტყვები „ვიცხოვროთ სიმართლით“ ლამაზი ნათქვამია, მაგრამ ცალმხრივია, რადგან რუსეთი სიმართლით არ ცხოვრობს.

„ეს გულუბრყვილო პოლიტიკა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს, ამას მოყვება ის, რომ მსოფლიო არაღიარების პოლიტიკას ნელ-ნელა მეთოდურად დაანებებს თავს“, - აღნიშნა რურუამ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ექს–მინისტრი ურჩევს პრემიერს, თუ ამ ომის დაწყების დეტალები აინტერესებს, შიდა მოკვლევა, ან გამოძიება ჩაატაროს.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით, არაადეკვატურად მოიქცა და მის სრულყოფილ გამოძიებას საერთაშორისო თანამეგობრობაც ელის და ეს მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების ინტერესში არ არის.

უკვე გადაწყვეტილია, რომ პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისია შეიქმება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი აზრით, უნდა ვიცოდეთ, რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს, რა ძაბავდა სიტუციას, რა ქმედებას ახორციელებდა ხელისუფლება. ამ კითხვებზე საზოგადოებას პასუხი არ აქვს და ის პასუხები, რაც წინ ხელისუფლებამ კომისიის დასკვნის სახით საზოგადოებას მიაწოდა - იყო პიარი და რეალური სიტუაციის დაფარვის მცდელობა.

ის, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო, ამას ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უარყოფენ. სულ ახლახანს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების საკითხი და სუვერენული საქართველოს ოკუპაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. თუმცა საკითხავია, შეიძლებოდა თუ არა პოლიტიკური ნაწილით ამის თავიდან აცილება?! ჰქონდა თუ არა დიპლომატიური, სახალხო დიპლომატიური, საერთაშორისო რესურსები საქართველოს, რომ ეს ომი აეცილებინა? ამდენად, საინტერესოა, რატომ ვერ დაიცვა საქართველომ თავი, რათა მომავალში გვქონდეს რეალური დოქტრინა და იგივე არ განმეორდეს.

რამდენად რეალურია ყოფილ ხელისუფალთა შიში, რომ აგვისტოს მოვლენების გამოძიების შემთხვევაში, თუკი საქართველოს ბრალეულობა გამოიკვეთება, მაშინ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა იმ ქვეყნებსაც გადაედება, რომლებიც აქამდე ამისგან თავს იკავებდნენ?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ჩვენი კონფლიქტური რეგიონების არაღიარების პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია და საქმე აქეთკენ არ მიდის. მისი თქმით, ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი თავიდანვე ცდებოდა, როდესაც საკითხს ასეთნაირად აყენებდა, თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად იგი ყოველთვის აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას და მოითხოვდა გამოძიების პროცესის დაწყებას, არასდროს აცხადებდა, თითქოს, ომი საქართველომ დაიწყო, რადგან ომის დაწყების მთავარი ინიციატორი რუსეთი იყო. აქ საუბარია ომზე და არა - ბრძოლაზე. თორემ, ექსპერტის თქმით, კონკრეტული ბრძოლა შეიძლება, 7-ში ღამითაც დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, რადგან მანამდეც მიმდინარეობდა ბრძოლები. უფრო ზუსტად, 5 აგვისტოს ორი სამშვიდობო ჯარისკაცი უკვე დაღუპული გვყავდა და, საერთოდ, 1-ლი აგვისტოდან დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა.

„ვერცერთი რუსი სამხედრო ვერ იტყვის, თითქოს, რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ, ხელი შეეშალათ ოსური მხრიდან ქართული სოფლების საარტილერიო დაბომბვისთვის. გარდა ამისა, ვინ მისცა მათ ეს იარაღი? რუსებმა არ მისცეს? ასე რომ, რასაკვირველია, ომი დაიწყო რუსეთმა, გარკვეული მიზნებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა რა, რომ ხაფანგს უგებდნენ, მაინც ამ ხაფანგში გაყო თავი“, - აცხადებს მამუკა არეშიძე და მისი მონაწილეობით „მაესტროს“ ერთ-ერთ ეთერს იხსენებს, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძესთან საუბარში მნიშვნელოვანი რამ გამოჩნდა.

კერძოდ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ 2008 წლის 21 თებერვალს ისინი შეხვედრაზე იყვნენ პუტინთან და პუტინმა მათ უთხრა, თქვენ აუცილებლად დაისჯებით და არა იმიტომ, რომ ეს თქვენი ბრალია, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთმა აღიარა კოსოვო. ამდენად, ექსპერტის თქმით, პუტინს გაუფრთხილებია ქართული მხარე, რომ ამას აპირებდა და ეს პირდაპირი აღიარებაა, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. თუმცა ეს, ამავდროულად, საქართველოს წინა ხელისუფლებაც გაფრთხილებული იყო.

