ნუგზარ წიკლაური: „რუს ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს სურს როგორმე რუსეთი გაათეთროს“

ნუგზარ წიკლაური: „რუს ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს სურს როგორმე რუსეთი გაათეთროს“

აგვისტოს ომის შესწავლის მიზნით, შესაძლოა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, აგვისტოს ომის თემა დღემდე ბურუსით არის მოცული, რომლის გამოძიებაც არ დააზიანებს არც საქართველოს, არც წინა ხელისუფლებისა და არც პრეზიდენტის იმიჯს. მისი თქმით, აგვისტოს ომის მოვლენების დროს, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არადეკვატურად მოიქცა.

„გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და საომარი მოქმედებები დაიწყეს მანამ, სანამ რუსეთმა საზღვარი გადმოლახა“, - აცხადებს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს  როგორ აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, for.ge საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყველა სატელევიზიო გამოშვებას უყურებდა და არაფერი სასწაული არ მომხდარა. მისი თქმით, ერთ-ერთ სახლში ერთ-ერთი ნაღმტყორცნი შევარდა, რაღაც კედელი დააზიანა და არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. პრემიერის შეფასებით, საკმარისი იქნებოდა სოფლიდან, მაქსიმუმ, 100 მაცხოვრებლის გაყვანა და საჯარისო შენაერთების ჩაყენება. ასევე, მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ალბათ, საერთაშორისო თანამეგობრების მოწვევა იყო. პრემიერის პოზიციას იზიარებთ?

- ივანიშვილის მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები პირველი არ არის, რადგან მან ჯერ კიდევ პრემიერობამდე განაცხადა, რომ საქართველომ ომი დაიწყო. დღეს კი, იუსტიციის მინისტრი ამ ომის დაწყებაში საქართველოს ბრალეულობაზე საუბრობს. ტალიავინის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ომის დაწყების დროს, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები იმყოფებოდნენ. ასევე ოსებსა და რუსების შეიარაღებული ფორმირებებს შორის შემდგარი რადიოსაუბრის გაშიფვრის შემდეგ ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 ერთული ჯავშანტექნიკა მაშინ იმყოფებოდა, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ამ ჩანაწერის ნამდვილობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. იმაზე საუბარი, რომ საქართველომ საბრძოლო მოქმედებები მაშინ დაიწყო, როცა რუსეთს საქართველოს საზღვარი არ ჰქონდა გადმოკვეთილი, არის უპასუხიმგებლობა, ან კიდევ პირდაპირი დაკვეთის შესრულება.

რას გულისხმობთ - „დაკვეთის შესრულებაში“?

- რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ომში საქართველოს დადანაშაულებასა და საკუთარი ბრალეულობის მოხსნას. ამის შესახებ სერგეი ლავროვსა და დიმიტრი მედვედევს არაერთხელ განუცხადებიათ. იმ პირობებში, როდესაც, სხვადასხვა ინტერვიუებში პუტინმა და მედვედევმა დაადასტურეს, რომ ამ ომის დამწყებები თავად იყვნენ, სავსებით გაუგებარია რა არის ბიძინა ივანიშვილის მოტივაცია, რომ ის საპირისპიროს ამტკიცებს. შესაძლოა, შურისძიების მოტივაციით, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ პრემიერი იმას უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთ ნაბიჯებს მთლიანად ქვეყნის დაზარალება მოჰყვება და არა პოლიტიკური ოპონენტის. ის, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ამის შესახებ თითეულმა ქართველმა ძალიან კარგად იცის და ივანიშვილის განცხადება გავლენას არავისზე მოახდენს. მითუმეტეს, საერთაშორისო საზოგადოებაზე. ფაქტია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ინტერესებსა და პოზიციების გაძლიერებაზე ფიქრობდეს, სრულიად საპირისპიროს აკეთებს და ცდილობს, რომ საქართველო ამ ომში დაადანაშაულოს.

თუმცა, დღეს, პრემიერს პირდაპირ არ უთქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მან აღნიშნა, რომმას აქვს კითხვები“. მართალია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პაატა დავითაიას კომისიამ იმუშავა, თუმცა, შესაძლოა, დროებითი საგამოძიებო კომისია ისევ შეიქმნას. საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთვებით?

