„მძიმე ჯვარი იკისრა ივანიშვილმა და იძულებული გახდება ბოლომდე ზიდოს“

„მძიმე ჯვარი იკისრა ივანიშვილმა და იძულებული გახდება ბოლომდე ზიდოს“

„მე იდეოლოგიით არ მოვსულვარ და არ მოვსულვარ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტია ჩამომეყალიბებინა. მე მოვედი იძულებით, რამეთუ ვალდებული ვიყავი, ჩემი ქვეყნისთვის სამსახური გამეწია. არა მაქვს პრეტენზია, რომ მე მოვედი იდეოლოგიით. იდეოლოგია ჩემი არის ისეთი, როგორიც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული და ამაში არაფერი ახალი არაა, სოციალისტური სოლიდარობაც ჩემს ხასიათში არის და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან ვაპირებთ გაერთიანებას... მე არ ვთვლი, რომ მოვედი როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის და პოლიტიკური პარტიის შემქმნელი, არც მომავალში არ მაქვს პრეტენზიები. რაღაც ეტაპი, რაც საჭირო იქნება, მოვემსახურები ჩემს ქვეყანას, შემდეგ სხვაგან ვნახავ ჩემს როლს“, - განაცხადა ივანიშვილმა რედაქტორებთან შეხვედრისას.

ივანიშვილი ხელისუფლებაში არც კი იყო მოსული, როდესაც პოლიტიკიდან წასვლაზე ალაპარაკდა, ახლა, როდესაც უფრო ახლოს გაეცნო იმ პრობლემებს, რაც წინა ხელისუფლებამ დაუტოვა ქვეყანას, ივანიშვილი კონკრეტულ ვადებზე აღარ ლაპარაკობს, თუმცა სამთავრობო კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ შესაძლოა, პრემიერმა პოლიტიკა მომავალი წლის დასაწყისიდანაც კი დატოვოს. რამდენად არის მზად ქართული პოლიტიკური ველი „პატრონის“ გარეშე მართოს ქვეყანა და რა ძირითადი თემებია მოსაგვარებელი აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რა ვადებში შეძლებს ივანიშვილი პოლიტიკურად სტაბილური გარემნოს შექმნას ამ თემებზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

ბატონო სოსო, როგორც ივანიშვილი ამბობს, ის პოლიტიკაში მოვიდა იმიტომ, რომ იძულებული გახდა, თავისი ქვეყნისთვის სამსახური გაეწია და როდესაც ამ მისიას შეასრულებს, წავა პოლიტიკიდან, რამდენად ამართლებს-ხოლმე პოლიტიკაში ასეთი ნაბიჯები?

- ასეთი პრეცედენტები ყოფილა მსოფლიოში, როდესაც დე-გოლი პირველად გადადგა თანამდებობიდან, ისიც არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ როდესაც ნახა, რა ხდებოდა საფრანგეთში, როდესაც წელიწადში სამი მთავრობა იცვლებოდა, მანაც ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ქვეყანა არ შეიძლება სოციალისტებს და კომუნისტებს დაუტოვოს საჯიჯგნად. იყო კრომველის მაგალითიც, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გუნდის შექმნის უნარზე.

რაც შეეხება ივანიშვილს, არ მგონია, ახლო მომავალში წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან გამორიცხულია 1-2 წელიწადში ის „ავგიას თავლები“, რაც წინა ხელისუფლებამ დაუტოვა, მთლიანად „გახვეტოს“ - თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, ეს გამორიცხულია.

თუ შუა გზაზე მიატოვებს და წავა, ესეც გამორიცხულია,- მაშ რატომ მოვიდა ხელისუფლებაში? თუ მისთვის იდეაფიქსი არ არის, რომ პოლიტიკოსად დარჩეს, მაშინ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? როდესაც ასეთი ნაბიჯი იდგმება-ხოლმე, არის ამაში რაღაც მესიანობის მსგავსი და მხოლოდ ივანიშვილს არა, ბევრ სხვასაც ეხება მსოფლიოში.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, მე მგონი, მან უკვე შექმნა პოლიტიკური პარტია.

თუმცა ეს არ არის ძლიერი პოლიტიკური პარტია...