ამის შემდეგ კი იმავე ეთერში ვაშაძის მაშინდელმა მოადგილემ ნიკა ვაშაკიძემ აღიარა, რომ ომის თავიდან აცილების საშუალება იყო, მაგრამ ეს ამბავი არ მოხერხდაო. ამდენად, მამუკა არეშიძის აზრით, აგვისტოს ომის ფაქტების გამოძიებისას, რუსეთის დანაშაული შეიძლება უბრალო შტრიხებით შეივსოს, თორემ ცალსახაა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო და მას პირადად აქვს ნანახი, რომ მარტში უსაფრთხოების ზონის მიღმა, ანუ ჯავის რაიონში, როგორ ხდებოდა რუსული ახალი შეიარაღებისა და სამხედროების დისლოკაცია. მეტიც, ექსპერტმა ჯერ კიდევ ივლისში გააფრთხილა ჩვენი ხელისუფლება, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, მაგრამ ისინი არ მოეშვნენ საომარ რიტორიკას.

„ამიტომ გამოძიების პროცესში მთავარია საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული საკუთარი მოსახლეობის მიმართ - ხალხის მიტოვება, ჯარების არასწორი მართვა. თორემ ის, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთი ხელს უწყობდა სეპარატისტებს, განსაკუთრებით, კოკოითს ომის ხანძრის გაჩაღებაში, ამაზე საუბარი ზედმეტია. თუ იმ კონტექსტში დავიწყებთ გამოძიებას, საქართველომ თურმე როგორ დაიწყო ომი, მაშინ ნიკა რურუას ეს განცხადება გასაგებია. მაგრამ ასე არ მოხდება, რადგან მთავარია, ომამდე როგორ მივიდნენ და ომის დროს როგორ იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება“, - განმარტავს მამუკა არეშიძე.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ამჟამად სხვა მიზეზს იშველიებს ნიკა რურუა, თუმცა ერთია, ხელისუფლებაში იმ დროს მყოფი ადამიანის კონკრეტულად ტყავის გადარჩენის საკითხი და მეორეა, ქვეყნის პრესტიჟის საკითხი, რაც სიმართლის დადგენას  მოითხოვს. ამდენად, აგვისტოს ომი გამოძიებულ უნდა იქნას და ამით, არავითარ შემთხვევაში, ჩვენი კონფლიქტური რეგიონების კიდევ მეტად აღიარება არ მოხდება.

უფრო მეტიც, ამ რეგიონების აღიარება ზუსტად მას შემდეგ მოხდა, რაც 12 აგვისტოს პრეზიდენტები შეიკრიბნენ, სარკოზი-მედვედევი უკვე ხელს აწერდნენ არა 6-პუნქტიან ხელშეკრულებას, არამედ მის ისეთ რედაქციას, სადაც ეწერა, რომ კონფლიქტის ზონების შემდგომი სტატუსი დადგინდება საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად და ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. მეტიც, ამ ხელშეკრულებით ყველა მხარე ვალდებული და ასე ვთქვათ, „დაჭერილი“ იქნებოდა. ამ დროს კი სააკაშვილის გადაწყვეტილებამ ხელი გაუხსნა რუსეთს და სააკაშვილმა 12 აგვისტოს ხელშეკრულების შავი ვარიანტიდან ეს პუნქტი საკუთარი ხელით ამოშალა.

გოგი ხუციშვილის აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ საკითხი ჩიხში ბოლომდე შესულიყო და პრობლემა მთლიანად რუსეთზე გადაებრალებინა, რითაც თავს დაიზღვევდა, რომ საკითხი ვერ გვარდებოდა.

ამდენად, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის პირადი პასუხისმგელობის მოხსნის საკითხი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქვეყნის ინტერესი.

„თუ რამე თავის გასამართლებელი აქვს, ახლა მაინც უნდა თქვას სააკაშვილმა. მაინც მგონია, იმის გამო, რომ ჯერჯერობით, იგი პრეზიდენტის პოსტზეა და არსებობს რაღაც დაწერილი თუ დაუწერელი საერთაშორისო შეთანხმებები, მისი პოსტიდან გადაყენების საკითხი არ დადგება. თეა წულუკიანმაც შესწორება გააკეთა, შეიძლება, ამაზე მსაჯელობა მაშინ მოხდეს, როცა იგი პრეზიდენტი აღარ იქნებაო. ამიტომ, რატომღაც მგონია, ეს მართლაც ასე მოხდება, რათა საერთაშორისო სპეკულაციებს არ მიეცეს საფუძველი. მაგრამ ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგება, მიხეილ სააკაშვილი იმ დროს უკვე ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება და მან პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

ამასთან, მისი თქმით, ჩვენ გვაქვს ძალზე ობიექტურად ჩატარებული საერთაშორისო დონის შეფასება, რასაც ჰქვია ჰაიდი ტალიავინის, ანუ ევროკავშირის დამოუკიდებელი მონიტორინგის მისიის სქელტანიანი ანგარიში. მასში ნათლად წერია, რომ ყველა მონაწილე მხარეს ამ კონფლიქტში აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

ამის მიუხედავად, ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილის მთელი პოლიტიკა იქეთ იყო მიმართული, რომ მომხდარის გამო მთელი ბრალი იდენტიფიცირებული ყოფილიყო რუსულ მხარესთან და თვითონ მთლიანად მოეხსნა პასუხისმგებლობა. სწორედ ამისთვის ჩაატარეს ასეთი ოპერაცია, თითქოს 7 აგვისტოს რუსებს უკვე შემოყვანილი ჰყავდათ დამალული ტანკები. გოგი ხუციშვილის თქმით, ნაციონალებს ეს სჭირდებოდათ, თუმცა, სინამდვილეში, ტალიავინის კომისიამ ეს ვერ დაადასტურა.

„რა თქმა უნდა, დიდი ხანია, რუსეთი ამ ომისთვის ემზადებოდა და რუსეთის ინტერესებში იყო, რაც შემდეგ მოხდა, მაგრამ კონკრეტული საბაბი სააკაშვილის ხელისუფლებამ მიაწოდა უნიჭოდ დადგმული და განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად. ნებისმიერ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციის ასეთნაირად დაგეგმვის, განხორციელებისა და კატასტროფულად დამთავრების შედეგად ხელისუფალი გადადგებოდა. ჩვენთან კი მოვლენები უნიკალურად განვითარდა, შემდგომი მოვლენების ისეთი გათამაშება მოხდა, რომ თურმე სააკაშვილის და მისი გადაწყვეტილებების გამართლება საქართველოს გადარჩენის საკითხი ყოფილა. ამის გამო მთელი სპეკულაციები წავიდა“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

მისი თქმით, არავინ ამბობს, თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი, უბრალოდ, აქ საუბარია კონკრეტულ სამხედრო ოპერაციზე, რომლის შესახებაც ქართული სოფლები გაფრხილებულნი არ იყვნენ, მათთვის ეს მოულოდნელობა იყო და ბევრი უბედურება ამის გამო მოხდა. ამ დროს კი ცხინვალის ხელისუფლებამ გააფრთხილა თავისი სოფლები და ხალხის ევაკუაცა მოხდინა. ჩვენ კი ეს არ გავაკეთეთ იმისათვის, რომ ვითომ მოულოდნელობის ეფექტი არ დაგვერღვია. ამიტომ კონფლიქტოლოგისთვის საინტერესოა, რატომ არ მოხდა ევაკუაცია, რატომ მიატოვეს საჯარისო ნაწილები და ხალხი, რატომ ჩავარდნენ ჯარისკაცები პანიკაში, როდესაც სარდლობა იქიდან გარბოდა?! ამიტომ იგი ელის, რომ ბევრ ასეთ „საზიზღარ მოვლენაზე“ პასუხი უნდა იყოს.

მისი თქმით, ახლა ამბობენ, რად გვინდა ახალი გამოძიება, როცა ძველმა პარლამენტმა უკვე გამოძიება ჩაატარა?! სინამდვილეში, ექსპერტი აცხადებს, რომ გამოძიება არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდებოდა იმ პირობებში, რა პირობებშიც არსებობდა ძველი პარლამენტი. მართალია, პაატა დავითაიამ ისეთი კითხვები დაუსვა მიხეილ სააკაშვილს, რომელზეც პრეზიდენტმა პასუხი ვერ გასცა, მაგრამ, ამის მიუხედავად, პარლამენტმა ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა და ტაშის გრიალით გააცილეს პრეზიდენტი.  

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის შესწავლა აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან არავინ ენდობა პაატა დავითაიას კომისიას. რაც შეეხება ნიკა რურუას, ადა მარშანიას აზრით, იგი იმ ძალის წარმომადგენელია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ტერიტორიები ჩვენს მეზობელ ქვეყანას ეღიარებინა. ამდენად, ეს იყო ერთობლივი პროვოკაცია და ყველა მხარე თავის პოლიტიკას ატარებდა.

„ამიტომ ნიკა რურუამ საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღოს არცერთ თემაზე და, მით უმეტეს, ამ მეტად სახიფათო, ჩვენთვის ღვთიურ და უპირველეს თემაზე და კიდევ უფრო არ უნდა გააფუჭოს სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, ამ ომში როგორც რუსეთია დამნაშავე, ისე - ჩვენი ხელისუფლება და რა შუაშია აქ საქართველოს დანაშაული? ხომ არსებობენ დანაშაულებრივი ხელისუფალნი? სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა საქართველოში ნაციონალების სახით“, - აცხადებს ადა მარშანია.

ამასთან, მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის გამოძიებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების პოლიტიკა არ გაგრძელდება. ნაცმოძრაობა კი ყველანაირ ილეთს იყენებს, რათა გაამართლოს თავისი უმსგავსო პოლიტიკა. ამდენად, მისი აზრით, ეს ადამიანები  რაც შეიძლება, მალე უნდა გავუშვათ ციხეში. ადა მარშანიასთვის ისინი ბანდის წევრები არიან და მათ პოლიტიკური განცხადებების უფლება არ აქვთ.