პარლამენტი მზად არის, პრეზიდენტს შეხვდეს და მოუსმინოს. თუმცა პრეზიდენტს ექნება კი სათქმელი პარლამენტისთვის?! მით უფრო, რომ 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკაში მას ჰქონდა მცდელობა, წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე, რამაც აჟიოტაჟი და დაპირისპირება გამოწვია, თუმცა იქ არ ყოფილან მისი საპარლამენტო ოპონენტები და იმ დღეს დეპუტატების კითხვა-პასუხის რეჟიმში არ ჩაუვლია.
დღეს კი პარლამენტის კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლაზე უარი თქვას.
ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მისვლის თვალსაზრისით, არავითარი ბარიერი არ ექნება და გადაწყვეტილების მიღება ახლა უკვე პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული.
„როგორც კი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა, პარლამენტის ტრიბუნიდან განვაცხადე, რომ ამ წუთიდან პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის საკითხზე ყველანაირი ბარიერი მოხსნილი იყო. მათ ვთხოვე, რომ კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად დაგვკავშირებოდნენ, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ ყოფილა. თუკი გამოხმაურებას ადგილი ექნება, მზად ვართ, დეტალები სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ. პრეზიდენტსაც შევპირდი, რომ ქუთაისში ვუმასპინძლებდით. პარლამენტი მზად არის, პრეზიდენტს შეხვდეს და მოუსმინოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მივა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში და ეს მომგებიანი იქნება თუ არა მისთვის?! ამის შესახებ For.ge დეპუტატებსა და ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძისთვის სრულიად გასაგებია, რომ პრეზიდენტს აღარ სურს პარლამენტში მისვლა, მით უფრო, რომ კონსტიტუციით ეს მისი უფლებამოსილებაა, რადგან მან თებერვალში ერთხელ უკვე გააკეთა ასეთი მოხსენება.
„თავიდანვე უსუფაშვილი და უმრავლესობა ამბობდა, რომ, თუ საკონსტიტუციო საკითხები მოგვარდებოდა, უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტისთვის პარლამენტში გამოსვლა, რადგან დარბაზი სავსე იქნებოდა. შესაძლოა, მაშინ პრეზიდენტს რაღაც კიდევ ჰქონდა სათქმელი, მაგრამ დღეს, ეტყობა, მას ეს სათქმელი აღარ აქვს და არც თვლის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შეიძლება მოხდეს მისი პარლამენტში გამოსვლით. ამიტომ, შესაძლებელია, იგი პარლამენტში, უბრალოდ, აღარ მივიდეს და მას რაღაცნაირად ვითომ იგნორირება გაუკეთოს. თუმცა, არა მგონია, უმრავლესობა დიდად შეაწუხოს პრეზიდენტის ამ ქმედებამ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, ის თემები, რომელსაც პრეზიდენტი და ნაცმოძრაობა ახმოვანებს, ნელ-ნელა იწურება და თუ პრეზიდენტი გამოვა პარლამენტში, მოსაფიქრებლადაც კი ძნელია, რა უნდა თქვას მან ახალი. თანაც, ის მოლოდინი, რომელიც საზოგადოების მხრიდან, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ თებერვალში არსებობდა და ხალხი ფიქრობდა, ნეტავ რას იტყვის პრეზიდენტი, დღეს უკვე საზოგადოებაში აღარ არსებობს. უფრო მეტიც, არათუ მოლოდინი აღარ არის, საერთოდ, რაღაც ახალი ტენდენციაც წამოვიდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლისას საზოგადოება უკვე აგრესიული ხდება, ხალხისთვის გამაღიზიანებელია მისი გამოსვლა.
ექსპერტის აზრით, ერთადერთი, თუ რაიმე დააინტერესებს მოსახლეობას და პრეზიდენტის გამოსვლას მოუსმენს, ეს იქნება არა მისი გამოსვლა, არამედ ის, თუ რა შეკითხვებს დაუსვამს უმრავლესობა. მით უფრო, რომ ეს ინტერესი შედის უმრავლესობის ინტერესში და უმრავლესობა ნამდვილად მოისურვებს, სააკაშვილს მწვავე კითხვები დაუსვას.