- ამაზე საუბარი რიტორიკის დონეზეა და იმედს ვიტოვებ, რომ მათ საღი აზრი და პოლიტიკური გონიერება ეყოფათ, რომ ამ ტიპის ნაბიჯები არ გადადგან, მაგრამ თუ გადაწყვეტენ, რომ ამ გზას დაადგენ, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა იქნება კონკრეტული კონფიგურაცია და რაზე გააკეთებენ აპელირებას. ვთვლი, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ყველაფერი გამოძებულია და საერთაშორისო თანამეგობრობასა და ქართულ საზოგადოებას მკაფიო პასუხები აქვს. საქართველო დამნაშავე რომ ყოფილიყო, ვინმეს რომ თავს დასხმოდა და ეთნიკური წმენდა განეხორციელებინა, დამერწმუნეთ, ავტორიტეტული ორგანიზაციები მას ოკუპირებულს არ უწოდებდნენ. ტალიავინის კომისიის მსგავსად, დავითაიას კომისიამ დაადასტურა, რომ ომის დაწყების დროს, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რასაც ის ჩანაწერები ცხადყოფს, რომელიც ქართულმა მხარემ მოიპოვა. ასევე, ცნობილია, რომ ომის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოზე თავდასხმის მიზნით, სევასტოპოლიდან სამხედრო ხომალდები იყო გამოსული. რუს ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ როგორმე რუსეთი „გაათეთროს“ და ჩვენს ქვეყანას პასუხიმგებლობა დააკისროს, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში დგანან რუსული ჯარები და საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ მხარეს არ შეეძლო აგრესიის წამოწყება.

ჩემი ღრმა რწმენით ივანიშვილი წარმოადგენს - არა ქართველ ხალხის ინტერესებს, არამედ ყველაზე უფრო ზნედაცემული რუსული პოლიტიკური ელიტის ინტერესებს. რაც უფრო დრო გავა, ხალხი მით უფრო მიხვდება - თუ რა ტიპის პოლიტიკოსთან აქვთ საქმე.

შესაძლოა, აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტის დაკითხვაც მოხდეს. მიხეილ სააკაშვილი არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის მზად არის?

- პრეზიდენტმა დავითაიას კომისიას ყველა ის ინფორმაცია მისცა, რომელიც მის ხელთ იყო და ამ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა პირი კომისიის წინაშე წარდგა. პრეზიდენტის დაკითხვის მოტივი პოლიტიკურია, რადგან ისინი ხვდებიან, რომ წინასაარჩევნო დაპირებები ვერ სრულდება, ხალხის უკმაყოფილება იზრდება და ამიტომ, მათ უსიამოვნო და ნეგატიური მოვლენების გადაფარვა სურთ. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხისადმი მიცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს და მათ ვურჩევდი დაკითხევბზე კი ნუ იფიქრებენ, არამედ იმაზე, რასაც მათ ქართველი ხალხი მალე მოთხოვს. სჯობს, იფიქრონ - პასუხებზე და არა პრეზიდენტისადმი დასასმელ კითხვებზე. ამ ხელისუფლების მოტივაცია არის, რომ საგარეო ასპარეზზე განუხრელად შეასრულონ პუტინის, მედვედევისა და ლავროვის დავალებები, რის დასტურიც მათი განცხადებებია, რომლებიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.

რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, პრემიერი 26 მაისს სამხედრო ძალის დემონსტრირების აუცილებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ხელისუფლება სამხედრო აღლუმისგან, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს. შესაძლოა, 26 მაისი რეგიონებში გასართობი ღონისძიებებით აღინიშნოს. ამ ინიციატივას მიესალმებით?

- ქართული ხალხისთვის ჯარი სიამაყის საგანია და არცერთი პატრიოტი არ მეგულება, რომელიც ქართული ჯარის რეფორმირებასა და წინსვლას სიხარულით არ ეგებებოდა. როცა აღლუმს ვატარებდით, ღონისძიებაზე ხალხი დიდი სიხარულით მოდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ქართული ჯარი მხოლოდ და მხოლოდ დაბრკოლებაა და არა სიამაყის საგანი. ფაქტია, რომ ეს ადამიანი რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს, რომლის ინტერესებშიც ძლიერი ქართული ჯარი არ შედის.