- საქართველოში არ არის მოჭარბებული კადრები, რომ 201-ე პარტია შექმნა და წინა 200 პარტიაზე უკეთესი იყოს. უკანასკნელმა 20-მა წელმა, როდესაც სწავლა-განათლება, მეცნიერება ნულზე დავიდა, საბოლოოდ კი ლომაიამ ჩინგის-ხანივით გადაუარა ამ დარგს, პოლიტიკოსები საიდან უნდა მოიყვანო? აინშტაინები და ნაპოლეონები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. პოლიტიკოსები უნდა გაზრდილიყვნენ, ჩვენთან კი არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში გაზრდილიყო თაობა.

არ მგონია, ახლა საქართველოში შესაძლებელი იყოს ბიძინა ივანიშვილის გემოვნების პარტიის შექმნა, ხალხი არ არის ელემენტარულად.

მან თქვა კიდეც, რომ მთვარიდან ხალხს ვერ ჩამოიყვანს...

- არ ვიცი, ვინ ურჩია, მაგრამ როდესაც სალომე ზურაბიშვილს მოიწვევ, ადამიანს, რომელმაც სრულად გამოავლინა ხალხთან თანამშრომლობის უუნარობა, მის მენეჯერულ უნარზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მარათლაც კადრების მწვავე დეფიციტია. პარლამენტსაც შეხედეთ, რა ხდება... საზოგადოების პრეტენზიები პარლამენტის მიმართ სამართლიანია, მაშინ, როდესაც 6 თვე ჭიანურდება შრომის კანონმდებლობა, შუქის და ნაგვის გადასახადის გაყოფა გაწელეს ამდენ ხანს...

6 თვე ძალიან ბევრია იმაზე სამსჯელოდ, იუსტიციის საბჭოში ვინ რამდენი წევრი უნდა დანიშნოს, გადით ქალაქში და თუ 100-დან ერთ ადამიანი მაინც იტყვის, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, მაშინ დაწერეთ, რომ სოსო ცინცაძე აზრზე არ არის, ამ ქვეყანაში რა ხდება.

ხალხმა შესაძლოა არ იცის, თუმცა ეს საკითხი მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობისთვის...

- ხალხმა იცით რატომ არ იცის? იმიტომ, რომ ვიდრე აქამდე მივა, მანამდე პური და ყველი აინტერესებს, მისი შვილის ჯანმრთელობა აინტერესებს. საქართველოში 800 ბავშვი რომ იღუპება ყოველ წელს ჩვილ ასაკში, მათ მშობლებს სულაც არ აინტერესებთ იუსტიციის საბჭო როგორ კომპლექტდება.

ქვეყანაში ამდენი კანონია შესაცვლელი - წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ყველა კანონი ან შესაცვლელია, ან „დასავარცხნი“ და მეშვიდე თვეა, ერთმანეთისთვის რაღაცეების წამოძახებას ვადევნებთ თვალს...

ამის მიზეზს თქვენ რაში ხედავთ?

- არაბუნებრივად გაჭიანურდა ხელისუფლების გადაცემა, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა, ამ ჭაობში ჩაითრია ხელისუფლება და უკვე ერთმანეთის „ბწკენა-ბწკენით“ მიდის საქმე. ჩანს, რომ საჭირო იყო პირველ ორ-სამ თვეში მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება - მთელ მსოფლიოში ასე ხდება.

ძალიან გაჭიანურდა სამართლიანობის აღდგენა. ვინ იფიქრებდა ამას, რომ ახალაიას პროცესი ჯერ ნორმალურად არც კი დაწყებულა. ათასობით საქმეა გამოსაძიებელი და ეს როდემდე გასტანს, უცნობია. ყოველდღე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება საჩივრები.

ამასწინათ ტელევიზორში ვუყურებდი, ცისარტყელასავით ცხრაფრად „გადაკრასკული“ ქალბატონი ღამის კლუბის დახურვას ჩიოდა, ამბობდა სააკაშვილმა უკანონოდ დამიხურაო - მერე ჟურნალისტმა გაარკვია, რომ თურმე ბორდელი ყოფილა და მის აღდგენას ითხოვს.

ასეთი ათასობით საქმეა, პროკურატურა ხომ ამბობს, ოღონდ შემოიტანეთ განცხადება და ყველაფერს განვიხილავთო. ამ დროს, ჩემი თანამშრომელია სიმონ კილაძე, ჯაშუშად რომ გამოაცხადეს და იმას ეუბნებიან, შენს წინ 4 ათასი კაცია რიგში და საქმეს ჯერ ვერ განვიხილავთო.

ივანიშვილი ამბობს, რომ რეალური ოპონენტიც კი არ ჰყავთ იმისათვის, რომ არ მოდუნდნენ და ეფექტურად მართვა შეძლონ... ამიტომ, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, გაძლიერდნენ, მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. როგორ ფიქრობთ, მოწოდებები უშველის ამას?

- მოწოდება და კეთილი სურვილები არ კმარა, ვერც ვხედავ ასეთ პოლიტიკურ პარტიებს. სხვათა შორის, ივანიშვილისგან განსხვავებული აზრის მოსმენის სურვილსაც ვერ ვხედავ. კი აცხადებდა, რომ კომფორტულად გრძნობდა თავს ბიზნესში, როდესაც მას ვინმე შეეკამათებოდა, მაგრამ ახლა ამას ვერ ვხედავ.

ხელისუფლება ხომ იცით, ადამიანს ცვლის, ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი - ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მისი რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება ძალზე საკამათოა.

მაგალითად? თვითონვე ამბობს, რომ ერთი-ორი სამინისტროს მიმართ კითხვები არსებობს, მაგრამ არ დაუსახელებია ისინითქვენ ვისთან გიჩნდებათ კითხვები?

- მაგალითად განათლების მინისტრი - ერთხელ უკვე დავაბიჯეთ ამ „ფოცხს“, როდესაც სააკაშვილმა ინტელექტუალი, ერუდიტი ადამიანი დანიშნა მინისტრად - გია ნოდია, როგორი მინისტრი გამოდგა, ხომ ვნახეთ. დღევანდელი მინისტრი ძალზე ჭკვიანი ფილოსოფოსია, ძალზე გახსნილი და კეთილი ადამიანი, მიმტევებელი, დემოკრატიული ჩვევებით, მაგრამ როგორც მმართველს, მტკიცე ხელი არ აქვს. ბენდუქიძესთან მისი საქციელი სრული კაპიტულაცია იყო, თანაც კანონის დარღვევით წავიდა დათმობაზე - წამოეგო სტუდენტების შანტაჟს, რომლებიც რამდენად მართლები იყვნენ, არავინ იცის.

არ ვიცი, როგორი მინისტრი იქნება კახა კალაძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, 10-15 თეთრით გაიაფდება ბენზინიო და გაიაფებული საწვავი ვერსად ვნახე. 5 თეთრით გაიაფდა და ისევ გაძვიდა, და ეს მაშინ, როდესაც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნა დაიწყო. მაგრამ ეს საქართველოს ისევ არ ეხება - ყოველთვის ამბობენ, რომ ძველი ფასებით აქვთ შემოტანილი საწვავი და ვერ გააიაფებენ. ამდენი რა შემოიტანეს, რომ  ვერ გაყიდეს? ტყუილსა და ცინიზმს შორისაც ხომ არსებობს საზღვარი?!

სიმართლე გითხრათ, სიმპათიას იწვევს ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ დაზღვევასთან დაკავშირებით რა ხდება ზოგიერთ ადგილას, როგორც ჩანს, არ იცის. მაგალითად, გაურკვეველია, ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატში სადაზღვევო კომპანია „არქიმედეში“ დაზღვეულებთან დაკავშირებით რა ხდება. ჩემს კოლეგა პროფესორებს კვირაში სამჯერ სამ-სამი საათი რიგში დგომა უწევთ - გაზეთში წავიკითხე, რომ საგანელიძის ძმისშვილი ყოფილა მისი მფლობელი. სხვაგან ასეთი რაღაც რატომ არ ხდება? რაღა მაინც და მაინც იქ იქმნება პრობლემა?

არის სხვა პრობლემებიც, ამიტომ არ მგონია ერთ-ორ წელიწადში ისე აეწყოს საქმე, ივანიშვილმა თქვას, რომ მისია შესრულებულია და სუფთა სინდისით უბრუნდება თავის საქმიანობას.

ასე ვერ იქნება - რაკი ეს მძიმე ჯვარი იკისრა, ის უკვე იძულებული გახდება, როგორც წესიერი ადამიანი, ბოლომდე ზიდოს ეს ჯვარი. ქართული პოლიტიკა ისეა, როგორც ბიზნესი იყო სააკაშვილის დროს, როცა შესვლა ადვილი იყო - გამოსვლა კი ჯოჯოხეთი.

ბატონო სოსო, ბევრს ლაპარაკობენ კოალიციის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე, ეს რამენაირად უშლის პროცესს ხელს? ან როდესაც მესამე ძალაზეა ლაპარაკი, კოალიციაში ხომ არ ხედავთ ამ ძალის დაბადების ალბათობას?

- ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ კოალიცია თუ არ დაიშლებოდა, იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურება, მაგრამ შიგნით თანხმობის დამყარება ივანიშვილსაც კი გაუჭირდებოდა. კოალიცია არ დაიშლება მხოლოდ იმიტომ, რომ ცალ-ცალკე არავის მომავალი არ აქვს, როგორც ნაძვისხეზე სათამაშოები, ისე არიან ჩამოკიდებული ივანიშვილზე, მის პირად ავტორიტეტზე. სათამაშოების ჟღარუნს მაგონებს ეს დაპირისპირება. არ დაიშლებიან, მაგრამ დაპირისპირება იქნება, რადგან კოალიცია გაერთიანდა „ანტიმიშას“ იდეის გარშემო.

აი, მიშას მერე უკვე პრობლემა ჩნდება - ალასანია საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეა, რესპუბლიკელები - საპარლამენტო რესპუბლიკის. ეს ისეთი საკითხია, სადაც არ შეიძლება კომპრომისი, არც რესპუბლიკელები გახდებიან ოდესმე საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეები და არც ალასანია შეიცვლის აზრს.

ამასწინათ ერთ-ერთი რუსული გაზეთი წერდა, ივანიშვილი ალასანიას მოექცა ისე, როგორც ექცევიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსო. თვითონ ივანიშვილიც გრძნობს ამას და ვიცით, რომ მასაც არ უნდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

ამის გარდა, კოალიციაში არიან ეული პოლიტიკოსები, რომელთა უკანაც რეალურად პარტიები არ დგანან, ისინი მთლიანად დამოკიდებულები არიან ერთ ადამიანზე. პოლიტიკაში ხშირად ხდება, როდესაც არაფერი ხდება ყველაფერი, იმას, არაფერი რომ იყო, ის აღარ ახსოვს და ის უკან აღარასდროს დაბრუნდება და ყველაფერზე თანახმა იქნება...

მითუმეტეს, ასეთ შემთხვევაში არა თუ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე, არამედ როგორმე პოლიტიკური სიტუაციის დალაგებაზე უნდა მიდიოდეს ლაპარაკი. როგორ ფიქრობთ, არის შესაძლებელი ახლო მომავალში სიტუაციის ოპტიმიზაცია?

- ივანიშვილი დღეს თანამებრძოლებით არის გარშემორტყმული, თანამებრძოლები თანამოაზრეებით უნდა ჩაანაცვლოს. გამსახურდიამაც ვერ შეძლო, ვერც შევარდნაძემ, ეს ვერ შეძლო სააკაშვილმაც. თანამებრძოლი ყველაფერზე თანახმაა, მან გაიმარჯვა ლიდერთან ერთად და მას არ აქვს პრინციპული ხედვა.

თუ ივანიშვილი იტყვის, რუსეთთან უნდა ვიმეგობროთო, თანამებრძოლი გამოვა და იტყვის, ამას რა სჯობს, საუკუნეების ძმობა გვაქვსო. ხვალ თუ ივანიშვილი იტყვის, რუსეთი აგრესორიაო, ისიც ამას გაიმეორებს და ა.შ.

ეს ძალიან ძნელია, ვერც ფიდელ კასტრომ ვერ შეძლო, მაგრამ ჩეგევარა, რომელიც მისი თანამებრძოლი იყო, მაგრამ თანამოაზრე არ აღმოჩნდა, ადგა და მოიშორა. სწორი იყო ის ულვაშებიანი სადისტი (სტალინი), როდესაც თქვა, კადრები ყველაფერს წყვეტსო - უნდა გააფართოვოს წრე ივანიშვილმა, მაგრამ ისიც მძიმე მდგომარეობაშია - როდესაც ხალხში უდიდესი იმედი და მოლოდინი გააჩინა... არ ვართ ჩრდილოელები, სამხრეთელები ვართ, სითბოსა და კომფორტის მოყვარული ხალხი, დილით თუ რამეს შეგვპირდებიან, საღამომდე ვითმენთ, მაგრამ მერე უკვე ბუზღუნს ვიწყებთ.

საქართველო მუდამ სეტყვას მიჰქონდა, როდის იყო, ვინმეს სეტყვის გამო კახეთში ათასები დაერიგებინოს, იცით ახლა რა ამბავია? ხომ მიიღეს რაღაც კომპენსაციები, მაგრამ დაბოღმილები არიან, მეზობელს მეტი რატომ ერგო, არ ეკუთვნოდაო - ეს ეროვნული ხასიათია ჩვენი.

ივანიშვილმა, ვფიქრობ, მოქმედების ტაქტიკა უნდა შეცვალოს, რადგან ამ 6-მა თვემ გვაჩვენა ამ ტაქტიკის ხარვეზები. თუმცა, არ ვიცი მისი უახლოესი წრე - ვიცი ერთი-ორი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, რომელიც უნივერსიტეტიდან წაიყვანა, საკმაოდ ჭკვიანი ხალხია, მაგრამ ან ყველა საკითხის სპეციალისტები არ არიან, ან რაღაც სხვა მიზეზია, რომ ეფექტი არ იგრძნობა.

თქვენ თქვით, რომ საჭირო ოყო პირველ ორ-სამ თვეში მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება - ახალი ხელისუფლების პირველივე ნაბიჯს დასავლეთის საკმაოდ მკვეთრი შეფასება მოჰყვა...

- ამის გარდა, ივანიშვილისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპარლამენტარების დემარში. ამან რუსეთთან ურთიერთობაზე უკვე მოახდინა ზეგავლენა. მოსკოვმა ჩათვალა, რომ ივანიშვილს ევროპასთან პრობლემები აქვს და ის, რაც ჰქონდა გადაწყვეტილი, კეთილი ნების ფარგლებში საქართველოს მიმართ გამოეჩინა, დაამუხრუჭა და გაანახევრა კიდეც.

აღარ ჩქარობს მოსკოვი, ფიქრობს, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ შეასრულებს და სხვა გზა არ ექნება, გარეთ ეძებოს სხვა დასაყრდენები, როგორიცაა, ევროპა, მოსკოვი და ა.შ. ეს უბრალოდ, უხეში მონახაზია და კიდევ ბევრი ნიუანსია მნიშვნელოვანი, მაგრამ როგორც ჩანს, კომპლექსური პრობლემები აღმოჩნდა მოსაგვარებელი.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდა როგორც შიგნით, -ისე გარეთ, მაგრამ უცნაურია, რატომ მოხდა ასე... ევროპამ რა, არ იცოდა, რა ხდებოდა რეალურად?

გაქვთ ვარაუდი, რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მართლაც საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია საზოგადოებისათვის დემოკრატიული დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის არადემოკრატიული ნაბიჯების მხარდაჭერა და მისი ასეთი დაცვა...

- ჩვენთან, დიპლომატიურ აკადემიაში, თითქმის ყველა ქვეყნის ელჩი დადიოდა ხშირად და ბევრჯერ ისეთ რაღაცეებს ვგებულობდი მათგან წინა ხელისუფლების შეცდომებზე თუ დანაშაულებზე (ისინი ამას შეცდომას ეძახდნენ), რომ მე (და ჩემისთანა ადამიანებსაც, რომლებიც ვთვლით, რომ ასე თუ ისე, ვიცით, ქვეყანაში რა ხდება) წარმოდგენა არ მქონდა. ამიტომ მიკვირს, ნუთუ ბრიუსელის ევროჩინოვნიკებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა საქართველოში?

ინფორმაციის ნაკლებობის მე არ მჯერა, მათ უკეთესად იცოდნენ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ეს დღესაც შესანიშნავად იციან. ელემენტარულ რამეს გავიხსენებ, გარკვეული პერიოდის წინ ამერიკელი მწერლის პატარა ესე დაიბეჭდა, სადაც ნარკოტიკებზე იყო საუბარი, ვანო მერაბიშვილზეც იყო ლაპარაკი, პრეზიდენტზეც და სიუჟეტი იყო ასეთი, რომ იმ ამერიკელს კლავენ, ვინც ნარკობიზნესს ებრძვის,- ეს მწერლის ფანტაზია კი არ იყო, თურმე, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, უბრალოდ, მხატვრულ ჟანრში იყო გადაყვანილი... ის, რომ ინფორმაცია არ აქვთ და ინფორმაცია უნდა გავიტანოთ, არასწორია. არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ თეოდორ რუზველტის ცნობილი გამოთქმა მახსენდება, „может быть и сукин сын, но это наш сукин сын“. სხვა ახსნა ზედაპირზე დევს, თუ რაღაც კონსპიროლოგიაში არ გადავიჭერით.