„თუმცა ეს ინტერესი არ შედის არც პრეზიდენტის, არც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში. ძალიან საეჭვოა, პრეზიდენტმა გაუძლოს მთელ იმ კითხვებს, რაც იქ იქნება დასმული. ამ მოლოდინის ჟამმა გადაიარა. გარდა ამისა, თუ რაიმე სათქმელი აქვს, მას შეუძლია, ეს გააკეთოს ნებისმიერი გამოსვლისას, პრესკონფერენციაზე და სათქმელი გააჟღეროს. ამიტომ, წამგებიანი მგონია მისთვის ამ მომენტში პარლამენტში გამოსვლა“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
ამასთან, ექსპერტი თვლის, რომ განსაკუთრებით წამგებიანი იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, თუ ეს მოხდება 19 აპრილამდე, რადგან 19 აპრილი მაინც რაღაც ინტერესს იწვევს იმ თვალსაზრისით - ნეტა, ვინ მივა ამ აქციაზე?! მოსახლეობა ფიქრობს, საინტერესოა, რა პროვოკაციას გეგმავენ ნაციონალები და არავინ ფიქრობს იმაზე, რაღაც სერიოზული იქნება თუ არა ამ აქციაზე.
მიუხედავად იმისა, თუ როგორია ნაციონალებისადმი მისი დამოკიდებულება, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ისინი ყოველთვის კარგად გრძნობენ მოსახლეობაში არსებულ სიტუაციას და კარგად იციან, რომ მათთვის პრეზიდენტის გამოსვლა მომგებიანი არ იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ, გადატანითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, პრეზიდენტი „ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ, გამოვა თუ არა იგი პარლამენტში სიტყვით“.
დეპუტატის თქმით, თუკი სააკაშვილის ნატურიდან ვიმსჯელებთ, ენას ძვალი არ აქვს და მას ყველაფერზე შეუძლია ილაპარაკოს. თუმცა, მეორე მხრივ, აქ მთავარია, დეპუტატებს აქვთ კი მის მიმართ რაიმე კითხვები?! ნუკრი ქანთარიას აზრით, სავარაუდოდ, ასეთი შეკითხვები ამოწურულია და თუკი რაიმე კითხვები დარჩა, ეს უკვე სხვა ორგანოს უნდა გაუჩნდეს.
„ღირს კი, რომ ჩვენ ისევ თავიდან გავიმეოროთ მთელი ეს ამბები, რაც ისედაც ვიცით და ისევ ვაქციოთ ის პოლემიკის საგნად?! მე მგონი, არ ღირს და ეს ჩემი პირადი აზრია, თანაგუნდელებთან ამის შესახებ არ მისაუბრია. ვნახოთ, ერთობლივად რას გადავწყვეტთ. რაც სათქმელი იყო, ის უკვე ითქვა და ახლა თავიდან გვინდა ეს ყველაფერი დაიწყოს?! მით უფრო, რომ სააკაშვილის პასუხებიც წინასწარ ვიცით, რასაც იტყვის“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს გია ვოლსკის არაფერი გაუგია კულუარული ინფორმაციის შესახებ და ვერ ადასტურებს, მართლაც გადაიფიქრა თუ არა პრეზიდენტმა პარლამენტში მისვლა. თუმცა იგი აცხადებს, რომ არსებობს პრინციპული საკითხები, რომელზეც არ შეიძლება შედგეს კონსენსუსი. ასევე, არსებობს პრეზიდენტის მუქარა, რომ მთელ რიგ კანონებს, რასაც პარლამენტი მიიღებს, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
„შესაძლოა, ვიღაცამ გააანალიზა სიტუაცია და დაუშვა, აბა, მაშინ რა უნდა პრეზიდენტს პარლამენტში, რის შესახებ უნდა ილაპარაკოს მან იმ დარბაზში, სადაც უმრავლესობა მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდია?! ამის გამო შეიძლება, ვიღაცამ იფიქრა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში მისვლაზე უარი თქვას. მართლაც, პრინციპულ საკითხებში პოლიტიკური დაპირისპირება რეალურია. უპირველესად, სასამართლოების თაობაზე, სადაც აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონპროექტი არსებობს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და იქ სადაო არაფერია. ამის მიუხედავად, აბსოლუტური მიუღებლობა არსებობდა ამ კანონის მიმართ. არსებობს კონფლიქტების თემაც, რომელზეც კონსენსუსის მოძებნა ძნელია“, - აცხადებს გია ვოლსკი.
აქვს თუ არა პრეზიდენტს შიში და მოერიდება თუ არა დეპუტატების მხრიდან შეკითხვებს, ამის თქმა გია ვოლსკის უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ სააკაშვილის ვაჟკაცობას ვერ გაზომავს. იმაში კი დარწმუნებულია, რომ არსებობს კითხვები, რომელზეც სააკაშვილს პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდება. ეს კი ეხება როგორც სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, რაც უმძიმესი მემკვიდრეობაა ახალი ხელისუფლებისთვის, ისე - პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებს.