„სითი პარკის“ თანამშრომელთა ნაწილი კომპანიაზე შეტევას აძლიერებს. ისინი უკვე ერთი კვირაა გაფიცულები არიან და თანდათან ისეთ ფაქტებს ახმაურებენ, რომელიც კომპანიის ისედაც შელახულ იმიჯს, საერთოდაც აცამტვერებს.
კომპანიის თანამშრომლებმა ხელფასის გაზრდის, დაზღვევისა და ნორმალური სამუშაო პირობების მოთხოვნით გუშინ „სითი პარკის“ საჯარიმო სადგომის შესასვლელი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კომპანიის მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა ავალებდა გარკვეული რაოდენობის მანქანების დაჯარიმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა.
გაფიცულები ყურადღებას ამახვილებენ ქუჩებში განთავსებულ „სითი პარკის“ ამკრძალავი ნიშნებზე, რომლებიც ისეთ ადგილებზე დგას, რომ მძღოლისთვის ძნელად შესამჩნევია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კომპანიამ დამატებით ფული იშოვოს.
„კომპანია თითო თანამშრომელს ხელშეკრულებით ავალდებულებენ დღეში 21 მძღოლს ჯარიმა გამოუწეროს და 8 მანქანის ევაკუირება განახორციელოს“, - აცხადებს გაფიცული თანამშრომლების ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. ამ დროისთვის კომპანიის 40-მდე თანამშრომელია ოფიციალურად გაფიცული, თუმცა მათ სოლიდარობას სხვა თანამშრომლებიც უცხადებენ.
საერთოდ კი, „სითი პარკის“ თანამშრომლები ერთ კვირაზე მეტია გაფიცულები არიან.
„ისინი ნორმალური ხელფასების დანიშვნას ითხოვენ. ამასთან, ამბობენ, რომ კომპანიამ გამომძალველებად აქციეს და უკანონობას აკეთებინებენ. ასეთ მითითებას ისინი ხელმძღვანელობისგან პირდაპირ იღებდნენ და ამაზე ღიადაც ისაუბრებენ.
მათ აქვთ კონკრეტული მოთხოვნა, რომ ჰქონდეთ ფიქსირებული ხელფასი, როგორც ამას კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს და არ იყვნენ დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანების „გამოჭერაზე“ იზრუნონ. თუმცა პრობლემას ისიც ქმნის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მათ ხელშეკრულებები ჩამოართვა. ესაა შრომითი უფლების სასტიკი დარღვევა, რასაც რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - აცხადებს კუბლაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, გაფიცულები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და ისინი უფრო გააქტიურდებიან.
თავის მხრივ, კომპანია „სითი პარკის“ მენეჯმენტი გაფიცული თანამშრომლების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე განმარტავს, რომ გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნები გადაიხედება. რაც შეეხება კომპანიის მხრიდან ზეწოლას, ასეთ ფაქტები არ შეინიშნება და ყველა თანამშრომელი კანონის სრული დაცვით მუშაობს.
„სითი პარკი“ თანამშრომლებს და მათ გადაწყვეტილებას დიდი პატივს სცემს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანამშრომლების ეს ნაწილი რამდენიმე წელია მუშაობს კომპანიაში. „სითი პარკი“ არის კერძო კომპანია და ეს თანამშრომლები სამუშაოს დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც, თანახმა იყვნენ ანაზღაურების იმ პირობებზე, რომელიც გაწერილია კონტრაქტში.
უკვე წელიწადზე მეტია, მომუშავეთა უმრავლესობამ ითხოვა ანაზღაურების პირობების შეცვლა და მათი მოთხოვნით მოხდა კონტრაქტის ცვლილება. ახლა კი თანამშრომლების ამ ნაწილმა მოითხოვა ხელფასის გაზრდა და მათი პირობების დაკმაყოფილებამდე, სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. კომპანიამ მათი ამ მოთხოვნის გადახედვისთვის ითხოვა გარკვეული დრო და სამუშაოს გაგრძელება, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
„სითი პარკი“ აგრძელებს მუშაობას და ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელი კანონის სრული დაცვით მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, ეს სიტუაცია მალე მოგვარდება“, - აცხადებენ „სითი პარკში“.
„სითი პარკის“ თანამშრომლები თითქმის ერთი კვირაა, რაც გაიფიცნენ და უახლოეს დღეებში აქციებს თბილისის მერიასთან გააგრძელებენ.