როგორ ფიქრობთ, აღლუმის არჩატარების მიზეზი ქვეყნის მთავარსარდალი ხომ არ არის?

- რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ფაქტორია. მათი მიზანია, რომ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ეს აღლუმი არ ჩაიბაროს, მაგრამ ასეთ დაბალი დონის მცდელობაზე, რომ პოლიტიკურ მოწინააღმედეგეს ასე გაუსწორდნენ, ამის კომენტირება არ ღირს. მართალი გითხრათ, დღეს ივანიშვილისგან ახალი არაფერი გაგვიგია, უბრალოდ, მის პოლიტიკურ ფიგურას ახალ-ახალი პლასტები შეემატა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პრემიერის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობისლიდერები 19 აპრილის აქციაზე მისვლის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ფულს ურიგებენ და სამართალდამცავებს მიღებული აქვთ მითითება, ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. თქვენი ოპონენტები იმასაც აცხადებდნენ, რომ მანიფესტაციაზე ხალხის მიყვანას ზეწოლით ცდილობთ. რა მოლოდინი გაქვთ - ხალხი აქციაზე მოვა?

- როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას 19 აპრილის ძალიან ეშინია, რადგან პრემიერის, რომლის მთავარი ამოცანაც ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე ფიქრი უნდა იყოს, ის სულ ამ აქციაზე საუბრობს. მან თავისი გამოსვლის ძირითადი დრო 19 აპრილს დაუთმო და ამ თემას რამდენჯერმე მიუბრუნდა. აქცია დემოკრატიული საზოგადოებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს კონსტიტუციითაც გარანტირებულია. ჩვენს ოპონენტებს თემები დაუძველდათ, რადგან ადრე ამბობდნენ, რომ ხალხი ყვითელი ავტობუსებით მოგვყავდა, ახლა კი მოსყიდვებზე დაიწყეს საუბარი, რაც დიდი აბსურდია.

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცესა და ბნელეთში არასოდეს დაბრუნდება და ამ პოზიციას სწორედ აქციაზე დავაფიქსირებთ. ვფიქრობ, რომ მასშტაბური დემონსტრაცია იქნება, რომელიც ყველას ნათლად დაანახებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას არავინ შეეგუება.

პრემიერის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19 აპრილის აქციის ჩატარებაზე უარის თქმა სურს, თუმცა არ იცის, ეს როგორ მოახერხოს. ამას გარდა, ივანიშვილი მოგმართავთ - თუ რამე არ მოგწონთ, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვოს და პარლამენტიც მიაყოლოს. მის გამოწვევას იღებთ?

- ამ ინფორმაციაში შიზოფრენიის ელემენტები შემოდის. რაც შეეხება მთავრობის დათხოვას, პრეზიდენტი თავისი უფლებების გამოყენებას არ აპირებს იმისათვის, რომ პოლიტიკურ პროცესებში რადიკალური ცვლილებები შეიტანოს და ამით ჩვენი მოქალაქეების დაპისიპირება მოხდეს. ქართველმა ხალხმა დემოკრატიული არჩევნებით ივანიშვილის მთავრობას პასუხისმგებლობა დააკისრა და მათ ეს დაპირებები უნდა შეასრულონ. ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი რაიმე სასიკეთოს გააკეთებდა, მას შეუძლია იმაში დარწმუნდეს რამდენად არაეფექტური მთავრობა გვყავს. უკვე ბევრი ადამიანი გამოთქვამს სკეპტიციზმს, რომ მათი არჩევანი არ იყო სწორი. ჩვენ კი, რამდენად სინდისიერად ვიქცევით, ამას ყველა კარგად ხედავს. მათ აქვთ ბურთი და მოედანი, მაგრამ ივანიშვილის საუბარი იმას გვაჩვენებს, რომ მას აქვს შიში იმისა, რომ მან ქართველი ხალხი მოატყუა და წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა.