"რუსეთმა ივანიშვილის განცხადება სათავისოდ გამოიყენა"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საქართველოს მთავრობის პრაგმატიზმს დადებითად აფასებს. ამის შესახებ, ლავროვმა ტელეკომპანია RTVI-სთან საუბრისას განაცხადა. რუსი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი მზად არის, აღადგინოს ძველი კონტაქტები თბილისთან, გააფართოვოს სავაჭრო ურთიერთობა და ითანამშრომლოს სპორტისა და კულტურის სფეროში.

„თეატრალურ ფესტივალებზე ჩვენთან ხშირად ჩამოდიან ქართველი არტისტები, მე ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები, რადგან საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, როგორი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ვფიქრობ, მეგობრობა არსად გამქრალა, თუმცა, ის ახლა, სერიოზულ გამოცდას გადის“, - დასძინა მინისტრმა.

ამასთანავე, მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ სააკაშვილი რუსეთისთვის უკვე „მოკვეთილია“. ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს ყოველთვის სურდა ეთანამშრომლობა მეზობელ საქართველოსთან და დახმარებოდა პრობლემების მოგვარებაში და რომ არა აგვისტოს ომი, ორი ქვეყნის ურთიერთობა მნიშვნელოვად წაიწევდა წინ. აქვე ლავროვმა სააკაშვილზეც ისაუბრა და მის მიმართ საკმაოდ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა.

„ვფიქრობ, მან შეიტანა დამანგრეველი წვლილი ბევრი ქართველი ახალგაზრდის სულსა და გონებაში. ამისთვის ერთი მაგალითიც კმარა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კონფლიქტების ისტორიას დაწვრილებით არ მოვყვები, მაგრამ ის, რომ ოსებმა პირველი საელჩო სანკტ-პეტერბურგში გახსნეს, ხოლო აფხაზები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატამდე შევიდნენ, ფაქტია. ყველამ ვიცით, როგორ დაიპყრეს ისინი საბჭოთა პერიოდში, როდესაც აფხაზეთი და საქართველო გახდნენ თანასწორუფლებიანი მოკავშირე რესპუბლიკები, ხოლო შემდეგ სტალინმა აფხაზეთი საქართველოს გადასცა. თავად გეორგიევსკის ტრაქტატი კი გახდა ქართველების მიმართვის შედეგი, რომლებიც რუსეთის მფარველობას ითხოვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ ემოციურ გამოსვლაში ამ მოვლენას ჩვენი ურთირეთობის ისტორიაში რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაცია უწოდა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის განცხადებებთან დაკავშირებით შეფასებები თბილისში უკვე გაკეთდა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატის ეს განცხადებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, როდესაც მან თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთის ჯარები საზღვარს გადმოკვეთდნენ.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო იყო აგრესორი, ხოლო რუსეთი – მსხვერპლი.

„ლავროვი თავისი სახელმწიფოს სახელით საუბრობს, თუ რა საპასუხო შედეგებს უნდა ელოდოს საქართველო პრემიერის ამ განცხადების შემდეგ? ლავროვი ამბობს, რომ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები უნდა განვავითაროთ, მაგრამ აღიარებული ტერიტორიების უკან წაღებაზე საუბარი არ იქნება. ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც პრემიერი აგრესიაში თავის საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს და მეორე მხრივ, ლავროვმა თქვა, რომ ამ მოღალატეობრივი ნაბიჯის საპასუხოდ, თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ ნიახური, მწვანილი, ღვინო, გამოგზავნოთ თქვენი ანსამბლები, სამაგიეროდ ჩვენ გამოგიგზავნით ნატაშა კარალიოვას, აგუტინს და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებს. აი, სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების ფასი“, - აცხადებს წიკლაური.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, საკუთარი აზრი როგორც სააკაშვილზე, ასევე საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე. კობახიძის თქმით, დღევანდელი მთავრობა ორიენტირებულია არა ლავროვის განცხადებებსა და შეფასებებზე, არამედ საქართველოს ინტერესებზე.

„არ ვიცი ლავროვი აღიარებაში რას გულისხმობს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საუბარია იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის თაობაზე კითხვები არსებობს. ეს ეხება რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების მოქმედებები, როგორც აგვისტოში, ისე წინა პერიოდში და შესაბამისად, ეს იმის აღაირებას არ ნიშნავს, რომ რუსეთი მართალია. ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე აგრესია განახორციელა და მისი ოკუპაცია მოახდინა, უაპელაციოა. აღნიშნულ საკითხზე არავინ დავობს. საუბარია იმის თაობაზე, რომ საკუთარი ხელისუფლების მიმართ როგორც საზოგადოებას, ასევე მოქმედ ხელისუფლებას შეიძლება კითხვები გააჩნდეს. მეორე ხარისხოვანია, ამას ლავროვი რა ინტერპრეტაციას მისცემს“,- განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთები, სატანკო ნაწილები როკის გვირაბის გავლით უკვე შემოყვანილი და დაბანაკებული იყო მანამ, სანამ სააკაშვილის ხელისუფლება ცხინვალის ოპერაციას დაიწყებდა. თუმცა, ხუციშვილის თქმით, ტალიავნის კომისიამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიძია, რაც მის დასკვნაშიც აისახა.

„როდესაც ახლა ივანიშვილი აკეთებს განცხადებას, სწორედ ამას ემყარება, რომ ყველაფერი ისე არ მომხდარა, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება ირწმუნებოდა. მას სჭირდებოდა, მოვლენები ასე წარმოეჩინა, რომ მაშინდელი ხელისუფლების ქმედებები იყო რუსეთის მხრიდან უკვე მომხდარი ინტერვენციის საპასუხო ნაბიჯი“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

მისი თქმით, სინამდვილეში ინტერვენცია მოხდა იმის გამო, რომ სააკაშვილის ქმედებით რუსეთმა მიიღო საბაბი და მეორე დღეს ინტერვენცია მოახდინა.

ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთი ფაქტობრივად რაღაცნაირად მაინც აღიარებს, რომ მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გარკვეულწილად იძულებითი წესით მოხდა და ამით, რუსეთი მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ არის. ეს ლავროვის განცხადებაშიც იგრძნობოდა. გოგი ხუციშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მომავალში ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნას, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს. ექსპერტის თქმით, საქართველოს ინტერესი იმაში კი არ არის, რომ ჯიუტად ერთი და იგივე ვამტკიცოთ, არამედ ის, რომ მომავალში რაღაც შესაძლებლობა გაიხსნას, რომ არსებული რეალობა გადაიხედოს და შეიცვალოს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებსს, რომ რუსეთი შეეცადა ივანიშვილის განცხადება სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ პრემიერს არ უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საქართველოს ხელისუფლება ამაშია დამნაშავე. არეშიძის თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლება სხვა რამეშია დამნაშავე და ეს არის გამოსაძიებელი.

„მე პირადად ომის მიზეზები არ მაინტერესებს, რადგან ეს ვიცი. მე მაინტერესებს,  საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რა შეცდომები დაუშვა ომამდე და ომის დროს როგორ მოიქცა. მე ვთვლი, რომ საგამოძიებო კომისიამ (საპარლამენტო იქნება, საზოგადოებრივი, თუ სხვა ფორმატის) სწორედ ეს უნდა გამოიძიოს. გამოძიება სწორედ იმით არის განპირობებული, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემს მიერ ნახსენებ პერიოდებში არაადეკვატურად იქცეოდა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

აქვე, ექსპერტი დასძენს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო 7 აგვისტოს ბრძოლა და არა ომი, ომი კი დაიწყო რუსეთმა და დაიწყო არა აგვისტოში, არამედ დიდი ხნით ადრე. მამუკა არეშიძეს მოჰყავს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ რამდენიმე დღის წინ ტელეეთერში ნათქვამი ფრაზა. კერძოდ, ვაშაძემ განაცხადა, რომ პუტინმა პირდაპირ უთხრა - საქართველო უნდა დაისაჯოს, რადგან საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კოსოვო აღიარესო. მამუკა არეშიძის შეფასებით, პუტინმა ამით პირდაპირ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ რუსეთი ომს აპირებდა.

„საქმე იქამდე მივიდა, რომ ნიკა ვაშაკიძემ (საგარეო საქმეთა მნისტრის ყოფილმა მოადგილემ) პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოზიცია რუსეთის მხრიდან უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა, რადგან პირდაპირ ასახავს რუსეთის ინტერესს და ამიტომ ლავროვის განცხადება ამის ლოგიკური და სამწუხარო შედეგი იყო.

„სამწუხაროდ, ეს განცხადება არ იქნება ერთადერთი შედეგი, რომელიც პრემიერ ივანიშვილის პრეს-კონფერენციას მოჰყვება. ეს ასახვას ჰპოვებს რუსეთის პოზიციაზე ჟენევის მოლაპარაკებებში და ასევე საერთაშორისო პოზიციებზეც, რადგან თუ ქვეყანა ამბობს, რომ საომარი მოქმედებები მისი დაწყებულია, რა თქმა უნდა, აქედან ბევრი სხვა რაღაც გამომდინარეობს. რუსეთის რიტორიკაა, რომ ისინი ამ ომში ოსებს იცავდნენ და თუ ეს ასეა, რთულია, მათ ჯარს საოკუპაციო ჯარი დაარქვა. ყოველ შემთხვევაში ძალიან სუსტდება ის პოზიცია, რომ ისინი ოკუპანტები არიან“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, რთული იქნება დავიცვათ ჩვენი პოზიციები ლტოლვილებთან და ზოგადად ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში იმ პირობებში, როდესაც რუსეთის განცხადებების საწინააღმდეგოდ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ელენე ხოშტარია იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერი ივანიშვილი გააკეთებს თავისი განცხადების კორექტირებას და იტყვის, რომ ვერ გამოხატა საკუთარი აზრი სათანადოდ და, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ექსპერტის თქმით, ამით ზიანი სრულად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ეს იქნება უკეთესი, რომ საქართველოს პოზიცია ივანიშვილმა მკაფიოდ დააფიქსიროს.